ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ზაზა ურუშაძე: `მისასალმებელია ასეთი აქციები და მიხარია, რომ ჩვენ პირველები ვართ~

ზაზა ურუშაძე: `მისასალმებელია ასეთი აქციები და მიხარია, რომ ჩვენ პირველები ვართ~
13-03-2017, 00:00

გუშინწინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ესტუმრა.


სტუმრობის მიზანი მუნიციპალიტეტის გამწვანება იყო.


სტუმარმა და მასპინძლებმა რკინიგზის სადგურთან მდებარე სკვერში 100 ნერგი დარგეს, ძირითადად, კაკალი და ასევე ნაძვიც.


როგორც ბატონმა კახამ განაცხადა, საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილი აქვს გამწვანების აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატაროს. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი პირველი აღმოჩნდა, საიდანაც დაიწყო ქვეყნის გამწვანების აქცია.


`გამწვანება მართლაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, კარგია, რომ ლანჩხუთი ამ საქმეში პირველი აღმოჩნდა~ - განაცხადა კახა კუჭავამ.


სტუმარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო კაკლის ხის დარგვის პროცესში და მცირედი კონსულტაციები გამგებლის მოადგილესთან, ნუგზარ ცინცაძესთან გაიარა. ბატონმა ნუგზარმა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს ის წესები აუხსნა, რომელიც დარგვის პროცესში აუცილებელია. საპატიო სტუმარმა მის მიერ დარგული ნერგები მორწყა და იმედი გამოთქვა, რომ ლანჩხუთიდან დაწყებული საქმე, ბევრ რაიონში გაგრძელდება: `დღეს თქვენს მაჟორიტართან ნინო წილოსანთან ერთად უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ ნინოს გერმანიაში მოუწია სამუშაო ვიზიტით წასვლა და ამიტომ მხოლოდ თანაშემწესთან ერთად ჩამოვედი. ძალიან სასიხარულოა, რომ ლანჩხუთში ასეთი მონდომებაა ამ კუთხით. ჩვენთან 90% ნარგავების გაფუჭებულია და ახალი განაშენიანებაა საჭირო. ისრაელში უდაბნოში აქვთ გაშენებული ბაღები და ჩვენს ქვეყანაში, სადაც ასეთი ბაღებისთვის იდეალური პირობებია, ასეთი სავალალო მდგომარება არ უნდა იყოს. მე პირველად არ ჩამოვსულვარ აქ, კიდევ ჩამოვალ, ვნახავ ჩემს მიერ და თქვენს მიერ გაშენებულ ბაღს თუ როგორი იქნება და როგორ გაალამაზებს აქაურობას.~


`მისასალმებელია ასეთი აქციები და მიხარია, რომ ჩვენ პირველები ვართ~ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.


სტუმარი ხის ნერგების ჯიშითაც დაინტერესდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი კაკლის ხის იმ ნერგებზე ესაუბრა, რომელიც დაირგო. მის თქმით, ეს არის ძალიან კარგი ჯიშის ნერგები, რომელიც კარგ მოსავალსაც იძლევა და საკვებადაც კარგია.


ნერგების დარგვის შემდეგ სტუმარი სახელდახელოდ მოწყობილ მაგიდასთან მიიპატიჟეს, სადაც სუფსის წინამძღოლობა ბატონმა ზაზამ იკისრა, რომელმაც გურული ჭაჭა დააგემოვნებინა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეს.


მართალია, ბატონმა კახამ ერთი ხანობა უარი განაცხადა `ჭიქის აწევაზე~, მაგრამ ბოლოს დათანხმდა: `ამით ლანჩხუთის გამწვანებას გაუმარჯოს, საქართველოს გამწვანება ყოფილიყოს და სწორად უთქვამს არჩილ თალაკვაძეს, ჩემს კოლეგას, იცით ალბათ, გურულია ეგ კაცი, იქ რომ ჩახვალ ჭაჭის დალევის გარეშე არავინ გამოგიშვებსო. დიდი სიამოვნებით გავჩერდებოდი კიდევ, მაგრამ ქუთაისში მეჩქარება, დღეს პარლამენტის სხდომაა და რომ არ დავესწრო არ შეიძლება~.


ბატონმა კახამ წასვლის წინ დაიბარა, რომ ნერგების სანახავად აუცილებლად ჩამოვა და ძალიან მოხარული იქნება თუ ყველა გაიხარებს.


აღსანიშნავია, ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის (დირექტორი თენგიზ ჭიჭილეიშვილი) თანამშრომელთა აქტიურობაც. მათ ყველაფერი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი და ორგანიზებული, რაც ყველამ ერთხმად აღნიშნა.


აქციის ფარგლებში სხვადასხვა ჯიშის ხეების დარგვაა დაგეგმილი. ესენია: ირმის რქა, ოლეანდრა, ქაფურის ხე, იუდას ხე, აკაკის ხე, დეკორატიული მუხა, კედარი და ა.შ. ხეები გარდა ზემონახსენები სკვერისა, ეგნატე ნინოშვილის სახელობის სკვერშიც დაირგვება.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 840
FACEBOOK კომენტარები