_ ამჯერად ისინი ორჯერ მოგებული პროცესის აღსრულებას მოითხოვდნენ. როგორც საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ამირან გიგინეიშვილმა `ჰო და არასთან~ საუბარში განაცხადა, მის მიერ გამოცემული ბრძანება კანონიერი იყო და ეს აქამდე სასამართლომ ორჯერ დაადასტურა, თუმცა ლანჩხუთის ხელისუფლება მის აღსრულებას არ აპირებდა. მეტიც, როგორც მან გვითხრა, საკრებულოს დღევანდელმა თავმჯდომარე გოგი ხელაძემ წინამორბედის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება გააუქმა (?!), რის თაობაზეც, სავარაუდოდ, სასამართლოში ახალი სარჩელი შევა.როგორც ცნობილია, 2014 წლის მაისში ამირან გიგინეიშვილმა რიგ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემას მოაწერა ხელი, რომლის შესრულება დღემდე არ მომხდარა. გუშინ, ოზურგეთის სასამართლომ ლანჩხუთის გამგეობა დაავალდებულა, რომ 40-მდე პირს გადაუხადოს 35 ათასი ლარი.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასამართლო ოფიციალური ლანჩხუთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს _ როგორც ცნობილია, გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი ასევე ოზურგეთის სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა და ლანჩხუთის გამგებელს მოტივის დასახელება მოსთხოვა, თუ რის გამო დაატოვებინა თავის მოადგილეს თანამდებობა. ეს გადაწყვეტილება გამგეობის მხარემ გაასაჩივრა. ამ მხრივ გარკვეული ხარვეზი არის კანონმდებლობაში, რომლის მიხედვით, გამგებელს მოადგილის მოხსნის უფლება აქვს, მეორეს მხრივ კი, ადამიანის გასათავისუფლებლად მოტივია საჭირო. ამიტომაც გადამწყვეტია, როგორ განმარტავს კანონს მოსამართლე _ ოზურგეთის მოსამართლე ბიძინა სტურუამ ის ზენაიშვილის სასარგებლოდ წაიკითხა და მოწინააღმდეგე მხარეს მიანიშნა, გამგებელს მოადგილის გათავისუფლების უფლება აქვს, მაგრამ ამისთვის საფუძველი უნდა არსებობდეს, თორემ დილით ცუდ ხასიათზე გაიღვიძო, ან ცუდი სიზმარი ნახო, ეს მოხსნის საფუძველი არ არისო.როგორც ცნობილია, ვახტანგ ზენაიშვილი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც სასამართლოს დასრულებისას, სავარაუდოდ, 20 ათასის ფარგლებში იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ბოლო ინსტანციამ მისი სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.აქ ერთი საინტერესო დეტალიცაა: სასამართლო ნახსენებ შემთხვევებში აშკარად თავისუფალია პოლიტიკური დირექტივებისგან, რაც მოსარჩელეების შანსს კიდევ უფრო მაღალს ხდის.კიდევ ერთი საქმე, რომელიც სახელფასო ანაზღაურებას ეხება საფეხბურთო კლუბ `გურიას~ უკავშირდება _ ყოფილი მწვრთნელები თემურ ლორია და თენგიზ პატარაია გათავისუფლებას უსაფუძვლოდ თვლიან და საფეხბურთო დავების ტრიბუნალმა კლუბს მათ სასარგებლოდ 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ეს საქმეც არ აღსრულებულა. ამიტომაც, სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, `გურიას~ ბოლო ვადად 15 ნოემბერი მიეცა. კლუბი ამ გადაწყვეტილების სამოქალაქო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.`რა სასამართლოზეა საუბარი, ეს ჩემთვის გაუგებარია. ფედერაციის წესდებაში პირდაპირ წერია, კლუბს არ აქვს უფლება არსებული საკითხი სამოქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს, მით უმეტეს, არსებობს სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ან რა სადაოა ის, რომ კლუბი ცნობს თუ არა ამ ვალს. `გურიამ~ უკვე ორჯერ მიმართა აღმასკომს ამ ვალის გადავადებაზე~ - აცხადებს სფფ-ის იურისტი კესო ჩხიკვაძე.გურიის ფეხბურთის ფედერაციის ჯერაც მოქმედი პრეზიდენტი კახა ებრალიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას, რომ მწვრთნელებს კლუბმა ფული უნდა გადაუხადოს, სფფ-ის ახალი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პრინციპულად მხარს უჭერს. `კი იძახდა ლანჩხუთის გამგებელი, ფედერაციაში ხელმძღვანელობა შეიცვლება და ამ ფულს არ გადავიხდითო, მაგრამ ასე არ მოხდა _ სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობაც პრინციპულ პოზიციას იკავებს. ბოლო აღმასკომის სხდომაზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ყველა ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ `გურიამ~ ეს ვალი აუცილებლად უნდა დაფაროს. განსაკუთრებული კატეგორიულობით თბილისის `დინამოს~ პრეზიდენტი, რომან ფიფია გამოირჩეოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ თანხის გადახდის ვადის ორჯერ გადავადებას იმიტომ დათანხმდა, საქმე `გურიას~ ეხებოდა და ბოლოს და ბოლოს ყველაფერს საზღვარი აქვსო~.სფფ-ში აცხადებენ, რომ თუ კლუბი თანხას არ გადაუხდის მწვრთნელებს 15 ნოემბრამდე, სანქციები აუცილებლად ამოქმედდება, რაც ქულების ჩამორთმევასა და ლიგიდან დაქვეითებასაც გულისხმობს. დიდი ალბათობით, კლუბი დავალიანებას გაისტუმრებს, რამეთუ ქულების დაკლებაც კი, `გურიას~ დღევანდელი სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, ლიგიდან გავარდნის ტოლფასი შესაძლოა გამოდგეს, სამოქალაქო სასამართლოს კი, როგორც ცნობილია, ფეხბურთის ფედერაცია ამ შემთხვევაში არ ცნობს.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0