ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ გამოჩნდა რომან ბიწაძე საკრებულოს სხდომაზე მეგაფონით და როდიდან აპირებენ ბაღებში ხელფასების გაზრდას 50 ლარით

რატომ გამოჩნდა რომან ბიწაძე საკრებულოს სხდომაზე მეგაფონით და როდიდან აპირებენ ბაღებში ხელფასების გაზრდას 50 ლარით
19-09-2016, 00:00

საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა დამსწრეებს: ,,ეს დღე ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან მშობლები, ბებიები და ბაბუები ბრძანდებით. მინდა პატარა აღსაზრდელებს, ყველა მოსწავლეს და სტუდენტს ვუსურვო წარმატებები, ახალ-ახალი მიღწევები და ნაყოფიერი სასწავლო წელი“. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ია ჩხაიძემ გიორგი შოთაძის მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა ლანჩხუთელებს, რასაც ოვაციები მოჰყვა. ქალბატონი იას მილოცვის შემდეგ მიკროფონთან თემურ მარშანიშვილი მივიდა: `ძალიან კარგია შოთაძის წარმატება. სულითა და გულით ვულოცავ ყველას, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ლანჩხუთს კიდევ ჰყავს მსოფლიო ჩემპიონი. დავით ჩხარტიშვილი, სოფელ ახალსოფლის მკვიდრია, რომელიც ვარჯიშობს ოზურგეთში და ცოტა ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა~. მარშანიშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ მოჰყვა ოვაციები. ინფორმაცია ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო - სააღმზრდელო ცენტრში“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ სხდომას ამავე ა(ა)იპ-ის დირექტორმა, დავით წულაძემ გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა იმ სამუშაოებისა და ღონისძიებების შესახებ, რაც ცენტრმა ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განახორციელა (წულაძე სხდომაზე თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა და როცა რაიმეს დაზუსტება უწევდა, იქვე მყოფებს ეკითხებოდა): `ჩვენი სამსახური მზად არის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. ორშაბათს იწყება სწავლა და იხსნება ახალი ბაღი ჯურუყვეთში, რომელიც არის ევროსტანდარტების. სხვა სოფლებშიც გაიხსნა ბაღები. ქვიანში ისეთი კარგი შენობა ავაგეთ, რომ გერმანელები უღებდნენ ფოტოებს, ისე მოეწონათ. რაც არ უნდა მტერი იყოს ჩემი ზაზა ურუშაძე და არ ვუყვარდე, მადლობის მეტს არაფერს ვეტყვი, რადგან ჩვენს სამსახურს გვერდით გვიდგას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რაიკომის მდივნებთან თუ გამგებლებთან ყოველთვის პაწე გართულება მქონდა და სულ ვაკრიტიკებდი მათ საქმიანობას; ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მშობელი მოსულიყო და კვების ხარისხი დაეწუნებინა; როცა განათლების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბავშვები, ვისაც 15 სექტემბრისთვის არ შესრულებია 6 წელი სკოლაში ვერ შევიდოდა, ჩვენ ისევ ბაღებში დავტოვეთ. ასეთი იყო 104 ბავშვი, ისინი მოვამზადეთ სხვებთან ერთად და სკოლაში გავუშვით; ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ამისთვის საკრებულოს წევრების გვერდით დგომაა საჭირო. მე მადლობელი ვარ ქალბატონი ია ჩხაიძის და მისი კომისიის წევრების, რომლებიც მონიტორინგს ატარებდნენ. 10 ოქტომბერს გავხსნით წყალწმინდის ბაღს. გასაკეთებელია სუფსის ბაღი, რომელიც მომავალ წელს აუცილებლად გაკეთდება.~ ბაღების ცენტრის ხელმძღვანელმა თავისი ხანგრძლივი გამოსვლა იმით დაასრულა, რომ ამერიკაში წლების წინ მიღებული სერთიფიკატი ახსენა და ისიც თქვა, საკრებულოს წევრობა მე არ მიკვირს და კარგი იქნებოდა, ბაღებში საკრებულოს დღევანდელი თავმჯდომარე წასულიყო, მე კი სხდომა წამეყვანაო. ამერიკულ სერთიფიკატზე დარბაზიდან შენიშვნა მისცეს ბატონ დავითს, მაგას ვადა აღარ გაუვიდაო. რაც შეეხება სხდომის წაყვანას, შენ მიჩვეული ხარ წევრობას და მეტი აღარ გინდაო _ ურეპლიკეს დეპუტატებმა. წულაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში საკრებულომ ცნობად მიიღო. საკრებულოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს დავით წულაძეს და ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო - სააღმზრდელო ცენტრის“ თანამშრომლებს წარმატებული მუშაობისთვის. ია ჩხაიძემ ხაზი გაუსვა ხელისუფლების როლს ბაღების განვითარების საქმეში. ისიც გაიხსენა, რომ `ოცნების~ პირობებში ბაღებში ბავშვთა კონტიგენტი თითქმის გაორმაგდა და თუ იყო 650 ბავშვამდე, ახლა არის 1250 ბავშვი. თუმც, იყო გარკვეული შენიშვნები: ღრმაღელის დეპუტატმა თემურ მარშანიშვილმა სოფელში არსებული ბაღის ავარიულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მაჟორიტარის თქმით, თუ სახურავი დროულად არ შეკეთდა, შეიძლება სხვა პრობლემებმაც იჩინოს თავი. სუფსის მაჟორიტარმა, ჯუმბერ ბლაგიძემ კოლეგებს შეახსენა, რომ უკვე წლებია პირდებიან თემში ბაღის მშენებლობას, მაგრამ საკითხი არ გვარდება: `სუფსაში ბაღი დაჩაგვრის ობიექტი არ უნდა იყოს.~ რომან ბიწაძემ ბაღების ადმინისტრაციულ შენობებში განთავსება დაიწუნა და კარგი იქნება თუ ეს საკითხი დროულად მოგვარდებაო. დარეჯან ბურჭულაძემ კოლეგებს გამგებლის, ზაზა ურუშაძის დანაპირები შეახსენა: `ალბათ, გახსოვთ, როცა სასწავლო პროცესი სრულდებოდა ბაღებში და გამოსაშვები საღამოები იმართებოდა, ბატონი ზაზა დაპირდა ბაღის მუშაკებს, რომ ხელფასები გაიზრდებოდა. მაინტერესებს, როდის შესრულდება ეს დაპირება და რამდენით?!~ ბურჭულაძის შეკითხვაზე წულაძემ დაადასტურა, რომ გამგებელი მართლაც დაპირდა გამოსაშვებ საღამოზე ბაღებში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასების გაზრდას: `იყო ამაზე საუბარი და ეს შესრულდება ახალი საბიუჯეტო წლიდან. ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენთან მუშაობს 50 ლარით გაეზრდება ხელფასი.~ საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძემ წარმოადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო გეგმა განიხილეს ფრაქციებმა, კომისიებმა და გარკვეული შენიშვნები იქნა მასში შეტანილი. საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, ომარ გოგიჩაიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა აღნიშნული კომისია. საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების შესახებ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის #8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხის მომხსენებლის, გიორგი ფაცურიას განმარტებით, საპრივატიზაციო გეგმასა და ნუსხაში ცვლილება განპირობებულია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ელექტრონული აუქციონის გზით პრივატიზებული ობიექტების ამოღებით საპრივატიზაციო ნუსხიდან და გეგმიდან (მაჩხვარეთში ყოფილი წყალსადენის შენობა-ნაგებობა, გვიმბალაურში ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე #4 შენობა-ნაგებობა) და ერთი ობიექტის დამატებით (შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ყოფილი კულტურის სახლი). ბატონი ფაცურიას მიმართ, როგორ წულაძის შემთხვევაში მოხდა, მადლობები არ დაიშურეს საკრებულოს წევრებმა. დარეჯან ბურჭულაძე: `კარგია მადლობა, მეც ვუერთდები ამას, მაგრამ თუ ეს კაცი ასე აკეთებს საქმეს, არ სჯობია პრემია მივცეთ, მადლობას?! დავაფასოთ მისი შრომა.~ საკრებულოს წევრის ინიციატივას კოლეგები ტაშით შეხვდნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ დეპუტატებმა სოფლებში არსებული თუ სხვა პრობლემების შესახებ იმსჯელეს სხვადასხვაში. ემზარ თედორაძემ საკრებულოს წევრების აბუჩად აგდებაში დაადანაშაულა გამგეობის თანამშრომლები და თავმჯდომარის მხრიდან გვერდით დადგომა და პრობლემის აღმოფხვრა მოითხოვა. ჯუმბერ ბლაგიძემ ბაღებთან და სკოლებთან სანაგვე ურნები თუ არ დავდგით პრობლემის წინაშე ვართო. დარეჯან ბურჭულაძემ თხილის ცუდი მოსავლის გამო კომპენსაციის საკითხი დააყენა: `როცა კახეთში სეტყვა ხდება, დაზარალებულებს კომპენსაციას აძლევენ. ჩვენთან წელს თხილის ცუდი მოსავალი რომ არის, ყველა ვხედავთ. თხილზეა დამოკიდებული მოსახლეობის უმეტესობა. ძალიან ცუდი ზამთარი გველოდება წინ. არ შეიძლება ამ ხალხსაც რომ მიეცეს გარკვეული თანხა?! სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან შესაბამის სამსახურს წერილი გავუგზავნოთ და ამის შესახებ ვთხოვოთ.~ რომან ბიწაძემ მუნიციპალიტეტის მთავარ შენობაში ინტერნეტის პრობლემა დააყენა. `ჯუმბერ ბლაგიძე ამბობდა ამის შესახებ. ეტყობა მოწყინდა კიდევ ერთხელ ამ საკითხის დაყენება. სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე. იყო დაპირება, რომ აგვისტოს ბოლომდე მოგვარდებოდა, მაგრამ დღესაც წვალობს ხალხი. მე სულ რომ არ მქონდეს ინტერნეტი, ავიტან, რადგან ვსარგებლობ `მაგთი-ფიქსის~ მოდემით, რომლის თანხასაც პირადად ვიხდი, მაგრამ სხვებმა რა ქნან?!~ ეთიკის კომისიის თავკაცი სხდომაზე მეგაფონით იყო მოსული და მიზეზიც განმარტა: `მეოთხე სართულზეა სამოქალაქო და საჯარო რეესტრი. დღეში ძალიან ბევრი ადამიანი დადის ამ სამსახურებში. უჭირთ ადამიანებს მე-4 სართულზე ასვლა-ჩამოსვლა. როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროში მაღალი ხელფასებიც აქვთ და უფრო მეტი პრემიები. კეთილი ინებონ და ამ სამსახურებს ისეთი ფართი გამოუყონ, რომ ადამიანებმა ადვილად ისარგებლონ. ახლა რაც შეეხება ამ მეგაფონს, რომელზეც ჩემმა კოლეგებმა მკითხეს, ავიღებ მას და გავაგონებ წულუკიანს თუ არ ესმის ჩვენი პრობლემა.~ როგორც სხდომაზე ითქვა _ აღნიშნული სამსახურები შეიძლება მალე ყოფილი კომისარიატის შენობაში გადავიდნენ, იქ არსებული ფართის კეთილმოწყობა იგეგმებაო. ისიც აღსანიშნავია, რომ ყოფილი კომისარიატის შენობა ავარიულია და თვეების წინ, როცა მას საკრებულოს წევრები სტუმრობდნენ, ითქვა, მასში რემონტის შემდეგ ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნებაო. როცა ეს ფაქტი შეახსენეს ერთმანეთს დეპუტატებმა, გამოსავალი მაინც მოინახებაო, იყო პასუხი.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები