ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დურმიშხან ჩხაიძე: `მსოფლიოში 17 წლის ასაკში ეროვნული ნაკრების ღირსება სულ 3 ფეხბურთელს აქვს დაცული, მეოთხე ნინოა~

დურმიშხან ჩხაიძე: `მსოფლიოში 17 წლის ასაკში ეროვნული ნაკრების ღირსება სულ 3 ფეხბურთელს აქვს დაცული, მეოთხე ნინოა~
4-03-2016, 00:00

ლევან ბაჯელიძის ხელმძღვანელობით გუნდმა დუბაიში არაბეთის გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩები 24 და 27 თებერვალს შედგა. პირველში ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე მშრალი ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.ნაკრების რიგებში ითამაშა ლანჩხუთელმა, სოფელ ჯურუყვეთის მკვიდრმა, ნინო ჩხარტიშვილმა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გუშინწინ გურიის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციის ოფისში ქალთა ფეხბურთისა და რაგბის ექსპერიმენტარული სკოლის ხელმძღვანელმა დურმიშხან ჩხაიძემ პრესკონფერენცია გამართა.`ჩვენს სკოლაში 100-მდე ბავშვი ვარჯიშობს. რამდენიმე მათგანი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია. ის, რაც ნინოს შემთხვევაში გვაქვს, გახლავთ უნიკალური, რადგან 17 წლის გოგონა ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. როგორც ვიცი, მსოფლიოში 17 წლის ასაკში ეროვნული ნაკრების ღირსება სულ 3 ფეხბურთელს აქვს დაცული, მეოთხე ნინოა. სანამ ეროვნულ ნაკრებში მიიწვევდნენ, მანამდე ის იყო 16 წლიანთა ნაკრებში, 17 წლიანებში და 19 წლიანებში. სამივე ნაკრებში კაპიტანი გახლდათ. ეს ნამდვილად საამაყოა ჩვენი რაიონისთვის. როცა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მე მქონდა თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მწვრთნელებთან. ნინოსთან ერთად ბაზაზე რამდენიმე ფეხბურთელი ცხოვრობდა. როგორც მწვრთნელმა მითხრა ჩვენი გუნდის აღზრდილი მუდამ გამოირჩეოდა დისციპლინით და საღამოს მიცემულ დავალებებს დილით მზად ახვედრებდა მწვრთნელს. ემირატებში წასვლა, ალბათ, ნინოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ფეხბურთი. სწორედ მისი წყალობით მოხვდა ის დიდ ნაკრებში, სადაც ცენტრალური მცველის ამპლუაში, 4 ნომრად თამაშობს.~ბატონმა დურმიშხანმა ემირატებთან გამართული მატჩების დეტალებიც გაგვიმხილა: `ჩვენი საფეხბურთო ნაკრები რეიტინგში 104-ე არის, ემირატების 64–ეა. მართალია, მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ უფრო ძლიერ მეტოქესთან რომ გვქონდა შეხვედრა, უდავოა. პირველი მატჩი მშრალი ანგარიშით მოვიგეთ. ნინომ 10 წუთი ითამაშა სულ და დიდი გამოცდილება მიიღო. მეორე მატჩსაც ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებდით, მაგრამ იმდენად ცუდი მსაჯობა იყო, რომ მხოლოდ 1:1 დასრულდა.~ნინო ჩხარტიშვილი: `ძალიან საამაყოა ჩემთვის, რომ ნაკრების წევრი ვარ. ეს იყო უდიდესი გამოწვევა და სიამოვნება, როცა ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავდი ქვეყნიდან ძალიან შორს. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე წლებია ჩვენ თავს გვევლებიან. მინდა ფეხბურთი პროფესიულ დონეზე ვითამაშო~.ბატონი დურმიშხანის თქმით, 25 აპრილიდან ქალთა ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც 25 ოქტომბერს დასრულდება.`ჩვენი სკოლის სახელით გამოვალთ, გუნდს `ფირალები~ ერქმევა. მომავალ წელს ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ ასპარეზობას. შეიძლება მოხდეს კლუბად ჩამოყალიბება, მაგრამ ამ ყველაფერს ფინანსები სჭირდება. უკვე წლებია დაუღალავი შრომა გვიწევს. დახმარების ხელის გამოწვდომა კი არავინ უნდა. ერთი არ მოსულან და არ უთქვამთ, თუ როგორ ვატარებთ ტურნირებს, რას შვებიან ბავშვები. ერთადერთი მადლობა ვისაც ეკუთვნის, ეს მუნიციპალიტეტის გამგებელია. საერთოდ, ვერიდები ხოლმე მადლობების ღიად თქმას, მაგრამ ზაზა ურუშაძის მიმართ რომ მადლობა არ ვთქვა, ძალიან უხერხული იქნება~, – განაცხადა ჩხაიძე და ისიც დასძინა, რომ ლანჩხუთში ტალანტების აღმოჩენა ქალთა ფეხბურთში ძნელი არ არის, ოღონდ ოჯახის წევრების წინააღმდეგობას ვაწყდებითო. `დღეს რამდენიმე გოგონა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრია. გადახედეთ ერთი სპორტის სხვა სახეობებს და ნაკრებში ამდენი წევრი რომელს ეყოლება. ეს დიდი მუშაობის შედეგად არის მიღწეული. საერთოდ, ჩვენ ქალთა ფეხბურთში ისე არ ვასაქმებთ ვინმეს, თუ ერთ-ერთი შვილი გოგონა მაინც არ ჰყავს. გოგონების აღმოჩენა არ გვიჭირს, მაგრამ შემდეგ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. მხოლოდ ბებიები გვიჭერენ მხარს. ისინი ძირითად შემთხვევაში ჩვენს მხარეს არიან. მამების 50% უშვებს ბავშვებს ვარჯიშზე. აი, დედების უმეტეს შემთხვევაში კი წინააღმდეგობას ვაწყდებით. ისინი თვლიან, რომ გოგოსთვის ფეხბურთი არ არის საჭირო, წიგნს მოწყდება, ფეხები დაეკუნთება და ა.შ. არადა, ჩვენთან ნავარჯიშები გოგონები პოდიუმის მოდელებივით არიან, ისეთი ლამაზები გახლავთ. არც წიგნს მოწყვეტილა ვინმე. 5 ისეთი ბავშვი გვყავს, რომლებიც ათოსნები არიან. ერთ-ერთის მასწავლებელმა მითხრა, ამას წინათ, თუ ის გაკვეთილზე არ არის, წარმატებული გაკვეთილი არ გამომდისო. 2 კვირაში ერთხელ მაინც დავდივართ სკოლაში და ბავშვებს მონიტორინგს ვუტარებთ. მათ პედაგოგებს ვეკითხებით, როგორ სწავლობენ და ა.შ. ყველა ვარჯიშის წინ, ახლა დიდი პროფესორობით არ გამოვირჩევი, მაგრამ მცირე ლექსიას ჩვენც ვუტარებთ ამა თუ იმ საკითხზე. ახლა წამოიზარდნენ და სიყვარულზე დამისვეს კითხები. ისეთი შეკითხვები იყო, რომ პომიდორივით გავწითლდი, მაგრამ ავუხსენი ბავშვებს, რომ სიყვარული არის აუცილებელი რამ და ყველა გოგონამ თავის დროზე ოჯახი უნდა შექმნას, მაგრამ 24-25 წლამდე არ უნდა იჩქარონ. ჩვენი გოგონები ისეთი ლამაზები არიან, რომ ჩუმ-ჩუმად ვყარაულობთ, ვინმემ არ მოგვტაცოს~, _ გვითხრა ბატონმა დურმიშხანმა.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები