საინფორმაციო ეპოქაში ბიბლიოთეკები მხოლოდ წიგნების საცავი აღარაა, ისინი თანამედროვე ციფრულ და საგანმანათლებლო ცენტრებად ყალიბდებიან. სწორედ ამ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გამოწვევებს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია „ბიბლიოთეკები ციფრულ ეპოქაში“, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა.
ღონისძიებამ თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე ბიბლიოთეკარს უმასპინძლა. მონაწილეებს შორის იყო ლანჩხუთის სოფელ ჩოჩხათის ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი და წიგნის კლუბის მენეჯერი ნათია ღლონტი. ორი დღის განმავლობაში ქართველმა, გერმანელმა და ფრანგმა ექსპერტებმა მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორ უნდა მოერგონ ბიბლიოთეკები თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქას.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რამდენიმე მთავარ თემაზე: როგორ გახდეს ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნის გასაცემი ადგილი, არამედ საგანმანათლებლო ცენტრი.
როგორ დაეხმარონ ბიბლიოთეკარები მოქალაქეებს ციფრულ სივრცეში სწორი ინფორმაციის მოძიებასა და ყალბი ამბებისგან თავის დაცვაში.
კულტურული მემკვიდრეობის ციფრულად შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა ყველასთვის.
ფრანგმა და გერმანელმა სტუმრებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი პრაქტიკა იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ევროპაში სხვადასხვა სახის შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები უშუალოდ ბიბლიოთეკის ბაზაზე. მათ ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკარისა და ადგილობრივი ბიბლიოთეკის განსაკუთრებულ როლს თემის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თავის მხრივ, ქართველმა ბიბლიოთეკარებმაც წარადგინეს საკუთარი გამოცდილება, ისაუბრეს ადგილობრივ გამოწვევებზე, მიღწევებსა და იმ უნიკალურ მიდგომებზე, რომლებსაც თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა და სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი.
სოფელ ჩოჩხათის ბიბლიოთეკის წარმომადგენლის, ნათია ღლონტის მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული ბიბლიოთეკების გაძლიერება. მიღებული ცოდნა და ევროპელი კოლეგების გამოცდილება ბიბლიოთეკარებს დაეხმარება, ადგილობრივ მკითხველსა და ახალგაზრდებს თანამედროვე სერვისები შესთავაზონ.
კონფერენცია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, გერმანულ-ფრანგული კულტურული ფონდის (FჩFA) მხარდაჭერით ჩატარდა.
საერთაშორისო კონფერენცია - „ბიბლიოთეკები ციფრულ ეპოქაში“
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 33



