ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა ახალი დეტალები გაარკვია `ჰო და არამ~ `გურიაში~ ინვესტორის შესაძლო მოსვლაზე

რა ახალი დეტალები გაარკვია `ჰო და არამ~ `გურიაში~ ინვესტორის შესაძლო მოსვლაზე
17-05-2017, 00:00

გაზეთ `ჰო და არას~ წინა ნომერში გამოქვეყნდა წერილი - რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება მერაბ ჟორდანიასა და `გურიას~ შორის, რომელშიც კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი ედიშერ ჟორდანია ლანჩხუთის გამგებელს მოლაპარაკების ჩაშლაში ადანაშაულებს. თავად საფეხბურთო კლუბი `გურია~ ემიჯნება ბრალდებებს და ზაზა ურუშაძეს პირიქით ემადლიერება კლუბისადმი გვერდში დგომის გამო. კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ლანჩხუთის გამგებელი პირიქით ყველაფერს აკეთებს `გურიას~ მომავალი პერსპექტივისთვის, რისი თვალნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ მისი გამგებლობისას მისივე დიდი მეცადინეობით გრიგოლეთის ბაზა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოვიდა და იქ თანამედროვე საცხოვრებელი გაკეთდა. ასევე `გურიას~ სტადიონზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოფისი ადმინისტრაციისა და ფეხბურთელებისათვის. ამასთან, კლუბი მიესალმება ინვესტორის მოსვლას. `ჰო და არა~ კომენტარისთვის ზაზა ურუშაძეს დაუკავშირდა: _ ბატონო ზაზა, წაიკითხავდით `გურიას~ სპორტული დირექტორის წერილს, რომელშიც მერაბ ჟორდანიასთან მოლაპარაკების ჩაშლა გბრალდებათ... _ სიმართლე გითხრათ, ასეთ აბსურდზე პასუხის გაცემას არც ვაპირებდი, მით უმეტეს, რომ ყველამ კარგად იცის, ვინ არის წერილის რეალური ავტორი, მაგრამ რადგან შემეკითხეთ და მაინც არსებობს საზოგადოებაში კითხვები, ამ ერთხელ ვისაუბრებ ამ თემაზე და მეტჯერ აღარ დავხარჯავ დროს ბრალდებებზე საპასუხოდ, რომელშიც არც წერილის ხელმოწმერმა იცის, რა სურს და არც რეალურმა ავტორმა... _ რატომ ფიქრობთ, რომ ავტორი სხვაა? _ ყველამ კარგად იცის, რომ ვინც მინიშნებულია ავტორად, ის მაგ წერილის დამწერი არ არის. ლანჩხუთი პატარა ქალაქია და ვისი დაწერილია და ვის ეხერხება ასეთი წერილების წერა, ყველამ კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, თქვენც ხვდებით. ეს ადამიანი თანამდებობაზეა და სამწუხაროდ, თავს უფლებას აძლევს უსაფუძვლო ბრალდებები წამოაყენოს. _ ბატონო ზაზა, ამით თქვენ ხომ არ აღიარებთ, რომ საკადრო საკითხებში პრობლემები გაქვთ. _ ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებ, შეცდომები, თუნდაც საკადრო, მუშაობის თამხვედრია _ ნათელი მაგალითია ეს წერილი, რომლის ხელმოწმერიც და რეალური ავტორიც მუშაობდა და მუშაობს თანამდებობაზე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე თუნდაც უსაფუძვლოდ რომ მადანაშაულებს. _ ისევ მერაბ ჟორდანიასთან მოლაპარაკების ჩაშლაში თქვენს დადანაშაულებას დავუბრუნდეთ. _ ეს არის აბსურდი და ძალიან დიდი ტყუილი. რა მოტივი უნდა მქონოდა მოლაპარაკების ჩასაშლელად? ნებისმიერი გამგებელი იოცნებებდა და იამაყებდა, თუ კლუბში ინვესტორს მოიყვანდა და ნეტავ, მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი? პირიქით, ამას ჩემი გამგებლობის უდიდეს მიღწევად ჩავთვლიდი. სწორედ ინვესტიციის მოსაზიდად, ჩემი გამგებლობის დროს, პირველად თავის ისტორიაში, გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა გადმოვიდა ლანჩხუთის საკუთრებაში, გავაკეთეთ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი, ახლა მაქვს აქტიური თანამშრომლობა ფეხბურთის ფედერაციასთან, რომ ლანჩხუთში გაიხსნას საფეხბურთო აკადემია. ამის მერე ვინმემ დამადანაშაულოს, რომ `გურიას~ კეთილდღეობას რამენაირად ვეწინააღმდეგეები, ამას ვერ შევეგუები. _ წერილში საუბარია, რომ თქვენ მოლაპარაკების ჩაშლაში ხელს გარკვეული პირებისკენ იშვერთ. _ ეს არის მიზანმიმართული, დაგეგმილი ბრალდება, რითაც წერილის რეალური ავტორი ცდილობს თითქოს დამაპირისპიროს მათთან, თუმცა ვერ ხვდება, რომ მისი ეს ოინები გაშიფრულია კარგა ხანია და არავინ დაუჯერებს. გისვამთ კითხვას _ რაში მჭირდებოდა მოლაპარაკების ჩაშლა ან ვინმესთვის გადაბრალება? ამას რაღაც მოტივი ხომ უნდა ჰქონოდა? ამასთან, პრეტენზია აქვთ, გამგებელი 2013-16 წლების მსგავსად აპირებს `გურიას~ მართვაში ჩართვას, რამაც ცუდი შედეგი მოგვიტანაო. ამის განცხადება ადამიანისგან, ვინც სწორედ ამ წლებში კლუბში მაღალ თანამდებობას იკავებდა სპორტული კუთხით, მინიმუმ უხერხულია. თუ ასე იყო, წლების მანილზე კლუბში თავად რატომ მუშაობდა? ან იმაზე მაინც შეთანხმდნენ, ხან გუნდთან გამგებელს რა უნდაო, რომ გაიძახიან და როცა არ ვერევი, რატომ არ ერევაო... _ ბატონო ზაზა, თუ ბრალდებები უსაფუძვლოა, მიზეზი რა უნდა იყოს? _ ერთადერთი ახსნა აქვს - ამ ადამიანებს ვერ დავუკმაყოფილეთ ამბიციები. ამიტომაც ახლა ყველა ხერხს მიმართავენ, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ოჯახის წევრების ფარული პროფილების გაკეთებითა და ავანტიურისტული კომენტარებით. ამით ჰგონიათ, რამეს მიაღწევენ. არადა, გაშიფრულები არიან ყველანაირად _ პიროვნულადაც და საქმიანობითაც. ლანჩხუთის გამგეობის იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ კლუბთან დაკავშირებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას, აუქციონის გარეშე მოახდინოს გასხვისება. შესაბამისად, ელექტრონული აუქციონის პირობებში, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მას ვინმე კონკრეტული პირი შეიძენს: `რადგან ხდებოდა ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ `გურიას~ მართვის წილისა და ქონების _ გრიგოლეთის ბაზის პირობიანი გასხვისება, გამორიცხულია მართვის წილი ვინმეს აუქციონის გარეშე გადაეცეს, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს~ _ აცხადებენ იურიდიულ სამსახურში. ანუ გამოდის, რომ ა(ა)იპ-ის მართვის წილი აუქციონის გარეშე ვერ გასხვისდება, შესაძლებელია მხოლოდ გრიგოლეთის ბაზის `გურიას~ გარეშე ხელშეკრულებით გასხვისება, მაგრამ ეს არის ერთი ლოტი და თითქმის გამორიცხულია მისი დაშლა, რამეთუ `გურიას~ გარეშე ბაზის გასხვისება ხმაურსაც გამოიწვევს და არაგონივრულიც იქნება. ამასვე ადასტურებს გურიის სამხარეო ადმინისტრაციის პოზიცია _ მეტიც, გუბერნიაში არასაკმარისად მიიჩნევენ არსებულ სააუქციონე პირობებსაც კი და კიდევ მეტი დაზუსტებების გაკეთებამდე (ინვესტიციის ოდენობა და ა. შ.) მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ქონების, მათ შორის, მნიშვნელოვანი ობიექტის _ გრიგოლეთის ბაზის აუქციონზე გატანა.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა