ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას დაჰპირდა ზაზა ურუშაძე მაღაზიების მეპატრონეებს?

რას დაჰპირდა ზაზა ურუშაძე მაღაზიების მეპატრონეებს?
23-03-2016, 00:00

`გამგებელთან გვაქვს შეხვედრა და კარგი იქნება, თქვენც თუ დაესწრებით. როგორც გვითხრეს, ჩვენი მაღაზიების წინ ბორდიურის გაკეთებას გეგმავენ. თუ ასე მოხდა, ჩვენთან დისტრუბიციის მანქანაც კი ვეღარ გაჩერდება. საქონელი თუ მაღაზიაში ვერ შევიტანეთ, მაშინ როგორ ვიმუშავებთ. გვქონდა საუბარი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ლევან ჩხაიძესთან, რომელმაც გვითხრა, რომ დაგეგმილია ტროტუარის კეთილმოწყობა. ამის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თუ დისტრიბუციის მანქანა ვერ შემოვიდა, გავჩერდებით. 5 მაღაზია მუშაობს სულ ამ ქალაქში მგონი და იმათაც არ გვაყენებენ. ლევან ჩხაიძემ გვითხრა, რომ უკანა მხრიდან მოგვეხდინა საქონელის შემოტანა, მაგრამ ის ტერიტორია უკვე კერძო საკუთრებაშია და რომ არ გვასარგებლოს მეპატრონემ, ჩვენ რა ვქნათ,~ _ გვითხრეს უნივერმაღში მოვაჭრეებმა.მათ ისიც დასძინეს, რომ ყველა მაღაზიას თუ დაწესებულებას, რომელიც შენობაშია განთავსებული, უკანა გასასვლელი არ აქვს და შესაბამისად, კერძო მეპატრონემ ნებართვაც რომ დართოთ, საქონელს ვერ შეიტანს ნახსენები მხრიდან.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მაღაზიების მეპატრონეთა შეხვედრა გამგეობის შესასვლელში შედგა. ზაზა ურუშაძე დაინტერესდა თუ რას ითხოვდნენ ისინი. როცა მოთხოვნები მოისმინა, განაცხადა, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მაღაზიების მეპატრონეებს სურდათ. `იქ როგორც ვიცი ავტომანქანის დგომა აკრძალულია და ამაზე საპატრულო პოლიცია ჯარიმებს წერს. შევთანხმდებით როგორ გავაკეთოთ ის ტროტუარი. მაქსიმალურად გავითვალისწინებ თქვენს მოთხოვნას. დაველაპარაკები ლევან ჩხაიძეს და პროექტში კორექტირებას შევიტანთ~ _ განაცხადა გამგებელმა, რომელსაც მაღაზიების მეპატრონეებმა განუმარტეს, რომ ყოფილი უნივერმაღის წინ ავტომობილის დგომა მართალია აკრძალულია, მაგრამ გაჩერება შეიძლება და დისტრიბუციის მანქანა სულ რამდენი წუთით ჩერდება ხოლმე, რაზეც გამგებლისგან მხარდაჭერისა და მათი აზრის გათვალისწინების დასტური კიდევ ერთხელ მიიღეს. ზაზა ურუშაძესთან შეხვედრის შემდეგ კმაყოფილები ჩანდნენ მაღაზიათა მეპატრონეები _ `ბატონმა ზაზამ მოგვისმინა და დახმარებას დაგვპირდა. როგორც მან გვითხრა, ჩვენი მოთხოვნა პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნება.~`ჰო და არა~ კომენტარისთვის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძეს დაუკავშირდა. ბატონი ლევანი ჩვენი სტუმრობის დროს გამგებელს ტელეფონით ესაუბრა და მუნიციპალიტეტის პირველ პირთან პროექტის კორექტირებაზე შეთანხმდა.`ახლა ვესაუბრე გამგებელს. კი ბატონო შევიტანთ კორექტირებას, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენ მიერ დაგებული ქვაფენილი 2 თვეში თავიდან იქნება გასაკეთებელი, რადგან ის მანქანებს ვერ გაუძლებს. ქალაქში ტროტუარი არც ისე ბევრია. ის მანქანების დასადგომი კი არ უნდა იყოს, არამედ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ადგილი. თქვენ რომელი გირჩევნიათ?! ტროტუარს სხვანაირი გაკეთება უნდა, მანქანის სავალ გზას კი სხვანაირი. უკანა მხრიდან მაღაზიების 90%-ს აქვს საშუალება რომ საქონელი შეიტანონ, რატომ არ შვებიან ამას?! სახანძრო მანქანა რომ შევიდეს, ამისთვის ადგილი დატოვებულია და დისტრიბუტორის მანქანა ვერ შევა?! არც ისეთი ბორდიურის გაკეთება იგეგმება იქ, როგორც ამბობენ. თითქმის ანალოგიური იქ იყო, უბრალოდ დაიშალა. ჩვენ რაც პროექტი გვაქვს, იმაზე მსუბუქი მანქანაც შედგებოდა. უბრალოდ, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ტროტუარი არის ფეხით მოსიარულეთათვის და ეგებ მანქანის მეპატრონეებმა კეთილი ინებონ და სხვაგან დააყენონ თავიანთი ავტომობილები. თუ ასე არ მოხდა, ეს თანხა წყალში გადაყრილი ფული იქნება~ _ ასეთი გახლდათ ლევან ჩხაიძის პოზიცია. თუმც, როგორც გამგებელი მაღაზიების მეპატრონეებს დაჰპირდა, მოიძებნება ისეთი ვარიანტი, რომლითაც მათი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ეს ზაზა ურუშაძემ მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა, როცა ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. როგორც `ჰო და არას~ აცნობეს, ის კიდევ ერთხელ შეხვდა უნივერმაღში მდებარე მაღაზიების მეპატრონეებს. `ტროტუარი ახალი ქვაფენილით გაკეთდება, ოღონდ ბორდიურის გარეშე. სწორედ ამას ვითხოვდით. მანქანებს საშუალება ექნებათ რომ შეჩერდნენ. დისტრუბიციის მანქანები კი ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხება ჩვენს მოპირდაპირე მხარეს, ის მანქანების სადგომი გაკეთდება. ეს ნამდვილად კარგი საქმეა და ამას მივესალმებით. აქვე საბანკეტო დარბაზია და მისთვისაც ზედგამოჭრილი იქნება ეს სადგომი, რომელიც როგორც გავიგეთ, თანამედროვედ იქნება და დაიხაზება კიდეც~ _ გვითხრეს მაღაზიების მეპატრონეებმა.ცნობისთვის, ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობისთვის 708 888 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით ქალაქში არსებული ყველა დასასვენებელი პარკი და ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ტროტუარები კეთილმოეწყობა. სამუშაოებს შპს `სამკუთხედი~ ასრულებს.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა