გაზაფხული სიყვარულივითაა _ სათნოა, გულუხვი, იმედის მომცემი, ოცნებებით და იმედებით მოსილი; სიყვარულიც გაზაფხულივითაა _ ამ დროს ცხოვრება ფერადია... ამ ფერებში შავი ფერი არსად ჩანს, კისკისა ფერები ყვავიან და გაზაფხულია... გაზაფხულია ყველგან _ სახლშიც, კარშიც, სულშიც, გულშიც... და ბედნიერი ხარ... და ბედნიერია ქვეყანა... ეს არ არის მოჩვენება, ეს სიმართლეა _ ნამდვილი სიმართლე (არანამდვილი ,,სიმართლეები“ ისე მომრავლდა...)
უკვე აპრილია, გაზაფხულის მეორე თვე. ნაზამთრალი განწყობილება, სამწუხაროდ, ჯერ არსად წასულა. იგვიანებს საგაზაფხულო ფერი... სუსხია...
მოლოდინს დრო ეწირება... დრო მსახვრალი... დრო, რომელსაც ფასი დაეკარგა კარგა ხანია (ჩვენს ქვეყანაში) და გაუფასურებულ, დაკარგულ დროს მივტირით; ისე მივტირით და იმდენი ხანია, რომ ცრემლიც გაგვიშრეს ლამისაა.აი, ასე მოდის გაზაფხული, ამ განწყობილებით და როცა წავა, წასვლისას თუ იტყვის ნეტავ?!
პ.ს. ,,საგაზაფხულო“ _ ასე ჰქვია ლექსს, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ლექსი პოეტ ჯემალ დობორჯგინიძეს ეკუთვნის. ბატონმა ჯემალმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, რედაქციაში სტუმრობისას გადმოგვცა იგი სხვა ლექსებთან ერთად.
მრავალჭირნანახს, ნაშრომს, ნაღვაწს, ბოლო წლებში შვილის სიკვდილით სულგამწარებულს, ერთხელაც არ დაუჩივლია ამ ქვეყანაზე, ისე წავიდა იმ ქვეყნად. დიდი მაგალითი იყო გამძლეობის და იმისა, რომ თუ ამ ქვეყანას მოგავლინა უფალმა, რაღაც მისიაც დაგაკისრა, რომელიც უნდა შეასრულო. მან ეს შეძლო (ნათელი მის სულს); საგაზაფხულო განწყობილება დააბიჯებდა მისით ლანჩხუთის ქუჩებში და ბოლოს ეს ,,საგაზაფხულო“ დაგვიტოვა.
,,შენზე ფიქრები
ფეთქავს აპრილთან
და მე სიზმარში ისევ გნახულობ
სადღაც მერცხლების
გუნდი აფრინდა,
რომ ჩვენს მამულში
გაიზაფხულოს!
მოდი და ნახე სუფსის ჭალაში
ორთქლი რომ ასდის
მიწას გადახნულს.
ეს გაზაფხული შედის ძალაში
ქვეყნად ხალისი
მოაქვს გაზაფხულს.
მოდი მეწვიე ამ ცელქ აპრილთან
ცხადად მექეცი სიზმრად ნახულო,
სადღაცა მერცხლის გუნდი
აფრინდა,
რომ ჩვენთან ერთად
გაიზაფხულოს!“
საგაზაფხულო

ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 552