ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გამარჯობა, მე ვარ თორნიკე ჯიჯიეშვილი!

გამარჯობა, მე ვარ თორნიკე ჯიჯიეშვილი!
28-08-2017, 00:00

დედაჩემი, იყო ადამიანი რომელიც თავისთვის უცხო გარემოში მოხვდა, ვგულისხმობ სოფლის ცხოვრებას. თუმცა როდესაც ის ეხმარებოდა ბებიას და ბაბუას საოჯახო საქმეებში, ვერავინ იტყოდა სოფლად გაზრდილი არ არისო, მალევე თავად მოუწია ყველა საორგანიზაციო საქმისთვის გაძღოლა. ბებია და ბაბუა მამაჩემის სიკვდილმა სრულიად გაანადგურა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ დედას უწევდა ექიმის ვალდებულებებიც შეეთავსებინა. მადლობა ღმერთს, ყოველთვის არსებობდნენ კეთილი ადამიანები, რომელთა დახმარების გარეშეც უბრალოდ დავიღუპებოდით. მე ვარ ადამიანი, რომელიც არაფერს არ ივიწყებს, არც კარგს და არც ცუდს-სამწუხაროდ. როგორც ბათუმში, ასევე აცანაშიც წარჩინებით ვსწავლობდი, ვიღებდი სხვადასხვა ინტელექტუალურ ვიქტორინებში მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებითაც. ძალიან მიყვარდა და მიყვარს წიგნების კითხვა, განსაკუთრებული ემოციებით მავსებდა საქართველოს ისტორიის გაცნობა, აღფრთოვანებული ვიყავი ჩვენი მეფეებით, გმირებით, წამებული ქართველების სულისკვეთბით. ყოველთვის მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის რაღაც ღირებული გამეკეთებინა, მეცხოვრა როგორც ქართველს, ქრისტიანს და პატრიოტს. ასე რომ იცხოვრო იდეალური პიროვნება იქნები, მაგრამ მე მინდოდა და კვლავ მინდა ასე იყოს. როდესაც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის დრო დამიდგა, მაშინ მივხვდი, რომ უფრო მეტი უნდა მესწავლა, დამეჯერებინა დედისთვის და კეთილისმსურველებისთვის. ზედმეტად გამათამამა სხვების შეფასებებმა, რომ ძალიან ნიჭიერი და ნაკითხი ვიყავი, აი აქ დავუშვი შეცდომა. თუმცა მაინც მოვახერხე გამოცდებამდე ბოლო რამდენიმე თვეში საკუთარ თავში მეპოვნა ძალა, ნასწავლი თუ წანაკითხი მასალა გონებაში კარგად დამემუშავებინა და მებრძოლა. მართლაც, მოხდა ისე რომ მაშინდელი უმკაცრესი საგამოცდო სისტემის მიუხედავად, მოვხვდი ქუთისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანადაფინანსებით, თუმცა შემეძლო სრულიად უფასოდ მიმეღო უმაღლესი განათლება. როგორც სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებელში ძალიან გამიმართლა იმაში, რომ მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ლექტორებთნ ვმეგობრობდი. ჩემი სკოლის პედაგოგები და შემდგომ ლექტორებიც, გამოირჩოდნენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციით, უმაღლეს დონეზე იცოდნენ თავიანთი საქმე. მაგრამ, კაცი ბჭობდაო ნათქვამია... უკვე მეოთხე კურსზე გადავდიოდი, როდესაც ფინანსური ვალდებულება ბოლომდე ვერ შევასრულე უნივერსიტეტის წინაშე და აკადემიურის აღება მომიხდა, რომელიც დღემდე გრძელდება. არ ვიცი იქნებ უფრო ეკონომიურად უნდა მეცხოვრა იმ პერიოდში, იქნებ რამე სხვა შემეშალა, ყოველშემთხვევაში ასე მოხდა. ბევრჯერ დავაპირე სწავლის გაგრძელება და საქმის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ წინააღმდეგობა ყოველთვის ფხიზლად იყო. ცხოვრება გაგრძელდა, დავვოჯახდი. მყავს მეუღლე და ერთი შვილი, ხოლო მეორეს მალე ველოდებით. გამომდინარე დიდი პასუხისმგებლობიდან ოჯახის წინაშე, მიწევდა და მიწევს თურქეთში გადასვლა სამუშაოდ. დაახლოებით ცხრა თვის წინ, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ახალი გამოწვევა, რომელსაც თავისუფალი მედია ჰქვია. ,,ჰო და არაში“ მოსვლის პირველ დღეებში მუდამ ვფიქრობდი იმაზე, შევძლებდი თუ არა დაკისრებული მისიისთვის თავის გართმევას. ძალიან რთულია, შენი ნიშა შექმნა კომპანიაში, რომელიც 17 წელია ფუნქციონირებს და ბრენდად ითვლება ადგილობრივ ბაზარზე. მაგრამ, ყოველ მომდევნო დღეს ვხვდებოდი იმას, რომ სწორედ ესაა ჩემი საქმე. აქ შემიძლია გავაკეთო, რასაც სახლიდან ვერ შევძლებ. დავეხმარო ჩემს ხალხს, ვიდგე სიმართლის სადარაჯოზე, უგულისყუროდ არ დავტოვო არავის პრობლემა და შეძლებისდაგვარად მოვუგვარო. ყოველდღიურად ვეცნობი სხვადასხვა ლიტერატურებს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, სახელმწიფო მოწყობაზე, ამიტომ ვიცი როგორ უნდა მიდიოდეს ეს პროცესები და როგორ მიდის სინამდვილეში საქართველოში, მათ შორის ჩვენს რაიონშიც. შესაძლოა ამის გამო ვინმეს ყელში ვეჩხირები, მაგრამ აუცილებლად ვიქნები მოტყუებული, გადაგდებული ხალხის გვერდით. არასოდეს ვიტყვი შავზე თეთრს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ეს ამბავი. ძალიან ბევრი არაკომპეტენტური ადამიანის რისხვა დავიმსახურე იმის გამო, რომ მათ საქმიანობას(უფრო სწორად უსაქმურობას) და არასამართლიან დამოკიდებულებას გავუსვით ხაზი. აპელირებენ იმაზე, თითქოს ეს პოპულარიზაციის მიზნით ხდება და სკანდალებს ვეძებ. სინამდვილეში ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი და სწორედ ეს ხვდებათ გულზე, ,,გაპრავების“ ნაცვლად რომ მოსახლეობა სიმართლეს იგებს. პირადად მე, ვთხოვ ამ ადამიანებს წარმოადგინონ რაიმე დამადასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე პოლიტიკურ გუნდს ვგულშემატკივრობ, ან სუბიექტური ვარ და მხოლოდ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვწერ (როგორც თვითონ აცხადებენ). მინდა ყველამ გაიგოს, ეს არის თავისუფალი მედია, რომელიც ასეთი იყო დღიდან დაარსებისა და ასევე გააგრძელებს. ხოლო მე ყოველთვის ვცილობდი, ვცდილობ და ვეცდები მოვემსახურო სიმართლეს, რადგან მხოლოდ ეს გზა მიგვიყვანს ტაძრამდე. მიგულეთ თქვენს გვერდით, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ჩემი სტილი, ობიექტურობა. ჩვენი ვალდებულებაა, ყველა თქვენთაგანის გასაჭირი და დალხინება გულთან მივიტანოთ.თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები