_ როგორ შეაფასებთ განვლილ არჩევნებს?! _ ეს იყო სამარცხვინო ლაქა დღევანდელი ხელისუფლების, ქვეყნისა და ამომრჩეველთა ნაწილის ისტორია-ბიოგრაფიაში. მსგავსი ფალსიფიცირებული, მოსყიდული და ყოველგვარი უკანონო მეთოდებით ჩატარებული არჩევნები თვით შევარდნაძის პერიოდსაც არ ახსოვს. "ოცნებამ" და მისმა წინამორბედმა ხელისუფლებამ შეგნებულად დაასუსტა, გააღატაკა, მართვადი გახადა ამომრჩეველთა დიდი ნაწილი და შემდეგ მათზე ყოველგვარი ზემოქმედებითა და პირველ რიგში ტოტალური მოსყიდვით მიაღწია საწადელს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ტურის შედეგების მიხედვით არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარი არ მივიდა. "ოცნების" ხელისუფლებამ რეალურად მიიღო საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო ხმების დაახლოებით 25-30 პროცენტი, რომლის 70-80 პროცენტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და ნაღდი, შავი ფულით იყიდა და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს-ასე მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს ყველაფერი არის საქართველოში არსებული მახინჯი რეალობისა და საარჩევნო კოდექსის შედეგი, რომელიც აუცილებლად შესაცვლელია და სწორედ ლეიბორისტული პარტიაა ის ძალა, რომელიც ითხოვს კანონში ცვლილებას, რათა არჩევნებზე მისვლა გახდეს სავალდებულო და მიღებული შედეგი მაქსიმალურად გამოხატავდეს საზოგადოებაში არსებულ განწყობასა და რეალობას, ისე, როგორც დაკანონებულია მრავალ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგალითად: ჩვენი ოჯახის მეგობარი, ბელგიის მოქალაქე ქართველი კაცი წინასაარჩევნოდ საკუთარი ხარჯებით საქართველოდან გადაფრინდა ბელგიაში, მიიღო იქ არჩევნებში მონაწილეობა, დაბრუნდა უკან და გააგრძელა საქმიანობა, რადგან იქ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღების შემთხვევაში დაწესებულია გაცილებით დიდი ფულადი ჯარიმა- ვიდრე თვითმფრინავის ბილეთები ღირს, ასევე ეკვეცებათ სოციალური პაკეტი და სამსახურიდან სხვა სამსახურში გადასვლის შემთხვევაში ხელმძღვანელისგან ვერ მიიღებენ სრულყოფილ, დადებით დახასიათებას, რაც აუცილებელია კარიერის შექმნისა და დაწინაურებისათვის. მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში სხვა რეალობაა, გვყავს მილიონ ნახევარი საქართველოდან წასული გარე მიგრანტები, რომელთაგან მეტი წილი არალეგალია, ასევე ათი ათასობით შიგა მიგრანტი, რომლებიც ლუკმა პურის საშოვნელად რაიონებიდან მსხვილ ქალაქებსა და დედაქალაქში არიან გადახვეწილი, მაგრამ სიმბოლური თანხა მაინც უნდა დაწესდეს, რათა არჩევნებზე აქტივობამ მოიმატოს, საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად გაკონტროლდეს, ქვეყნის გარეთ წასულებმა მაქსიმალურად-შესაძლებლობის ფარგლებში იქ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და საბოლოოდ ამომრჩევლის თვითშეგნება მივიდეს იმ დონემდე, რომ მან ბოლომდე გაისიგრძეგანოს, რომ იგი არჩევნებზე მისვლითა და პოზიციის დაფიქსირებით თვითონ წყვეტს ქვეყნისა და მისი ოჯახის ბედს, მაშინ ჩვენ მოსახლეობას ბოიკოტისაკენ კი არ მოვუწოდებთ, ისე, როგორც გავაკეთეთ მეორე ტურში, არამედ ვეტყვით, რომ აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და უარი უთხრან ყველა უღირს საარჩევნო სუბიექტს. _ გქონდათ თუ არა შეხვედრა პარტიულ ლიდერთან?! _ ლიდერთან რა თქმა უნდა მქონდა შეხვედრები, როგორც პარტიულ აქტივთან ერთად, ასევე პირადი შეხვედრაც. ჩვენ გვაკავშირებს თოთხმეტწლიანი უანგარო, იდეური ერთობა და თანამებრძოლობა. ჩვენ არა მარტო ერთი პარტიის წევრები, არამედ ერთმანეთის ოჯახის წევრებიც ვართ, რაც მე კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს ლიდერის, პარტიისა და ქვეყნის წინაშე. _ რატომ ვერ გადალახა ლეიბორისტულმა პარტიამ საარჩევნო ბარიერი? _ ჩვენმა პარტიამ თავისი მწირი შესაძლებლობების ფონზე გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. პარტია მუდმივად, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში იბრძოდა ხალხის სოციალური პირობების შესამსუბუქებლად, ტარიფების შესამცირებლად, სტატუს შეწყვეტილი სტუდენტების სწავლისათვის, უფასო ჯანდაცვის პაკეტის გაფართოების, საპენსიო ასაკის დაწევისა და სხვა სიკეთეებისათვის. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ხალხს ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდა, როგორც "ვარდების ე.წ.რევოლუციის" წინ, ისე 2012 წელს, როცა ოლიგარქი ივანიშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში. წინასაარჩევნოდ ჩვენი პარტიის რეიტინგი იყო საკმაოდ მაღალი. მოლოდინი არსებობდა არა მარტო ბარიერის გადალახვის, არამედ იმისა, რომ ჩვენი გუნდი რამოდენიმე ათეული დეპუტატით შევიდოდა პარლამენტში. ეს რეალობა ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა, როცა თქვა, რომ თუ შალვა ნათელაშვილი და მისი გუნდი შევა პარლამენტში, ეს იქნება შავი ლაქა საქართველოს უახლეს ისტორიაშიო და მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ასე არ მომხდარიყო. არჩევნებამდე რამოდენიმე ხნით ადრე მათ აამუშავეს ზეწოლისა და მოსყიდვის ყველა მექანიზმი, რათა პარლამენტში არ ჰყოლოდათ რეალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა ზემოთ დასახელებული მიზეზები ნამდვილად ვერ ამართლებს ამომრჩეველთა იმ კატეგორიას, რომლებმაც ვერ გაუძლეს ზეწოლასა და რაც მთავარია ცდუნებას. მე არაერთგზის მომიწოდებია ამომრჩევლისთვის, რომ თუ სხვა გზა არ გაქვთ-გამოართვით და ხმა არ მისცეთ მეთქი, თუნდაც ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი-ხმა მიეცით ყველა დანარჩენს, ვისაც ფული არ შემოუთავაზებია მეთქი, რადგან ვინც მეტს გთავაზობთ, ის მეტად უღირსია და იმ დახარჯულ მილიონებს არჩევის შემდეგ ცხვირიდან ძმრად ამოგადენთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. უკიდურეს შემთხვევაში თანხის აღება და ხმის არ მიცემა იქნებოდა შესანიშნავი გაკვეთილი იმ უღირსი ე.წ. "კოორდინატორებისათვის", რომელთა რეალური ფუნქცია უნდა იყოს, რომ მოსახლეობასთან აგიტაცია-პროპაგანდით დაარწმუნოს ისინი იმ პოლიტიკური ძალის უპირატესობაში, რომელთანაც ის თანამშრომლობს და არა ის, რომ ჩუმათ, ღამით იარონ მოსახლეობაში, შეადგინონ სიები, დაარიგონ ქრთამები და შემდეგ ამ სიებით ურცხვათ დადგნენ საარჩევნო უბნების შორე-ახლოს და მოინიშნონ მოსყიდული ამომრჩევლებიდან ვინ მოვიდა და ვინ არა, რათა არ მოსვლის შემთხვევაში მიუვარდნენ სახლში, ძალით მოიყვანონ და მიაცემინონ ხმა მათი დამქირავებლის სასარგებლოდ. ის, რაც ზოგიერთმა ქართველმა იკადრა-არც ლოთი რუსი იზამს და არც ავსტრიელი ბომჟი-ძაღლთან ერთად რომ სძინავს ქუჩაში. ასეთ ადამიანებს არც სახე აქვს და არც სინდისი. მათ არც სამშობლო უყვართ და არც საკუთარი მომავალი. ისინი გუშინწინ შევარდნაძე-აბაშიძეს ემსახურებოდნენ, გუშინ სააკაშვილსა და მის სისხლიან რეჟიმს, დღეს ივანიშვილსა და მის ბანდას და ხვალ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში-ყველას ლაქია და მოსამსახურე იქნება, ოღონდ "ძვალი გადაუგდონ" და გროშები მისცენ.აი-ასეთ ე.წ. "კოორდინატორებს" უნდა აქციოს ზურგი მოსახლეობამ თუნდაც ერთხელ და როცა ისინი თანხის აღების სანაცვლოდ 50 თუ 100 ხმაზე აიღებენ პასუხისმგებლობას და 5-10 ხმის მეტს ვერ შეაგროვებენ-ეს იქნება მათთვის გაკვეთილი და მომდევნო არჩევნებზე ეს ვაჟბატონები და ქალბატონები ვეღარ აიღებენ თანხასა და პასუხისმგებლობას ვერც ერთი პოლიტიკური ძალის წინაშე, რომლებიც მკაცრად მოსთხოვენ მათ პასუხს აღებულ ვალდებულებაზე. სამწუხაროდ ასე არ მოხდა! მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ უანგარო და პატრიოტ მამულიშვილებს, ლეიბორისტული პარტიის უღალატო აქტივს წარმოადგენს და იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც ყველაფრის მიუხედავად საარჩევნო ყუთებთან საკუთარი გულისთქმა დააფიქსირა და მხარი დაგვიჭირა. სწორედ მათ მხრებზე დგას სახელმწიფო და სწორედ მათი გულისთვის ღირს მომავალში ბრძოლა და თავგანწირვა. მოსყიდულ ამომრჩევლებს კი მინდა ვკითხო: ჩვენს დიდ წინაპრებს-დიდ დავითს, პატარა კახს, 300 არაგველს, ცხრა ძმა ხერხეულიძეს და მრავალ სხვა თავგანწირულ ადამიანს რომ ეთქვა-ცდუნებას ვერ ვძლიეთო და 10 ოსმალოსა და 20 სპარსელთან მებრძოლ ქართველს რომ დაეჩივლა-ზეწოლას ვერ გავუძელიო, გეკითხებით!-იარსებებდა თუ არა დღეს ქართული ჯიში, გენი, გვარი, ოჯახი, ენა, რწმენა, ადათ-წესები და იარსებებდა თუ არა საერთოდ ქართული სახელმწიფო და იქნებოდით თუ არა საერთოდ რომელიმე თქვენთაგანი? მათ არ უბრძოლიათ ისეთი შთამომავლობისთვის, რომლებიც 21-ე საუკუნეში, ცივილურ, ფარულ საარჩევნო კენჭისყრაში საკუთარ პრინციპსა და ხმას ვერ დაიცავდნენ და თქვენ პირველ რიგში მათი სულებისთვის მოგიწევთ პასუხის გაცემა.მე ამას არც ბრაზი მალაპარაკებს და არც სიძულვილი. მე გავიზარდე პრინციპით: "მოყვარეს პირში უძრახე-მტერს პირს უკანო". ვინც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ხმა არ მოგვცა-ვუსურვებ, რომ მათ რჩეულებს მათთვის იმედი არ გაეცრუებინოთ, როგორც არაერთგზის მოხდა უახლოეს წარსულში. _ რამდენიმე ცნობილმა სახემ პოლიტიკაში ტაიმ–აუტი აიღო. იგივეს ხომ არ აპირებს ბატონი შალვა? _ ვინც ბატონ შალვას მეტ-ნაკლებად მაინც იცნობს-დარწმუნებულია, რომ სანამ ის ცოცხალია, მისთვის ტაიმ-აუტი არ არსებობს! _ თქვენ აქტიურ პოლიტიკაში უკვე წლებია ხართ, რჩებიტ პოლიტიკაში თუ თქვენს ცნობილ სახეებს მიბაძავთ და გვერდით გადგებით? _ ზემოთ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე ლეიბორისტულ პარტიასთან მაკავშირებს 14 წლიანი პარტიული ერთობა და უანგარო თანამშრომლობა.მე მუდამ გასიგრძეგანებული მქონდა ის დიდი პასუხისმგებლობა-რასაც ამ პოლიტიკური ძალის წევრობა და პარტიული სიის ათეულში ყოფნა ჰქვია. პრობლემისაგან გაქცევა-გამოსავალი არასოდეს ყოფილა. მე ვრჩები ამ პარტიაში, აქტიურ პოლიტიკაში და კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, მაგრამ რადგან "ჩამეკითხეთ"-ექსკლუზივის სახით თქვენ გეტყვით, რომ: გასულმა 14 წელმა და თითქმის ორმა ათეულმა არჩევნებმა მე პირადად მიმიყვანა გარკვეულ გადაწყვეტილებამდე: ყოველი არჩევნების შემდეგ ჩემი და განსაკუთრებით ლეიბორისტული პარტიის მიმართ ამომრჩევლის მხრიდან გამოჩენილი მცირე მხარდაჭერით ყოველთვის გულდაწყვეტილი ვიყავი, როგორც ჩემი თემის, ისე მთელი რაიონის მხრიდან, მაგრამ მე თვითონ ვეძებდი გამართლებას მათ საქციელში და მიზეზს საკუთარ თავში, მაგრამ რაც 2016 წლის 8 ოქტომბერს მოხდა-ამან მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე რომ მე, როგორც პოლიტიკური ფიგურა აღარ შევაწუხებ ჩემი რაიონის ამომრჩეველს საარჩევნო ხმისათვის და მხარდაჭერის მოპოვებას ან დედაქალაქში, ან ნებისმიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შევეცდები, რადგან ამაზე უარეს შედეგს არსად დავდებ. შედარებისთვის გეტყვით: ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში ჩვენი პარტიიდან კენჭს იყრიდა ქალბატონი მაია ლიპარიძე ხონიდან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და წარმატებებს ვუსურვებ. ის სულ 6 თვეა რაც ჩვენი პარტიის წევრი გახდა და საერთოდ პოლიტიკაში შემოვიდა. ეს არჩევნები მისთვის, როგორც კანდიდატისათვის პირველი იყო. არის ერთ-ერთი კოლეჯის პედაგოგი, მწირი ფინანსებით და მან მიიღო 1,6%. თქვენმა მონა-მორჩილმა კი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა-0,77%-ის მხარდაჭერა. ყველაფერი ნათელია! მე ვაღიარებ, რომ ჩემს მიმართ მასიური მხარდაჭერის შემთხვევაშიც ქვეყნის მასტაბით პარტიის შედეგი დიდად არ შეიცვლებოდა, მაგრამ ეს იქნებოდა სტიმული და მაგალითი სხვა რაიონების მოსახლეობისათვის მომავალში, მე ვიქნებოდი თითოეულ მხარდამჭერთან მორალურად ვალში მთელი ცხოვრება, პარტიის ლიდერის კაბინეტში თავაწეული შევიდოდი და ვიტყოდი, რომ ჩემს უანგარო, გმირ გურულებთან ერთად რაც შემეძლო გავაკეთე მეთქი და არ იქნებოდა საჭირო ნუგეში მისი მხრიდან, რომ "ტარიელ არა უშავს, რასაც შენ ეხლა განიცდი-მე გაცილებით ადრე ვიწვნიე საკუთარ თავზეო". მე მახსენდება კომუნისტების დროინდელი ფრთიანი ფრაზა რაიკომის მდივნებთან დაკავშირებით: "ლანჩხუთში ხარობს მხოლოდ თხმელა(რომელიც უნაყოფოა) და მოსული კაცი-ადგილობრივები ერთმანეთს ვჭამთო".თურმე არ ყოფილა ეს ფრაზა მთლად უსაფუძვლო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკურ ფიგურას რკინის გული აქვს და მას არ სჭირდება თანადგომა, მხარდაჭერა და წახალისება-ძალიან სცდება! ვფიქრობ, რომ ჩემთან დაკავშირებით ადგილი აქვს ორ რადიკალურად განსხვავებულ ვარიანტს:1) ან მე არ ვარ საკუთარი თემისა და რაიონის ამომრჩეველთა საარჩევნო ხმის ღირსი, ან 2) მე თვითონ არ ვარ ვალდებული ვემსახურო ამომრჩეველთა იმ კატეგორიას, რომლებიც გაუფასურებულ 50 ლარიანებს გამოეკიდა და ხმა, სინდისი და ქვეყანა ერთად გაყიდა! რომელი ვარიანტია აქედან სწორი-ამას მომავალი გვიჩვენებს.თუ ჩემი რაიონის მოსახლეობას პარლამენტში ურჩევნია დეპუტატები, რომლებმაც არაერთხელ გაყვლიფეს ქვეყანა, არიან მხოლოდ წარმოშობით გურულები, არჩევნების შემდეგ თვალით ვეღარ ხედავდნენ და მათ ვერც მომავალში დაინახავენ და ურჩევნიათ დეპუტატები, რომლებიც შეყვანილნი არიან პარლამენტის იმ დეპუტატთა სიაში, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში მიკროფონით არც ერთხელ არ უსარგებლიათ-ღმერთმა ყველა მათგანი მშვიდობაში მოახმაროთ. მე უსაზღვროდ მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ჩემი გურია! აქვე დავაზუსტებ, რომ რაიონული ორგანიზაცია იარსებებს, გაძლიერდება. აქტივი შენარჩუნდება, კიდევ უფრო მეტი გახდება, კომისიის წევრები და წარმომადგენლები დაინიშნება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რაიონული ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას, ეყოლება ხელმძღვანელი, შედგება პარტიული სია. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცის პარტიის ხელმძღვანელობამ და პოლიტსაბჭოში მსჯელობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რას მოგვიტანს მე–9 მოწვევის პარლამენტი და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ოცნება? _ რაც შეეხება მე-9 მოწვევის პარლამენტსა და საკონსტიტუციო უმრავლესობას, გეტყვით, რომ: უფლება და მოვალეობა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია და აბსოლიტურ უმრავლესობას აბსოლიტური მოვალეობა აკისრია, რომლის შეუსრულებლობა ხალხმა მათ არ უნდა აპატიოს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ქვეყანაში მდიდარი ადამიანების არსებობის, მაგრამ სახელმწიფოში ღარიბი უნდა იყოს დაცული და მდიდარი გაკონტროლებული. დიდ ფულს პატიოსნება, პატრიოტიზმი, კანონი და რეალური ოპოზიცია უნდა აკონტროლებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხდება საშიში იარაღი თვითონ ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ოლიგარქი ივანიშვილი და მისი გუნდი, რომლებმაც მოატყუა საზოგადოება, არ შეასრულა არცერთი დანაპირები, მთელი ხალხი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მძევლებად აქცია და ააფეთქა საყდრისი-ნამდვილად მწყრალადაა პატიოსნებასა და პატრიოტიზმთან. კანონებს თავად ირგებენ როგორც სურთ, ხოლო რეალურ ოპოზიციას ხელისუფლება და მოსყიდული ამომრჩეველი ერთდროულად ასუსტებს და ვღებულობთ სავალალო შედეგს: პროდუქცია ძვირდება, წარმოება კვდება, ლარი უფასურდება, ეკონომიკური ზრდის მაჩვემებელი საგანგაშოა, საგარეო ვალი მატულობს, ქვეყანაში საშუალო ფენა ფაქტიურად აღარ არსებობს, ტარიფები იზრდება, სოციალური პაკეტების დაფინანსება მცირდება, საგარეო პოლიტიკა ჩავარდნილია, მცოცავი ანექსია გრძელდება,სასამართლოებს მურუსიძეები მართავენ, სამართლიანობა არ აღდგა, ემიგრანტების რაოდენობა იზრდება, ინტელექტუალური და ფიზიკური ძალა ქვეყნიდან გარბის, ოჯახები იშლება, განათლება ინგრევა და ა.შ. ჩვენ გვყავს განათლების მინისტრი, რომელსაც ვიზუალურად თუ შევაფასებთ-დავრწმუნდებით, რომ მას გრანტებისა და ხაშლამის ჭამის მეტი არაფერი უკეთებია, ხოლო მოსმენის შემთხვევაში შეიძლება თმა ყალყზე დაგვიდგეს, რადგან ის პირდაპირ ქადაგებს მოსწავლეებთან, რომ თურმე საზეპიროები საჭირო აღარ არის, რადგან არსებობს ინტერნეტი, რომ თურმე ქართველმა ადამიანმა ზეპირად არ უნდა იცოდეს რუსთაველის აფორიზმები, დავით გურამიშვილი, ნაწყვეტები შუშანიკის წამებიდან, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი და ყველაფერი ის, რაც ადამიანში პატრიოტიზმს, ისტორიისა და ტრადიციებისადმი სიყვარულს აღძრავს და აღვივებს . თურმე არ არის სავალდებულო, რომ ზეპირად ვიცოდეთ თუნდაც რამოდენიმე ელემენტი მენდელეევის ტაბულიდან, რომლებსაც ყოველდღიურად ვეხებით და ვხვდებით სხვადასხვა საგნების, ნარევისა თუ ნაერთის სახით და ყოველივე აქედან საბოლოო ჯამში მივიღებთ გრძნობა გამოშიგნულ, ტვინგამორეცხილ რობოტს, რომელიც ნარკომანივით იქნება დამოკიდებული ინტერნეტზე, არ ექნება განვითარებული მახსოვრობა, აზროვნება, კამათის უნარი, არ შეეძლება განსხვავებული აზრისა და ელემენტარული სადღეგრძელოს წარმოთქმაც კი, სწორედ ასეთი ტიპის საზოგადოება და ამომრჩეველი სჭირდებათ მათ მომავალში, ხოლო გამოადგება თუ არა ეს 21-ე საუკუნის საქართველოს-ამის განსჯა საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილისთვის მიმინდვია.
ის, რაც ზოგიერთმა ქართველმა იკადრა-არც ლოთი რუსი იზამს და არც ავსტრიელი ბომჟი-ძაღლთან ერთად რომ სძინავს ქუჩაში.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0