ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ ემუქრებოდნენ მაგული კვაჭაძეს შვილის მოტაცებით, როდის იყო ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და რატომ მიაჩნია, რომ მონა ვერაფერ ღირებულს ვერ შექმნის?!

13-11-2020, 10:51

,,ჰო და არას” გალერეა წარმოგიდგენთ სანდომიანი და კეთილი სახის, უღალატო და ერთგული ბუნების ადამიანს, ერუდირებულ და ინტელექტუალურ, თავისი საქმის პროფესიონალ, კეთილშობილ შემოქმედ ქალბატონს, მაგული კვაჭაძე-ქანთარიას.
_ დავიბადე 1957 წელს სოფელ ნიგვზიანში. დავამთავრე ნიგვზიანის საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე. ქ. მოსკოვში გავიარე კოსმეტოლოგის უმაღლესი კვალიფიკაციიის კურსები.  შემდეგ მუშაობა დავიწყე ლანჩხუთის ცენტრალურ აფთიაქში ქიმიკოს-ანალიტიკოსად. 1984 წელს ცენტრალური აფთიაქის გამგის მოადგილედ გადმომიყვანეს. 1993 წელს გაიხსნა ნომერ მეორე სახელმწიფო აფთიაქი, დამნიშნეს გამგედ, სადაც დღემდე ვმუშაობ.
შევარდნაძის პერიოდში მოხდა სააფთაქო სისტემის პრივატიზება, რომელიც დღესაც აგრძელებს მუშაობას ,,ჯანმრთელობის’’ აფთიაქის სახით. მაქვს გურიაში ერთ-ერთს უმაღლესი პროვიზორის კვალიფიკაცია.



_ გაგვაცანით თქვენი ოჯახი?
_ მეუღლე - ყველასათვის კარგად ცნობილი ამირან ქანთარია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. მის ექიმობაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ის კი უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან განათლებული პიროვნებაა. მან თითქმის ზეპირად იცის ისეთი დიდი პოეტები, როგორიცაა პუშკინი, ლერმონტოვი, ქართველებზე არაფერს ვამბობ. გასულ წელს ოზურგეთში ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ბაღათერ არაბული იმყოფებოდა, წაიკითხა სუფთა რუსულით, უაქცენტოდ პუშკინის პოემიდან ნაწყვეტი. ბაღათერ არაბული აღფრთოვანებული დარჩა და თქვა: პირველად მომიწია ასე უაქცენტოდ წაკითხული პუშკინის ნაწარმოების მოსმენაო. სწორედ მან განაპირობა, რომ მე შევდექი შემოქმედად. ეს ჩემი მეუღლის დამსახურება არის. 
შვილი - მურმან ქანთარია - პროფესიით ინტერვენციული კარდიოლოგი. მუშაობს რესპუბლიკური საავადმყოფოს და ,,ავერსის’’ კლინიკებში. არის დოქტორანტი, მალე დაიცავს დისერტაციას.
რძალი - თაკო მუმლაძე - პროფესიით ჟურნალისტი, დოქტორანტი, ამჟამად სადეკრეტო შვებულებაშია და მიზრდის ჩემს პატარა შვილიშვილს - გიორგის. 
_ ვისი რჩევით აირჩიეთ პროფესია და ხომ ვერ   დაასახელებდით მისაბაძ პიროვნებებს, რომლებმაც იქონია განსაკუთრებული ზეგავლენა თქვენს პროფესიაში გზის გაკვლევაში? 
_ პროფესია ავირჩიე ნათესავის რჩევით. მე მინდოდა იურისტობა, მაგრამ მივიღე მისი რჩევა. სწავლისა და მუშაობის პროცესში დავასახელებდი მართლაც შესანიშნავ პიროვნებებს, რომლებიდანაც ბევრი რამ ვისწავლე. დავიწყებ პედაგოგებით, რადგან არ შემიძლია არ გავიხსენო ის პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც სწავლის პროცესში იყვნენ ჩემი იდეალები. ესენი იყვნენ: ისილო ტუღუში, თინა გურგენაძე, ნუნუ ანთაძე, ფაცია აფხაზავა, ლილი წილოსანი, შურა ივანიაძე და ბევრი სხვა. მიმაჩნია, რომ ესენი იყვნენ რესპუბლიკის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პედაგოგები. ასევე მინდა გავიხსენო და ორიოდე სიტყვა ვთქვა ისეთ ლეგენდარულ პედაგოგზე, როგორიც იყო ნიგვზიანის საშუალო სკოლის პედაგოგი, ფილოლოგი იაშა ჯიჯიეშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, მე არ მასწავლიდა, ჩემს უფროს თაობას ასწავლიდაქართულ ენასა და ლიტერატურას. ის მარტო ენა-ლიტერატურას კი არ ასწავლიდა, არამედ მოსწავლეებს პატრიოტულ სულისკვეთებას უნერგავდა, მისი მოსწავლეები, ყოველგვარი მომზადების გარეშე ეწყობოდნენ უმაღლესში და უმაღლეს შეფასებებს იღებდნენ.
მე ბედნიერება მერგო წილად, რომ მემუშავა ისეთ შესანიშნავ პიროვნებებთან, როგორებიც იყვნენ: ჩიტო წილიოსანი, ლუბა  ლევი, მადონა ზღულაძე, ამალია ხუხუა, მაყვალა ჩხენკელი და ბევრი სხვა. ამ ადამიანებმა მართლაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე.
_ თქვენ შემოქმედი ხართ, მწერალთა კავშირის წევრი. რა ასაკიდან დაიწყეთ წერა? 
_ წერა ცოტა მოგვიანებით დავიწყე, როცა მძიმე ოპერაცია გადავიტანე, მაშინ დავწერე პირველი პატარა ლექსი. ამის შემდეგ გავაგრძელე წერა და ახლა სამი წიგნის ავტორი ვარ, ესენია: ,,ჩუმი ოცნება’’,  ,,ხმადაკარგული თაობიდან’’, და ,,მარადისობის გასამართლება’’. ვფიქრობ, რომ ბოლო წიგნით საზოგადოებას ე. წ. მესიჯი გავუგზავნე, მიხარია, რომ საზოგადოებამ სწორად გაიგო, თუნდაც რად ღირს ბატონი აკაკი გოგუას მეუღლის მიერ მოწერილი წერილი, რომელმაც ძალიან გამახარა და მივხვდი, რომ მკითხველმა ისევე სწორად გაიგო, როგორც მე მინდოდა.
_ რა არის შემოქმედი ადამიანის მთავარი თვისება?
_ შინაგანი თავისუფლება და გულწრფელობა, მსოფლიო ისტორიაში  ერთი მაგალითიც კი არ არსებობს, რომ მონას შემოქმედების სფეროში რაიმე მნიშვნელოვანი შეექმნას. რაც შეეხება გულწრფელობას - მკითხველი ავტორს სიყალბეს არასდროს პატიობს, უფრო მეტიც, სასტიკ განაჩენს გამოუტანს, მის ნამუშევარს გვერდზე გადადებს და არასდროს გადაშლის.
_ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ პოლიტიკას, რადგან პოლიტიკას დიდი გავლენა აქვს ქვეყანაზე და ყველაფერი მისით იმართება. თქვენ რას ფიქრობთ პოლიტიკაზე და რას ეტყოდით პოლიტიკოსებს? 
_ ვიტყოდი, რომ პირველ რიგში აღსადგენია სოციალური უსამართლობა, სამწუხაროდ, ამას არც ერთი პარტია და არც მთავრობა გვპირდება, უფრო გასაგები რომ იყოს - როცა ღვაწლმოსილი პედაგოგი, ექიმი, ინჟინერი, ქარხნის მუშა, რომლებიც ქვეყანას მთელი ცხოვრება ემსახურებოდნენ და ახლა პენსიონერები არიან, რატომ უნდა ცხოვრობდნენ 220-250 ლარიან პენსიაზე, ჩინოვნიკების ნაწილი კი ბიუჯეტიდან 1500 ლარ ხელფასს იღებდნენ. ამას ემატება პრემია-დანამატები და სხვა ხარჯები.  არა მგონია, რომელიმე მათგანს განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდეს საკვებზე ან მედიკამენტებზე. მაშინ რატომ ასეთი დიდი განსხვავება?  მესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ასეთი სავალალო მდგომარეობა ნაწილობრივ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობითაა გამოწვეული, მაგრამ სხვა მიზეზებიც არის, ეს პრობლემა თვითონ ჩვენშია. მაგალითად მინდა მოვიყვანო ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც ისრაელია, რომელიც ტერიტორიით მხოლოდ კახეთის ხელაა, ნიადაგი მწირი, თითქმის უდაბნო. გეოპოლიტიკური მდებარეობა არ აქვთ ჩვენზე უკეთესი. ქვეყანა, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა, მოახერხა და დღეს მსოფლიოში ერთ- ერთი განვითარებულია, როგორც ეკონომიურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ კი ღვთის ნაბოძები გვაქვს ნაყოფიერი მიწები, მთისა და ზღვის კურორტები. ისეთი სასარგებლო წიაღისეული სიმდიდრეები, როგორიცაა: მარგანეცი, ქვანახშირი, ოქრო და რაც მთავარია მტკნარი წყლები. ბუნებრივია მოაზროვნე ადამიანს გვიჩნდება კითხვა, რატომ ვრჩებით განვითარებადი, უღარიბესი ქვეყნების სიაში. უბრალოდ არ მესმის, რატომ დადიან ჩვენი გურულები ჩაის საკრეფად თურქეთში. ჩაის კულტურის მოყვანას არც ისე დიდი დრო სჭირდება, მაშ რაშია საქმე? ხომ არ დადგა დრო ვისწავლოთ ქვეყნის გაძღოლა ისე, როგორც ამას ჩვენი მეგობარი ებრაელები ახერხებენ.
_ რა აზრის ხართ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ არჩევნებზე?
_ მე პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, მაშინ, როცა ის გულწრფელია. კარგი ადამიანები მთავრობაშიც არიან და ოპოზიციაშიც. ჩვენი საზოგადოება არაერთგვაროვანია. ჩემი და ჩემზე უფროსი თაობა საბჭოთა მენტალობის მატარებელია. ახალგაზრდობა - კი თავისუფალი. საბჭოთა მენტალობაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მიგვაჩვიეს ერთპარტიულობას, არჩევნები ფორმალურად ტარდებოდა. ამან რა მოუტანა ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ყველამ კარგად ვიცით. მარტივად რომ ვთქვათ, თუ გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, უნდა ვისწავლოთ ევროპის ქვეყნებიდან არჩევნების ჩატარების კულტურა, უფრო მეტიც, ჩემი ნება რომ იყოს, ევროპის ქვეყნებიდან მოვიწვევდი სპეციალისტებს და მათ ჩავატარებინებდი არჩევნებს. ღირსეულად გამარჯვებულს მივულოცავდი, იქნებოდა ჩემთვის მოსაწონი, თუ არა. არ მინდა საზოგადოების ისევ გახლეჩა და დაპირისპირება, ჩვენ ეს უკვე გავიარეთ.
_ გაიხსენეთ რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევა, რომელიც სულ გახსოვთ?
_ უმძიმეს 90-იან წლებში აფთიაქის გამგის მოადგილედ ვმუშაობდი, მცირე ხნით გამგის მოვალეობასაც ვასრულებდი. ეს წლები ჩემს ცხოვრებაში ავადმოსაგონარია, რადგან მთელი რაიონის ნარკოტიკები მე მებარა, ვმუშაობდი უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. იყო მუქარა შვილის მოტაცებისა, მაგრამ არც პაციენტებისთვის, არც  ჩემი პროფესიისთვის არ მიღალატია. როგორ გავუძელი მეც მიკვირს, ალბათ ახალგაზრდა რომ ვიყავი იმიტომ.
_ რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?
_ კურიოზები ძალიან ბევრი მქონდა ინსტიტუტში სწავლის დროს. ეს დაიწყო მისაღები გამოცდებიდან. გავიხსენებ ერთ- ერთს: როდესაც ინსტიტუტში შევიტანე განცხადება, ამ დროს ხდებოდა გასაუბრებაც, რა თქმა უნდა, ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიაში. გასაუბრებას აწარმოებდა დეკანი- პროფესორი ლევან ჩხარტიშვილი, რომელიც წარმოშობით ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედიდან იყო. მე საგულდაგულოდ მქონდა ეს საგნები დაზეპირებული. როცა ჩემი დრო მოვიდა, აკანკალებული შევედი, როცა გაიგო ლანჩხუთიდან ვიყავი, ჩემდა გასაკვირად მეკითხება: აბა, გოგონი, მითხარი, ლანჩხუთიდან თბილისამდე რა სადგურები გამოიარეო. მე არ დავბნეულვარ და ეგრევე ვუპასუხე: არ ვიცი, მეძინა, მცხეთაში გამაღვიძა გამცილებელმა მეთქი. მას გაეცინა და მიპასუხა: - შენ მაგარი ძილი გცოდნია, ახლა წადი და მოემზადე, გამოცდაზე არ ჩაგეძინოსო. 
_ და ბოლოს, რას უსურვებდით საკუთარ ხალხს და ქვეყანას?
_ ვუსურვებდი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეკონომიკურ აღორძინებას, ლუკმა-პურის საშოვნელად წასული დედების საქართველოში დაბრუნებას და ოჯახების გამთლიანებას, ქართველი ერის გამრავლებას და მშვიდად ცხოვრების საშუალებას.
რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 922
FACEBOOK კომენტარები