ხალხის გაჭირვების ხარჯზე მოპოვებული გამარჯვება
,,სალამი ფულიან გურულებს!!! ეს ყველას არ გეხებათ მხოლოდ იმათ, ვინც ბიძოსგან ამ დღეებში ქოცმოწყალება მიიღეთ. 50 ლარი არაა პატარა ფული განსაკუთრებით დოლართან და ევროსთან მიმართებაში. კაი ხანს გეყოფათ აგერ კალანდასაც მსუყედ შეხვდებით. მერე ადგილობრივი არჩევნები მოგისწრებთ მთლად მილიარდელები თუ არა, მილიონერები მაინც იქნებით. ამბობენგურია პატარა რეგიონია და დიდი სიმდიდრით ვერ გამოირჩევაო, მაგრამ სულიერი სიმდიდრის დაკარგვაა ყველაზე ცუდი. ყველაფერი რაფერც არ იჭმევა, ისე ყველაფრის გაყიდვაც არ ვარგა და ნუ ყიდით ნუ! ერთი ანეგდოტი გამახსენდა გურული მიდის გზაზე და თითი აქვს გაყრილი უკანალში. შეხვდება მეორე გურული და ეკითხება, რაა ბიჯო მაი, რა გჭირს?? ეეე, ძამა, სამი თვეია ლუკმა არ ჩამიგდია პირში და მეშინია არ შემიხორცდეს აი საოხრეო. ასე რომ არ დაგემართოთ იმაზე გიფიქრიათ?!’’ _ წერს სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურის ყოფილი ხელმძღვანაელი ლადო ჩხაიძე.
არჩევნები დასრულდა, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, საქართველოს რამდენიმე ქალაქში. მეორე ტურები ჩაინიშნა, ოპოზიცია შედეგებს არ ენდობა და ტოტალურ გაყალბებასა, ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს და ფართომაშტაბიან აქციებს აანონსებს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში მეორე ტურები გაიმართება, გურიაში კი ხელისუფლების სასარგებლოდ უპრეცედენტო შედეგი მივიღეთ. გურია მთელს საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე გაჭირვებული რეგიონია, მას შემდეგ, რაც ჩაი და ციტრუსი აღარ არის ჩვენი მოსახლეობის მარჩენალი, ფაქტიურად მოსახლეობა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და მძიმე ეკონომიკური გაჭირვება სახეზეა. ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი დიდი უპირატესობით იმარჯვებს ისმის. კითხვა, რატომ? მოსახლეობის ეკონომიკური გაჭირვების ზრდა არჩევნებზე მმართველი გუნდის შედეგის პირდაპირპროპორციული ხომ არ არის? თუ ასეა, გამოდის, რომ მომავალი ოთხი წლის მანძილზე ეს პროცენტები გაიზრდება, სიღარიბე მოიმატებს მმართველი გუნდი კი მეტ პროცენტს დაიწერს შემდეგ არჩევნებში, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს ზღვარი, რომლის იქეთაც უკვე ცარიელი სიმრავლეა.
ყველაზე გაჭირვებულმა ხალხმა ხმა მისცა მმართველ პარტიას ეს უკანასკნელი კი ეცდება, რომ შემდეგ არჩევნებში უპირატესობა კვლავ მოსახლეობის გაჭირვების ხარჯზე შეინარჩუნოს.
საქმე იმაში არაა როგორც პარლამენტის წევრი, პეტრე აჯობებს პავლეს თუ პირიქით, მთავარი ისაა, რომ ეს პეტრე ხელისუფლების კანდიდატია და მთელი ოთხი წელი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებებს არ უნდა ველოდებოდეთ..
ანალიტიკოსების დიდი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის საარჩევნო კულტურა უკიდურესად დაბალია, თორემ როგორ შეიძლება ადამიანმა რომელსაც სახლთან მისასვლელი გზა, უსაფრთხო სასმელი წყალი და ელემენტარული შემოსავლის წყარო არ გააჩნია ხელისუფლებას მისცეს ხმა, იმ ხელისუფლებას, რომელსაც 8 წელი წინა ხელისუფლების ლანძღვის მეტი არაფერი გაუკეთებია. არც მეტი არც ნაკლები, იგივეს უნდა ველოდეთ მომავალ ადგილობრივ არჩევნებზეც.
დასრულდა არჩევნები და წამოვიდა სოციალურ ქსელში მადლობების ნიაღვარი საჯარო მოხელეებისგან, თუ ა(ა) იპების თანამშრომლებისგან, ზოგი ლექსებს წერს, ზოგი სიმღერას, მოკლედ კომუნისტური ხანა მონაგონია. ისე, გურულები რომ ვართ, ამაშიც გვეტყობა. ყველაფერში სიჩქარე გვიყვარს, არიქა გამარჯვებულს თავი მოვაწონოთო, რას არ ვჯახირობთ.
ჩვენ მოვლილი გვაქვს ყველა სოფელი და კაციშვილი ხელისუფლების მადლობელი ვერ ვნახეთ. ლუკმაპურის ძებნაში გადახვეწილი ადამიანები, დაკეტილი სახლები და გაუჩინარებული მოსახლეობა, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.
ბოლოს ერთი, ცოტა მხიარული კომენტარი მინდა შემოგთავაზოთ, რაც არჩევნების მეორე დღეს ერთი ჩია კაცისგან ჩავიწერეთ: ,,ნუ მკითხავთ რა წაგვეკიდა, აი ჩემსავით ჩია კაძახი რვაი წელია ვერ მევიცილეთ, ჯვარი ხომ არ დაგვიწერია მაგაზე, არც დაყენებას გვკითხავს ვინმე და არც გადაყენებას, შეიქნა ერთი ბრიალი არჩვენებზე, რას გევინკლოვ მე ვინ ვარ, ვინცხა ქე მოვხაზე ხელცნობიერაი, მარა მაინც იმან გეიმარჯვა. პოლიტიკაში არ ვერევი მარა, იი, კი ვიცი ამდენი ხანი ვინც იყო, იმან დეისვენოს ახლა პაწა. ფულიო რომ იძახიენ შევარცხვინე ყველა, ნამუსი ყოლისფერს მირჩონია, იგი დღეი ნუ მომასწროს ვინმეს ეთქვას ღმერთმა შეგარცხვინაო. ჩამომიარა კორდინატორმა და მითხრა შეგიცლია ფიქრებიო, ნეტა ვინ უთხრა მე რას ვფიქრობ მაქ? კაკალ გულზე გავსკდი, შევასკტებოდი მეგონა ვინცხას, ქეა ნათქვამი: დათვი რომ მოგერევა, ბაბა დუუძახეო და რას ვეტყოდი, რამე არ მიხიმანდროს მერე მეთქინ და ქე გავჩერდი. მაი არჩევნები აბდლურია, მე თუ მკთხავენ, აწი მაგიზა აღარ მცალია, დანიშნონ იი კაცი ვინცხა უნდებიენ და რას გვაწვალებენ ამდენს? აფერი დემოკრატია არაა მაი, ქე ვიყავით ამდონ ხანს ყურწაგდებული, რაცხა ძაღლ-ღორობაი, ვატარებდით ამ ცხოვრებას, რაცხამ შეგვიჩხიკინა და აია დემოკრატია? დეიწყებს ასი კაცი კარდაკარ სიარულს და არიქა ბიჯო ჩვენი დეპუტატები პარლამეტშიო, ჩევირაზმებით დენიკინის ჯარივით და ვუყურებთ მაგენის ბჟუტურს, წამოვკარით თუ არა ხელი სატეხ-საკრეფელას, მიძახიენ ისთევლე, მერე სხვაი მუა და ქე ვარ ასთე მთელი შემოდგომა, არ გვინდა მაი არცეთი, გასკდა კაკალ გულზე ჩემი მეზობელი, იგი სხვა პარტიაში ყოფილა თურმე. ამ არჩევნების დაწყებამდე ქე ვიყავი ჩემდა არხეინად, არც ვინმეზა მიწყეინებია, არც უწყეინებია ვინმეს, შემხთებოდა ნაცნობი გამარჯობას ვეტყოდი. მევიდა არჩევნები და გადამეკიდა ყველა, მევიმდურე ბევრი ნაცნობი, მსაყვედურობენ ნაციონალი გამხდარხარო, დევიფიცო, რომ ნაციონალი არ ვარ და თავში არ მომსვლია მაი პარტიობა, ერთი უსტავლელი კაცი ვარ, სიმართლე არ უნდებიენ და იმაშია საქმე, რაით დაგამცირონ არ იციან. ჩვენ გურულები მართლის მთქმელი ხალხი ვართ, ბუნტი რა იყო არკაცმა რომ არ იცოდა, ჩვენ ვბუნტობდით, სიმართლე გვიყვარს და იმიზა, ახლა ვინცხა ჭკუანაშალი რომ მუა ჩემთან და მეტყვის, აი მთავრობა კაიაო, ხომ ვხთები, იმას სიაბდლესთან ერთად ნამუსზეც რომ აქ ხელი აღებული, რაცხას აი ჩემი ორი თვალი ხედავს, შენ სხვაფერ დამანახებ თუ რაფერაა საქმე?! ისე ამასაც ვიტყვი მეტი პატივისცემა ექნებოდა მთავრობას ამფერი შტერი აგიტატორები რომ არ ყოლოდა, მოი და მითხარი, ხომ ხედავ არაა კარქათ საქმე მარა, მიეცი აი ერთი ხმა საცოდავ მთავრობას და დეისვენეო, არა! გიჩივიენ აყვავდა ქვეყანაო, თუ აყვავდა მე ვერ დევინახე მაშვინ, ოპოზიცია გლახაა თუ კაია სიმართლეს მაინც ჩივა, რაც სწორი სწორია!’’
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი გაყალბებისა და ფულის დარიგების ხარჯზე გაიმარჯვა ხელისუფლებამ, ადამიანებს ისე გაუჭირდათ ის 50 ლარი აიღეს და ერთი დღის პროდუქტი მაინც იყიდეს, გვესმის ეს რა გასაჭირიც არის, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამ პრინციპით ხვალ კიდევ უფრო გაგვიჭირდება. მთავარია გაჭირვებამ მთელი ერი არ დაგვაჩოქოს!
მაია კუკულაძე
ყოჩაღ გურულებო! ყოჩაღ მთავრობავ!
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 155