ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დედაჩემი, სანამ სასწრაფო დახმარების ავტომანქანამდე მივიყვანდით, დაიღუპა

დედაჩემი, სანამ სასწრაფო დახმარების ავტომანქანამდე მივიყვანდით, დაიღუპა
17-11-2021, 12:02

სოფელ ზემო აკეთში მცხოვრები პედაგოგი, ნინო შველიძე და მისი თანა­სოფლელები განცხადებით მიმართავენ სახელმწიფო რწმუნებულს ლანჩხუთის, ოზუ­რგეთისა და ჩოხატაურის მუნ­იცი­პალიტეტებში, ბატონ გიორგი ურუშაძეს, სადაც  ის  ამბობს, რომ სოფელ აკეთში, ,,ნინიბურის გორაზე“ მცხოვრები მოსახ­ლეობა დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს შიდა გზის მოწესრიგებას. ეს გახლავთ მოსახლეობისათვის სახლთან მისასვლელი გზა, რომლის სიგრძე 140 მეტრია, ამ ოჯახებს  არ აქვს სახლთან მისასვლელი გზა, რომლის შესახებაც ჩვენ რამდენიმეჯერ უკვე დავწერეთ ,,ჰო და არას” სხვადასხვა ნომრებში.
_ ვის მიმართეთ და როგორია ამ გზის მდგომარეობა ახლა?
_ ცუდი მდგომარეობაა ძალიან. ეს არაა საცალფეხო ბილიკი, სამანქანო საკმაოდ ფართო გზაა, მაგრამ იმდენად ატალახებული, ფეხით გავლაც კი შეუძლებელია.
140  მეტრს სიმაღლეზე ტვირთი რომ ავიტანო, ორი ტრანსპორტი უნდა გამოვიცვალო, ხელის ,,კაჩკა“ და სხვა. თივა, რომელიც მეზობელმა მაჩუქა, ავიტანე ზურგით სახლამდე. რამდენიმე დღის წინ ერთი ტომარა პურის ფქვილის ზურგით ატანის დროს ფეხი დამისრიალდა,  ეს ტომარა გადამივარდა  ტალახში, სასწრაფო დახმარება რომ გამოვიძახო, ღმერთმა ნურავის დააჭირვოს, თორემ  ვერ ამოვა მაღლა,  ოთხი მამაკაცი უნდა მოვიყვანო, რომ ავადმოყოფი ქვემოთ სამანქანო გზამდე საკაცით ჩამოიყვანონ. ამასობაში დრო იკ­არ­გება და ავადმყოფი შეიძლება დაი­ღუპოს. ეს უკვე გამოვცადე მაშინ, როცა დედაჩემი გახდა ცუდად, გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, დროულად მოვიდა, მაგრამ სანამ სასწრაფო დახმარების  ავტომანქანამდე მივიყვანდით, დაიღუპა.
მადლობელი ვართ, რომ გაზი გაგვიკეთეს, ასევე წყლის პროექტზეა საუბარი, გაკეთებულია გარე განათება, მაგრამ ერთი წელია ნათურები არავის არ გამოუცვლია, მივმართე ამ სამსახურს და მითხრეს, რომ სპეციალურად აღჭურვილი ავტომანქანა იქ ვერ ავა, რომ ნათურები გამოცვალონ და რა ვქნათ, ვართ ჩაბნელებული.
_ გზასთან დაკავშირებით ვის მიმართეთ?
_ ბატონი ალექსანდრე სარიშვილი იყო ჩვენთან შარშან.  შპალები (რკინა ბეტონის ძელი)  დაგვპირდა და არჩევნების წი­ნაც იყო ემზარ თევდორაძესთან ერთად, შევეცოდეთ ძალიან და თბილი სიტყვებით დავშორდით ერთმანეთს, მე მათ მივეცი ხმა და ახლა რა მოხდა არ ვიცი?
_ ანუ თევდორაძეც საქმის კურშია?
_ რა თქმა უნდა, დაგვპირდა, რომ აქ ღორღს მოიტანდა და ჩაყრიდა, ეს არ ჩანს, რატომ გაგვრიყეს ასე? მომავალი თაობა მოდის მათ უნდა იცხოვროს აქ, მეც შვილი მყავს, მეზობელს ცხრა შვილი ჰყავს ვიბრძვით გზის გასაკეთებლად, ეს არც ვინმესთვის საყვედურის თქმა არაა, არც რაიმე სხვა, ჩვენ ვთხოულობთ სამა­რთლიანად სახლთან მისასვლელი გზის გაკეთებას. გვინდა საქმის კურში იყოს შესაბამისი სამსახურები, იძულებული გავხდები თავად გუბერნატორი ვნახო და ინფრასტრუქტურის მინისტრსაც მივმართო.
მთელი სოფელი გვიდგას გვერდით, რომ ეს გზა გაკეთდეს რატომ გვეუბნებიან უარს ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები? ტკბილი სიტყვებით გვისტუმრებენ, მაგრამ შემდეგ ყურადღებას არ გვაქცევენ. 
_ როცა გითხრეს თქვენ, რომ გაკეთდებოდა ეს გზა, როდის გაკეთდებოდა არ უთქვამთ?
_ მალეო გვითხრეს, ბიუჯეტში ჩავ­ს­ვამთო, მაგრამ არაფერი ჩანს.
პედაგოგი ნინო შველიძე ლანჩხუთის ორ სკოლაში და კიდევ სამსახტვრო სკოლაში გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის და წლებია ფეხით დადის, სოფელს ერთი სამარშუტო ავტობუსი ემსახურება, თუმცა როგორც იგი ჩვენთან საუბარში ამბობს, დილით გაკვეთილებს რომ მიუსწროს უთენია უნდა გამოვიდეს სახლიდან და სოფელ აკეთის გზის ყველაზე უდაბური და საშიში მონაკვეთი ,,ინწრუა“ ფეხით დღეში ორჯერ  გაიაროს, ასე გრძელდება ყოველ სამუშაო დღეს, გზის ამ მონაკვეთზე ტრა­ნსპორტიც იშვიათან გაივლის, რადგან იგი დღემდე არ მოწესრიგებულა.
ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირების მუნიციპალიტეტის მერისა და სხვა პირების პასუხს შემდეგ ნომერში მოგაწვდით.

 მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 821
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა