2022 წლის 22 ივლისს ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგად შპს ,,ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია“ 100 % წილის პირობებით გადაეცა აუქციონში გამარჯვებულ შპს ,,ჯი ბი არ“-ს. აუქციონზე შეძენილი ქონების ფასმა წარმოადგინა 37 400 (ოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი)ლარი. მყიდველი ვალდებულია მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დახარჯოს მინიმუმ 200 000 ლარი, აიღოს პასუხისმგებლობა წარმოშობილი კრედიტორულ დავალიანებაზე და ამა წლის 31 დეკებრამდე გადაიხადოს 359 650(სამას ორმოცდაცხრამეტიათას ექვსას ორმოცდაათი)ლარი. ასევე, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს 3(სამი) წლის განმავლობაში ყოველწლიურად არანაკლებ 700 00(შვიდასი ათასი) ლარის ოდენობით ინვესტირება (არ იგულისხმება ა(ა)იპ ,,ფეხბურთის განვითარების ფონდი“-დან სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი თანხები). ეს თანხა მათ უნდა გახარჯონ ორ ნაწილად: პირველი ეტაპი მინიმუმ 350 000 ლარი 1 ივლისამდე და მეორე ეტაპი მინიმუმ 350 000 ლარი 31 დეკემბრამდე. ფინანსური ვალდებულებები ძირითადად ესენია, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ასევე, მყიდველი ვალდებულია ხელი შეუწყოს ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითარებას, დააფინანსოს ახალგაზრდული ჯგუფები და გუნდები, მწვრთნელები და მომსახურე პერსონალი. არის სხვა ბევრი პუნქტი, რომელთაც სხვა დროს გაგაცნობთ თუ საჭიროება მოითხოვს. ზემოთხსენებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად და მყიდველი ვალდებულია 100% წილი ყოველგვარი დავალიანების გარეშე დაუბრუნოს გამყიდველს, ანუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას. ,,ჰო და არა“ აუცილებლად მიადევნებს თვალს ამ პირობების შესრულება-არშესრულების პროცესს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.
როგორც ხედავთ, მართალია კოლოსარულ თანხებზე და ვალდებულებებზე არ არის საუბარი, მაგრამ გუნდის ფუნქციონირებისთვის, ლიგა2-ში გადასვლაზე ფიქრისთვის სავსებით საკმარისია, თუ რა თქმა უნდა შესრულდა პირობები, მაგრამ, აქ საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ სპორტულ შედეგებზე არაფერია ნათქვამი ხელშეკრულებაში. მარტივად რომ ავხსნათ, ,,გურია“ სულაც რომ გავარდეს ლიგა3-იდანაც, კლუბის მფლობელებს ოფიციალურად ვერავინ მოსთხოვს პასუხს. ,,ჰო და არა” გასულ ნომრებშიც წერდა და განვმეორდებით, ,,გურია“ თავისი ისტორიიდან და ტრადიციიდან გამომდინარე არის განსაკუთრებული კლუბი საქართველოში, ხოლო მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და სათამაშო ფორმა არის ძალზედ სავალალო. ერთადერთი ნათელი წერტილი არის დავით ყიფიანის სახელობის თასი, სადაც ,,გურიამ“ მეოთხედფინალს უწია და სტუმრად გადის ,,ლოკომოტივი 2“-თან, გამარჯვების შემთხვევაში უკვე სახლში ვუმასპინძლებთ შემდეგ მეტოქეს. მართალია თასზე ჩვენებურებს ჯერ ძლიერი მეტოქე არ შეხვედრიათ, მაგრამ თუ ნახევარფინალში გავედით, ეს უდიდესი მიღწევა იქნება. რაც შეეხება ლიგა3-ის მიმდინარე სეზონს, გასავარდნ ზონას 7 ქულით დავაღწიეთ თავი, ხოლო ლიგა2-ში გადასასვლელი პლეიოფის ზონას 11 ქულით ჩამოვრჩებით. პარასკევს 30 სექტემბერს ევგრაფი შევარდნაძეზე უშუალო მეტოქეს ,,ირაოს“ ვმასპინძლობთ (იყო დრო არწივებს ვეთამაშებოდით, რას ვიზამთ)15:30 საათზე და იმედია სამ ქულას ჩაიწერს აქტივში ,,გურია“. წინა ნომრებში საკმარისად დავწერეთ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, სიჩუმეზე, ,,ხელების დაბანაზე“, ყოველ წელიწადს გაუარესებულ შედეგებზე და აღარ შეგაწყენთ თავს. მესამე წელიწადია ბიზნესმენი მიშა ჯაფარიძე და მისი ბიზნესპარტნიორები ხელმძღვანელობენ ,,გურიას“, ჯერ იყო და დროებითი მართვით, ახლა უკვე 100% წილის მმართველებია. ,,ჰო და არამ” გადაწყვიტა კითხვებით უშუალოდ მიშა ჯაფარიძესთვის მიემართა, ასევე მოგვესმინა მისგან სამომავლო გეგმების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ეს მისი პირველი ინტერვიუა ამ სამი სეზონის განმავლობაში.
_ ბატონო მიშა, გაეცანით საზოგადოებას და გვითხარით, როდის, რატომ გადაწყვიტეთ ,,გურიაში“ მოსვლა?
_ მე ვარ მიშა ჯაფარიძე, ბიზნესმენი. ფეხბურთზე და განსაკუთრებით ,,გურიაზე“ უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ჩემი პირველი საფეხბურთო სენტიმენტები სწორედ ამ გუნდს უკავშირდება. მაშინდელმა ,,გურიამ“ შემაყვარა ფეხბურთის ყურება. ჩვენ მოვედით 2020 წლის აპრილში, ვიყიდეთ რა კახა ებრალიძის კუთვნილი კომპანია ,,ბლექსი ჯგუფი“, რომელიც გახლდათ ,,გურიას“ დროებითი მმართველი. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ძალიან მძიმე პერიოდი დაემთხვა, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, სპორტული ღონისძიებების შეფერხება და ა.შ. თანაც მაშინ არ ვიცოდით ჩვენი მომავალი კლუბში, როგორც იცით მხოლოდ ორიოდე თვის წინ ჩატარებული ელექტრონული აუქციონის მოგების შემდეგ გავხდით 100% წილის მფლობელები, რა თქმა უნდა, თავისი ფინანსური და სპორტული ვალდებულებების მიხედვით.
_ 2 წლის წინ მაშინდელი სპორტული დირექტორი, გიგა სურმავა საკმაოდ ფრთხილი იყო სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით, გულშემატკივარი ძალიან გაბრაზებულია ,,გურიას“ შედეგების გამო. ახლა, რას იტყვით, როცა უკვე კლუბი თქვენია?
_ როგორც უკვე მოგახსენეთ, მაშინ ჩვენი სამომავლო სტატუსი ,,გურიაში“ ბოლომდე გარკვეული არ იყო, მიუხედავად ამისა ცდა არ დაგვიკლია, თუ ფინანსურად, თუ სპორტულად, თუმცა სამწუხაროდ მაღალ შედეგებზე ვერ გავედით. შესაბამისად აბსოლუტურად სწორი იყო გიგა, როდესაც გრანდიოზულ გეგმებზე ვერ საუბრობდა, მაგრამ, თუ აქამდე ფრთხილი ვიყავით და ვერ ვამბობდით დარწმუნებით, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო სეზონიდან კლუბი მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს! საამისო სტატუსიც გვაქვს, რესურსიც, მორალური და სპორტული ვალდებულება. უკვე მომავალი სეზონიდანვე ჩვენი მიზანი იქნება ჯერ ლიგა2-ში დაბრუნება, შემდგომ ეროვნულ ლიგაში. მერწმუნეთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ბევრი რამ არის დასახვეწი და შესაცვლელი, ბევრი დასაკვირვებელი. ყველა ფეხბურთელს აქვს შანსი დაამტკიცოს, რომ ღირსია ,,გურიაში“ ასპარეზობის, მჯერა თითოეული მათგანის მონდომების და სულისკვეთების. ვნახოთ, ვინ როგორ და რას დაამტკიცებს. დროა ,,გურიამ“ ჩვენი ხელმძღვანელობით თავისი სათქმელი თქვას.
_ უკვე ორი წელია ადგილობრივ მედიასთან და გულშემატკივართან პირდაპირი კავშირი და შეხვედრა არ გქონიათ. ვფიქრობ, ,,გურიაში“ მიმდინარე პროცესები მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს, გულშემატკივარმა უნდა იცოდეს რა ხდება კლუბის ირგვლივ...
_ ეს შექმნილი უხერხულობა ვფიქრობ ორმხრივია. ორივე მხარეს მართებდა და მართებს მეტი აქტიურობა. ჩვენის მხრივ, ვაფიქსირებ ღიად, რომ ამ ხარვეზს გამოვასწორებთ და კომუნიკაცია აუცილებლად იქნება. თქვენ პირველი ჟურნალისტი ხართ ლანჩხუთიდან, ვინც ამ დროის განმავლობაში დამიკავშირდა, ყოველთვის მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო. ადრეც გვქონდა სურვილი და მცდელობა, მაგრამ ახლა დარწმუნებით გეტყვით, რომ ოქტომბრის პირველ ნახევარში შევხვდებით ადგილობრივ მედიასა და გულშემატკივარს. ვუპასუხებთ მათ ყველა შეკითხვას და ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. პროცესი იქნება ძალიან გამჭირვალე და ღია, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ერთად უნდა დავუბრუნოთ ,,გურიას“ დიდება. სხვათა შორის 12 ოქტომბერს ,,გურიას“ აქვს უმნიშვნელოვანესი სათასო შეხვედრა ,,ლოკომოტივი 2“-თან და წარმატების შემთხვევაში არც მეტი, არც ნაკლები ნახევარფინალის საგზურს მოვიპოვებთ. კარგი იქნება მედია და გულშემატკივარი თუ დაიტერესდება ამ მატჩით.
_ ელექტრონული აუქციონის პირობები, რომელსაც საბოლოოდ დაეთანხმეთ და ხელი მოაწერეთ, თქვენთვის რამდენადმე მიუღებელი ხომ არ ყოფილა?
_ არა, სავსებით მისაღები ფინანსური ვალდებულებებია.ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ თუ რა თანხებია საჭირო სერიოზული მიზნების მისაღწევად. იქ ვალია გადასახდელი, იქ ფეხბურთელების შეძენა, იქ პირობები, მოკლედ დიდი გამოწვევებია და ბუნებრივია ეს მინიმალური თანხა აუცილებლად დასახარჯია, თუ საჭირო იქნება მეტსაც გავაკეთებთ, ვნახოთ. სხვათა შორის, უკვე ვმუშაობთ ამ თემაზე და უნდა მოგახსენოთ, რომ უკვე თებერვალ-მარტში გვინდა კლუბი სააქციო საზოგადოებად გადავაქციოთ. იქნება ბევრი აქციონერი და ყველა მათგანს შეეძლება თავისი წვლილი შეიტანოს გუნდის განვითარებაში. რაზეც ვისაუბრე ამ ყველაფერში სწორედ რომ აუცილებელია ადგილობრივი გულშემატკივარის და მედიის ჩართულობა.
_ საინფორმაციო მხარდაჭერა ექნება კლუბს რა თქმა უნდა, მაგრამ იქნება კარგი შედეგი, იქნება კარგი პრესა, იქნება ცუდი შედეგი, იქნება ცუდი პრესა...
_ რა თქმა უნდა. ჩვენ მზად ვართ კრიტიკისთვის, შენიშვნებისთვის, მსჯელობისთვის, მაგრამ ხანდახან მცირე მხარდაჭერაც კი მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის, როცა რაღაც პოზიტივი ხდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კრიტიკა, შენიშვნა ნაკლებად დავიმსახუროთ, ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი გააქტიურდება და გვერდით დაგვიდგება. იქნება ხშირი შეხვედრები, საუბრები ყველა დაინტერესებულ პირთან, მზად ვართ აქტიური კომუნიკაციისთვის, მთავარია ინტერესი იყოს. კარგად ვხდებით, რომ სპორტული შედეგები გამოსასწორებელია და თან საჩქაროდ. გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიმედოვნებთ ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლას.
მიშა ჯაფარიძე:,,თუ აქამდე ფრთხილი ვიყავით და ვერ ვამბობდით დარწმუნებით, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო სეზონიდან კლუბი მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს!“
თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 806



