ძვირფასო რედაქციავ, მ.მ.წლის 5 აგვისტოს გაზეთ “ჰო და არაში” წავიკითხე თორნიკე ჯიჯიეშვილის წერილი, სათაურით,” რა ხდება დღეს ლანჩხუთის პოლიტიკაში და ვინ ქმნის დაპირისპირებას”?. აღნიშნულ წერილში ჩემი ყურადღება მიიქცია წერილის ბოლოში ნათქვამმა ფრაზამ, “ნუ დაუჯერებთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველა ინფორმაციას, ნუ დაგაჯერებენ თეთრზე შავიაო, ან პირიქით, ნუ დაუჯერებთ იმას, ვისაც საქმესთან არ აქვს შემხებლობა, ნურც მეზობელს, ნათესავსა და მეგობარს გადაიყოლებთ იმის გამო, რომ ვიღაცას სკამზე თბილად ჰქონდეს საჯდომი, სწორია შემთხვევა, როცა ადამიანები გამარჯობას არ ეუბნებიან ერთმანეთს ე.წ.პოლიტიკის გამო”.
სწორია ბატონი თორნიკე, არის ასეთი შემთხვევები და სწორედ ასეთ შემთხვევაზე უნდა მოგიყვეთ. ჩვენს სოფელში ცხოვრობს ორი მეგობარი, რომლებიც ერთად იყვნენ ჭირსა თუ ლხინში, მეუღლეებსაც სისხლით ნათესავობა აქვთ, ასე რომ ეს ორი ოჯახი ცხოვრობდნენ ერთმანეთის სიამტკბილობით. შეხედავდი და შეგეხარბებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ ასეთ მეგობრებს შორის შავმა კატამ გაირბინა და ეს შავი კატა არც მეტი, არც ნაკლები იყო პოლიტიკა. 2012 წლის ოქტომბერში იყო ნსაპარლამენტო არჩევნები, ერთმანეთს შეეჯახა ორი გიგანტი და მაშინ გაიყო ჩვენი მეზობელი მეგობრების გზები. ერთი ივანიშვილის მოსვლას უჭერდა მხარს, მეორე კი დარჩა ნაციონალების მხარდამჭერი. დაინახა რა ერთმა მხარემ, ამ ორი მეგობრიდან ერთი მეორე მხარეს გადაიხარა დაუძახეს და დაავალეს როგორმე თავისი მეგობარი აეძულებია გადმოეყვანა მათ “რელსებზე” ერთ მშვენიერ დღეს ესტუმრა მეგობარი მეგობარს ოჯახში ოჯახითურთ და მიკითხვა-მოკითხვისა და სუფრის გაწყობის სამზადისში მასპინძელს სიტყვა ჩამოართვა, რომ “ნაციონალებს” უნდა მისცე ხმა და “ოცნებას” თავი დაანებეო. მეგობარი დაეთანხმა და მხარდაჭერას შეჰპირდა. მაგრამ ჰოი საოცრებავ, შემთხვევით, როცა ნაციონალი მეგობარი აინუნში არ იყო, გაზეთში დაიბეჭდა მისი წლების წინ დაწერილი და რედაქციაში დატოვებული ლექსი “ნაციონალებზე”, რომელიც მივიწყებული ჰქონდა. დაუძახეს ლექსის ავტორის მეგობარს, აი შენი გადმობირებული მეგობარიო! აიღო მობილური ტელეფონი და იმ მომენტში უდანაშაულო მეგობარს უკადრებელიც კი აკადრა,არანაირი სალანძღავი სიტყვა არ დაიშურა. “ნაციონალებმა” წააგო, “ოცნებამ” გაიმარჯვა…
გაუნაწყენდნენ მეგობრები ერთმანეთს, დაივიწყეს ნათესავობაც, ისიც, როცა ერთს უჭირდა მეორე თავისთავს და ოჯახს აკლებდა და მეორეს თავისი შვილების ლუკმას უყოფდა. და ეს ყველაფერი ე.წ. პოლიტიკის გამო.”წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”, რა შესანიშნავად აქვთ ნათქვამი. მაინც არაა ჩვენი საშველი და ერთმანეთს და ერთმანეთის ნერვებს გავუფრთხილდეთო ამბობს ბატონი თორნიკე და ვეთანხმები,პოლიტიკის გამო ნუ დავჭამთ ერთმანეთს, ნუ დავანგრევთ წლობით ნალოლიავებ ურთიერთობას და მეგობრობას. ჩვენ ხომ უბრალო ხალხი ვართ და არა პოლიტიკოსები.
პატივისცემით: დიმიტრი ბერიძე
წერილი რედაქციას!
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 071