ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გურული ხმაიურისდიქცია ქართულ ფეხბურთში!

გურული ხმაიურისდიქცია ქართულ ფეხბურთში!
7-10-2015, 00:00

_ 38 წლის სახელოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა ყველას აჯობა. მას მხარს ლანჩხუთის `გურიაც~ უჭერდა, ვისაც ხმა არ ჰქონდა, თუმცა მისი პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე `ჰოლიდეი ინნთან~ ელოდა კობის გამარჯვებას. მისი მთავარი კონკურენტის, რევაზ არველაძის ბანაკში გახლდათ გურული ფეხბურთის მესაჭე კახა ებრალიძე, ვინაც არაერთი ზეწოლის მიუხედავად, პრინციპების ერთგული დარჩა. ამიტომაც მოსალოდნელიც იყო, დამარცხებულმა რევაზ არველაძემ მას მადლობა საგანგებოდ რომ გადაუხადა. დღეს ბევრი ამბობს, რომ გრფფ-ის თავკაცმა `ვერ გათვალა~, თუმც ისინი ძალიან ცდებიან _ ებრალიძეს `გათვლა~ ბოლო დღესაც კი შეეძლო, მაგრამ ასე არ გაკეთა. ჩვენ ვერ შევაფასებთ, ვისი მხარდაჭერა ჯობდა ან არ ჯობდა, მაგრამ ერთიცაა: კახა ებრალიძის ერთგულება, სიტყვის და დაპირების შესრულება, ყველა შემთხვევაში, დასაფასებელია... ეს მიუხედავად იმისა, რომ მას ხმა არ მიუცია _ ყრილობამ აღმასკომის მიცემული უფლება გააუქმა... სხვათა შორის, არველაძის ბანაკში `გურიის~ არაერთი ცნობილი ვეტერანი გახლდათ _ ოთარ კორღალიძე, მერაბ თევზაძე, გოჩა ტყებუჩავა, გია გილიგაშვილი... ყველა მათგანი დელეგატად დასახელდა, თუმცა ბოლო ორს ეს უფლება სასამართლომ შეუჩერა, რაც არველაძის ბანაკმა სახელისუფლო ზეწოლად შეაფასა... გურული ხმა კი მთელ საარჩევნო კამპანიას დიდ ხმაურად გასდევდა: მან მოასწრო ადრეული წარდგენა და აღმასკომის მიერ დამტკიცება, მერე მეორე ოქმის გაგზავნა, ტრიბუნალის მიერ ორივეს გაუქმება და უკვე აღმასკომის მიერ პირველის დატოვება, ტრიბუნალის ხელმძღვანელის მოხსნა, ამ უკანასკნელის მიერ საქმის ისევ განხილვა, რაც სფფ-მ არ სცნო, საქმეში სასამართლო ჩაერია, რითაც სფფ-ის ყველა გზა მოუჭრა, აღმასკომმა უეფას რეკომენდაციით უკვე გრფფ-ის პრეზიდენტს მიანიჭა ეს ხმა, ყრილობის დღეს კი უეფამვე ეს საკითხი საორჭოფო გახადა... სკანდალით დაწყებული ყრილობა თბილი სიტყვებით და ტკბილი სურვილებით დამთავრდა: წარმატებას გისურვებთ, ბატონო ლევან! მამა-შვილ ნოდარ ახალკაცების, მერაბ ჟორდანიასა და ზვიად სიჭინავას შემდეგ მომდევნო ოთხი წლით ქართულ ფეხბურთს 38 წლის ლევან კობიაშვილი ჩაიბარებს. ფედერაციის არჩეული თავკაცი გახლდათ გიორგი ნემსაძეც, თუმცა, ცნობილი მიზეზების გამო ამ სტატუსით მან სულ ორიოდე საათით ისარგებლა, ამიტომ ფედერაციის პრეზიდენტთა შორის მოვიხსენიოთ თუ არა, თავად გადაწყვიტეთ... შაბათის საღამოს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგით მეათე არჩევნები გაიმართა. რევაზ არველაძის, მამუკა კვარაცხელიასა და ლევან კობიაშვილს (სწორედ ასეთი თანამიმდევრობით იყვნენ ისინი საარჩევნო ბიულეტენში და ასეთივე მიმდევრობით მიმართეს ამომრჩევლებს) შორის წინასაარჩევნო კამპანია ფიცხელ ბრძოლაში წარიმართა და სიმშვიდეს არც 3 ოქტომბერს ველოდით, მაგრამ არც ისეთი რია-რია და ხმაური წარმოგვედგენა, რაც იმ შაბათს სასტუმროში სუფევდა და რამაც აქამდე ჩატარებული ყველა სხვა საპრეზიდენტო არჩევნები დაჩრდილა... ბოლო ათი წლის განმავლობაში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ხმაური და აყალმაყალი არც უმცროსი ნოდარ ახალკაცის არჩევნებს ახლდა და არც ზვიად სიჭინავას ფეხბურთში გაპირველკაცებას, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რა მეთოდებით ჩამოაშორეს გიორგი ნემსაძე ფედერაციის პრეზიდენტის სავარძელს... ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ დიდი ამბები უფრო წინა საუკუნეში ხდებოდა... ხმაურით გამოირჩეოდა ნოდარ ახალკაცი უფროსისა და სპორტის მაშინდელი მინისტრის კახი ასათიანის დაპირისპირება, ასევე 2002 წელს მერაბ ჟორდანიასა და ამჟამად უეფაში ეროვნულ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის უფროსი მენეჯერის დავით პეტრიაშვილის დაპირისპირება... შაბათის ამბავი კი ყველასგან გამორჩეული გახლდათ: წინა დღეს რევაზ არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი დააკავეს. არველაძის ბანაკს ერთი ხმა მოაკლდა. პრეზიდენტობის კანდიდატის მორალური მდგომარეობა გასაგები იყო, მხარდამჭერს ის საარჩევნო დარბაზში ელოდა, სასამართლო დარბაზში კი აღმოჩნდა. ყრილობა 11 საათზე იყო დანიშვნილი, მაგრამ დაახლოებით რვა საათის დაგვიანებით დაიწყო. არველაძის გუნდი გობეჯიშვილის გამოჩენამდე ყრილობაზე დასწრებას არ აპირებდა. ყრილობა მათ გარეშეც დაიწყებოდა და საამისო ქვორუმი - 18 ხელმოწერა ქაღალდზე დაფიქსირებული იყო კიდეც, მაგრამ მოგვიანებით, ერთ-ერთი ხელმომწერი, ვეტერანთა კავშირის თავმჯდმარე ვაჟა ჟვანია არველაძის ბანაკში აღმოჩნდა. მოკლედ, რეგისტრაცია ქვორუმისთვის საჭირო 18 დელეგატმა კი გაიარა, მაგრამ რეალურად, საყრილობო დარბაზში 17 დელეგატი იჯდა. ლევან კობიაშვილი ითხოვდა, რომ არველაძის მხარდამჭერებს საყრილობო დარბაზში გადაენაცვლა, ისინი კი გეგა გობეჯიშვილის მალე გათავისუფლებას ითხოვდნენ... მოგვიანებით, რევაზ არველაძის მხარდამჭერებმა ბრიფინგიც გამართეს, რომელიც სწორედ ჟვანიას სიტყვებით დაიწყო და დამთავრდა კიდეც... მთელი დღის განვალობაში, დილის 10 საათიდან პრეზიდენტის არჩევამდე, საყრილობო დარბაზში სტუმრების სტატუსით ისხდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ასევე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე აკაკი ლოდია, ვინც, სხვათა შორის, გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ფედერაციის გენმდივნის პოსტი მიიღოს. ...სასტუმროს ჰოლში კი ვნებათაღელვა არ ცხრებოდა. უჩვეულო ხალხმრავლობითა და ხმაურით გაოცებულნი იცქირებოდნენ იქ დაბინავებული სტუმრები. მხარეებს შორის მოლაპარაკება უეფას უკრაინელმა ვიცე-პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა ითავა. ის ხან არველაძის ბანაკს ესაუბრებოდა, ხან - კობიაშვილისას, თუმცა ყრილობის დაწყების საშველი არადა არ დაადგა. ბოლოს, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ სასტუმროში გეგა გობეჯიშვილიც გამოჩნდა. რევაზ არველაძის მხარდამჭერები მას ტაშით შეხვდნენ. ცხადია, სასამართლოდან ახალგათავისუფლებულმა დელეგატმა უმალ არველაძის ბანაკს მიაშურა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მას საარჩევნო ხმა აღარ ექნებოდა. უეფას წარმომადგენლების რეკომენდაციით გეგა გობეჯიშვილი სხვა დელეგატით უნდა შეცვლილიყო. თქვეს, რომ გობეჯიშვილის მანდატი გიორგი ქინქლაძეს ერგებოდა, თუმცა მოგვიანებით ხმის უფლება ზურაბ პეტრიაშვილს მისცეს. ის დარბაზში სწორედ რევაზ არველაძის მხარდამჭერთა შორის განთავსდა. ყრილობის დაწყებამდე საქმე ასე გახლდათ: ვარაუდობდნენ, რომ 35 დელეგატიდან 18 ხმა რევაზ არველაძისა გახლდათ, 17 - ლევან კობიაშვილის. ყრილობა სწორედ ამ მოცემულობით დაიწყო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ხმის უფლებით მხოლოდ 33 დელეგატი ისარგებლებდა. მანდატი შეჩერებული ჰქონდათ - გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტებს. ორივე რევაზ არველაძის ბანაკში მოაზრებოდა და ყრილობაზე ხმის უფლება მათ, ყრილობის წინა საღამოს, სწორედ უეფას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის რჩევით აღმასკომმა მისცა. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში წინასაარჩევნო ხმაური სწორედ ამ ორი რეგიონისა და ხმის ირგვლივ იყო. ფედერაციის წესდებითა და გრიგორი სურკისის წინადადებით, აღმასკომის ეს გადაწყვეტილება ყრილობას უნდა დაედასტურებინა, შესაბამისად, გურული და რაჭველი დელეგატის დელეგატობის ამბავი ყრილობას უნდა გადაეწყვიტა. საკითხი იურიდიულად ჯერ უეფას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, შემდეგ სურკისმა... თუმცა იქამდე ყრილობის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩივაძემ კენჭისყრაზე ყრილობაზე მედიის დაშვების საკითხი დააყენა. დარბაზში ჩვენი ყოფნის წინააღმდეგ ხმა ერთ-ერთი კანდიდატის ბანაკმა მისცა. ეს კენჭისყრაც ერთგვარ ტესტს ჰგავდა. სწორედ ამ კენჭისყრისას გაირკვა, რომ 33 დელეგატიდან 17 ლევან კობიაშვილის იყო, 16 რევაზ არველაძის...თუმცა... მიხედავად იმისა, რომ კენჭისყრის შედეგად მედიას დარბაზი უნდა დაეტოვებინა, „მხსნელად“ უეფა ვიცე-პრეზიდენტი მოგვევლინა. მან დელეგატებს საჯაროობისკენ და გამჭირვალობისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ უეფას ყველაზე უმნიშვნელო სხდომაც კი მედიის თანდასწრებით მიმდინარობს და ჟურნალისტებს ნუ გაანაწყენებთო... აშკარაა, გრიგორი სურკისმა კარგად იცის პრესის ფასი... მოკლედ, დარბაზში დავრჩით... შესაბამისი განმარტებების შემდეგ კი საშა ჩივაძემ კენჭისყრაზე დელეგატებად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტების უფლებამოსილების საკითხი დააყენა. ეს უკვე არა ტესტი, ძალთა რეალურ თანაფარდობას ძალიან მიახლოებული კენჭისყრა იყო. ხმის მიცემა ფარული გახლდათ, შედეგი ასეთი: რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტებისთვის ხმის აღდგენის წინააღმდეგ 17 დელეგატი წავიდა, მომხრე იყო 15, ერთი ბიულეტენი გაუქმდა. ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ფაქტობრივად უკვე ცნობილი იყო - რევაზ არველაძის ბანაკში ვიღაცას განგებ თუ შეგნებულად ბიულეტენი გაუფუჭდა. განგებ თუ შეგნებულად, ეს უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი. პრეზიდენტობის კანდიდატებს დამსწრეთათვის მიმართვისას თავი აღარ შეუწყენიათ. სიტყვისთვის გამოყოფილი 15-15 წუთიდან მათ ნახევარი თუ გამოიყენეს. არც სამოქმედო პროგრამაზე გაუმახვილებიათ ყურადღება, ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მათი პრეზიდენტობის შემთხვევაში ქართული ფეხბურთი ახალ, განსაკუთრებულ საფეხურზე აიწევს... ლევან კობიაშვილმა თავისი სიტყვა დაასრულა, შემდეგ რევაზ არველაძესა და მამუკა კვარაცხელიას მიაშურა და ორივეს ჩაეხუტა... ეს ახალი და მისასალმებელი ჟესტი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობის 25-წლიან ისტორიაში. აქამდე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, კონკურენტები ერთმანეთთან შეხვედრაა რა სათქმელია და, ერთმანეთისთვის თვალის გასწორებასაც კი ერიდებოდნენ... უკვე კარგის ნიშანია, ლევან კობიაშვილმა ახალი საქმე პატივისცემის გამოხატვით დაიწყო! საარჩევნო პროცესს კი დიდი ხანი აღარ წაუღია. ჩივაძემ დელეგატები სახელობით გამოძახა და საარჩევნო ბიულეტენები გადასცა. 15 წუთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობა გაირკვა. ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე გია ფირცხალავამ საბოლოო შედეგი გამოაცხადა: 18 ხმა ლევან კობიაშვილს, 15 რევაზ არველაძეს... მამუკა კვარაცხელია უხმოდ დარჩა. გადამწყვეტი კენჭისყრისას არველაძეს ერთი ხმაც დააკლდა. ვინ იყო ის ერთი, პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა ფაქტია, არველაძემ არჩევნები 18 ხმით დაიწყო, 15 დაამთავრა... ფირცხალავას სიტყვების შემდეგ ლევან კობიაშვილს პრეზიდენტობა პირველმა სწორედ რევაზ არველაძემ მიულოცა, შემდეგ მამუკა კვარაცხელიამ და დაიწო და დაიწყო... სკანდალით დაწყებული ყრილობა თბილი და ტკბილი სიტყვების კორიანტელით დამთავრდა... ლევან კობიაშვილი მიმლოცველებს ვერ აუდიოდა... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეხუთე პრეზიდენტი საქმეს უკვე შეუგდა - წარმატებას გისურვებთ, ბატონო ლევან! კობა ინასარიძე, `ჩვენი თამაში~

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა