ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩიბათის საჯარო სკოლა 152 წლისაა

4-06-2025, 17:51

   საქართველოს ბევრ სოფელს თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს. მათ შორის ერთ-ერთია სოფელი  ჩიბათი.  ნებისმიერი სოფლისთვის, მისი არსებობისთვის და განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს  სკოლას. ჩიბათის საჯარო სკოლა კი სწორედ ის მამოძრავებელი ძალაა, სოფლის ნამდვილი გული, სადაც არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ თაობები იზრდებიან და ყალიბდებიან. 
ხშირად გვგონია, რომ სკოლა მხოლოდ კედლებია,  მაგრამ სოფლის სკოლა გაცილებით მეტია. ის არის ნამდვილი შუქურა სოფლის ცხოვრებაში, ადგილი, სადაც არა მხოლოდ ასოებსა და რიცხვებს სწავლობენ, არამედ ითვისებენ სიკეთეს, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს სამშობლოსა და მშობლიური მიწის მიმართ. ჩიბათის სკოლის თითოეული კლასის ოთახი არის არა მხოლოდ საკლასო ოთახი, არამედ კერა, სადაც თაობები იზრდებიან, ყალიბდებიან და ემზადებიან მომავალი ცხოვრებისთვის.                სკოლა სოფლისთვის, განსაკუთრებით კი ჩიბათისთვის, არის სოციალური ცენტრი. ის აერთიანებს მშობლებს, მასწავლებლებს, სოფლის მცხოვრებლებს. აქ იმართება შეხვედრები, ზეიმები, კულტურული ღონისძიებები, რომლებიც აცოცხლებს სოფლის ცხოვრებას და აძლიერებს სოფლის  ერთიანობას. 
ჩვენი სკოლა არის ხიდი თაობებს შორის, რომელიც გადასცემს ტრადიციებს, ცოდნასა და ღირებულებებს. ის უზრუნველყოფს, რომ სოფელმა არასოდეს დაკარგოს  თავისი იდენტობა. 
  სოფლის სკოლის მნიშვნელობა უზარმაზარია. ის არის ის საძირკველი, რომელზეც დგას სოფლის კეთილდღეობა, მისი განვითარება და მისი მომავალი. ჩიბათის საჯარო სკოლა კი ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია. 
  ჩიბათის სკოლის ისტორია
 ჩიბათის სკოლის ისტორია 1872-74 წლებში იწყება. სწორედ ამ დროს დაარსდა სოფელში პირველი ერთკლასიანი სასწავლებელი.  სოფელში სკოლის დაარსება უკავშირდება ანტონ ნაკაშიძის სახელს, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებში ლანჩხუთში პოლიციის ბოქაულად მუშაობდა. 1875-76 წლისთვის ჩიბათის სკოლაში 76 მოსწავლე ირიცხებოდა. 
ჩიბათის სკოლა თავდაპირველად შედარებით მცირე შენობაში ყოფილა მოთავსებული და ამიტომაც ვერ აკმაყოფილებდა სწავლის მსურველთა მოთხოვნებს. 
1886 წელს ჩიბათში სოფლის მწერლად სამსახური დაიწყო ეგნატე ნინოშვილმა, იგი მასწავლებელს, სეო ჭყონიას დაუმეგობრდა, რომლის დახმარებითაც ეგნატემ სოფლის მოწინავე ახალგაზრდობისგან ფარული წრე ჩამოაყალიბა, ეგნატე ახალგაზრდებს თბილისიდან ჩამოტანილ ლიტერატურას უკითხავდა. ეგნატე ნინოშვილს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ჩიბათის სკოლის სხვა მასწავლებლებთან მათ შორის სიმონ გაბრიელის ძე ჯორბენაძესთან. 
1893 წელს ჩიბათის სოფლის ყრილობამ გადაწყვიტა მაშინდელი სასოფლო სკოლა ორკლასიან სასწავლებლად გადაეკეთებინა. გარდა ამისა, გადაწყდა სკოლისთვის შესაფერისი ახალი ქვითკირის შენობა აეგოთ. 1895 წლის 15 ოქტომბერს ახალი  ორკლასიანი სკოლა  გახსნილა. გახსნას ესწრებოდნენ სკოლის ახალი მასწავლებელი სიმონ გაბრიელის ძე ჯორბენაძე, ჩიბათის მოსახლეობა, ქუთაისიდან ჩამოსული სტუმრები და ადგილობრივი თავადაზნაურობა. მღვდელს, მოსე ჯორბენაძეს სკოლა უკურთხებია და სიტყვაც წარმოუთქვამს. ჩიბათის სკოლის მასწავლებელი სიმონ ჯორბენაძე დაუღალავად ეწეოდა სწავლა-განათლების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას. როგორც წყაროები მოგვითხრობს სიმონი სოფლის მოსახლეობის უანგარო დამხმარე და გვერდში მდგომი ყოფილა. უქმე დღეებში სკოლის შენობაში შეკრებილ მოსახლეობას ჟურნალ-გაზეთებს უკითხავდა, გარდა ამისა მოსწავლეებს ძირითადი საგნების გარდა ასწავლიდა მევენახეობას, მებოსტნეობასა და მეაბრეშუმეობას. 1902 წლისთვის ჩიბათის სკოლაში უკვე ასამდე მოსწავლე ყოფილა, თუმცა მსურველი კიდევ უფრო მეტი. სკოლის მასწავლებელთა დაუღალავმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო. ჩიბათის ორკლასიანი სკოლა სწავლის მსურველებს ვეღარ იტევდა. სწორედ ამიტომ ჩიბათის თემში შემავალ სოფლებში (ლესა, ჭინათი, ზემო ჩიბათი) ერთკლასიანი სამრევლო სკოლები გაიხსნა. 1918 წელს ჩიბათის ორკლასიანი სასწავლებელი შვიდწლედად გადაკეთდა, რომლის პირველი გამგე ხონიდან წამოსული მაწავლებელი ალექსანდრე ჭავჭანიძე იყო. ამ დროს სკოლაში ასწავლიდნენ: პლატონ იმნაძე, აკაკი იმნაძე, შალვა ჯორბენაძე, ხარიტონ ჯორბენაძე, ნიკოლოზ ჯორბენაძე, მარო ჭყონია და სხვები.
მოგვიანებით სკოლა შეაკეთეს და გაადიდეს. ამის შემდეგ სკოლას უკვე ოთხი ოთახი ჰქონდა. თუმცა ეს საკმარისი არ იყო სწავლის მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე. ამიტომაც სწავლა ორ ცვლად მიმდინარეობდა. 
1930 წელს ჩიბათის სკოლა კოლმეურნე ახალგაზრდობის სკოლად გადაკეთდა, რომლის პირველი დირექტორიც ალექსადრე საჯაია ყოფილა. 1931-32 სასწავლო წლებში სკოლის ხელმძღვანელობა ჩაიბარა ამბროსი იმნაძემ, რომელიც ამ თანამდებობას 1939 წლამდე იკავებდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დაისვა საკითხი სკოლისთვის შესაფერისი შენობის აგების შესახებ . 
ახალი სკოლის მშენებლობაში მთელი სოფელი ჩაერთო. 1932 წლის მაისში დაიწყო არსებული სკოლი გაფართოება. განათლების სამინისტრომ დააკმაყოფილა მოსახლეობის თხოვნა და 1934-35 სასწავლო წელს გაიხსნა ჩიბათის საშუალო სკოლის 8  კლასი 65 მოსწავლით. 
1939 წლის 20 დეკემბერს დასრულდა ჩიბათის სკოლის ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა ახალი სკოლის მოთხოვნებს. 
1940 წლის იანვრიდან ამბროსი იმნაძის ნაცვლად სკოლის დირექტორად დაინიშნა ალექსანდრე ჩიკვაიძე. ჩიბათის საშუალო სკოლაში სასწავლო პროცესს უზრუნველყოფდნენ იმ დროისათვის ცნობილი და დამსახურებული პედაგოგები. 
1973 წლის 27 ოქტომბერს ჩიბათის სკოლის დაარსების 100 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩიბათის სკოლის აღზრდილები, სახელოვანი შვილები მათ შორის მაშინდელი სკოლის დირექტორი არჩილ ლომაძე.   სკოლის მრავალწლიან ისტორიაში მართვის სადავეები არაერთ ღირსეულ დირექტორს ებარა, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასა  და სკოლის   განვითარებაში. სხვადასხვა წლებში სკოლას ხელმძღვანელობდნენ შემდეგი დირექტორები:  მიხეილ ბზეკალავა, კარლო ზენაიშვილი, არჩილ ლომაძე, შოთა ნაჭყეპია, ლევან ჩხაიძე, თემურ ჩიკაშუა, ალექსანდრე ურუშაძე, ნინო მოისწრაფიშვილი, ნანი ფაცურია, იაკობ ფირცხალაიშვილი, თინათინ გოგელია, მეგი იმნაძე, მამუკა იმნაიშვილი. 
2012-13 სასწავლო წელს  სკოლის ახალი შენობა გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.     2022 წლის 7 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ჩიბათის საჯარო სკოლას ჩვენი სოფლის მკვიდრის, აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა სულაბერიძის სახელი მიენიჭა.  
ბოლო 14 წლის განმავლობაში - 2010 დან 2024 წლამდე სკოლამ 21 წარჩინებული  მედალოსანი მოსწავლე აღზარდა, რაც მაღალი საგანმანათლებლო ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 
2023 წელი მნიშვნელოვანი თარიღი იყო სკოლის ისტორიაში - სწორედ ამ წელს სკოლას მიენიჭა სრული ავტორიზაცია. 
ჩვენი სკოლის  მრავალწლიან ისტორიაში არაერთი თაობა გამოსულა და თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური კვალი დაუტოვებია. სოფლის გამორჩეულმა კურსდამთავრებულებმა  თავიანთი ღირსეული მოღვაწეობით ბევრჯერ ასახელეს მშობლიური სკოლა და წარუშლელი კვალი დატოვეს სკოლის ისტორიაში. ჩვენ სკოლაში აღიზარდა გამოჩენილი ქართველი მედიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე , პროფესორი არკადი ჯორბენაძე. 
  ასევე ჩვენი სკოლის ღირსეული წარმომადგენელი იყო 14 წიგნისა და 190 შრომის ავტორი, ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი,  მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორი იოსებ სარჯველაძე. 
   ჩვენი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული  სკოლისა და სოფლის დიდი ქველმოქმედი, რომლის ინიციატივითა და დახმარებით   მოხდა ჩიბათის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული განახლება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო  მინისტრი ,თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი , ბათუმის საპატიო მოქალაქე, ერთი გამოგონების,  რამდენიმე  წიგნისა და 31 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი - ავთანდილ ჯორბენაძე.   
პირველი საპატიო ჩიბათელი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მედიცინის დოქტორი - ანზორ ჯორბენაძე.
სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ჯილდოების მფლობელი, ორდენების და ,მედლების კავალერი,  გემთინჟინერი  - პლატონ ჯორბენაძე. 
ასევე უნდა გამოვყოთ ამჟამად მოღვაწე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი  მიხეილ კუკულაძე, არქეოლოგიის დოქტორი ასისტენტ- პროფესორი კახა ქამადაძე  და მეცნიერებათა დოქტორი ეკონომიკის დარგში  ზურაბ ჯორბენაძე.   
  გვეამაყება, რომ ვართ ამ ძლიერი და ტრადიციებით გამორჩეული თემის ნაწილი. 
                                                                                                   მამუკა იმნაიშვილი,
                                                                       ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორი

განყოფილება: ---
გადასვლები: 434
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა