ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დღემდე ყველა ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლა ცალკეულ მიუღებელ ადამიანებთან ანგარიშსწორებაა

14-02-2024, 13:00

რამდენჯერაც შევარდნაძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას გამოაცხადებდა, იმდენჯერ გურიის მაშინდელი გუბერნატორი კარლო გუჯაბიძე მისი თავმჯდომარეობით კომისიის შემადგენლობას გამოაქვეყნებდა. მაშინ ფეისბუკი არ იყო და ძირითადად ასეთი ინფორმაციები გაზეთის საშუალებით ვრცელდებოდა. ახლა არ იკითხავთ ვინ იყო გუბერნატორის მიერ კორუფციასთან ბრძოლის კომისიის წევრები: თავად გუბერნატორი, გურიის მხარის მთავარი პროკურორი, სამხარეო პოლიციის უფროსი, მიწის პრივატიზაციის უფროსი და ა.შ. ერთხელაც ვერ მოვითმინე და გაზეთში მორიგი კომისიის გამოქვეყნებისას იქვე ასეთი კომენტარი გავაკეთე "თუ სადმე კორუფციაა და კორუმპირებული უნდა ვეძებოთ ყველა ამ კომისიაშია. აბა დანარჩენ მოსახლეობას დილიდან საღამომდე ბარი და თოხი გვიჭირავს ხელში." მახსოვს დაახლოებით ასე ვუპასუხე. ვინც მიცნობდა არაფერი უთქვამს, მაგრამ აღმოჩნდა რომ სამხარეო პოლიციის უფროსი ახალი დანიშნული ყოფილა. საშინლად გაბრაზებულა როცა წაუკითხავს. თანაც უთქვამთ, რომ ავტორი პარლამენტში ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატიაო. თურმე მაგრად დამმუქრებია. ყველაფერს გამოვუქვეყნებ რამდენი ბინა აქვს თბილისში, გრიგოლეთში, ურეკში, ბახმაროში. რამდენი მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი, რამდენი მანქანა ყავს სახლში, რამდენ ფულს ინახავს ბანკში და საზოგადოებას დავანახებთ ვინ არის კორუმპირებულიო.
დაუწყიათ მუშაობა, მაგრამ ვერაფერი უპოვნიათ. რაც არ მქონდა რას იპოვნიდნენ. პირად საკუთრებაში სახელი და გვარის გარდა დღემდე არაფერი გამაჩნია. წინაპრებისაგან დატოვებული სახლი და მიწის ნაკვეთი ახლაც დედაჩემის სახელზეა. გაგიჟებულა ეს კაცი. ისიც კი გადაუმოწმებია ალბათ მალავს და ქონება სხივს სახელზე აქვსო, მაგრამ აქაც ვერაფერი უპოვნიათ. მირ წამხდარს ხელი ჩაუქნევია და კორუფციის კომისიის მუშაობა ამით დასრულებულა. 
ახლა ეს ამბავი რატომ გავიხსენე. დღემდე ყველა ხელისუფლების მიერ კორუფციასთან ბრძოლა ცალკეულ მიუღებელ ადამიანებთან ანგარიშსწორებაა. ან კიდევ ზედაპირული, ეპიზოდური, უშინაარსო ფორმალობაა. მორჩა და გათავდა.
ჭუჭყიანი ხელით სუფთა საქმეს ვერ გააკეთებ. რაც არ უნდა ეცადო მაინც არაფერი გამოგივა. მე ძალიან მიხარია, რომ ახალი პრემიერი სუფთა ხელებით მოვიდა. სხვათა შორის მან უკვე გამოაცხადა კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობა ამ საქმეში სიჩქარე არ შეიძლება. ეს მან კარგათ უნდა იცოდეს. ერთი რამ მაშინებს. ახალ პრემიერს უნდა ჰქონდეს საზოგადოების ღია, მტკიცე და აქტიური მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება.            
                                           ომარ ხუციშვილი
                              საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 626
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა