ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ფასი და ფარსი, პოზა და პოზიცია, პოლიტიკა და პოლიტიკანები

ფასი და ფარსი, პოზა და პოზიცია, პოლიტიკა და პოლიტიკანები
10-04-2023, 14:13

დავიწყოთ ბოლოდან _ პოლიტიკა და პოლიტიკანები. სახელმწიფოს პოლიტიკას პოლიტიკოსები აყალიბებენ, მათ მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა არის საფუძველი ქვეყნის წინსვლის. პოლიტიკა შეიძლება იყოს მოჩვენებითი, ყალბი ან რეალური - სწორად წარმართული. სწორად მართვის შემთხვევაში ქვეყანა მიდის წინ, ადამიანები გამოდიან სტრესული მდგომარეობიდან, აღარ მიეშურებიან სხვადასხვა უცხო ქვეყანაში სამუშაოდ, საკუთარ ფუძეზე ცეცხლს არ აქრობენ და იქიდან ამოსული კვამლის სურნელი ყველა სურნელზე უფრო ნეტარი სურნელია მათთვის.
სხვათა ნაშრომზე და ნაბრძოლზე მოსული პოლიტიკოსი, რომელსაც არც ერთი წინა ლაბირინთი არ გადაუვლია, ვერაფრით გახდება ქვეყნის მოჭირნახულე, რამეთუ თავად არ არის ჭირნანახი, შესაბამისად მას სხვათა ჭირის გაგება არამც და არამც არ შეუძლია. ანუ მივდივართYიქამდე, რომ ჩვენს წინაშეა არა პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი დიდი გამოცდილებით და ცოდნით, თავისი ჭირნანახებით ქვეყანა უნდა მართოს (რა თქმა უნდა, შესაბამისად თავისი მოვალეობისა), არამედ პოლიტიკანი, ანუ ტიპი, რომელიც ყველა თავისი მონაცემით, (ვგულისხმობ პოლიტიკოსისთვის საჭირო თვისებებს), მატყუარაა და შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ყველა მოფიქრალ ადამიანს, (ანუ თქვენ, ყველას), ნაფიქრალი აქვს ამ თემაზე და იცის, ტყუილის, ანუ სიყალბის შედეგი, კვლავ სიყალბეა, ანუ მოჩვენებითობა.
დასკვნა - მოჩვენებებით სავსე ქვეყანაში ვცხოვრობთ. (წინა თემების გაგრძელება გამოგვდის ამჯერადაც, ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი, რადგან ჩვენი ყოფა  ერთი დიდი მთლიანობაა და ჯამში ყველაფერი ერთად იყრის თავს).
მოჩვენებებით სავსე ქვეყანაში კი, თუ დავუკვირდებით, არ არსებობს პოზიცია (სახელმწიფოს პოზიციასაც ვგულისხმობ და შესაბამისად პოლიტიკოსებისაც), არამედ  გარკვეული პოზა ქმნის ვითომ პოლიტიკას. მოგეხსენებათ, პოზიციასა და პოზას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც თეთრსა და შავს შორის. თუმცა თეთრი და შავი ნაღდად არსებული ფერებია. პოზიცია და პოზა კი განსხვავებულიცაა ზემოთ შედარებულთან. პოზა სიყალბეა, რომელიც პოზიციისგან არსით განსხვავდება, კარგად მორგებული ნიღაბია, რომელსაც ჭკვიანი ადამიანი ადვილად ამოიცნობს. ჰოდა, ამომცნობთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ ქართველთა ფასი გაიზარდა სხვათა თვალში, მაგრამ მათ მიერ ჩვენი დაფასება ფარსამდე მიდის, რამეთუ ყველა იმის მიხედვით გვაფასებს, რამდენად ვჭირდებით მათ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა.
ასეა, ყველაფერ გაუფასურებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს. დიახ, - ყველაფერ!
ამ წერილის წამკითხავი ხელისუფალნიც, ხმამაღლა იქნებ არა, მაგრამ გულში, უჩუმრად დამეთანხმებიან ზემოთ მოყოლილზე.
რეალური სურათი დღეს ასეთია, ანუ ეს არის სიმართლე, რომელსაც ვერსად გავექცევით.
ვიცით ხელისუფალნო, რომ თქვენ ყველანი ძალიან გიყვართ, მაგრამ ამ სიყვარულს ფასი აქვს დაკარგული.

                    ნონა გიგინეიშვილი
ეს ჩანაწერი 2010 წელს გამოქვეყნდა. 
რა სამწუხაროა, რომ ამ განწყობილებას ყავლი არ გასვლია. 

გადასვლები: 519
FACEBOOK კომენტარები