ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

„ქვიანიდან დიდ სცენაზე“ – ივანე ასკურავას 110 წლის იუბილე ლანჩხუთში

გუშინ, 17:25

  ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა განსაკუთრებულ ღონისძიებას უმასპინძლა. ამჯერად მუზეუმის დარბაზი სახელოვანი გურულის, ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვრისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ივანე ასკურავას ხსოვნას დაეთმო. მისი დაბადებიდან 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შეხვედრას სიმბოლური სახელწოდება – „ქვიანიდან დიდ სცენაზე“ ჰქონდა.ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ადამიანის ცხოვრების გზა, რომელმაც გურიის პატარა სოფელ ქვიანიდან დაიწყო და საკუთარი ნიჭითა და შრომით ქართული სცენოგრაფიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად იქცა.ივანე ასკურავას შემოქმედებით ბიოგრაფიასა და ლანჩხუთის თეატრთან მის პირველ ნაბიჯებზე მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ლალი რამიშვილმა ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ფაქტებით, მოგონებებითა და საარქივო ფოტომასალით გააცნო მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება. ეკრანზე გაცოცხლებულმა ფოტოებმა კი მსმენელს საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ შეეხედა იმ ადამიანისათვის, რომლის სახელი ქართული თეატრის ისტორიაში დარჩა.
მამის შესახებ პირადი მოგონებები და ოჯახური ისტორიები სტუმრებს გაუზიარეს ივანე ასკურავას ქალიშვილმა მეგი ასკურავამ და მისმა ბიძაშვილმა ილტანი სარჯველაძემ, რომლებიც საიუბილეო ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ ლანჩხუთში.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ღონისძიების ორგანიზატორი ნონა იმნაძე და ინიციატივის ავტორი გოგი ფირცხალაიშვილი. ივანე ასკურავასადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა სამსონ მათითაიშვილმა. სახელოვან თანამემამულეზე ისაუბრა კახა ასკურავამ, რომელმაც საზოგადოებას მხატვრის შესახებ წიგნის გამოცემის განზრახვაც გააცნო.
საინტერესო მოგონებები და ფაქტები წარმოადგინა თეატრისა და კინოს მუზეუმის გამგემ მაია ჩხაიძემ, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება ივანე ასკურავასა და ლანჩხუთის თეატრალურ ცხოვრებას შორის არსებულ კავშირს დაუთმო. მან მხარეთმცოდნეობის მუზეუმს საჩუქრად გადასცა მხატვრის მიერ ადგილობრივი თეატრის სცენისთვის შექმნილი დეკორაციის ფოტოსურათი.
ამ ექსპონატის მუზეუმისთვის გადაცემის საკითხზე ისაუბრა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა გოდერძი ქურიძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ივანე ასკურავას შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები სათანადოდ იყოს დაცული და ხელმისაწვდომი მომავალი თაობებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მხატვრის ოჯახის წევრები, ნათესავები, სოფელ ქვიანის მცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები სასამართლო ექსპერტი, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე რიმა ასკურავა.
ეს შეხვედრა მხოლოდ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა არ ყოფილა. იგი კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ლანჩხუთს აქვს საამაყო წარსული და ადამიანები, რომელთა ღვაწლიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ივანე ასკურავას სახელი და შემოქმედება სწორედ იმ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელსაც გაფრთხილება, შესწავლა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება.
გურიის პატარა სოფელ ქვიანიდან დიდ თეატრალურ სცენამდე გავლილი გზა კი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ნიჭს, შრომასა და საქმის სიყვარულს ადამიანის სახელი ეპოქას შემოარჩინოს.

განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 90
FACEBOOK კომენტარები