ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბატონებო, მეფე შიშველია! ანუ ვინ ვის `აბოლებს~ ლანჩხუთის პოლიტიკაში?

ბატონებო, მეფე შიშველია! ანუ ვინ ვის `აბოლებს~ ლანჩხუთის პოლიტიკაში?
16-03-2017, 00:00

კერძოდ, განიხილეს საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი განცხადება, სადაც წერია: `როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დიდი ხანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ლანჩხუთელებისათვის კარგად ცნობილ და საფეხბურთო წრეებში მიღებულ ლანჩხუთის `გურიას~ ვეტერან ფეხბურთელ მერაბ ჟორდანიასთან, რომელმაც გამოთქვა სურვილი იჯარით (უზურფრუქტით) აიღოს გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა და საფეხბურთო კლუბი, გაუწიოს კლუბს ნორმალური ფუნქციონირება და საფეხბურთო სამყაროში აუმაღლოს ძირძველი კლუბს ავტორიტეტი, მაგრამ რატომღაც დღემდე ვერ ხერხდება ამ საკითხის გადაწყვეტა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება, რაც `გურიას~ მრავალრიცხოვან გულშემატკივართა გაკვირვებას და აღშფოთებას იწვევს. ზემოაღნიშნულის გამო გთხოვთ მოიწვიოთ საკრებულო რიგგარეშე სხდომა, მიიღოთ გადაწყვეტილება, რათა `გურიას~ გამოუჩნდეს სპონსორი და კლუბმა იფუნქციონიროს ნორმალურად.~ კომისიის სხდომას მისივე თავმჯდომარე რომან ბიწაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული წერილი საკრებულოს წევრის, თემურ ალექსაიას მიერ გახდა ცნობილი (წერილს ალექსაიაც აწერს ხელს) მას შემდეგ, რაც ამას წინათ გამართულ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრაო. კომისიის სხდომას სხვადასხვა ფრაქციების და კომისიების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ და იმ შეხვედრის დეტალები გაიხსენეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარის, გოგი ხელაძის კაბინეტში გამგებელ ზაზა ურუშაძესთან და კლუბის მესვეურებთან გაიმართა. ბატონმა რომანმა განაცხადა, რომ საერთოდ საინტერესოა საიდან მოუვიდათ აზრად გულშემატკივართა სახელით განცხადების გაკეთება წერილის ხელის მომწერლებს: `მათი უმეტესობა ან საჯარო სამსახურშია დასაქმებული ან ა(ა)იპ-ში. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ვინ დააწერინა მათ ეს წერილი?! ჩემი აზრით, ეს წერილი ჩვენი განსახილველი არ არის. საიდან ასკვნიან, რომ ჟორდანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება. არსებობს ასეთი გამოთქმა, ააფრინე ალალიო, რაც არ არის, არარიო. არც კლუბის იჯარით აღებაზეა ჟორდანიასგან რამე ცნობილი, არც სპონსორობაზე. ვეძებე და ვერსად ვპოვეო, ისეა ჩვენი საქმე. ამ განცხადების საფუძველი, რომ ეს ასეა, არ არსებობს.~ საკრებულოს წევრის, ადამ ხუხუნაიშვილის განცხადებით, _ იძახიან, მგონი 3 თვეზე მეტია, მოდისო. ეს იგივეა, აგერაა ბატონო, მტკვარს გამოცდენილიო, სად არის მერე?! ეთიკის კომისიის წევრმა სოსო სარჯველაძემ იკითხა, _ ხელშეკრულების ფორმა არის მზადო, რომ ამბობდნენ, რის საფუძველზე მომზადდა? ამას რომან ბიწაძის პასუხი მოჰყვა: `ალბათ, ყველამ იცით, ზღაპარი `შიშველი მეფე~, აფერისტები რომ ჩამოვლენ და ტანსაცმელს კერავენ. ბოლოს ბავშვი იტყვის – მეფე შიშველიაო, დაახლოებით ასეთ დღეში ვართ~. `სწორია, რომანი~, ეს ყველაფერი დროში გაწელილი პროცესია. ჟორდანიას არსად არ არის ჩამომსვლელი. ეს იცის კარგად ურუშაძემაც~ _რეპლიკა ისროლა ელგუჯა ჩხაიძემ, რასაც ახალი უმრავლესობის თავკაცის, გიორგი ჩახვაძის კომენტარი მოჰყვა: `ვინ არის ყველაზე მეტი ქოსატყუილა, ალბათ, გავიგებთ. ასევე, ბატონო რომან, თქვენ იმდენად კარგად ჩანხართ მომზადებული საკითხში, ხომ არ გადახვიდოდით კლუბის მწვრთნელად, ეგება გეშველათ რამე მაგათთვის.~ ალეკო მახათაძემ, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთო და ორი დღის წინ გოგი ხელაძის კაბინეტში შემდგარი საუბარი გაიხსენა: `ერთმა ჩემმა კოლეგამ იკითხა, რომ იძახით ჟორდანია მოდისო, სად არის, ერთი დაგვენახოს ეგ კაციო. მეორე კოლეგამ უპასუხა: მაგი აქანე არ ჩამოდის, ჩამიჯექი მანქანაში და განახვებ თბილისშიო. ასე არაფერი გამოვა.~ `სწორედ იმ შეხვედრაზე ვუთხარი გამგებელ ზაზა ურუშაძეს, რას გვაბოლებ-მეთქი.~ _ განაცხადა აკაკი იმნაიშვილმა და იქვე განაგრძო: `ფეხბურთის თემაზე შემიძლია დეტალურად საუბარი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წინადადებას ვიტყვი. `გურიის~ განვითარება და შენარჩუნება შესაძლებელი იყო. დღესაც შეიძლება. იცის ამ რაიონმა ფეხბურთი და კულტურაა ჩვენთან ფეხბურთი. ჩვენს გარეშე მოხდა სხვებისთვის კლუბის ჩაბარება. როცა ურუშაძეს ვუთხარი ერთ-ერთი შეხვედრაზე, რატომ არ გვითხარით ამის შესახებ, ასე მიპასუხა: ვის თქვენო? ჩვენ, ბატონო-მეთქი, არ დავიხიე უკან. რა უნდა შეგკითხოდით თქვენო _ ასე მომიგო. ახლა ამბობს, რომ ვალების გამო ჟორდანიას უარს ამბობს სპონსორობაზეო. რამდენია ვალი?! გვითხრეს, 750 ათასია, მაგრამ 250 ათასია გადასახდელი. რას ნიშნავს ეს?! ამას მოჰყვა მერე ჩემი ნათქვამი, რას გვაბოლებ, ბატონო ზაზა.~ დარეჯან ბურჭულაძე: `ჩემი აზრით, ეს წერილი არ არის საკრებულოს განხილვის პრეროგატივა და მისმა ავტორებმა უნდა მიმართოს გამგებელს. ერთი რამ არის დღეს ნათელი, იმდენი პრობლემები დაგროვდა ხალხში, რომ აღარ უნდათ ამ `გურიას~ გაგონება. `გურია~ იყო ბრენდი და ბრენდი `გურია~ შეაძულო ხალხს, ამას ნიჭი უნდა, ნიჭი~. მას დაეთანხმა სუფსის მაჟორიტარი. ჯუმბერ ბლაგაძემ განაცხადა, რომ თითს ტყუილად ჩვენკენ ნუ იშვერენო: `პოლიტიკა არ უნდა იყოს ფეხბურთში. როცა ადამიანმა კანონი დაარღვია და ქრთამი აიღო, დაიჭირეს ასეთი ადამიანები. ვნახე ეს წერილი, იქ ხელმომწრებიც. ყველა არ ვიცი, მაგრამ ერთ ადამიანზე გეტყვით, ვინც ხელს აწერს: იმისთვის ფეხბურთი ისეთივე გასაგებია, როგორც ჩემთვის ჩინური. ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს აშკარად შემოგდებულია. როცა ორი დღის წინ შეხვედრა იყო, გამგებელმა გვითხრა, დაასახელეთ თქვენ პიროვნება და მე დავნიშავო. არაფერში მიგვიძღვის ბრალი და ხელს ჩვენკენ იშვერენ, მერე წამოგვძახებენ _ ა, ბატონო, თქვენი შერჩეული კადრია და პასუხიც მას მოთხოვეთო. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავურბოდი და არც გავურბივარ, მაგრამ გვაძახონ, რომ თითქოს ჩვენ ვუშლიდეთ ხელს ვინმეს მოსვლას, ეს აბსურდია. ხომ ამბობენ, აუქციონის წესით უნდა გასხვისდეს გუნდიო. ეგებ სხვა ჟორდანია გამოჩნდეს, რატომ არ გააქვთ ამ აუქციონზე?!~ ნონა მურვანიძე: `როგორც ჩანს, არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, ჩანს კი არა, ეს ასეა, რომელსაც სურს, რომ ფონდის მიერ გამოყოფილი 700 ათასი ლარი განკარგოს. ეს ამ წერილიდანაც კარგად ჩანს. იყო საუბარი კახა ებრალიძის გუნდის დაბრუნებაზე. რატომ არ დააბრუნეს ის ხალხი, როცა ამაზე შედგა საუბარი. აქ სხვა რამ იკითხება, ბატონებო და ამას ვამბობდი მე 3 წლის წინათაც, 2 წლის წინათაც და შარშანაც. თქვენ, უმრავლესობა კი ეთანხმებოდით, სამწუხაროდ, მე უმცირესობაში გახლდით.~ ნონა მურვანიძეს კოლეგებმა მიუგეს, რომ ებრალიძის გუნდის დაბრუნებაზე თითქოს შედგა შეთანხმება, მაგრამ ურუშაძემ ის არ დანიშნაო... ია ჩხაიძის თქმით, _ `ყველამ უნდა მოვნახოთ გამოსავალი, ასე გაგრძელება არ შეიძლება. როცა საუბრობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რაიმე სახის დოკუმენტი ჩემამდე ელექტრონულად არც მოსულა და ჩვენი კომისია ისე როგორ განიხილავდა. ეს ხალხი, ვინც წერილს აწერს ხელს, შეცდომაშია შეყვანილი.~ გიორგი ჩახვაძემ საინიციატივო ჯგუფის პირველ ნომერთან, ნუგზარ ჩხაიძესთან შეხვედრა გაიხსენა: `ეს წერილი როცა ვნახე, ბატონ ნუგზარის ვუთხარი, რომ გამგებლთან უფრო იყო ის შესატანი, ვიდრე ჩვენთან. მან მითხრა, გამგებელთან ვიყავი და მირჩია, ასე მოვქცეულიყავიო. არადა, ყველა ვთანხმდებით, რომ საკრებულო აქ არ არის ადრესატი და შესაბამისად, ამას ვერც განიხილავს. როცა ამას წინათ მე ბიუჯეტიდან კლუბისთვის თანხების გამოყოფაზე გავაკეთე განცხადება, გახსოვთ, ალბათ, რომ ვთქვი, გავისტუმროთ ბანკის ვალი, შემდგომ აუდიტმა შეამოწმოს, მოგვცეს დასკვნა, რომ ეს თანხა არის გადასახდელი და ჩვენს შემდგომ დავაკრედიტებთ და გადავიხდითო, ეს ამბავი მოვიკითხე. ჩემი განცხადება ოქმშიც იყო შესული, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია. როცა პასუხი მოვითხოვე, ასე მითხრეს, რომ არ დაუვალებიათო და ა.შ. ბოლოს მომიგეს, გაზეთში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ზეპირი მოკვლევა ჩავატარეთ და ამდენი და ამდენია დავალიანებაო. ეს არის, ბატონებო, ზერელე მიდგომა საქმისადმი და ჩვენკენ ტყუილად ნურავინ იყურება. ჩვენ გვინდა `გურიას~ ჰყავდეს პატრონი და ამას ნუ დაგვიკარგავენ~. ამირან ქანთარია კოლეგებს მიუგო: `ჟორდანიას ბაბუას და მამას შეურაცხყოფას ვაყენებთ ჩვენი ამ საუბრებით. იმ ადამიანებს ვცეთ პატივი. სანამდე უნდა ვიძახოთ, მოდის, არ მოდის.~ საბოლოოდ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წერილის ავტორებმა უმჯობესია გამგებელს და გამგეობას მიმართონ, ვიდრე საკრებულოს და იქვე 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შეაფასეს. კომისიის თავკაცმა გასულ წელს ბიუჯეტში ხშირად შესული ცვლილებები გაიხსენა და ფეხბრუთის თემამაც გაიჟღერა: `ბევრი რამ მოხდა, ბიუჯეტი ჩავარდა. ასე ვიტყოდი: ზაზა ურუშაძემ ბიუჯეტს ისე მოუქცია საქმე, ამდენი თბილისისთვის აღა-მაჰმად ხანს არ გაუკეთებია. სულ იძახის _ ანტიკორუფციულიო, ანტიკორუფციულმაო. მოკლედ, ყოველ ბრუნვაშია ეს სამსახური. როცა საკრებულოს სხდომა იქნება, მეც ყველა ბრუნვაში ვახსენებ ამ სიტყვას და ბოლოს ვეტყვი: ანტიკორუფციულოო! და იმედია, სხვები ბანს მომცემენ,~ _ განაცხადა რომან ბიწაძემ.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები