,,ჰო და არას“ სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია,„ინიციატივა სამოქალაქო საზოგადობისათვის“ დამფუძვნებელი
ლანჩხუთის მკვიდრი, ნანა ფირცხალაიშვილი.
_ გვიამბეთ ცოტა რამ თქვენს შესახებ? რა გზა გაიარეთ და რატომ გახდით ამ ორგანიზაციის წევრი?
_დაწყებითი განათლება გურიაში მივიღე, ვსწავლობდი ლანჩხუთის 2 საჯარო სკოლაში. სწავლა გავნაგრძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. თავიდანვე მიტაცებდა ჰუმანიტარული საგნები, საზოგადოებრივი საქმიანობა,აქტიური მოქალაქეობის საკითხები.
2013 წლიდან უკვე ჩავერთე სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში, სემინარებსა თუ ტრენინგებში. 2014 წლიდან კი ვარ ორგანიზაცია „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადობისათვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე._გვიამბეთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, როდის დაარსდა რა არის მისი მიზანი?
_ ორგანიზაციის შექმნის იდეა ეკუთნის ახალგაზრდა თანამოაზრეთა ჯგუფს, რათა მათი ქტიურობები ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის საქმეში უფრო ორგანიზებული გამხდარიყო. ჩვენ გვწამს თანასწორობის, სოლიდარობისა და ადამიანის ღირსების პრინციპების, რაც ორგანიზაციის სტრატეგიულ ხედვას ემყარება.
ორგანიზაცია ,,ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის" დაარსებულია 2014 წლის 18 თებერვალს.ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთმთავარ მიმართულებას ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, თანასწორობა, ახალგაზრდული ჩართულობა,ინტერრელიგიური დიალოგი და ზოგადად რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისათვის ხელისშეწყობა წარმოადგენს. ორგანიზაცია დიდ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელ ახალგაზრდათა შორის კონტაქტების გაღრმავებას, მათში აქტიური მოქალაქეობრივი უნარ-ჩვევების გაძლიერებას, ცოდნის და კომპეტენციის დონის გაზრდას.
_ რას ეტყოდით ლანჩხუთელ ახალგაზრდებს და როგორია თქვენი შეფასება დემოკრატიის განვითარების კუთხით რეგიონებში? კონკრეტულად ლანჩხუთში?
_მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს პრობლემები ეკონომიკურ-სოციალური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ ახალგაზრებს დღეისათვის აქვთ ფართო შესაძლებლობა მათი მხრიდან აქტიურობის და მიზანდასახულობის შემთხვევაში დაიმკვიდრონ თავიანთი ღირსეული ადგილი საზოგადოებაში. ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირთან თუ სხვა დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესი აძლევთ შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა მრავალფეროვან საგანმანათლებლო, საინფორმაციო, შემეცნებით, სასტიპენდიო პროგრამებში, გაცვლით თუ სხვა ღონისძიებებში. ეს მათ საშუალებას მისცემთ მიიღონ ცოდნა, გახდნენ კომპეტენტური და გაიფართოვონ თვალსაწიერი მათთვის საინტერესო მიმართულებით, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად, რაც როგორც მათი, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა, ისევე, როგორც მთლიანობაში რეგიონმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თვითმმართველობის განვითარების, სახელმწიფო სტრუქტურების ადგილობრივი წარმომადგენლობის გაძლიერების, საგანმანათლებლო თუ უფლებათა დაცვით მიმართულებებში. გაუმჯობესებულია ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომია სახელმწიფო სერვისები ადგილზე. თუმცა აქაც სახეზეა ის საერთო პრობლემატიკა, რაც მთლიანად ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აქტიური, მოტივირებული, მიზანდასახული ახალგაზრდების აღზრდა, რომელთაც უნდა იტვირთონ ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარება. სწორედ ამიტომ, შევიმუშავე პროექტი, რათა ჩემი წვლილი შემეტანა მშობლიურ ლანჩხუთში მოტივირებული, აქტიური ახალგაზრდების მხარისდასაჭერად. პროექტი მოიცავდა მათთვის ტრენინგ კურსის ორგანიზებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცა: დემოკრატია და ადამიანის უფლებები;მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობის საკითხები; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა და სხვ. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სათემო ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ამ პრინციპებით იმუშავებს. ძალზედ მნიშვნელობანია, რომ ეს პროექტი მხარდაჭერილი იყო ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდის მიერ და ასეთი აქტიურობა აქ პირველად განხორციელდა. ამაყი ვარ, რომ ჩემი მცირე წვლილი შემაქვს ჩემი მშობლიური მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
_რა სახის ინფორმაციის ნაკლებობა შეინიშნება და როგორ შეიძლება ამ ვაკუუმის ამოვსება?_რასაკვირველია შეინიშნება ინფორმაციის ნაკლებობა იმ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კომპეტენციის ასამაღლებელი აქტიურობების მხარდამჭერ და წამახალისებელი პროგრამების და პროექტების შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს როგორც სახელმწიფო, ასევე რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საერთაშორისო განვითარების სააგენტობი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რესურსი, რომლის გამოყენება დადებითი შედეგების მომტანი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის.
_ მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში ახალგაზრდობა ნაკლებად ინტერესდება, იმ პრობლემატური საკითხებით, რაც მათ ირგვლივ არის. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ახალგაზრდობა ჩართული პრობლემათა გადაწყვეტის საკითხებში და სად ხედავთ გამოსავალს?
_ ჩვენ შეიძლება დავინახოთ ახალგაზრდების ნაწილის ნიჰილისტური განწყობები საზოგადოებრივ საქმიანობაშიაქტიურად ჩართვისა და მთლიანობაში მათი მომავლის დაგეგვმის სფეროში. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებმა, განსაკუთრებით საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართველმა, ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისათვის, რომ დაეხმაროს ახალგაზრდებს პროდუქტიულად გამოიყენონ როგორც თავიანთი შესაძლებლობები, უნარები ასევე თავისუფალი დრო. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ახალგაზრდობაში გაძლიერდეს პესიმისტური განწყობები, ქუჩური,კრიმინალური და სხვა ნეგატიური ტენდენციები. ყველა ახალგაზრდა თავისებურად უნიკალურია, ყველა მათგანში არის პოტენციალი, რომლის ამოცნობა, განვითარება და მხარდაჭერა საზოგადოებრივ ასპარეზზე, მეცნიერებაში, სპორტში, ხელოვნებაში თუ სხვა მიმართულებით ჩვენს უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
ესაუბრა მაია კუკულაძე
ამაყი ვარ, რომ ჩემი მცირე წვლილი შემაქვს მშობლიური მუნიციპალიტეტის განვითარებაში - ნანა ფირცხალაიშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 970



