ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთში `ქართული ოცნების~ სიის პირველი ხუთეული და მაჟორიტარობის კანდიდატები!!!

ლანჩხუთში `ქართული ოცნების~ სიის პირველი ხუთეული და მაჟორიტარობის კანდიდატები!!!
26-05-2017, 00:00

მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ კულუარული სამზადისი უკვე დაწყებულია. სწორედ ამ ფაქტს უნდა მივაწეროთ ისიც, რომ ბოლო ხანებში ლანჩხუთის პოლიტიკის კულისებიდან ბევრი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. თითქმის ყველგან საუბრობენ იმაზე, თუ ვინ იქნება მომავალ საკრებულოში წარმოდგენილი. დღეს ლანჩხუთის საკრებულოში 31 დეპუტატია. მათი უმრავლესობა `ქართული ოცნების~ წარმომადგენელია. მართალია, კოალიციის დაშლის შემდეგ ნაწილი სხვა ორბიტაზე აღმოჩნდა, მაგრამ `ოცნება~ რაიონულ დონეზე (სხვა დონეზეც, ბუნებრივია) უმრავლესობას მაინც ინარჩუნებს. `ახალი უმრავლესობის~ შექმნისას იყო გარკვეული მითქმა-მოთქმა, მაგრამ მათმა მესვეურებმა დაადასტურეს, რომ ისინი ხელისუფლების ოპოზიციას არ მიეკუთვნებიან და იმ კურსის გამტარებლები რჩებიან, რასაც პარტიის ცენტრალური ოფისი ატარებს. `ჰო და არასთვის~ ისიც ხდება ცნობილი, რომ საკრებულოს წევრების უმეტესობა დეპუტატის მანდატის კიდევ 4 წლით შენარჩუნებას აპირებს. პირად საუბრებში მათი ნაწილი ამ ფაქტს ღიად ადასტურებს, ნაწილი კი დაფიქრდება თუ რომელ პარტიასთან ერთად ეცდება ძალების მოსინჯვას. ეს იმის დასტურია, რომ `ოცნებაში~ ყველა სახის შენარჩუნება ვერ მოხდება. უფრო სწორად, ყველაზე ფსონს არავინ დებს. რამდენიმე დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა, დამოუკიდებლადაც იყაროს კენჭი. მსგავსი საარჩევნო გამოცდილების მქონე დეპუტატების დღევანდელ საკრებულოშიც არიან. სანამ სკამების მორიგი გადანაწილების ეტაპი დგას, მანამდე რამდენიმე სიის შესახებ ხდება ცნობილი, რომელიც უკვე გაგზავნილი უნდა იყოს პარტიის ცენტრალურ ოფისში. `ოცნების~ რამდენიმე მესვეური პირად საუბარში არ მალავს, რომ პარტიულ სიაში პირველ ხუთეულში მოხვედრაა საჭირო, რათა დეპუტატობა გარანტირებულად მიიღონ. `სხვა ადგილი იგივეა, როგორც ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის სია. ჩვენ ვიცით ხალხის განწყობა და აქედან გამომდინარე, ვამბობთ ამას~ _ ეს ერთ-ერთი `მეოცნების~ განცხადებაა. ვინ მოხვდება `ოქროს ხუთეულში~?! კულუარებში რამდენიმე ალტერნატიულ სიაზე არის საუბარი, თუმცა როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ასეთი უკვე პარტიის ცენტრალურ ოფისშია გადაგზავნილი. `ჰო და არას~ ექსკლუზიურად მიაწოდეს მათი გვარები: გიორგი ხელაძე, რომელიც დღეს მმართველი პარტიის და საკრებულოს თავმჯდომარეა. გავრცელებული ცნობით, ხელაძე მომავალ საკრებულოში თავადაც არ ისურვებს ხმაურიან და სანერვიულო პოსტს და ერთ-ერთი კომისიის თავკაცად მოგვევლინება. სიაში არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძე, რომელიც ბოლო თვეებში დააწინაურეს, მანამდე კი ერთ-ერთ კომისიას ხელმძღვანელობდა. ტაბიძეს საპარალამენტო არჩევნებში დიდი დამსახურებაც ჰქონდა. მის მაჟორიტარულ თემში მმართველი გუნდის კანდიდატმა ნინო წილოსანმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა უბნების მიხედვით. სიაში ფიგურირებს ალეკო სარიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ `ოცნების~ რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი გახდა. მისი კანდიდატურა ერთი ხანობა გამგებლის პოსტზეც განიხილებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მომავალ საკრებულოში მოიაზრება, თანაც გარკვეული ინფორმაციის თანახმად, თავმჯდომარის რანგში. პირველ ხუთეულში ორი ისეთი გვარი დასახელდა, რომელიც დღეს საკრებულოს წევრები არ არიან, მაგრამ წლების წინ იყვნენ რაიონის საკანონმდებლო ორგანოში: დავით წულაძე და მერაბ ქარჩავა. წულაძე, ბოლო წლებია, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელია და არასდროს მალავდა, რომ საკრებულოში შესვლა სურდა. ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას სიაში იყო, მაგრამ `ოცნებამ~ იმდენი მხარდაჭერა ვერ მიიღო, რომ ბატონი დავითი საკრებულოში შესულიყო. მერაბ ქარჩავა ცოტა ხნის წინ კულტურის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ადრეც აქტიურად იყო პოლიტიკაში, დღეს მის სასარგებლოდ იმუშავებს ის ფაქტიც, რომ სახელისუფლო ვერტიკალზე საკმაოდ გავლენიანი ახლობელი ჰყავს _ მისი სიძე შს მინისტრის მოადგილეა. ასევე საუბრობენ, რომ გიორგი ხელაძის შემთხვევაში ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისთან ახლობლობა იმუშავებს, ხოლო დავით წულაძეს რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ და გავლენიან დავით საგანელიძესთან აქვს ახლობლობა, ცნობილია. ის, რომ ახალი გავლენების გადანაწილება მაღალ ეშელონებში წყდება და ნაცნობ-ახლობელსა და მეგობარს უფრო ენდობიან, ამაში გასაკვირი არაფერია.. აქტიურად მსჯელობენ მაჟორიტარებზე. ქალაქში სავარაუდოდ ლადო ნანაძე იქნება _ იგი ქალაქის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია კარგა ხანია და როგორც ჩანს, უკვე მაჟორიტარად ამწესებენ. შუხუთში აკაკი იმნაიშვილის კანდიდატურა განიხილება. თუმცა ერთ-ერთ ბოლო საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ფაქტიც არ უნდა დავივიწყოთ _ გამგებელმა ზაზა ურუშაძემ (სხვათა შორის, ის გამგებლობის კანდიდატად ისევ განიხილება) შუხუთის მაჟორიტარს შეახსენა _ როცა მე გამგებლად კენჭს ვიყრიდი, მხარს არ მიჭერდითო. მაშინ იმნაიშვილმა არგუმენტად ტელეფონით გადაღებული ფოტო კი აჩვენა მედიას, მაგრამ... თუ იმნაიშვილი `ოცნებიდან~ არ დარჩა კანდიდატი, არ გამოირიცხება დამოუკიდებლად იყაროს კენჭი _ სოფელში მხარდაჭერა მშვენიერი აქვს. ნიგოითის თემში გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, შოთა ჩაგუნავას კანდიდატურას განიხილავენ. ის ერთხელ უკვე იყო მაჟორიტარი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩაგუნავა პარტიულ სიაშიც იქნება. სოფელ ჩიბათში გიორგი ჩახვაძის კანდიდატურა განიხილება მაჟორიტარად. საკრებულოს ახალი უმრავლესობის ლიდერი საარჩევნო სიაშიც იქნება და თუ მის მამუკა მდინარაძესთან მეგობრობას გავითვალისწინებთ, მოწინავეებში უნდა დარჩეს. როგორც ჩანს, მმართველ გუნდში პირველ ხუთეულში ქალბატონებისთვის ადგილი ვეღარ გამოინახება და უფრო მეორე ხუთეულში ვიხილავთ რომელიმე მათგანს. თუმცა, თუ ვინ იქნება `ოცნების~ სიაში 6-დან 10-მდე, ჯერ არ ხმაურდება. მართალია, ეს ჯერჯერობით კულუარებიდან მიღებული ინფორმაციებია, მაგრამ როგორც ჩვენი წყაროები მიუთითებენ, რაიმე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინაც იყო მსგავსი მოსაზრება `ოცნების~ გუნდთან დაკავშირებით, მაგრამ იმდენი ახალი სახე გამოჩნდა მათ რიგებში, რომ ძველების ნაწილს ექს-პარლამენტარის სტატუსიღა დარჩათ. ვნახოთ, რაიონულ დონეზე რამდენად მოხდება განახლება?

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები