23 წლის წინ გაისმა პირველად ,,ჰო და არას” ხმა...
დიახ, გაზეთს ხმა აქვს. ხშირად ეს ხმა ექოსაც გამოსცემს, შორს მიმავალ ექოს...
გაზეთს არათუ ხმა, ფერიც აქვს, სუნიც, გემოც და ყველაფერ ამას განსაზღვრავს ის, თუ რას ემსახურება იგი _ სიმართლეს, სიკეთეს, შენებას, წინსვლას, სიყვარულს _ თუ პირიქით... ძალიან პირიქით...
დიახ, მედიას აქვს ხმა, ამავე დროს ძალაუფლებაც და პასუხისმგებლობაც და ამ პასუხისმგებლობას მედიასაშუალება მაშინ ინარჩუნებს, როდესაც ხელისუფლების მზის ქვეშ არ ეძებს ადგილს.
ხელისუფლების მზის ქვეშ, შესაბამისად ჩრდილქვეშ მოქცეული მედიასაშუალება (რაც დღევანდელ საქართველოში ძალზედ ბევრია) თავის ფუნქციას კარგავს. ფუნქციას, იყოს ,,მოდარაჯე ძაღლის” როლში.
რატომ გადაინაცვლა ძალიან ბევრმა მედიასაშუალებამ ხელისუფლების მზის ქვეშ? რატომ გახდა იგი ანგარიშვალდებული ხელისუფლების მიმართ, ნაცვლად ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებისა?
პირველი _ ვიღაცა ამას აკეთებს ნებაყოფლობით, რათა, საშოვარზეა ორიენტირებული და არ დაგიდევს ჟურნალისტიკის უმთავრეს პრინციპს, თავისუფლებას, რომლის უარყოფით შეურაცხყოფას აყენებს ამ უძველეს პროფესიას და იმ ადამიანებს, რომელთაც უნდა ემსახურებოდეს.
მეორე _ ეს ხდება იძულების გამო, რათა გადარჩეს ეკონომიკურად;
მესამე _ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ მედია მუდმივად, ყველა ხელისუფლების დროს, იყო და არის ზეწოლის, წნეხის ქვეშ. ვიღაცა უძლებს ამ ზეწოლას, ვიღაცა _ ვერა.
ერთი რამის მჯერა _ ნამდვილი, ჭეშმარიტი, საქმისა და ხალხის ერთგული მედიის ხმა ვერც ერთ ხელისუფლებას ვერ ჩაუხშვია და ვერ ჩაახშობს ვერასდროს, რადგან არიან ჟურნალისტები, რომელთაც სინდისის ხმის დაკარგვას სიკვდილი ურჩევნიათ...
პ.ს. ლექსი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ ,,ჰო და არაში” გამოქვეყნდა 1999 წლის 28 დეკემბერს. ,,ჰო და არა” მაშინ მხოლოდ ორი თვის ისტორიას ითვლიდა. ლექსის ავტორია მერაბ ფირცხალაიშვილი, მაშინ გაზეთის თანამშრომელი, დღეს ჩვენი დიდი მეგობარი და გულშემატკივარი. ლექსს ჰქვია ,,ჰო და არას” ჰიმნი. ,,ჰო და არას” ერთი წლის თავზე, კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჩვენს მრავალრიცხოვან მკითხველთა დიდი ნაწილი ესწრებოდა, ეს ჰიმნი ჰო და არელთა შესრულებით გაჟღერდა:
ჩვენ დავიბადეთ ზამთრის მუქ ფერში,
როცა დაჟამულ მიწას აწვიმდა.
როცა ცხოვრება იყო უხეში,
ეს უძრაობა არა, არ გვინდა.
ჰო, დავიბადეთ სულ სხვა იმედით,
რომ სიყვარულით გავათბოთ მიწა;
რომ ვიამაყოთ ქვეყნად იმ ერთით,
ვინაც სიცოცხლეს მიზანი მისცა.
და გავიზრდებით, გავლამაზდებით,
ეს ჩვენი ყოფაც შეიცვლის სახეს,
ამ ჩვენს პატარა სადარაჯოზე
ვერვინ დაგიგებს მკითხველო მახეს.
არა შიმშილი, არა წყვდიადი,
არა, ასეთი ყოფა არ გვინდა,
მოდის ახალი წელი დიადი
და ამ ცხოვრებას ვიწყებთ თავიდან.
სამწუხაროდ, მუქი ფერები არ გვტოვებენ, მაგრამ რადგან ჩვენ ვცდილობთ ,,სიყვარულით გავათბოთ მიწა”, ჩვენ მყარად ვდგევართ.
ხმა
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: ---
გადასვლები: 331