როცა ქალთა საფეხბურთო გუნდი „ლანჩხუთი“ ქალთა შორის 2020 წლის პირველი ეროვნული თასის გამარჯვებული გახდა და ასევე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის წოდება და ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება, გამოქვეყნებულ წერილში „საუკუნის მატჩი“ ვუწოდე, თუმცა საოცარი მოვლენები ჯერ კიდევ წინ ყოფილა და გუნდმა „ისტორიული გამარჯვებაც“ მოიპოვა და ქალთა შორის ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ჯერ დაამარცხა სტუმრად ყაზახეთის ჩემპიონი „ოკჟეტპესი“, შემდეგ რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“. მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ევროპული გრანდების: ლიონი, ბარსელონა. პსჟ, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ატლანტიკო, აიაქსი, იუვენტუსი და სხვა გუნდები თამაშობენ. ეს უდიდესი მიღწევაა. როცა ლანჩხუთის ფეხბურთელთა გუნდი „გურია“ აღმავლობის გზას დაადგა და ჯერ საკავშირო პირველობის პირველ და შემდგომ უმაღლეს ლიგაში მოიპოვა თამაშის უფლება ამ პატარა რაიონის გუნდმა, ბუნებრივია სენსაციად იქნა მიჩნეული და საკავშირო სპორტულ გაზეთში „საბჭოთა სპორტში“ გამოქვეყნდა სტატია „ტოჩკა ნა კარტე“ - წერტილი რუკაზე. მაშინ საბჭოთა კავშირის რუკაზე, რომელსაც მსოფლიოს 1/6 ნაწილი ეკავა, ლანჩხუთი არ იყო აღნიშნული და საკავშირო სპორტკომიტეტმა რუკაზე წერტილი აღნიშნა დაახლოებით თუ სად მდებარეობდა ლანჩხუთი. ახლა კი ქალთა გუნდმა „ლანჩხუთი“ მსოფლიო რუკაზე აღმოაჩინა, შეიძლება ითქვას, წერტილის წერტილი, ფეხბურთის სამყაროსათვის უცნობი ლანჩხუთი.
ევროპის ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „ლანჩხუთი“ შეხვდა შვეციის ქალთა ფეხბურთის ჩემპიონს „როსენგარდს“. მოგეხსენებათ, შვეცია ფეხბურთში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, სადაც 1958 წელს მსოფლიო პირველობის ჩემპიონატიც ჩატარდა და გარკეულ წარმატებასაც მიაღწია და ბუნებრივია ამ ქვეყნის ჩემპიონთან დამარცხება არ არის გასაკვირი და სათაკილო, რადგანაც იქ ფეხბურთის ინფრასტრუქტურა და ანაზღაურება მსოფლიო სტანდარტის დონეზეა და გუნდის თითოეული წევრის თვიური ანაზღაურება 16 ათასი ევროა, ხოლო ჩვენთან მაღალ ანაზღაურებაზე და ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია.
მათ საშუალებაც კი არ აქვთ, რომ სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარონ. აქვთ კი საერთოდ საფეხბურთო ბაზა დაწყებული სავარჯიშო მოედნით, კეთილმოწყობილი გასახდელი და მოსასვენებელი ოთახით, საშხაპით, არიან კი უზრუნველყოფილი სათანადო სპორტული ინვენტარით და ფორმით და ამის შემდეგ ნამდვიულად უხერხულია რაიმე წარმატებაზე ლაპარაკი,მაგრამ მათ შეუძლებელი შეძლეს, გუნდი როცა უსახსრობის გამო სრული შემადგენლობით ვერ მიემგზავრება საპასუხისმგებლო შეხვედრაზე; გუნდი, რომელიც ბანკიდან გამოტანილი სესხით მიემგზავრება შეჯიბრზე; გუნდი, რომელსაც სრული და სათანადო სათამაშო ფორმა არ გააჩნია; გუნდი, რომელიც თვეობით ვერ ღებულობს იმ მიზერულ ხელფასს, დამეთანხმებით ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. გუნდმა, რომელმაც მართლაც სასწაული მოახდინა და ფეხბურთის სამყარო გააოცა, ნამდვილად იმსახურებს შესაფერის უმაღლესი კლასის პირობებს. სასიამვნოა, რომ გუნდის ამ დიდ წარმატებებს სათანადოდ გამოეხმაურა და დახმარების ხელი გამოუწოდა ბევრმა სხვადასხვა სტრუქტურამ: ბიზნესმენებმა, კერძოპირებმა; გუნდის საპატიო პრეზიდენტს, ახალი მოწვევის პარლამენტარს და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო წილოსანს, გარკვეული წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში. გუნდის საბონუსე ფონდი 5 000 ლარით გაზარდა. ბუნებრივია კვლავაც გაუწევს სათანადო მზრუნველობას თავის მშობლიურ, სათაყვანებელ გუნდს. გურიის რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბატონმა ვასილ ჩიგოგიძემ თავისი სადეპუტატო დებიუტი გუნდის დახმარებით დაიწყო და შეუძინა 25 კომპლექტი სპორტული ფორმა. იმედია, თავის ჩვეულ ქველმოქმედებას კვლავ გააგრძელებს ამ სახელოვანი გუნდისათვის.
ცნობილომა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ კლუბისათვის დამატებითი ეკიპირება შეიძინა. ზამთრისთვისთბილი სპორტული ქურთუკები და სათამაშო აღჭურვილობა შეისყიდა კერძო პირებმა ბატონ დავით ვეფხვაძის ინიციატივით. ძმები ბერძენიშვილების „სამკერვალო ფირმამ“ გუნდი უზრუნველყო 25 კომპლექტი თბილი სპორტულებით, ხოლო აფთიაქმა „ფარმა დეპომ“ 18 კომპლექტი პარფიუმერიით. ასევე ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისათვის“ დაფარა კლუბის სავალდებულო ტესტირების დავალიანება 5 780 ლარი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბისათვის გამოყო 50 000 ლარი, აქედან 30 000 ბონუსებისათვის, ხოლო 20 000 კლუბის გაფართოებისათვის. რაიონის ბიუჯეტიდან გუნდისათვის მიმდინარე წელს გამოიყო 150 000 ლარი.
იმედია, ფეხბურთის ფედერაცია და ადგილობრივი ხელისუფლება რაიონის მერი, ბატონი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ბესიკ ტაბიძე, ვინაიდან ასეთი უდიდესი პატივი და წარმატება საქართველოს ისტორაში არ რგებია არცერთ საფეხბურთო გუნდს, კვლავაც იზრუნებენ მათი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მახსენდება, როცა ლანჩხუთის „გურია“ საკავშირო პირველობის ჯერ პირველ, ხოლო შემდეგ უმაღლეს ლიგაში გადავიდა, როგორი დახვედრა, შეხვედრები სხვადასხვა დონეზე მოუწყვეს გურულებმა, გამოხატეს უდიდესი სიყვარული, გუნდს მაშინ სიმღერაც უძღვნეს შესანიშნავი ტექსტით:
„ლანჩხუთლებმა გადარიეს მთელი დუნია,
უმაღლესში ჩაირიცხა ჩვენი „გურია“,
აგვისრულდა სასწაული გულში მალული,
გურულებმა მოგვიტანეს ზღვა სიხარული.“
თუ „გურიამ“ მთელი დუნია გადარია, ლანჩხუთის ქალთა გუნდმა კი მთელი ევროპა აალაპარაკა და გააოცა. გურულებმაც შესანიშნავი დახვედრა მოუწყვეს და გამოხატეს უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა, არადა მათ ხომ ყველაფერი გაიღეს წარმატების მისაღწევად, დაუოკებელი ბრძოლის ჟინი, ფეხბურთის სიყვარული, ამოუცნობი ენთუზიაზმი, პატრიოტიზმი და რაც მთავარია, ქართული გენი, როგორ მიესადაგება მათ დიდი გალაქტიონის ლექსის სტრიქონები:
„არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს, უკმარობის ნიაღვარი,
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს, გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამ ქალწულები _ აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.“
ამიტომაც არის ამ გოგონების ფასდაუდებელი წარმატება დასაფასებელი, საყურადღებო და მისასამებელი, მადლობა ყველას, ვინც სათანადოდ დააფასა და გაუწოდა დახმარების ხელი.
ვულოცავთ მათ და სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე წარმატებას. ღმერთი იყოს მათი მფარველი!
ჯონი ცინცაძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი