ბატონმა გოგიმ სხდომის დასაწყისში ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლა მიულოცა კოლეგებს და იმედი გამოთქვა, რომ ის ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება. ხელაძის განცხადებას ტაში მოჰყვა და ამ საზეიმო განწყობით დაიწყო სხდომა, რომელზეც 10 საკითხი იქნა განხილული. პირველი საკითხი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეთიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის კონტროლის კითხვარის ფორმისა და მისი შევსების მეთოდური რეკომენდაციის დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ეხებოდა. საკითხი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ლადო ჩხაიძემ წარმოადგინა. დეპუტატებს ძირითადი შენიშვნები საპარიკმახეროებთან დაკავშირებით ჰქონდათ. როგორც მომხსენებელმა განმარტა, ჯარიმების დაწესება საკრებულოს უფლებამოხილებაში შედის და როცა დოკუმენტი ექნება ხელთ, შემდეგ შეეძლება სანქციების გატარება. „ჩემს მიერ გაფრთხილებულია ყველა დაწესებულება დაახლოებით 2 თვის წინ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი. ეს არის საკმაოდ გონივრული ვადა პრობლემების აღმოსაფხვრელად. ისიც ვუთხარი მათ, სად შეეძლოთ საჭირო ნივთების შეძენა~ _ განაცხადა ჯანგანის შეფმა. ამირან ქანთარიამ მომხსენებელს მიუგო: `1,5 წელია ვსაუბრობთ ამ საკითხზე, მაინტერესებს რამეს თუ მივაღწიეთ~. სხდომაზე განმარტეს რომ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება იწყება და დეტალებზე შემდგომ მოხდება მსჯელობა. ბატონმა ლადომ მაინც მიუთითა, რომ ძირითად შემთხვევაში საქმე გვაქვს ინფექციურ დაავადებებთან, ასევე ც ჰეპატიტთან, რომლის წინააღმდეგ სახელმწიფომ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარაო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ მსჯელობას კამათი მოჰყვა. გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსს, გოგი ფაცურიას სხვადასხვა ობიექტების პრივატიზაციის ნუსხაში შეყვანაზე განმარტებები მოთხოვეს. საკრებულოს „ახალი უმრავლესობის“ ლიდერმა გიორგი ჩახვაძემ სოფელ ჩიბათში არსებული ყოფილი ადმინისტრაციული შენობა ახსენა: „ძალიან მაინტერესებს რა ხდება ამ დამწვარ შენობასთან დაკავშირებით. ჩემი წინადადებაა ის ამოვიღოთ წარმოდგენილი სიიდან. ჩვენ ვსაუბრობდით ყოფილი მედ-პუნქტის გადმოცემაზე. სანამდე უნდა იყოს სოფლის რწმუნებული და მისი თანაშემწე ქოლგის ქვეშ?!“ მისი ინიციატივა გავიდა და შენობა საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიძლება იუსტიციის სახლი აშენდეს. შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა სოფლის ცენტრში მდებარე კულტურის სახლი ახსენა: „ძალიან მაინტერესებს რატომ მოხვდა ეს შენობა ამ სიაში? შენობის შესწავლა უნდა მოხდეს ექსპერტების მიერ. სოფელი წინააღმდეგია მისი დაშლის. თუ არის საშუალება მისი აღდგენის და რემონტის, როგორც მე ვიცი _ არის, რატომ შევიდა ამ ნუსხაში?!“ მას ფაცურიამ მიუგო, რომ ის მანამდე შეიყვანეს სიაში, სანამ ექპერტიზაზე იქნებოდა საუბარი: `ჩვენ ამის შესახებ გამგებელთანაც გვქონდა საუბარი. მოვიწვიეთ სამხარაულის საექსპერტო ბიურო, სანამ დასკვნა არ ჩამოვა, მანამდე შენობა საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებული იქნება და გპირდებით აუქციონზე არ გავიტანთ.“ ამირან ქანთარია ქალაქი ცენტრში არსებული ყოფილი რესტორნის მფლობელით დაინტერესდა: `ამას წინათ სტუმრები მყავდა. იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები. მათ აინტერესებდა ვისი იყო ეს შენობა. ეგებ გამარკვიოთ, რა ხდება. ის ხალხი დაინტერესებულია იუსტიციის სახლის მშენებლობით“. გოგი ფაცურიას განმარტებით, შენობა სახელწიფო საკუთრება იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასამართლო დავა მიმდინარეობს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის: „ჩემთვის გაუგებარია რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე. მერამდენე წელია გაურკვეველია შენობის მეპატრონე. ის ამახინჯებს ქალაქს. რაც შეეხება იუსტიციის სახლის მშენებლობას, საუბარი იყო ყოფილ კომისარიატზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ახლა მას იუსტიციის სამინისტროსთვის გადაუცია ის.“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავკაცმა კახა ურუშაძემ განაცხადა: „ამ რესტორანთან დაკავშირებით დავა ბიძაჩემის, ანზორ კილაძის შვილსა და სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს. როგორც მე ვიცი, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო მოიგო ჩემმა ბიძაშვილმა. ეკონომიკის სამინისტრომ უზენაესში გაასაჩივრა. ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვეცდები გავარკვიო და შემდგომ უფრო დაზუსტებით გეტყვით, რა და როგორ არის~. რომან ბიწაძემ აკეთში მდებარე საბავშვო ბაღის შენობაზე გააკეთა განაცხადი: `ძალიან საინტერესოა ამ შენობის შეტანა საპრივატიზაციო ნუსხაში. როგორც ვიცი, იქ საბავშვო ბაღი არასდროს ფუნქციონირებდა და აქედან გამომდინარე, სტატუსი საიდან მიენიჭა ესეც გასარკვევია~. მას განუმარტეს, რომ შენობა კომუნისტების ხანისაა და სწორედ ამ მიზნით გაკეთდა თავის დროზეო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების წესის დამტკიცების შესახებ საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ ისაუბრა. ფრაქცია `მაჟორიტარების~ თავკაცმა, ჯუმბერ ბლაგიძემ კოლეგებს და მომხსენებელს საკრებულოს და გამგეობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები შეახსენა: `ჯაბახანა მანქანები რომ გვყავს, იმას რა ბედი ეწევათ. უწინ ცხენი მაინც ჰყავდათ და იმით დადიოდნენ თანამდებობის პირები. ახლა არც ცხენი ჰყავთ. საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა რა დღეშიც არის, ყველამ ვიცით, კაცი სანახევროდ ფეხით დადის. რამე უნდა მოვიფიქროთ, ასეთი ტრანსპორტი უნდა ჩამოვწეროთ.~ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ია ჩხაიძემ ის ჯგუფი გააცნო შეკრებილებს, რომელის საკრებულოში მომდევნო 3 თვის მანძილზე იფუნქციონირებს და ედუარდ შევარდნაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით იმუშავებს. `ეს არის ძალიან კარგი რამ. ინიციატივა მოდის ჩვენი კომისიიდან და ამიტომ წარმოვადგინე მე. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი შემოვიდეს ჯგუფში~ _ განაცხადა ია ჩხაიძემ და ედუარდ შევარდნაძეზე, როგორც გამორჩეულ პოლიტიკოსზე, გააკეთა ვრცელი განცხადება. რომან ბიწაძემ ჯგუფში შესვლაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ მისი ფრაქციიდან ერთი წევრი ისედაც არის გაერთიანებული და კიდევ აღარ ვარ საჭიროო. `კანონი კრძალავს ამას და მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ისე, ამდენი კაციც რა საჭიროა. დავავალოთ გამგეობას და ერთ თვეში ან თვენახევარში მოაგვაროს საკითხი,~ _ განაცხადა ბიწაძემ. გია გოგუაძე კოლეგებს მიუგო, ბოლო ხანებში მუზეუმი ნანახი თუ გაქვთო. `14 კაციანი მუშა-ჯგუფის შექმნით იმას ნუ ვიზამთ, თითქოს რაღაც საქმეს ვაკეთებთ. იქ საქმე გაკეთებულია. გია ცინცაძემ გააკეთა ბევრი რამ.~ გოგი ხელაძემ თუ საჭიროა, 31-ივე ჩავერთვებითო და გია ცინცაძის მიერ გაკეთებული საქმეები ახსენა _ ამ ადამიანმა მართლაც ბევრი სამუშაო გასწიაო. ელისო ჭიჭინაძემ, როცა ასეთ ჯგუფს ქმნით, დარეჯან ბურჭულაძე მაინც უნდა ჩაგერთოთო. თავის მხრივ ბურჭულაძემ ამის აუცილებლობას პირადად ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საჭიროა, არც ამაზე ვიტყვი უარსო. ნონა მურვანიძემ, ამ თემასთან დაკავშირებით ყველა დადებითად ვართ განწყობილი და სამუშაო ჯგუფის გამო ერთმანეთს ნუ გამოვეკიდებითო. კახა ურუშაძემ კი ბრძანა, რომ შევარდნაძის სახლ-კართან, შეიძლება ითქვას, ყოველდღიური კონტაქტი აქვს: `ხშირად ვყოფილივარ იქ. ვიცი ბატონი ედუარდის ოჯახის წევრების განწყობა, ისინი თანახმანი არიან, რომ მუზეუმი გაკეთდეს. აქ ითქვა, რომ ყველაფერია გაკეთებულიო. არ არის ასე. ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მე ვიცი, ნუგზარ შევარდნაძის პოზიცია, ბატონი კაკოს, ბატონი ცეზარის. ასევე უნდა ვკითხოთ ბატონი ედუარდის შვილებს. მანანა და პაატაც თანახმა არიან, ჩემი ინფორმაციით, მაგრამ მათთან შეხვედრაა საჭირო. გამოვყოთ ამ ჯგუფიდან ადამიანები და მოხდება შეთანხმება. იქ მწირი მასალებია დაცული. საჭიროა მეტი მასალის მოპოვება.~ საკითხი კენჭისყრაზე დადგა. სხდომის თავკაცმა თქვა, რომ დადებითად გადაწყდა, მაგრამ გააპროტესტეს _ არ არის მასეო. კახა ასკურავამ ურეპლიკა კოლეგებს: `14 ხართ ჯგუფში და მის შექმნას ხმას არ აძლევთო~. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 17 მომხრით საკითხი დადებითად გადაწყდა და საკრებულოს 14 წევრი დროებით მუშა-ჯგუფში გაწევრიანდა ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით. როგორც ყოველთვის, განცხადებებით დახუნძლური იყო `სხვადასხვა~. გიორგი ჩახვაძემ გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ მოუთხრო კოლეგებს: `სამწუხაროდ, ბოლო დღებში აქტიურად მიდის მსჯელობა, რომ გურიის ფედერაცია გადავიდეს ოზურგეთში. ჟორდანიას ხელმძღვანელობის დროს დაფუძნდა ლანჩხუთში რეგიონული ფედერაცია. მისი პირველი ხელმძღვანელი იმედო დუნდუა იყო. მას შემდეგ ყველა ხელმძღვანელი ლანჩხუთელი გახლდათ. 10 მარტს დაგეგმილია ახალი არჩევნები და როგორც ვიცი, ამ დღეს ბევრი რამ გადაწყდება. მივმართავ ყველა კოლეგას, გამოვიდეს ამ დღეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. არჩევნები ჩატარდება ლანჩხუთში და არ უნდა დავუშვათ ფედერაციის აქ გაუქმება და ოზურგეთში გადატანა. იცით, რომ ტყეები ეროვნული პარკის მმართველობაში გადავიდა?! ხვალ ფედერაცია გადავა სხვაგან. მოკლედ, მალე ლანჩხუთს გააუქმებენ და შეგვაერთებენ ფოთს ან ოზურგეთს.~ საკმაოდ ემოციურ გამოსვლას თემურ ალექსაიამ უპასუხა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დაადასტურა, რომ 10 მარტს არჩევნები მართლაც ლანჩხუთში გაიმართება, თუმცა უარყო ის ფაქტი, რომ ფედერაცია ოზურგეთში გადადის და ამაზე არც დათანხმებას ვაპირებთო _ განაცხადა ალექსაიამ, რომელმაც ამ განმარტების შემდეგ იკითხა _ ნიგოითის თემში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი როდის დაიწყება, ეგებ გამარკვიოთო. მას განუმარტეს, რომ პროცესი მარტის თვიდან უნდა დაიწყოს. ჯუმბერ ბლაგიძემ სუფსელების გასაჭირზე მოუთხრო შეკრებილებს: `ეს მარტო ჩემი ამომრჩევლის პრობლემა არა გახლავთ. ხალხი ითხოვს კრებებს, რათა საქმის კურსში ჩააყენონ როგორ იქნება ხვნა-თესვა წელს. მოგეხსენებათ, ვაუჩერების სისტემა გაუქმდა და უნდა ვიცოდეთ, რა ტექნიკა გვყავს და როდის დაიწყება სამუშაოები~. მანვე ხაზი გაუსვა თემის ადმინისტრაციულ შენობის ავარიულობას: `150 ლარი სჭირდება მისი სახურავის შეკეთებას და ეს ვერ შევძელით ბიუჯეტიდანო~. დარეჯან ბურჭულაძემ გრიგოლეთის საკურორტო ზონად გამოცხადების შესახებ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთო. `როგორც მე ვიცი, იქ დაგეგმილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. არა მგონია, 21-ე საუკუნეში ის ისე აშენდეს, რომ შესაბამისი ნორმები არ იქნას დაცული. ეს მშენებლობა გრიგოლეთს ხელს არ შეუშლის. ტურისტული სეზონი მოდის და მზადება როდის უნდა დავიწყოთ?! პლაჟის შესწავლა უნდა მოხდეს პირველ რიგში, რათა შემდგომ სპეციალისტებმა დადონ დასკვნა გრიგოლეთის საკურორტო ზონად გამოცხადებაზე.~ კახა ასკურავას მოსაზრებით, _ გრიგოლეთის საკურორტო ზონად გამოცხადებაზე უმჯობესია თავისუფალი ეკონომიკური ზონა თუ შეიქმნება, ეს უფრო შეუწყობს ხელს განვითარებას და იქ ინდუსტრიის მშენებლობასო. დარეჯან ბურჭულაძემ ქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სტადიონი ახსენა: `რა მდგომარეობაა იქ ყველამ კარგად ვიცით. ეს სტადიონი სტიქიამ დააზარალა და იქნებ ამ სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ფულით გავაკეთოთ იქაურობა. ბავშვებს სათამაშო არ აქვს. ფეხბურთის განვითარება გვინდა და ბავშვმა სად უნდა ივარჯიშოს.~ გია გოგუაძის თქმით, თავისუფლების ქუჩაზე მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა: `წაქცეულმა ნაძვმა სტადიონი დააზარალა. იქ კიდევ არის დარჩენილი 2 ხე. მივმართე ზედამხედველობის სამსახურს წერილობით, რომ მისი მოჭრაა აუცილებელი. მარტსა და აპრილში ჩვენთან ქარები იცის, ყოველი ქარი სახიფათოა იმ მაცხოვრებელი ხალხისთვის. თუ წაიქცა დააზიანებს ოჯახებს, ასევე გაზის ცენტრალურ მაგისტრალს. ზედამხედველობის სამსახურში მითხრეს, რომ თანხები არ გვაქვსო. როცა შემდგომ მოხდება უბედურება, უფრო მეტის დახარჯვა მოგვიწევს.~ საკრებულოს სხდომის დასასრულ მერაბ ჟორდანიას სახელმაც გაიჟღერა. დეპუტატებმა იკითხეს, ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი მოდის თუ არა კლუბშიო. რომან ბიწაძემ შენიშნა: `ჟორდანიაც სტიქიას ელოდება ალბათ. ჩვენი გამგეობა ეს არის სამსახური სტიქიიდან-სტიქიამდე. დაახლოებით ისევეა, როგორც წყნარი ოკეანის ქვეყნები, რომლებიც ცუნამს ელოდებიან პლაჟზე წამოწოლილები, რათა შემდგომ მსოფლიო დაეხმაროს და ერთი ხიდი ან სხვა რამ გააკეთონ.~ საკრებულოს ხმაურიანი სხდომა იმით დასრულდა, რომ კოლეგებმა ერთმანეთს თეატრის დაარსების 80 წლის იუბილე მიულოცეს და კულტურის ცენტრში ღონისძიებაზე მიიპატიჟეს.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0