საქართველოს დიდი, მტკიცე ბურჯი გამოეცალა, უწმინდესი და უნეტარესი, ერის სულიერი მამა, ჩვენი პატრიარქი, ილია მეორე გადავიდა მარადისობაში და შეუერთდა ზეციურ სასუფეველს. როგორი იქნება მის გარეშე ჩვენი სამშობლო, მას აღარ ჰყავს ბრძენი სულიერი მესაჭე?! - ამ ფიქრით ფიქრობს დღეს ერი და ბერი, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, შეეწევა მის წილხვედრ ქვეყანას და მოუვლენს მას, ჩვენი დიდი პატრიარქის, ღირსეულ მემკვიდრეს.
ყველა მართმადიდებელი ქართველისათვის და არა მარტო ჩვენთვის, სხვა აღმსარებლობის ქართველთათვის, პატრიარქი იყო მამა, რომელიც უყვარდათ და ეიმედებოდათ. დღეს ყველა გლოვობს, ყველა იგონებს სიტყვებით, ფიქრებით, ესიყვარულება უკვე იმიერში გარდასული ილია მეორის სულს. მინდა, ჩვენი ძვირფასი პატრიარიქის მობრძანება გავიხსენო, 1988 წელს ლანჩხუთში, რომელმაც შეცვალა არა მარტო ჩემი, არამედ ყველა იმ ადამიანის ცნობიერება, ვინც მისი მადლიანი სიტყვა მოისმინა, მის უსათნოეს წმინდა სახეს მოჰკრა თვალი და ვის გულშიც, დაკარგული ღმერთის რწმენა ჩაისახა.
კომკავშირის რაიკომში ვმუშაობდი და ბატონმა გია გოგუაძემ დამიბარა, ის მაშინ კომკავშირის რაიკომის მდივანი იყო და მითხრა - ხვალ პატრიარქი მობრძანდება ჩვენს ქალაქში, ღონისძიებებია დაგეგმილი და შენ, ახალგაზრდობის სახელით უნდა მიმართო, მის უწმინდესობასო. მისასალმებელი სიტყვა შესათანხმებელი იყო პარტიის რაიკომის მდივანთან და საღამოს ხუთი საათისათვის, უნდა მიმეტანა, ბატონ ემზარ ბერიძესთან. სიტყვა დავწერე და მივედი რაიკომში. მდივანმა მითხრა, რომ არ იყო ადგილზე ბატონი ემზარი და უნდა დავლოდებოდი. მოსაცდელში ვიჯექი. შესრულდა 6 საათი. მდივანმა ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მას და ღიმილით მითხრა, ბატონმა ემზარმა გადმოგცათ- არ არის საჭირო სიტყვის ნახვა, ხვალ 3 საათზე კულტურის სახლში გელოდებიანო.
ის ღამე , თეთრად გავათენე. ასგზის გადავავლე თვალი რუდუნებით დაწერილ მისასალმებელ სიტყვას. პატრიარქთან შეხვედრა არ იყო ჩემთვის ადვილი, მასთან საუბარი ჩემთვის, ღმერთთან საუბრის ტოლფასი იყო.
3 საათზე მივედი კულტურის სახლში. თეატრი გადაჭედილი იყო. ლანჩხუთის საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდა პატრიარქის ჩამობრძანებას. ეროვნული მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები აქტიურობდნენ, ჩოხებში გამოწყობილები ითხოვდნენ გამომსვლელთა სიაში მოხვედრას. როცა წინა რიგში დამსვეს, ჩემთვის განკუთვნილ ადგილზე, ერთმა ლიდერმა დაიძახა - ამ კომკავშირელს, რა უნდა აქო?! ყურადღება არ მიმიქცევია მათთვის, რადგან ისეთი ღამე მქონდა თეთრად გათენებული, ,რომ ეს გამოწვევა არაფრად ჩავაგდე.
დარბაზში მრავალჟამიერი გაისმა. ყველამ სანთლები აანთო და ლანჩხუთის საზოგადოება, ფეხზე ამდგარი ელოდებოდა უწმინდესის შემობრძანებას. ყველა კარებისკენ ვიყურებოდით და შემოვიდა მისი უდიდებულესობა, მღვდელმთავრების თანხლებით და საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე დაბრძანდნენ. პატრიარქის მდივანი მიესალმა ლანჩხუთის საზოგადოებას და სიტყვა ბატონ ემზარ ბერიძეს გადასცა. შემდეგი მე ვიყავი. სცენაზე რომ ავედი კათედრასთან მისვლამდე, მეგონა გული ამომივარდებოდა საგულედან, მაგრამ უწმინდესობას რომ გავხედე, უდიდესი სიმშვიდე მოვიდა ჩემთან. არ იყო ჩემი მისასალმებელი სიტყვა ვრცელი, დღემდე მახსოვს ჩემი სათხოვარი - თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ, ახალგაზრდებმა, ბობოქარი მე-20 საუკუნის ქარტეხილებში დავკარგეთ რწმენა და სულიერება, გვინდა დავიბრუნოთ იგი და შეგთხოვთ, ქალაქის ცენტრში, წმინდა გიორგის ნაეკლესიარზე, მოგვცეთ კურთხევა და დაგვეხმაროთ, რომ აშენდეს სალოცავი, სადაც ახალგაზრდები შევძლეებთ, ჩვენი სულიერების დაბრუნებასა და გადარჩენას.
სიტყვა დავასრულე. პატრიარქის მდივანმა მითხრა, რომ ჩემი ხელნაწერი გადამეცა მისი უწმინდესობისთვის. მივედი, მუხლი მოვიდრიკე და გადავეცი აკაკანკალებული ხელებით. პატრიარქმა თავზე ხელი დამადო და მითხრა: გულმხურვალედ ილოცეთ შვილო და რასაც შესთხოვთ უფალს, აგისრულებთო! ჩამოვედი სცენიდან. საოცარი სიმშვიდე მოვიდა ჩემთან და როცა პატრიარქი მიესალმა საზოგადოებას, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა, სიჩუმეში ისმოდა მისი ღვთაებრივი ხმა და სულგანაბული ადამიანები ცრემლმორეული შეჰყურებდნენ.
თეატრიდან, უწმინდესობამ და მღვდელმთავრებმა, ხალხთან ერთად, გადავინაცვლეთ ცენტრალურ პარკში, წმინდა გიორგის ნაეკლესიარზე, სადაც მობილიზირებული იყო ტექნიკა, გათხრილი იყო ნაეკლესიარის ადგილი და ხალხი ელოდა საძირკველის ჩაყრას. პატრიარქი და სამღვდელოება ლოცულობდა ყველას ქვები ეჭირა ხელში, სახელებს აწერდნენ მასზე. მეც მქონდა ხელში ქვების გროვა, ჩემი ოჯახის წევრების სახელებით დაწერილი. ჩაისხა დუღაბი, ყველამ სათუთათ ჩავყარეთ ჩვენი წილი ქვები და შემდეგ მისმა უწინდესობამ, ჩვენი ჯიხეთის დედათა მოსნასტრის წინამძრვარს, მამა ანდრიას იღუმენის წოდება და ოქროს ჯვარი გადასცა.
ეს დღე, ჩემი ქალაქის და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დღე იყო. იმ მადლიანმა ხელმა, პატრიარქმა თავზე რომ დამადო და დამლოცა, შემაძლებინა ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასაულიერო გიმნაზიის დაარსება, უფალმა ხელი მოგვიმართა და ყველამ ერთად, კეთილი ადამიანების თანადგომით შევძელით, ჩვენი საყვარელი გიმნაზიის გახსნა. დღეს, ჩვენს ქალაქში შენდება, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მისმა უწმიდესობამ ,საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა, 38 წლის წინათ და მიხარია, ჩემი გვარის კაცი, რომ აშენებს მას. მასზე გადავიდა ის კურთხევა და მას შეაძლებინებს უფალი, ყველა ლანჩხუთელის საოცნებო, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობას.
კვირას, უფლის დღეს, საქართველოს მადლიანი მიწა, ქრისტიანობისათვის თავდადებული ქართველების სისხლით მორწყული და გაპოხიერებული, გულში ჩაიკრავს ჩვენს პატრიარქს, მის ნეტარ სულს კი, წმინდანები და ზეციური საქართველო უწინამძღვრებს მარადიული სასაუფეველის გზაზე.
ჩემო, ჩვენო პატრიარქო, ჩვენო სულიერო მამავ, მადლობა რწმენისთვის, სიყვარულისთვის, სინანულისთვის! მადლობა რომ ჩვენი სამშობლო, თქვენი ლოცვა-ვედრებით, ბეწვის ხიდზე გადაგყავდათ და ქარტეხილებგამოვლილი ჩვენი ერი. დღევანდელობაში მოიყვანეთ!
ია ჩხაიძე
დღეს მგლოვიარეა ჩემი სამშობლო და ჭირისუფალია მთელი ქვეყანა
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 83



