ხშირად გაიგონებ გარკვეულ წრეებში, რომ ესა თუ ის ფილმი, წიგნი, ნახატი, რომელიმე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა, თუნდაც რაიმე აქცია, მაგალითად ,,პრაიდი~, სამეცნიერო ფორუმზე გამოთქმული მოსაზრება და ა.შ. შეურაცხყოფს მათ ,,ტრადიციებს", "ეროვნულ ფასეულობებს", ,,რელიგიურ გრძნობებს". ბევრს მიაჩნია, რომ ამ ტიპის ,,შეურაცხმყოფელი" გამოხდომების მოთმენა არ შეიძლება. აიკრძალოს! აი, მათი აზრით ,,პრობლემის" საუკეთესო გადაწყვეტა.ამას წინათ, ადვოკატების ერთმა ჯგუფმა პროკურატურას მიმართა საშველად. ფოტოშოპით გაკეთებული ხატების იმიტაცია, რითაც ახალგაზრდებმა ,,ბიძინმადიდებლობა" გააშარჟეს, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად გამოაცხადა და 155-ე მუხლში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, რომ რელიგიური სიწმინდეების შებღალვაზე დაწესდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სულ ახლახანს, უკვე მერამდენედ, იგივე მოთხოვნა წამოაყენა საპატრიარქომ. ძალიან მონდომებულია და გუშინ იგივე მოითხოვა თეა წულუკიანმა. თუმც ეს ,,ბატონები" ეტყობა არასოდეს დაფიქრებულან, რომ შეუძლებელია "რელიგიური გრძნობა" სამართლებრივი დეფინიციის ქვეშ მოაქციო.
რა შეურაცხყოფს რელიგიურ გრძნობებს და რა არა?
ვის უპყრია ხელთ ,,არშინი", რომლითაც გაიზომება დასაშვები და დაუშვებელი?
სად, როდის გადაილახება ზღვარი, როცა ერთის გამოხატვის თავისუფლება მეორის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს?
ვინ, რომელი პიროვნება, ადამიანთა ჯგუფი, სახელმწიფო თუ რელიგიური ინსტიტუცია გვეტყვის ამას?! ,,რომლითა საწყაულითა მოგვიწყავენ?!” ,,რელიგიური გრძნობები" მეტად ამორფული, უსახო და უკონტუროა, მისი ,,გავლენის სფეროში" თავისუფლად შეიძლება მოექცეს რომელიმე უახლესი მეცნიერული აზრი და ისიც თუ როგორ უნდა გეცვას, ან იდგე ტაძარში. ,,რელიგიური გრძნობები" საზღვრებმორღვეული, ერთობ გადღაბნილი ცნებაა, მასზე აპელირება, მის დასაცავად კანონების და სახელმწიფოს მოხმობა დიდი ხიფათის შემცველია, პირდაპირი გზაა ინკვიზიციისკენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეებში რუსთაველზე ქვებით და რკინის ნაჭრებით მორბენალი ბრბო სწორედ ,,რელიგიურ გრძნობებზე" აპელირებდა! როდესაც სახელმწიფო კანონით იცავს რელიგიურ გრძნობებს ეს სხვა არაფერია თუ არა ფაშიზმი!
როგორც კი, ე.წ. "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" ,,ეიგძალება", ბუნდოვანი, მრავალი ინტერპრეტაციის შემცველი კანონით (არადა კანონი სხვანაირი ვერ იქნება, რადგან კანონმდებლობის ქვეშ მოსაქცევი ცნებაა თავად ასეთი), როგორც კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე ,,რელიგიურ გრძნობებს" გადავეფარებით, შემდეგ სხვა ,,გრძნობების" (რომლებიც ძირითადად სწორედ "რელიგიით", ,,ადათ-წესებით" და სხვა მრავალი ცრურწმენით, მითით და სტერეოტიპით იკვებება) დაცვის აუცილებლობა წამოყოფს თავს, ახლა უკვე სხვა თავისუფლებათა შეზღუდვის ხარჯზე. დაიწყება ნაბიჯ-ნაბიჯ, არა მხოლოდ გამოხატვის, არამედ, ზოგადად, თავისუფლების სივრცის კიდევ მეტად შემცირება და ბრბო, რომელიც რუსთაველზე ძალადობდა, ხვალ სახლში შემოგვივარდება! კი, უმრავლესობას თავისუფლება დიდად არ ანაღვლებს და არც მის შეზღუდვაზე აიტკივებს თავს, ალბათ ეს ჰქონდა ფილოსოფოსს მხედველობაში, როცა ამბობდა ,,თავისუფლება არისტოკრატიული მოვლენაა და არა დემოკრატიულიო". მეტიც ,,ადამიან მასას" სძულს თავისუფლება და მზადაა პირველსავე შემხვედრს ჩააბაროს იგი, ოღონდ კი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების ,,მტანჯველი" ვალდებულება აიცილოს, ამიტომ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გააზრებას, რომ არსებობს ადამიანის ისეთი (ნეგატიური, ანუ ჭეშმარიტი) უფლებები (სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების, სიტყვისა და გამოხატვის და ა.შ.) რომელიც არაა დამოკიდებული უმრავლესობის ნებაზე. ლიბერალიზმის, როგორც პოლიტიკური ფილოსოფიის შინაარსიც ეგაა _ არ იძალადო უმცირესობაზე, ვინაიდან სიმართლე და ჭეშმარიტება არ იზომება რაოდენობით. ქრისტე მარტო იდგა, მასა კი გაჰყვიროდა: ჯვარს აცვი იგი! ამ დროს სად იყო ჭეშმარიტება საკითხავია?! ,,რელიგიური გრძნობების " მიღმა ფუნდამენტალიზმი და თავისუფლების სიძულვილი აფარებს თავს, მისი დაცვის საბაბით კი თავისუფლებაზე ხდება შეტევა. ამის ნათელი მაგალითი რუსთაველზე დატრიალებული ტრაგედიაა, ,,პრაიდი" (პრაიდზე, ამ ძალადობრივი შინაარსის მემარცხენე ყაიდის მოძრაობაზე ცალკე წერილში ვისაუბრებ-ვ.ზ.) და სექსუალური უმცირესობები საბაბია, საბაბი თავისუფლებაზე იერიშის მისატანად! მაგრამ, ,,თავისუფლების უბოროტეს მტრებს, მაძღარ და კმაყოფილ მონებს", მინდა შევახსენო, რომ ჩვენ, ადამიანებს, თავისუფლება ,,მოსჯილი" გვაქვს, როგორც იტყვიან ,,დეუს ვულტ" (ასე ნებავს ღმერთს) და გადამწყვეტი მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, რამდენი ჩვენგანი აცნობიერებს ამ ყოველივეს, ,,ისტორიის თხუნელა" თავის საქმეს აკეთებს. დღეს, საქართველოში გაბატონებული ,,ადამიანი მასის" ბნელი ინსტინქტების მიუხედავად, თავისუფლებას, ინტელექტუალური და სულიერი არისტოკრატიის გარდა, ჰყავს დიდი ქომაგი, ეს არის წარმოების ევროპული წესი, ეს არის ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა, თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარებადი თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც არათუ ქმნიან სივრცეს პიროვნული თავისუფლებისათვის, არამედ ითხოვენ თავისუფლებას და თავისუფალ ადამიანს. მხოლოდ თავისუფალი ადამიანი ქმნის დოვლათს, სიუხვეს, იმ მატერიალურ კეთილდღეობას, რომელიც დღეს დასავლეთის ქვეყნებშია. ერთი სიტყვით, რაც უფრო ფართოა სივრცე თავისუფლებისათვის, მით უკეთესადაა საქმე იმ პრაგმატული თვალსაზრისითაც, რომელსაც ხალხის მატერიალური კეთილდღეობა ჰქვია.
კაცობრიობის უკეთესი შვილები, დიდი მოაზროვნეები თავისუფლებას, მის იდეალებს მხოლოდ იმიტომ როდი იცავდნენ, რომ თავისუფლება თვითკმარი ღირებულებაა, რომ აზროვნება თავისთავადაა თავისუფლების აქტი, არამედ ზემოთ აღწერილი მიზეზისა გამოც:
,,შრომისა ახსნა, ეგ არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნის", თუმცა გაჭირდა ჩვენში ,,შრომისა ახსნა".
სამწუხაროდ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ნაცვლად მისი სუროგატი, კრონი კაპიტალიზმი გაგვიბატონდა. სახელმწიფოს ხელდასმის გარეშე თითქმის არც ერთი სერიოზული ბიზნესი არ მუაშაობს. მთავარი ბიზნესაქტორი და დამსაქმებელიც სახელმწიფოა. ასეთი ეკონომიკური მოცემულობა და ტოტალიტარული წარსულით ნასაზრდოები აზროვნება ნოყიერ ნიადაგს ქმნიან იმ მენტალური და ფიზიკური შეტევისათვის, რომელსაც ერთის მხრივ, სტალინური მართლმადიდებლობის ადეპტი საქართველოს საპატრიარქო და სახელმწიფო სტრუქტურებში განფენილი, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული ცრუქრისტიანობა და მეორეს მხრივ, ფანატიზმი და გაუნათლებლობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და ღვთითბოძებულ თავისუფლებაზე ახორციელებენ.
,,თავისუფლებავ შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი"–ამბობდა ილია და თუ თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, აქ უკან დახევა არ იქნება, არამედ ბრძოლა და ,,მუდმივი ხმლის ქნევა".
დარწმუნებული ვარ, რომ სჯობს ჩვენთვის მიუღებელი, თუნდაც 'შეურაცხმყოფელი აზრთა მდინარება არსებობდეს თავისუფალ სივრცეში, ვიდრე აკრძალვების კასკადი, რომელიც თანდათანობით მოგუდავს თავისუფლებას. სჯობს გამოხატვის თავისუფლებით ,,გადავაჭარბოთ", ვიდრე მის მოსათოკად ახალ-ახალი სახელმწიფო რეგულაციები დავაწესოთ. ლიბერალური დემოკრატიაც ამიტომ გვჭირდება, იგი ხომ სივრცეს აფართოებს ინდივიდუალური თავისუფლებისთვის.
ვახტანგ ზენაიშვილი
ისტორიკოსი
"რელიგიური გრძნობები" და თავისუფლება!
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 648