ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვისურვებდი საქართველოს დაუბრუნდნენ ქართველები, არ იყოს დაპირისპირებები, იყოს სამართლიანობა...

20-11-2020, 13:03

,,ჰო და არას’’ გალერეა წარმოგიდგენთ უღალატო, სანდო, კეთილშობილ ქალბატონს ლიანა რამიშვილი-პერტენავას.
- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ?
- დავიბადე 1949 წელს მარტვილის რაიონში, შემდეგ გადმოვედით ლანჩხუთში და სკოლაში აქ შემიყვანეს. დავამთავრე  მე-2 საშუალო სკოლა. სკოლაში დაკავებული ვიყავი სპორტით, კერძოდ, ხელბურთით და საკმაოდ წარმატებულიც გახლდით. საქართველოს პირველობაზე ვთამაშობდით და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მაქვს მიღებული უამრავი სიგელი და მედალი.დავამთავრე სავაჭრო ტექნიკუმი, ვმუშაობდი ვაჭრობის სისტემაში.
ამ პერიოდში გავიცანი ჩემი მეუღლე, ომარ პერტენავა, რომელიც წარმატებული ფეხბურთელი იყო, თამაშობდა როგორც თბილისის, ასევე ლანჩხუთის ,,გურიას’’ გუნდში. ჩვენი გაცნობა დაგვირგვინდა ჯვრისწერითა და ქორწინებით. 52 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ამჟამად გარდაცვლილია.  ჩემი შვილები არიან: მედეა, კოტე და ლელა პერტენავები.
შვილიშვილები: ომარიკო და ლაშა პერტენავები, კახა, ლიკა, ირაკლი და ზურა ბზეკალავები.
- სწავლისა და მუშაობის პროცესში ვის დაასახელებდით პიროვნებებად, რომლებმაც იქონიეს გავლენა თქვენს მომავალ ცხოვრებაზე?
- პედაგოგებიდან დავიწყებ, ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ელენე გოგიჩაიშვილი, რომელსაც საკუთარი შვილივით ვუყვარდი.  ლეგენდარულ პიროვნებებად შეიძლება ჩაითვალონ პედაგოგები: მიშა ტუღუში, გულჩინა დათიაშვილი, ჯანიკო ფახურიძე, ამირან გოგუაძე (რომელიც ჩემი დამრიგებელი გახლდათ.) დასხვები. ასევე მუშაობის პროცესში თავი დამამახსოვრეს: გურგენ მშვიდობაძემ და ჟუჟუნა ურუშაძემ. დავასახელებ ჩემს თანამშრომლებსაც: ლიანა იმნაიშვილი და ნორა კაცაძე.
- შემთხვევა, რომელიც ხშირად გახსენებთ თავს?
- ყველაზე დიდი ტკივილი და მოუშუშებელი იარა არის ჩემი დისშვილის, მამუკა კვირკველიას, შემდეგ შვილიშვილის, ბექა ბზეკალავას გარდაცვალება, ბექა იყო ფეხბურთელი, ბავშვთა ნაკრების წევრი.
- რას იტყვით დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზედა რას ურჩევდით პოლიტიკოსებს?
- დღევანდელ პოლიტიკაში არ მომწონს, რომ ხდება ამდენი დაპირისპირება და ერთმანეთზე გაწევ-გამოწევა. მინდა, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და არ იყოს უმუშევრობა. ასევე ძალიან მინდა ჩვენი პოლიტიკოსები უფრო მეტად ზრუნავდნენ თავის ხალხზე, ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ მომწონს ,,ქართული ოცნების’’ გუნდი.
- რა არის თქვენი აუსრულებელი ოცნება?
- ჩემი აუსრულებელი ოცნებაა ჩვენს ქვეყანაში არ იყოს ამდენი გაჭირვებული მოსახლეობა, რომლებსაც თავის გატანა უჭირთ; არ იყოს პანდემია და მომავალმა თაობამ იცხოვროს გამთლიანებულ, ეკონომიურად გაძლიერებულ და გამთლიანებულ საქართველოში.
- რა არის თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის გამოსწორებასაც ყველაზე მეტად ისურვებდით?
- პრობლემად დავასახელებდი პენსიის ნაკლებობას და წამლებზე მაღალ ფასებს. ფასები დღითიდღე მატულობს.
- რა არის თქვენი ჰობი?
- თავისუფალ დროს მიყვარს ტელევიზორის ყურება, კერძოდ: სპორტული გადაცემების, როგორიცაა - რაგბი, ფეხბურთი და სხვა. ასევე მაქვს ჩემი საყვარელი სერიალები.
- ბოლოს, რას უსურვებდით ჩვენს საყვარელ სამშობლოს?
- ვუსურვებდი საქართველო ახლო მომავალში იყოს გამთლიანებული, ეკონომიკურად გაძლიერებული. ვისურვებდი საქართველოს დაუბრუნდნენ ქართველები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გადახვეწილი ოჯახის სარჩენად. არ იყოს დაპირისპირებები და არ მოხდეს სისხლის ღვრა, იყოს სამართლიანობა და ქვეყანაზე მშვიდობა სუფევდეს.
რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 030
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა