სასკოლო წელი დაიწყო, როგორია განწყობა, შესაძლებლობები და რამდენად კმაყოფილი ხართ სკოლით? დაახლოებით რა თანხა ჯდება ბავშვის სკოლისთვის მომზადება?
თამარ ორმოცაძე: პირველ რიგში ყველა მოსწავლეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებული სასწავლო წელი ჰქონოდეთ. განწყობას რაც შეეხება, ვარ ძალიან ბედნიერი და იმედით სავსე, რადგან ჩემს შვილებს ვხედავ ბედნიერს, უხარიათ სწავლის დაწყება. რაც შეეხება ხარჯებს, არ არის ადვილი სამი მოსწავლის მომზადება სასკოლოდ, მაგრამ შევძელი და დაახლოებით 900 ლარი დავხარჯე.
ნინა ჭყონია: პირველ რიგში ყველას ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული წელი ჰქონიდეთ, როგორც პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს და ჩვენს მშობლებს. ძალიან კმაყოფილი ვართ იმ სკოლით, სადაც ჩემი შვილები სწავლობენ, განწყობა კარგი გვაქვს, გვიხარია, რომ არის უკვე პირისპირ სწავლება და არა ონლაინი, რადგან ასე ბავშვები უფრო ურთიერთობენ და კომუნიკაცია ადვილად გამოსდით. თანხას რაც შეეხება, არც ისეთი კატასტროფულია, რომ საშუალო მაცხოვრებელი ვერ შეწვდეს, თუმცა სამწუხაროდ, არიან მშობლები, რომლებსაც არც მაგის საშუალება არ აქვთ. მე ჩემი შვილების მომზადება ორივესი დაახლოებით 500 ლარამდე დამიჯდა (ჩანთების გარდა, რადგან წელსაც იგივეთი ვივლით) ამ თანხაში შედის ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები.
თეა ნაჭყებია: ჩემი განწყობა ისეთივეა, როგორც ყველა ემიგრანტი დედის. 4 წელია ინტერნეტით ვაცილებ 4 შვილს სკოლაში. ისე შევიძინეთ ყველაფერი, როგორც გავწვდით. არაა იოლი 4 მოსწავლის პატრონობა.
ყველას ვუსურვებ წარმატებულ წელს!
ინგა ჭანტურიშვილი: 9 წლის მარიამი და 7 წლის მართა ჯანგველაძეები სწავლობენ ბათუმის საჯარო სკოლაში. განწყობა ძალიან კარგია, მოენატრათ მეგობრები და საყვარელი მასწავლებლები. უხარიათ ახალი გარემონტებული სკოლა. უხარიათ პირბადის გარეშე რომ მივლენ, მეგობრებს ჩაეხუტებიან. გაგვიმართლა და გვყავს საოცრად თბილი და ყურადღებიანი მასწავლებელი. ... თანხას რაც შეეხება, ძალიან დიდ თანხასთანაა დაკავშირებული ბავშვის გამოწყობა. ფორმა სასკოლო ნივთები. თითო ბავშვი მინიმუმ 1000ლ.
ლია ღლონტი: განწყობა ძალიან კარგი და მოლოდინი დიდი პანდემიის შემდეგ ნორმალურ გარემოში დაბრუნების. სკოლა არის ის, რაც ნამდვილად იწვევს ჩემს კმაყოფილებას პედაგოგებთან მიმართებაში. პირველ საშუალოში სწავლობს, რომ გითხრა, ძალიან ბევრს ვხარჯავთ სასკოლოდ _ არა. ალბათ 500 ლარამდე ერთი ბავშვი, არც კიდევ, რადგან წიგნებს, რასაც ყველაზე მეტი თანხა მიაქვს, სკოლა უზრუველყოფს.
გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!

მოამზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 394