ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მხარს ვუჭერთ, არ ვუჭერთ _ საკითხავი აი ეს არის!

მხარს ვუჭერთ, არ ვუჭერთ _ საკითხავი აი ეს არის!
1-04-2017, 00:00

11 საათზე დაწყებული სხდომა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა და რომ არა 5 საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ ანთებულ ნათურებს დამატება დასჭირდებოდათ, რათა დეპუტატებს ერთმანეთი დაენახათ. მართალია, 5 საკითხის ამოღებამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შეამცირა, მაგრამ მუნიციპალიტეტის რჩეულები ერთ–მეორეს მიყოლებით აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, რომ ხან ღიმილს იწვევდნენ დარბაზში მყოფებს შორის, ხან კიდევ სამკვდრო–სასიცოცხლოდ გეგონებოდათ ისინი გადამტერებულნი. ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ლადო ჩხაიძის გამოსვლამ, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის კონტროლის კითხვარის ფორმისა და მისი შევსების მეთოდური რეკომენდაციის დამტკიცების თაობაზე იყო, მცირედი შენიშვნები გამოიწვია. დეპუტატებმა ია ჩხაიძემ და ნონა მურვანიძემ მეტი კონტროლი თუ იქნება უმჯობესიაო და საკითხიც დადებითად გადაწყდა. ამის შემდეგ ტრიბუნასთან საფინანსო სამსახურის უფროს როლანდ ლაშხიას სთხოვეს. როგორც ბოლო პერიოდის პრაქტიკა აჩვენებს, ლაშხიას მისვლა ტრიბუნასთან ახალ ფრონტს ხსნის საკრებულოს სხდომაზე. ბატონი როლანდის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება უნდა შეუმცირდეს: ა(ა) ლანჩხუთის ტექ–სერვისის 59600 ლარით, ა(ა)იპ სპორტული ცენტრის 32000 ლარით, ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლას 10000 ლარით, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების 20000 ლარით. ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერის შემოსაღობად მავთულბადის შეძენისათვის გამოიყოს 1000 ლარი, ჯურუყვეთის ერთეიულში გარე განათების ქსელზე მიერთებისათვის გამოიყოს 1300 ლარი, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება გაიზარდოს 3500 ლარით, სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა 2500 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს სამხედრო სამსახურის ტრანსპორტის მომსახურების ხარჯი 2500 ლარით. როგორც სესიაზე ითქვა, საბიუჯეტო სახსრების შემცირება მოხდება 152 000 ლარით. სხდომაზე იმყოფებოდნენ ტექსერვისის და სპორტული ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებიც არ დაეთანხმენ თანხების შემცირებას. ასეთივე იყო საკრებულოს წევრთა ნაწილის პოზიციაც. პირველი მიკროფონთან ღრმაღელის თემის მაჟორიტარი თემურ მარშანიშვილი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ სპორტული ცენტრისთვის თანხების შემცირება არასწორია. _ ვიცით რაც ხდება, მაგრამ სპორტულ ცენტრს თანხას თუ შევუმცირებთ ძალიან ცუდი ფაქტი იქნება. საქმე იმაშია, რომ 4 აღსაზრდელი ჭიდაობაში ნაკრების წევრობის კანდიდატია. ახლა ჩვენ თანხას თუ მოვაკლებთ, მათ შეკრებას სჭირდებათ, მომზადება. ეგებ გამოვნახოთ გზები და ეს შემცირებები თავიდან ავიცილოთ. ხვალ შეიძლება ეს ბავშვები ევროპის ჩემპიონები გახდნენ და ჩვენ ეს უნიკალური შანსი ხელიდან არ უნდა გამოვაცალოთ _ კატეგორიული იყო საკრებულო უმრავლესობის წევრი. დეპუტატმა ადამ ხუხუნაიშვილმა დამსწრეებს ძველი გამოთქმა შეახსენა: _ საბანი სანამდეც გადაგწვდება, ფეხი იქამდე უნდა გაშალოო, არის ნათქვამი. მე მგონი, ეს საბანი უკვე ნახევარზე გვწვდება. რა ვქნათ, ფანტომასებს დავემსგავსოთ? იცით სპორტული ცენტრში შემავალი ჭადრაკის წრე რა დღეშია?! კი ბატონო, გვპირდებიან, რომ იქირავეთ ფართი და შეგასახლებთო. ვერ ვნახეთ ბატონო ეს ფართი. არადა, ისეთი მიღწევებია, რომ ბევრი ვერ დაიკვეხნის. რაიონიოდან ფიდეს რეიტინგი 10 მოჭადრაკეს აქვს. შედარებისთვის გეტყვით, ოზურგეთში ერთია ასეთი, ხოლო ჩოხატაურს საერთოდ არ ჰყავს. თანხების შემცირება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. სოციალური საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ია ჩხაიძემ კოლეგის დაწყებული საუბარი გააგრძელა: _ მე დავეთანხმები წინა გამომსვლელებს, 80–მდე ბავშვი დადის ჭადრაკის წრეზე და მათ აქვთ მიღწევები. მესმის, რომ ბაღია გასაკეთებელი, კვალია გასაყვანი, მაგრამ ჩემი აზრით ბავშვის მომავალი უფრო მნიშვნელოვანია. მე ვთხოვდი ჩემს კოლეგებს ვიყოთ მათ გვერდით. კახა ასკურავამ წინასაარჩევნო პერიოდი შეახსენა კოლეგებს და განაცხადა, ეს ვიწრო მიდგომებით უფროა გამოწვეული _ ვიღაცას ბაღს უკეთებენ, რადგან იქ უფრო მეტი ხმა მოვა, ვიდრე სპორტული ცენტრიდანო. ,,ახალი უმრაველოსობის~ ლიდერი გიორგი ჩახვაძის თქმით: ეს ყველაფერი ვაჭრობის თემას უფრო ჰგავს. არავის კაბინეტში არ შევსულვარ და არ მითქვამს, ეს ფული სპორტულ ცენტრს მოვაკლოთ და ღობე გავაკეთოთ ჩიბათში–მეთქი.~ გია გოგუაძემ კოლეგებს დეკემბერში მიღებულ ბიუჯეტს, რომ მარტში ამცირებთ, ამაზე თუ დაფიქრებულხართ, რასაც ხელი აუწიეთ, იმის წინააღმდეგ მიდიხართო. ნონა მურვანიძემ კოლეგებს წინა წლებში ბიუჯეტის მხარდაჭერები შეახსენა და აღნიშნა, საბედნიეროდ, მე არასდროს დამიჭერია მხარი მისთვისო: _ 2014 წელს 23 დეპუტატი იყო მომხრე, 5 დეპუტატი წინააღმდეგი; 2015 წელს _ 19 მომხრე, 7 წინააღმდეგი; 2016 წელს – 19 მომხრე, 2 წინააღმდეგი, სხვებმა კი პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ჩვენ ვართ თვითმმართველობა და ბიუჯეტის განკარგვის ექსკლუზიური უფლება გვაქვს. ამ ცვლილებებით მთავრობა ერევა ჩვენს საქმიანობაში და ამის დადასტუირება მინდა სხდომაზე მყოფი გამგებლისგან, არის თუ არა ეს ასე. სასაცილო მდგომარეობაა, სატირალი რომ არ იყოს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, მაგრამ რაღაცეების ,,გაპრავება’’ ხდება. მოგიწოდებთ, გონს მოეგოთ. მურვანიძეს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, კახა ურუშაძემ ურეპლიკა, თქვენ არ ინერვიულოთ, ჩვენ გონზე ვართო. ზაზა ურუშაძემ დეპუტატებს მიუგო: არავის უხარია რამე შემცირდეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თითქმის ყველგან განხორციელდა შემცირებები. გადარეკეთ მეზობელ რაიონებში და იკითხეთ რა მოხდა. როცა გინდათ კი იღებთ ტელეფონს და რეკავთ ხოლმე. ოპოზიციის ფუნქცია არის, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ სამართლიანი უნდა იყოთ. ა(ა)იპებს იმდენი ვალდებულებები შეიძლება გამოუჩნდეს, რომ 2 მილიონი რომ მისცე, ის არ ეყოს. იცით, რომ ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობა იწყება, სადაც 3,5 მილიონია გათვალისწინებული, იქმნება საფეხბურთო აკადემია, სადაც 1,5 მილიონი დაიხარჯება. სოციალისტურ ყოფაში არ ვართ, რომ სამსახურები ვარიგოთ. სადაც ზედმეტია, უნდა შემცირდეს. 100 ახალი ურნა ჩამოდის მალე, 2 ახალი ავტომანქანა მოემსახურება. ლანჩხუთში არსებული ნაგავსაყრელი იხურება და ერთი მანქანა ფოთში გაიტანს ნაგავს, მეორე სამტრედიაში. ამ ყველაფერს დამატებითი თანხები სჭირდება. მე და როლანდი მივდივართ ამ დღეებში ფინანსთა სამინისტროში და რა ვუთხრათ იმ ხალხს, მთავრობის გადაწყვეტილებას შემცრიების შესახებ არ ვასრულებთ, თქვენ კი ეს პროექტები დაგვიფინანსეთო?! წყალი გავიყვანეთ ბევრგან. სათავეს თვეში ერთხელ ამოწმენდა სჭირდება. მოვიდნენ და მითხრეს, 3 კაცი დაგვინიშნე ამისთვისო. რითი ვარჩინოთ ის ხალხი. ტყუილად არიან ადამიანები სოფლის ბირჟაზე, ხან 20 კაცი თამაშობს ,,ჯოკერს“, კეთილი ინებონ და სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ და გამოყვანილ წყალს მოუარონ, მაგრამ ეს არავის უნდა. კი ბატონო, მტკივნეულია შემცირებები, მაგრამ სხვა გამოსავალი, სამწუხაროდ, არ გვაქვს. გია გოგუაძემ გამგებელს და უმრავლესობას უთხრა, თუ ეს შემცირებები იყო მოსალოდნელი, მაშინ ბიუჯეტს მხარი დეკემბერში რატომ დაუჭირეთო. ურუშაძის თქმით, ეს წინასწარ არ იყო ცნობილი. _ რას ამბობთ, ბატონო ზაზა, 25–შია მთავრობის განკარგულება გამოცემული და თქვენ 28–ში დაამტკიცეთ ბიუჯეტი _ მიუგო ბატონმა გიამ გამგებელს. _ კი არის გამოცემული, მაგრამ მის ძალაში შესვლას დრო სჭირდებოდა. _ უპასუხა გამგებელმა. სხდომაზე ისიც ითქვა, ჩვენ ახლა ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერთ და შემდეგ თითს ჩვენკენ გამოიშვერენ, თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, არადა ყველამ ვიცით, რომ მთავრობის განკარგულების აღსრულების წინააღმდეგ წასვლა დანაშაულიაო. მოკლედ, საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. 16 მომხრე, გადაწყვეტილება მიღებულიაო, გამოაცხადა აპარატმა. დეპუტატთა ნაწილმა გააპროტესტა, უფრო ნაკლები უჭერდა მხარსო. გია გოგუაძემ და ნონა მურვანიძემ თხოვეს თავმჯდომარეს, იქნებ აპარატმა მომხრეთა სახელობითი სია მოგვაწოდოსო. აპარატმა, საკრებულოს თავმჯდომარე თუ დაგვავალებს, არ არის პრობლემაო. მოგვიანებით, ნონა მურვანიძემ იმ დეპუტატების სია გადმოგვცა, ვინაც ბიუჯეტში ცვლილებას მხარი დაუჭირეს, რომლის მიხედვითაც ა(ა)იპების ნაწილს დაფინსასება შეუმცირდათ. სიაში შემდეგი გვარ–სახელები წერია: გიორგი ხელაძე, ბესიკ ტაბიძე, ალექსანდრე სარიშვილი, ელენე ნაჭყებია, თემურ მარშანიშვილი, კახა ურუშაძე, ია ჩხაიძე, გურამ კერესელიძე, დავით ჩხარტიშვილი, იოსებ სარჯველაძე, თემურ ალექსაია, გიორგი ჩახვაძე, ჯუმბერ ბლაგიძე, ევგენი ჩიჩუა, ელისო ჭიჭინაძე, გოგი მორჩილაძე. საკითხის გასვლის შემდეგ სხდომაზე 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. განახლებული სხდომა იმით იყო გამორჩეული, რომ დეპუტატების ნაწილმა დარბაზი დატოვა. საკითხების ნაწილი სწრაფი ტემპით გაიარეს და ჯერი ინფრასტრუქტურის პროექტებმა მიდგა. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან ჩხაიძის თქმით, გასულ წელს სამსახურში მოსახლეობიდან შემოვიდა 610 განცხადება, რომელთაგან მომზადდა 544 დასკვნა, დამუშავების სტადიაშია 64 განცხადება. ბატონმა ლევანმა დეპუტატებს გასული წელს განხორცილებული პროექტებიც წარუდგინა და გარდამავალზეც ესაუბრა. სუფსის მაჟორიტარმა, ჯუმბერ ბლაგიძემ შეკრებილებს მიმართა, როცა ინფრასტრუქტურ პროექტებზეა საუბარი, არავინ მეუბნება სუფსის საბავშვო ბაღი როდის გაკეთდება. ბლაგიძემ კოლეგებს ის გადაწყვეტილებები შეახსენა, რომლითაც თემში ბაღის მშენებლობა უნდა მომხდარიყო. ,,სხვა თუ არაფერი, საკრებულოს თავმჯდომარე აწერს ხელს განვითარების გეგმას, სადაც საუბარია სუფსაში ბაღის მშენებლობაზე, მაგრამ სად არის მერე. 27 მილიონი დახარჯულა ინფრასტრუქტურის მხრივ რაიონში. სუფსა ლანჩხუთის შემდეგ ყველაზე დიდი დასახლებაა, რამდენი წამოვიდა აქედან ჩვენს თემზე. მომწერეს 1,5 მილიონიო, არ არის ეს ასე. ბევრი პრობლემაა სოფელში, მე სულ ვცდილობ ვიყო კორექტული განცხადებების დროს, მაგრამ რა საკითხებსაც ვაყენებ, იმის იგნორირებას ნუ ვახდენთ. მე სხვადასხვაში მაქვს რამდენიმე საკითხი, მაგრამ რახან სხდომა დიდხანს გაგრძელდა, ამიტომ იძულებული ვარ, ის გადავცე აპარატს, აღარ გადაგღლით და იმედია, იქედან წერილობით პასუხებს მივიღებ“ _ განაცხადა ბატონმა ჯუმბერმა. ლევან ჩხაიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად იქნა მიღებული და ტრიბუნასთან გამგეობის შიგა აუდის სამსახურის უფროს გია ნაჭყებიას უხმეს. ბატონი გიას მიერ წარმოდგენილი მოხსენებიდან გაირკვა, რომ რამდენიმე ა(ა)იპ–ში მნიშვნელოვანი დარღვევები ყოფილა და ზოგს სასტიკი საყვედური გამოეცხადა, ზოგს საყვედური, ხოლო ზიგიერთი საქმე პროკურატურასაც კი გადაეცაო. დეპუტატებმა აუდიტის სამსახურის უფროსს ჰკითხეს, 10 ათასი ლარი რომ ისესხა ერთმა ა(ა)იპ მეორედან, რამდენად სწორად მიგაჩნიათო. ნაჭყებიას განმარტებით, _ ეს სწორ გადაწყვეტილება არ იყო. ,,შენ ნახევარი მილიონი ისესხე, სახელმწიფოსგან შეთანმხმების გარეშე და 10 ათასი ლარი გიკვირს“ _ უთხრა ზაზა ურუშაძემ კახა ასკურავას. დეპუტატმა ხურდა დაუბრუნა გამგებელს: _,,იმ ფულის სესხება მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ იყო. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, მაშინ ,,გურია“ დაიშლებოდა და გადავწყვიტე, თუ გინდ დამიჭირონ, მე ამას ხელ მოვაწერ–მეთქი. სხვათა შორის, ეს იცოდა კახა კალაძემ, მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ. ასე რომ, მარტო არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება.“ ასკურავამ გამგებელს ის განცხადება შეახსენა, რომელიც ბაღების ცენტრში განხორციელებული დაკავების შემდეგ გაკეთდა: _ ,,თქვენ მაშინ თქვით, ვირთხები უნდა დაისაჯონო. ასე დაიცავით თქვენი თანამშრომლები“. ,,ბავშვებს მოპარეს და რა მექნა, ხელი გადამესვა? რაც შეეხება ჩემს ნათქვამს, გეტყვით, როგორც იყო საქმე. დამირეკა ჟურნალისტმა და ახსენა ვირთხები, თან დაამატა, ვირთხებს როგორ უნდა მოექცნენო და მე ვთქვი, რომ დაისაჯონო. შემდეგ ამას ჟურნალისტური ინტერპეტაცია მიეცა,~ _ განაცხადა ბატონმა ზაზამ. საკრებულოს სხდომაზე სუფსის რჩეულის პარლამენტში ირაკლი ხახუბიაზეც იყო საუბარი. ასკურავამ შენიშნა: – გასაოცარი ფაქტია, ლანჩხუთის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩევნებში ფოთის მაჟორიტარს ხახუბიას დაუჭირეს მხარი. ახლა ზუსტად არი ვიცი, რომ ასე იყო, მაგრამ რადგან ეს ადამიანი ოცნების~ კანდიდატი იყო, ალბათ, ასეც იქნებოდა. უბრალოდ, მიდგომაა სახელმწიფოს საინტერესო. სხდომის დასასრულს ბატონმა კახამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: კარგია ვიზალიბერალიზაცია, ამ ფაქტს მივესალმები და ჩემი ფრაქციის სახელით შემოვდივარ წინადადებით, წელს ვინც წარმატებით ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში და 100%–იან გრანტს მიიღებს, ევროპაში რამდენიმედღიანი მოგზაურობით დავაფინანსოთ. ჩვენ და სუფსა–ღმაღელებს კი ჰყავს წარმოდგენილი პარლამენტში ისეთი ფულიანი დეპუტატები, რომ მათ ამის დაფინანსება არ გაუჭირდებათ და ვთხოვოთ ამ საკითხში დახმარებაო. არც ისე ძვირია ეს სიამოვნება, ქუთაისიდან ფრენა 40 ევროა სულ და ოჯახთან ერთადაც მინდა ამის გაკეთება~. ასკურავას კოლეგებმა მიუგეს: არიქა, ჩვენს გაგვიყოლეო~ და ასეთ ნოტაზე დასრულდა საგინესოდ გამზადებული~ საკრებულოს ხმაურიანი სხდომა.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა