ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიორგი შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია, მან ფინალში რუს სპორტსმენს სძლია!

გიორგი შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია, მან ფინალში რუს სპორტსმენს სძლია!
14-09-2016, 00:00

ჩინებული სტარტი აიღო საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა და 2 ოქრო მოიპოვა. ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე, რომელიც ჯერ მხოლოდ 15 წლის არის მსოფლიო ჩემპიონია.ჩვენებურმა 50 კგ. წონით კატეგორიაში იჭიდავა და ყველა მეტოქე დაამარცხა. გიორგი ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და ის ერთ–ერთ ფავორიტად ითვლებოდა ჭაბულთა მსოფლიო პირველობაზე. ჩვენებური პირველ შეხვედრაში რუმინელ კონსტანტინ-ბინონე ლუპუს დაუპირისპირდა და საკმაოდ იოლად სძლია. ამის შემდეგ იყო ირანელი როია სოულატ დად მარზი და კიდევ ერთი გამარჯვება. ნახევარფინალში შოთაძემ აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი, ვისაც ევროპაზეც მოუგო, კარგად ჩაიყვანა ჩოქბჯენში, რასაც კიდევ ერთი ქულა დაუმატა და 3:0 დაამარცხა. ის ფინალშიც უტევდა რუს ანზორ კარაგულოვს, ვინც ორჯერ გაიყვანა წრიდან და თავიდან ამ ხერხით 2:0 დაწინაურდა. თუმცა მხოლოდ ამ სტილში ჭიდაობას არ დასჯერდა და ორი გდებაც გაუკეთა. ფინალში კარგი ტაქტიკური ცოდნაც გამოავლინა და ორჯერ თვითონაც გავიდა გარეთ - ისედაც იგებდა და უცაბედად გდების გაშვების საფრთხეს თითო ქულის დაკარგვა ამჯობინა. თან ამით დროც გაჰყავდა. საბოლოოდ შოთაძემ 6:2 აჯობა მეტოქეს. შესაბამისად, ის ხდება პირველი ლანჩხუთელი მოჭიდავე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იგებს. საპატიო წრეს არტყამს ტატამს ქართული ხუთჯვრიანი დროშით და დარბაზში ოვაციები ისმის. ლანჩხუთელი გულშემატკივრების შეძახილები ყველას სჯაბნის: გიორგი მაგარი ხარ! ლანჩხუთის სიამაყე! ჩვენ ჩემპიონები ვართ! და ა.შ. გურამ იმნაიშვილი, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის დირექტორი: სიტყვებით ძნელია გადმოსცე ის ემოცია, რაც ჩვენს დაგვემართა. მადლობა ამ პატარა ბიჭს ამხელა სიხარულისთვის. ვულოცავ მთელს ლანჩხუთს, გურულებს, საქართველოს ამ უდიდეს წარმატებას. ეს არის პირველი შემთხვევა ლანჩხუთის ისტორიაში, როცა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გვყავს. ხმაც კი დავკარგე, ისეთ ემოციებში ვარ. ბრავო გიორგი. მადლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელმაც უზრუნველყო გულშემატკივრების გამგზავრება თბილისში. იქ მართლაც ბევრნი ვიყავი, მწვრთნელები, სპორტული ცენტრის წარმომადგენლები. იქ შემოგვიერთდნენ ლანჩხუთელები. მოკლედ, დარბაზში ბლომად ვიყავით და ჩვენებურად ვეხმარებოდით გიორგის, რომელიც მართლაც უძლიერესია. ზაზა ღლონტი, მწვრთნელი: ეს არის ძალიან დიდი სიხარული. ვულოცავ ყველას ამ დიდ წარმატებას. გიორგის რომ უდიდესი მომავალი აქვს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ევროპის ჩემპიონობა, ახლა კიდევ მსოფლიო. მაგარია! ხმა ჩამიხჩა ყვირილისგან. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უდიდეს წარმატებაში. ირმა სალუქვაძე, გიორგი შოთაძის დედა: ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. დავიწყებ ჩვენი მაჟორიტარით თემურ ჩხაიძით, ასევე ლუკა კურტანიძეს უდიდესი მადლობა, რომლის ხელშეწყობითაც ის ჩაირიცხა ოლიმპიური მომზადების გუნდში. გიორგი მოხვდა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დავით ბედინაძესთან, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ შედეგის მიღწევაში. მადლობა ლანჩხუთის სპორტული ცენტრს, ზაზა ღლონტს, დათო მჟავიას, გია ჩხაიძეს, თემურ მარშანიშვილს და ქალბატონ გულიკო ურუშაძეს. მადლობა ყველას, მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები