ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ აღმოჩნდა ამერიკაში, როგორ მიაღწია წარმატებას და კიდევ რა მწვერვალების დაპყრობას აპირებს ლანჩხუთელი ექიმი ქალბატონი

როგორ აღმოჩნდა ამერიკაში, როგორ მიაღწია წარმატებას და კიდევ რა მწვერვალების დაპყრობას აპირებს ლანჩხუთელი ექიმი ქალბატონი
31-10-2022, 11:17

,,ჰო და არას“ სტუმარია ამერიკაში მცხოვრები ლანჩხუთელი ქალბატონი, პროფესიით ექიმი, ეკატერინე ჯიბლაძე.
_ მოუყევით ჩვენს მკითხველს ვინ არის ეკატერინა ჯიბლაძე და რა გაკავშირებთ ლანჩხუთთან? 
_ რთულია საკუთარ თავზე საუბარი; თუ ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავხედავ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეკატერინე ჯიბლაძე არის მოტივირებული, მიზანდასახული და მებრძოლი ადამიანი, რომლის პროფესიული წარმატების უკან დიდი ძალისხმევა და მრავალი უძილო ღამეა. ლანჩხუთთან კი მაკავშირებს ჩემი ფესვები, ბავშვობა და მამაჩემის საფლავი. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.
 _  ბავშვობის, სკოლის პერიოდი რომ გაიხსენოთ.
_  ჩემთვის ბავშვობის წლები, განსაკუთრებულად ტკბილად მოსაგონარია, თავისი სილაღით და თავგადასავლებით. ყველა და ყველაფერი მიყვარს, რაც იმ დროს უკავშირდება. ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში ვეზიარე დედა ენას. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ქალბატონი მედეა დანელია. მან შემასწავლა ანბანი და გამიღვივა სწავლისადმი სიყვარული. შემდეგში კი, ჩემი დამრიგებელი იყო ქალბატონი მარინა მორჩილაძე; სკოლის დირექტორი _ ბატონი თამაზ კილაძე. ჩემს ყველა პედაგოგს და მთელს პირველ საშუალო სკოლას თქვენი გაზეთის მეშვეობით მოვიკითხავ დიდი სიყვარულით! ჩემი სკოლის პერიოდი უკავშირდება ცვლილებებს, როცა სკოლებში დიფერენცირებული განათლების მოდელი შემოიღეს, რის გამოც მომიხდა სკოლის გამოცვლა. ძალიან მიყვარს მეორე საშუალო სკოლა, სადაც არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინე. ახლახან გავიგე ბატონი გელა გეგუჩაძის გარდაცვალების შესახებ, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. ყველა პედაგოგს, რომელთანაც კი შეხება მქონია, მადლიერების გრძნობით მოვიკითხავ. ვფიქრობ, რომ თავისი წვლილი ყველას მიუძღვის ჩემს პროფესიულ წარმატებაში.
 _ სტუდენტობაზე გკითხავთ, პროფესიაზე, როგორი იყო სტუდენტობის წლები? 
_ ექიმობა ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო. ძალიან ცუდი პერიოდი დაემთხვა სკოლის დამთავრებას. სრული ანარქია იყო ქვეყანაში. საბედნიეროდ, იმ რიცხვს მივეკუთვნები, ვინც იმ ავბედით წლებში სტუდენტობა შეძლო. წითელ დიპლომზე დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი და წარმატებით ჩავაბარე ექიმის სახელმწიფო ლიცენზიის გამოცდები. 
_ ყველა ახალგაზრდის ოცნებაა ამერიკა, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება და როგორ წახვედით ამერიკაში?
_ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომელთაც ამერიკაში წასვლაზე არასოდეს უფიქრია, მაგრამ ხომ გაგიგიათ ,,სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო." ჩემი ბავშვობის მეგობრის, ნათია წილოსანის ქორწილი იყო. მე მაშინ ერთ-ერთ სამშობიაროში უმცროს ექიმ-გინეკოლოგად ვმუშაობდი. რადგანაც მორიგეობა მიწევდა, ქორწილში წასვლას ვერ ვახერხებდი, თუმცა ბოლო წუთებში განრიგი შეიცვალა და მახსოვს სიხარულისგან როგორ მოკლე დროში აღმოვჩნდი თბილისი-ლანჩხუთის მიკროავტობუსში. ჩემი მომავალი ამერიკელი მეუღლე, ქრის სედაკი იმყოფებოდა ამ ქორწილში. ასე მოულოდნელად დაიწყო ყველაფერი. გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ იყო ადვილი, თუმცა ძალიან დიპლომატიურად მომიდგა, სიყვარულმა მაინც თავისი ქნა! ასე აღმოვჩნდი ლოს ანჯელესში (კალიფორნია) 2003 წლის 25 ივლისს.
 _ რას საქმიანობთ ამერიკაში, როგორია თქვენი ერთი ამერიკული დღე? 
_ ამერიკაში პროფესიულ ასპარეზზე ადგილის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. ეს ყველაფერი დიდ ენერგიას, შრომისმოყვარეობას და ფინანსებს მოითხოვს. ისეთ ოჯახში და გარემოში მოვხვდი, სადაც განათლება პრიორიტეტი იყო, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ პროფესიულ გეგმებზე. ზოგადად, ამერიკაში მოხვედრას ოკეანეში თავით გადაშვებას შევადარებდი. თუ ცურვა იცი, ანდა თუ ისეთი ადამიანი გყავს, ვინც გეხმარება ცურვის სწავლაში, აუცილებლად მიცურავ დასახულ მიზნამდე. ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიხდა, თუმცა ექიმის პროფესიას არ ვუღალატე. ჩავაბარე ამერიკის ექიმის სახელმწიფო ლიცენზიის გამოცდები და შევუდექი კლინიკურ ასპარეზს ოჯახის ექიმის განხრით. ძალიან დიდი კლინიკური გამოცდილება მივიღე ვეინის მედიცინის სკოლაში, დრექსელის მედიცინის კოლეჯში, ჩიკაგოში შტჟოსეპჰ Hოსპიტალ-თან ასოცირებულ კლინიკაში, მემორიალ Hჰოსპიტალ-ში, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარეობს. ბოლოს კი, მეუღლის სამსახურის გამო, დალასში (ტექსასის შტატი) დავფუძნდით. კლინიკურ სფეროში რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ სურვილი გამიჩნდა უფრო მეტი გამეკეთებინა. ისევ დავუბრუნდი უნივერსიტეტს და ხარისხი გავაკეთე საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, რამაც საშუალება მომცა ჯანდაცვის დეპარტამენტში მუშაობის; კერძოდ კი, ინფექციურ და ქრონიკულ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით, სადაც კონცენტრირება ხდება როგორც კლინიკურ, ასევე სამედიცინო ეპიდემიოლოგიაზე. ნელსონ მანდელას დავესესხები: დიდ გორაკზე ასვლის შემდეგ აღმოაჩენ, რომ კიდევ ბევრი გორაკია ასასვლელი; კიდევ ვხედავ რამდენიმე ,,გორაკს" ჩემს ირგვლივ რომელზეც აცოცება შესაძლებელია და ვნახოთ.... რაც შეეხება ჩემს დღეს, დილის 6 საათზე იწყება და ყველაზე კარგ შემთხვევაში საღამოს 6-ზე მთავრდება. ზოგჯერ ისეც არის, რომ მხოლოდ კვირა დღე მაქვს დასვენება.
_ საბოლოოდ როგორ ფიქრობთ, დაუბრუნდებით სამშობლოს? 
_ მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ყველა უბრუნდება თავის ფესვებს. 
_ თქვენს ოჯახზეც რომ მოგვიყვეთ.
_ მყავს მეუღლე, ქრის სედაკი, რომელიც ამერიკის ფედერალურ მთავრობაში მუშაობს საფინანსო და აუდიტორული მიმართულებით და ტყუპები: ელენე და ნიკოლოზი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მეუღლეს და შვილებს ჩემზე არანაკლებ უყვართ საქართველო და როგორც ბავშვები ეძახიან _ ,,შტატი გურია." ისიც იციან, რომ ადრე თუ გვიან, გურიას თავიანთი კეთილი კვალი უნდა დაატყონ. 
_ რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკა აუხდენელი ოცნებაა? 
_ თუ მიზანს დაისახავ და თავდაუზოგავად იშრომებ, აუხდენელი არაფერია - მე ასე მწამს!

ნინია ბარამიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 806
FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ვრცლად
გიორგი ჩიჩუა: იოსებ ჩიჩუა ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო და იქნება, როგორც ექიმი და როგორც ადამიანი… გიორგი ჩიჩუა: იოსებ ჩიჩუა ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო და იქნება, როგორც ექიმი და როგორც ადამიანი…
გიორგი ჩიჩუა: იოსებ ჩიჩუა ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო და იქნება, როგორც ექიმი და როგორც ადამიანი…
24-10-2022, 11:03
ვრცლად
თამარ ხელაძე: სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად არის ხელშეწყობა... მაგრამ განათლების სისტემას მე მაინც დღეს ჩამონგრეულად ვთვლი თამარ ხელაძე: სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად არის ხელშეწყობა... მაგრამ განათლების სისტემას მე მაინც დღეს ჩამონგრეულად ვთვლი
თამარ ხელაძე: სახელმწიფოსგან შეძლებისდაგვარად არის ხელშეწყობა... მაგრამ განათლების სისტემას მე მაინც დღეს ჩამონგრეულად ვთვლი
16-09-2022, 12:47
ვრცლად
ანა ურუშაძე: ჩვენ საინტერესო საქმეებისთვის დავიბადეთ. დავიბადეთ იმისთვის, რომ ვიბრწყინოთ ისე, როგორც ზაფხულის ცაზე ბრწყინავენ ვარსკვლავები... ანა ურუშაძე: ჩვენ საინტერესო საქმეებისთვის დავიბადეთ. დავიბადეთ იმისთვის, რომ ვიბრწყინოთ ისე, როგორც ზაფხულის ცაზე ბრწყინავენ ვარსკვლავები...
ანა ურუშაძე: ჩვენ საინტერესო საქმეებისთვის დავიბადეთ. დავიბადეთ იმისთვის, რომ ვიბრწყინოთ ისე, როგორც ზაფხულის ცაზე ბრწყინავენ ვარსკვლავები...
18-10-2022, 13:51
ვრცლად
გვანცა გოგუაძე: ,,ჰო და არა’’ ჩემი ბავშვობაა, მინდა, რომ ამ გაზეთმა საუკუნეებს გაუძლოს... გვანცა გოგუაძე: ,,ჰო და არა’’ ჩემი ბავშვობაა, მინდა, რომ ამ გაზეთმა საუკუნეებს გაუძლოს...
გვანცა გოგუაძე: ,,ჰო და არა’’ ჩემი ბავშვობაა, მინდა, რომ ამ გაზეთმა საუკუნეებს გაუძლოს...
2-03-2022, 13:48
ვრცლად
,,წარმატების საზომი - ჩემთვის გაწეული შრომა და დახარჯული ძალისხმევაა“ ,,წარმატების საზომი - ჩემთვის გაწეული შრომა და დახარჯული ძალისხმევაა“
,,წარმატების საზომი - ჩემთვის გაწეული შრომა და დახარჯული ძალისხმევაა“
10-10-2022, 16:04
რეკლამა