ჯურუყვეთის თემის მაჟორიტარის, ალეკო მახათაძის თქმით, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად წყალი ჩამოვიდა. ასევე დაზიანდა მდინარეის პირას მდებარე საყანე ფართობები. დაიტბორა ეზოები. სკოლასთან წაქცეულმა ხემ გარკვეული პლობლემები შექმნა. მოხდა ზარალის დათვალიერება და მუნიციპალიტეტში შექმნილ შტაბს პირველადი მონაცემები თავისი ფოტოებითურთ უკვე გადაეგზავნა. ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა სოფლის შიდა გზები. „ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ყველგან დაზიანდა სოფლის შიდა გზები, რომლებიც ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა თუ სხვა სახის რა ზიანი მიადგა ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს“, -გვითხრა სარიშვილმა. ძლირმა წვიმამ სოფელ ჭყონაგორაში რამდენიმე ოჯახი დატბორა. მათ შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა ირინა ორმოცაძის ოჯახში იყო. სხვათაშორის ეს ის ადგილია, სადაც ყველა წვიმობისას მოსახლეობას პრობლემა ექმნება და მისი გადაჭრის გზები წლებია ვერ გამოიძებნა. სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ჯუმბერ ბლაგიძის ინფორმაციით, ადრე დილიდან აწარმოებს შემოვლას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში. „გრიგოლეთიდან მოყოლებული ყველგან დავდივარ, კატასტროფული მდგომარეობაა, ყველა არხი გადავსებულია წყლისგან, თუ ასე გაგრძელდა ზარალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოსახლეობისგან ჯერჯერობით, რაიმე შეტყობინება არ შემოსულა მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. ძირითადად დატბორილია საყანე ფართობები, განსაკუთრებით იმ მონაკვეთზე, სადაც ჩინური კომპანია მუშაობდა“, -გვითხრა ჯუმბერ ბლაგიძემ. ასევე ცუდი მდგომარეობა იყო ქალაქის ტერიტორიაზეც, სადაც მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა და ქუჩები დაიტბორა. ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ლადო ნანაძისგან მიღებული ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩა მნიშვნელოვნად დაიტბორა. „დატბორილია აღმაშენებლის, ურუშაძის, გორგასლის ქუჩები. აღმაშენებლისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე უხვმა ნალექმა ორი მოსახლის ეზოც დატბორა“, - ამბობს ნანაძე. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საყანე ფართოტების უმეტესობა დატბორილია. ავტობანის მშენებლობამ სანიაღვრე არხებს პრობლემები შეუქმნა და წყლის დიდმა ნაკადმა საყანე ფართობებს გადაურა. განსაკუტრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ლაშისღელის და ორაგველისღელის ტერიტორიაზე. რაც შეხება ნიგვზიანს, გამგებლის წარმომადგენლის ირაკლი გუჯაბიძის ცნობით, აქ სტიქიამ ძირითადად მთიანი ზონის შედა გზების დაზიანება გამოიწვია. გარდა ამისა დატბორილია საყანე ფართობების ნაწილიც. სოფელ ჩიბათში გამგებლის წარმომადგენლის, კობა კუნჭულიას ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ზემო ჩიბათში ათმეტრიანი გაბიონი დაზიანდა. სოფელში წვიმამ მთლიანად დატბორა და უმძიმესი პირობები შეუქმნა ნინო კვაჭაძის სახლს. წვიმამ მნიშვნელოვანი პრობლემებიო შექმნა სოფელ შუხუთში. „ჰო და არას~ ინფორმაციით მუნიციპალიტეტის გამგეობაში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც ზარალს დაითვლის. „დამეწყრილი გზები, დატბორილი ეზოები, დაზიანებული ხიდები - ეს ამ დილით მოვარდნილი წვიმის პირვანდელი შედეგია. ძლიერმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა“. _ ასე შეაფასეს ლანჩხუთში წვიმის შედეგად მიყენებული ზიანი ოფიციოზმა.
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0