ყოველგვარ გაჭირვებას, ამ სოფელში ისე როგორც მთელს გურიაში, თხილის მოსავლის გაფუჭებაც დაერთო. თხილი შეიწამლა, თუმცა ამან მავნებელს ვერ უშველა, ფაქტიურად მოსავალი განადგურებულია და მოსახლეობა მხოლოდ მისი ნაჭუჭის ამარაა დარჩენილი. ფაროსანად წოდებული მავნებელი, უკვე სიმინდის ყანებს, ხეხილს და სხვა ნათესებს შეესია. საქმეში ჩახედული და მეურნე ხალხის თქმით, წამლობა, დაგვიანებული იყო, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ თხილის ბაღები მხოლოდ ალაგ-ალაგ შეიწამლა, რადგან ნებაყოფლობითი იყო შეწამვლა და პარაზიტს ვერ მოერია. მავნებელმა ჩემი ეზო და შენი ეზო რომ იცოდეს, რაღა მაინც და მაინც ჩვენ აგვირჩევდა დასაქცევად, პაწა უფრო სულმოთქმულ ხალხს მიადგებოდაო, ამბობენ აკეთელები. დასაქმებაპრობლემათაგან ყველაზე მთავარი კი დასაქმებაა, დასაქმების წყაროდ კი უმეტესად თურქეთში პერიოდულად გადასვლა და გარკვეული სამუშაოს შესრულებაა მიჩნეული. თურქეთი რომ არ იყოს, შიმშილით დავიხოცებოდითო, ამბობენ აქაურები.ლამაზი ბუნებით, ანკარა წყაროებითა და სუფთა ჰაერით გამორჩეული უნიკალური ადგილები, ეკალ-ბარდების და ამბროზიისა და სხვა სარეველებითაა დაფარული. სოფელ აკეთში სპეციალურად რომ ჩახვიდეთ დარწმუნდებით, რომ აქ ცივილიზაციის ნაკვალევი მხოლოდ ტელეეკრანებითა და მობილური ტელეფონებით შემოიფარგლება.ამ სოფლის სახელწოდება ისტორიულად კეთებასთანაა დაკავშირებული. აქ ჯერ კიდევ ცხოვრობს ტკბილი გემრიელი ხალხი, თუკი რომელიმე ოჯახში სტუმარს ფეხი მიუცდება, უპურმარილოდ არ გამოუშვებენ. საღამოობით კი შარაგზას გაჰყურებენ ათასგვარ ძველ ამბებს ყვებიან.რომელი ერთი უნდა გიამბოთ, რაც აკეთის თემის მოსახლეობას აწუხებს. ხალხი სწუხს ქარავანი მიდის... წუხილთან ერთად იმედებიც ქრება, სოფელიც თავისი ლამაზი ფერების მიუხედავად, ცარიელდება და უკაცურდება. ყველა ამბავი, რომელსაც აქ მოისმენთ წარსულ დროს უკავშირედება, ქორწილები ნათლობები და დღეობები მაშინ იყო თუ იყოო, იტყვიან და თავს გადაიქნევენ. როგორც თავში აღვნიშნეთ, ამ სოფელში ცივილიზაციის ნიშანწყალი სანთლით საძებნელია, სიტყვის პირდაპირი გაგებით, მაგრამ სოფლის ერთგული ადამიანები მაინც არ კარგავენ იმედს, რომ აქაურობა არჩევნების გარდა კვლავ გაახსენდება რომელიმე არჩეულ ხელისუფლებას.... მაია კუკულაძე
განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0