20 აგვისტოს ნაციონალური ამოძრაობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლის მთავარი თემა იყო პასუხი იმ განცხადებებზე, რაც ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიტატის, ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე მმართველი გუნდისა და თავად კანდიდატის მხრიდან გაკეთდა.
,,ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ 2012 წლიდან ჩვენ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთო, ამას ვერც გია გოგუაძე აპატიებს საკუთარ თავს და ვერც ის 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდი. მოსახლეობა ამ განცხადებას, დარწმუნებული ვარ, ძალიან სწორად შეაფასებს, მაგრამ ბატონ სარიშვილს ეტყობა ისე უნდა, უფროსებს ასიამოვნოს და ისე უნდა კოჭი გაუგოროს მათ, რას ლაპარაკობს თავადაც ვერ ხვდება. მე ერთ შეკითხვას გავუგზავნი მას, 2013 წლიდან 2016 წლამდე თვითონ რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო საკრებულოში და ზაზა ურუშაძე გამგებელი, აუდიტის დასკვნა მოვიდა მისი უკვე მერობის პერიოდში 2017 -ში. რომ წავიკითხე ეს პირდაპირ საპროკურატურო მასალა იყო. ბატონ სარიშვილს (იგი უკვე იყო მერი) ვკითხე, რას აპირებ ამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით-მეთქი. რა უნდა ვქნა, პროკურატურაში გავაგზავნიო-მიპასუხა. ნამდვილად სწორი და ადექვატური პასუხი იყო ეს. იმ პერიოდს, როცა აღნიშნული აუდიტის დასკვნა არსებობდა და პროკურატურაში გადააგზავნა, ითვლის თავის პერიოდად?! პასუხისმგებლობას იღებს როგორც მოქმედი მერი და ამჟამიდელი მერობის კანდიდატი?! რას უშვება იმ პერიოდს, როცა მისივე სიტყვებით აუდიტის დასკვნა, რომელზედაც პასუხისმგებელი თავადაც იყო, პროკურატურაში გადააგზავნა“ _ თქვა კახა ასკურავამ პრესკონფერენციაზე„2012 წელს ჩვენ, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ ქვეყნის განვითარება. განვახორციელეთ უამრავი სოციალური, ეკონომიური, კულტურული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მივაღწიეთ და ჩვენი ლანჩხუთი გავხადეთ უფრო მეტად განვითარებული“, _ აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა თავის გამოსვლაში.
პრესკონფერენციაზე ,,ნულიდან დაწყებულ განვითარებას’’ ასევე უპასუხა ლანჩხუთის ექსგამგებელმა გია გოგუაძემ:
„2013 წელს, იმ მოწვევის საკრებულოში მაშინდელმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გააკეთა განცხადება, რომ წინა ხელისუფლებას ერთი კილომეტრი გზა არ აქვს დაგებული, მაშინ, როცა თავად სახლში შუხუთი-აცანა-მამათის 18-კილომეტრიანი ახლად გაკეთებული გზით დადიოდა. მხარის ადმინისტრაციაში კი _ ლესა-ნინოშვილი-ოზურგეთის 24-კილომეტრიანი ბეტონის გზით. როცა საკრებულოს სხდომაზე მოვთხოვე განმარტება გაეკეთებინა, თუ რა არ არის გაკეთებული, ურუშაძემ სხდომა მიატოვა, შემდეგ კი საკუთარ კაბინეტში, რამდენიმე დეპუტატთან საუბარში ასე თქვა _ „რა ვქნა, ზევიდან მაქვს დავალებული ყოველდღიურად ვაკეთო განცხადებები, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში არაფერი გაკეთებულა“. ამიტომ მენიშნა გუშინდელი სარიშვილის განცხადებაც.
ამ ნულიდან დაწყებული ქვეყნის განვითარების მაგალითად კი ვეტყვი, რომ ჯაპანა-გრიგოლეთის 360 მილიონიანი 42-კილომეტრიანი ავტობანი დავტოვეთ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში უნდა ჩაბარებულიყო 2016 წელს. მაშინ ჩვენ, პროექტის შეთანხმების პერიოდში, რამდენიმე კერძო მოსახლესთან შეხვედრა მოგვიწია და ხელისუფლებამ ერთ კვ.მეტრში გადაუხადა 12 ლარი. ამ ხელისუფლების პერიოდში კი სამი ლარი გადაუხადეს მოსახლეობას. დღეს ხაჯალია-გრიგოლეთის მონაკვეთი დახურულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო. შემსრულებელ ჩინურ კომპანიას კი პასუხს ვერ სთხოვენ, რადგან თანამდებობიდან გაშვებული მაღალჩინოსნები ყველა იქაა დასაქმებული, თან მაღალი ანაზღაურებით. ასევე, ლანჩხუთი-ხაჯალიის მონაკვეთზე, რომელიც იტალიურმა კომპანია „ტოდინმა“ მოიგო, სამუშაოები გაჩერებულია და ათეულობით მილიონ დოლარს ედავება სახელმწიფოს. ამ დროს კი ამ უპრინციპო და მორჩილმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთა პოლიტიკური ავტობანი, რომელიც ქალაქში შემოდის და პირველი საჯარო სკოლის ათასი მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, არაერთი ავარია მოხდა. კიდევ ერთი მაგალითი ნულიდან დაწყებულის _ როცა ჩვენი ხელისუფლება 2003 წელს მოვიდა სათავეში, ლანჩხუთის ბიუჯეტი სამასი ათასი ლარი იყო, 2012 წელს კი რვა მილიონიანი ბიუჯეტი დავტოვეთ. წინა ხელისუფლების მოსვლისას საჯარო მოხელეების ხელფასები იყო 50-18 ლარი, ჩვენ კი _ 2600-დან 700 ლარამდე დავტოვეთ. 2013 წელს პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა ხელფასები რომ გაზარდა, მოსულ ახალ ხელისუფლებას უარი არ უთქვამს გაზრდილი ხელფასები ჯიბეში ჩაედო, არადა, გამგეობის კართან სააკაშვილის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. ყველამ იცის, რომ სახელმწიფო სამსახურებში 50 ლარზე მეტი ხელფასი არ ყოფილა; პენსია რვა ლარი იყო, ჩვენმა ხელისუფლებამ კი მოსვლისთანავე გაყინული ხელფასები და პენსიები დაარიგა. სამარცხვინოა, სარიშვილმა ნულიდან დაწყებულ განვითარებაზე ილაპარაკოს“, _ თქვა მან.
ლანჩხუთის ექს გამგებელმა გია გოგუაძემ პრემიერ ღარიბაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც აბსურდი უწოდა და თქვა, რომ სამარცხვინოა პარლამმენტის თავმჯდომარის მხრიდან იმ განცხადების გაკეთება, რომ ლანჩხუთის ,,გურია“ ამჟამად წარმატებული გუნდია, მაშინ როცა იგი შვიდ მილიონად მესამე ლიგიდანაც კი ვარდება. მან აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ისიც არ იცის, კლუბი დამოუკიდებელი იურიდიული პირია და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
მან ასევე არნიშნა ისიც, რომ კუჭავას თქმით თითქოს ლანჩხუთში 300 ჰექტარზეა ლურჯი მოცვი გაშენებული, მაშინ, როცა ეს კულტურა მოიცავს მაქსიმუმ, 15-20 ჰექტარს.
პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, საფეხბურთო კლუბ ,,გურიის“ განვითარებისთვის ყველაზე მეტი რამ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთდა.
მისივე თქმით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უნიკალური პარკი შეკვეთილში, უნიკალური შესაძლებლობები მისცა ამ რეგიონს განვითარებისთვის. ვითარდება კურორტები: ბახმარო და გომისმთა.
„ძალიან არ მესიამოვნა, დიდ პატივს ვცემდი ხატია წილოსანს, მაგრამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნო, ის განცხადება, რაც მან გააკეთა, სამარცხვინოა. ცხრა წელია ბახმაროში მაღალჩინოსნების ნებართვით მიდის უკანონო მშენებლობები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტში ეძებს თანხას, რომ გამოაცხადოს ტენდერი უკანონო მშენებლობების დემონტაჟისთვის.
რაც შეეხება გომისმთას, იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა განცხადება გააკეთა წინასაარჩევნოდ და თქვა: ადით გომისმთაზე, დაგხვდებათ ჩემი თანამშრომელი, მოიზომეთ მიწები და დაიკავეთ ხელში ელექტრონული დისკები! თბილისიდან ჩამოდიოდა ხალხი, ყველას აქვს ეს დისკი ხელში და ვერც,ერთი ვერ არეგისტრირებს, იმიტომ რომ წინაპირობა არ არის, ეს იყო პიარი და მე გამიკვირდა ასეთი ტყუილი წილოსანისგან. ბახმაროში წყალი არა, შუქი არაა და ანალოგიურია გომისმთაც.
მაინტერესებს გუშინდელიც, ავერსში რომ მიიყვანეს აცრაზე, ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრში არ იცრება არავინ? იქ ვერ მივიდნენ იმიტომ, რომ მედპერსონალს შვიდი თვის ხელფასი აქვს აუღებელი“ _ თქვა გოგუაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა რომ შეპირდა ,,წვიმის მეგობრებს“ , გაგიწიკწიკებთ რეგიონალურ საავამდმყოფოსო, საადაა ის?! - თქვა კახა ასკურავამ.
ოპოზიცია ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ოზურგეთში, მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სადაც მან ნოე ჟორდანია და ავთანდილ თალაკვაძე წარმატებული ოზურგეთელების რიცხვში მოიხსენია.
მაია კუკულაძე
პასუხი ლანჩხუთში ,,ნულიდან დაწყებულ განვითარებას~
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 190



