დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც რიგგარეშე იყო და მხოლოდ ერთი საკითხით შემოიფარგლა, დეპუტატებმა (საკრებულო სხდომას 22 წევრი ესწრებოდა) მწვანე შუქი აუნთეს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მორიგი ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას. ცვლილების ინიციატივა გამგეობას ეკუთვნის და იგი დეპუტატებს ამავე უწყების საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააცნო. თავშივე უნდა ითქვას, რომ ინიციატივა მთლად მისაღები ვერ დარჩა დეპუტატებისთვის, განსაკუთრებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის გადასარიცხი 9 ათასი ლარი არ მოუვიდათ თვალში. როგორც გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მოხსენებიდან გაირკვა, ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება მიზნად ისახავს საკრებულოს სხვა ხარჯების მუხლის შემცირებას 20 300 ლარით, საიდანაც 11 300 ლარი ამავე სისტემაში შტატგარეშე მუშაკების შრომის ანაზღაურებას მოხმარდება. 9 ათასი ლარი კი სპორტული დარბაზის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის სამუშაოების დასაფინანსებლადა საჭირო. პირველი ვინც ლაშხიას წარმოდგენილი საკითხი გააპროტესტა სუფსის მაჟორიტარი ჯუმბერ ბლაგიძე იყო, რომელიც აშკარად არ მოეწონა, რომ გამგებლის ინიციატივით საკრებულოს ხარჯების შეკვეცა ხდება და მისი აზრით, ეს თანხები დეპუტატებისთვის პრემიების გაცემას უნდა მოხმარდეს. „რატომ მაინცადამაინც საკრებულოს სხვა ხარჯებიდან აპირებენ თანხის წაღებას. მხოლოდ ჩემს არა, კოლეგების ინტერესსაც გამოვხატავ, რომ უნდა წახალისდეს წარმატებული მუშაკი. აქ ადამიანები სამუშაო საათების მერეც მუშაობენ, ასეთებს კი წახალისება და ჯილდო ჭირდება. ხსირად მინახავს ბევრი მათგანი 6 საათის შემდეგ აქ და გვიანობამდე შრომობს. მალე წლის ბოლო მოვა და აღმოჩნდება, რომ თანხა არ არის საკმარისი“, _ თქვა ბლაგიძემ, რომელიც უკვე მერამდენე სხდომაა მოითხოვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს თანხა საკრებულოში პრემიების გასაცემად. ბატონმა ჯუმბერმა ისიც დასძინა, რომ როცა საჭიროა თანხას უცებ გამონახავთ და 100, 200 ან 400 ლარი რომ გვჭირდება, იმაზე უარს ამბობთო: `რამდენი ხანია ვითხოვთ, რომ სუფსაში არსებულ გარე განათებას მრიცხველი სჭირდება. 400 ლარი ღირს ის და სანამდე უნდა ვითხოვოთ ამ თანხის გამოძებნა, დავიღალეთ უკვე~. ლაშხიას პასუხით, ამ დროისთვის საკრებულოს სხვა ხარჯების ფონდია დაუტვირთავი, ამიტომაც სწორედ მის ხარჯზე ხდება ცვლილება ბიუჯეტში. იურიდიულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის, რომან ბიწაძის აზრით, რახან თანხა საკრებულოს ეკუთვნის, ცვლილების ინიციატორიც თავად უნდა იყოს: „ინიციატივა უნდა მოდიოდეს საკრებულოდან და აღმასრულებელი ხელისუფლება თავზე არ უნდა გვახვევდეს მის შეხედულებებს, ეს მარტივი ჭეშმარიტება. შეცდომა მაშინ დავუშვით, 100 ლარიანი ობიექტისთვის სამსახარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის თანხა რომ გამოვყავით. არსებობს შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმათ ჩაებარებინათ. თუ ვაღიარებთ, რომ იქ სათანადო დონის სპეციალისტები არ არიან, მაშინ გამოვაცხადოთ კონკურში, უამრავი მაღალი კლასის მშენებელ-ინჟინერი სახლში ზის. მომავალ წელს მაინც გავითვალისწინოთ და მსგავსი სამუშაოებისთვის ფული აღარ იყოს საჭირო.“ ჯურუყვეთის მაჟორიტარმა ალექსანდრე მახათაძემ კი კითხვა დასვა, რა მაინცადამაინც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩავეჭიდეთ, სხვა არავინაა დასკვნის დამდებიო. დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ კი საფინანსო სამსახურის უფროსისგან განმარტება ითხოვა, თუ რატომ ითვალსწინებს ცვლილება საკრებულოში შტატგარეშე თანამშრომლებისთვის დამატებით 11 300 ლარის გამოყოფას: „რა ხდება, თანამშრომელთა რაოდენობამ მოიმატა თუ სახელფასო ანაზღაურებამ?“ `რიცხოვნობა არ მომატებულა. უბრალოდ თავიდან შტატგარეშეების რიცხოვნობა იყო 2%-ით განსაზღვრული. გამგეობაში 8, საკრებულოში კი 7 ადამიანია შტატგარეშე დასაქმებული. ბიუჯეტი როცა შედგა, ის 7 კაცი არ იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული~ _ ასეთი იყო ლაშხიას პასუხი. საბოლოოდ, საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება სხდომაზე მყოფი 22-ვე დეპუტატის თანხმობით დაიწყო, თუმცა, საკითხის კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის შემდეგ რას გადაწყვეტენ საკრებულოს წევრები, ეს მომავლის საქმეა. სხდომის დასასრულს ჩოჩხათის მაჟორიტარი ალეკო სარიშვილი მივიდა მიკროფონთან და ერთი საკითხის დასმა ითხოვა, მაგრამ თავმჯდომარემ, გიგო ხელაძემ მიუგო, _ რიგგარეშე სხდომა დამატებითი საკითხის დაყენებას არ ითვალისწინებსო. ჩოჩხათის მაჟორიტარმა სათქმელი მაინც თქვა: `საკმაოდ აცივდა, მოსახლეობა ტყეში ფიჩხის შეგროვებასაც ვერ ახერხებს და ეგებ რაიმეთი დავეხმაროთ პრობლების მოგვარებაშიო~.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0