,,ჰო და არას“ სტუმარია ერთ-ერთი გამორჩეული ლანჩხუთელი, უდიდესი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე, უნიჭიერესი კაცი. გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ჯორჯ მარშალის სკოლის დიპლომის მქონე თამაზ იმნაიშვილი.
_ ბატონო თამაზ, როგორც ამ სფეროს ექსპერტს გეკითხებით, რა ხდება დღეს ქართულ პოლიტიკაში?
_ 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოდიოდა ქვეყნის სათავეში, მან განაცხადა, რომ შუა გაიკრიფებოდა ქართულ პოლიტიკაში. მაშინ ეს ქართულმა საზოგადოებამ დადებითად მიიღო, იყო დიდი იმედები. მაგრამ, 10 წლიანი მმართველობის შემდეგ მივიღეთ აბსოლუტურად სხვა სურათი. დიახ, შუა გაიკრიფა ყველგან, ყველა სფეროში. საქართველოში პოლიტიკოსები აღარ დარჩნენ, ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. იმდენად დაწვრილმანდნენ, რომ ამაზე დაბლა ვერ დაეშვებიან, პირადი ურთიერთობების გარჩევით არიან დაკავებულები და ანგარებით. ეკონომიკის სფეროში, დარჩნენ მხოლოდ მდიდრები და მხოლოდ ღარიბ-ღატაკები. ჩემი პირიდან სააკაშვილის ხელისუფლების რაიმე ფორმით შექება ცოტა უხერხულია, მაგრამ მოგახსენებთ სტატისტიკას. მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობის საშუალო ფენა შეადგენდა 27-32%. 2018 წელს ეს მონაცემები ჩამოვიდა 7,2 % მდე, დიახ, სწორედ ამ ციფრამდე. ქვეყანა დაიყო მიშისტებად და ბიძინისტებად. თუ ვინმე ცდილობს ამ მახინჯ სისტემას, იგივე ,,ნაც-ქოცურს“ გვერდი აუაროს, ორივე მხრიდან აქვს უდიდესი დარტყმა და შერაცხილი არის მტრად. რატომ? ეს ორი ძალა ერთმანეთს კვებავს. რაც შეეხება ბოლო დროს ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ ამბებს, ხელისუფლებამ მოახდინა უცხოური ვალუტის დევალვაცია, ლარი გამყარდა ფიქტიურად და შავი ფულის საკეთებლად. ემიგრანტებს და მათ ოჯახებს ჟანგბადს უკეტავენ. ჩვენი ემიგრანტები სოციალურ ქსელში აქტიურობენ და გვანახებენ თუ რამდენად დიდი სხვაობაა ანაზღაურებაში, სასურსათო სფეროში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოში მოხდა აბსოლუტური მონოპოლიზება ყველა დარგის. 2012 წლიდან ვიდრე დღემდე, საქართველოში გადასახადები საშუალოდ გაზრდილია 70-75%-ით. საერთოდ ყველა სახის გადასახადი ვიგულისხმე აქ. მაღალი გადასახადები ქმნის სასათბურე პირობებს მონოპოლიზაციისთვის. როდესაც ყველა ქვეყანამ გაიარა თავის დროზე და შემდგომ უარი თქვა ელექტრონულ ტენდერებზე, საქართველოში კვლავ გრძელდება. რატომ? ეს კორუფციის უდიდესი ბუდეა. ქვეყანაში ყველაფერი არის გაყინული და სამწუხაროდ საზოგადოება მაინც ვერ გაიზარდა, ვსხედვართ და ველოდებით, თუ როდის გავნადგურდებით საბოლოოდ.
_ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, მის შედეგებზე და პროგნოზზე გვითხარით რამდენიმე სიტყვა.
_ დაწყებულია მსოფლიოს მეოთხე გადანაწილება, ვლადიმერ პუტინმა თავად გამოუტანა რუსეთს განაჩენი. რატომ შეცდა ის და რატომ გაბედა უკრაინაზე თავდასხმა? იმიტომ, რომ მას ჰქონდა დაუსჯელობის განცდა. დიდი ხანია რუსეთი მოქმედებს ისე, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, მაგრამ სათანადოდ არ ჰქონდათ მისთვის პასუხი გაცემული. პუტინმა ჩათვალა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა და მას ვერავინ შეაჩერებდა. მან ერთდროულად დაუშვა უამრავი შეცდომა, ასევე უღალატა ინტუიციამ და ალღომ. კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებთ ჯოხარ დუდაევის ინტერვიუს, სადაც ის დეტალურად აღწერს რუსეთის იმ მდგომარეობას და განსაცდელს, რომელშიც დღეს ჩაცვივდნენ. უკრაინა იყო ის წითელი ხაზი, რომელიც ამ მანიაკს არ უნდა გადაელახა. დაიხარჯა უამრავი ფული წინასწარ, რათა უკრაინელთა განწყობები ეყიდათ. მათ ეგონათ და სწამდათ, რომ კიევს აიღებდნენ 96 საათში, ეს ყველაფერი ოცნებად დარჩათ. თუ დააკვირდით, დასავლეთი პირველ დღეებში სამხედრო თვალსაზრისით თითქმის არ ჩარეულა, მაინც ყველას სხვა განცდა და მოლოდინი ჰქონდა. დაინახეს რა უკრაინული არმიის და ერის სულისკვეთება, მყისვე დაიწყო სამხედრო დახმარებების პაკეტი უკრაინის მიმართ. დასავლეთმა იგრძნო, რომ მოახლოვდა პუტინის დასასრული. სიტუაცია იმაზე ბევრად ცუდადაა რუსეთისთვის და კარგად უკრაინისთვის, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. რუსეთი მარცხდება ყველგან და ყველაფერში, იგი სისხლისგან იცლება. იური ლევადას ნაშრომებზე დაყრდნობით, 2001 წელს დავდე ანალიტიკური ნაშრომი, სადაც ზუსტად აღწერილი მაქვს, რომ 2022-2025 წლები რუსეთისთვის იქნებოდა უმძიმესი. ეს წინასწარმეტყველება კი არ იყო, ეს არის ალგორითმების თეორიის, წარსულის, აწმყოს და მომავლის პროგნოზირების ნაზავი. ამას სჭირდება უამრავი დრო და მუშაობა, რათა მეტნაკლები წარმოდგენა შეგექმნას ამა თუ იმ ქვეყნის მომავალზე. რუსეთი ვეღარასდროს ვეღარ იქნება ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორიც დღესაა. მას მოუწევს უარი თქვას ბევრ ტერიტორიაზე, ბირთვული იარაღის შანტაჟზე და საერთოდ სამხედრო კონფლიქტებზე. რუსეთი აუცილებლად გამოაცხადებს კაპიტულაციას.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი?
_ თითქმის გამოვრიცხავ. დავიწყოთ იქიდან, რომ ამერიკის, ბრიტანეთის და სხვა წამყვანი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნების დაზვერვა უსაქმოდ არ არის მთელი ამ წლების განმავლობაში. მათ სავარაუდოდ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია რუსეთში არსებულ ქობინების რაოდენობაზე, სავარაუდო ადგილმდებარეობაზე, მათი ეფექტურობის შესახებ და ა.შ. ზოგიერთს ჰგონია, რომ პუტინი ადგება, წითელ ღილაკს ხელს დააჭერს და მორჩა. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. გარდა დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის კონსულტაციებისა და მოსამზადებელი სამუშაოებისა, არსებობს კონკრეტული პროტოკოლი და კოდები ბირთვული იარაღის გამოყენებამდე. საუბარია ექვს რგოლიან ჯაჭვზე, ესენია ქვეყნის პრეზიდენტი და მისი კოდები, შემდგომ თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის უფროსი, კოსმოსური ხომალდების სარდალი, დივიზიის მეთაური, რომელთანაც მიდის ეს ქობინები და დივიზიის ოფიცერი, რომელმაც უნდა მოახდინოს პიონებიდან ამ თერმობირთვული ნივთიერების გასროლა. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ე.წ ატომური ბომბი თუ აქტივაციაში არ მოვიდა, ბუნებრივია არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. შესაბამისად მისი დეაქტივიზაციის შესაძლებლობა დასავლეთის თავდაცვის სისტემების მხრიდან საკმაოდ მაღალია. თუმცა, რისკი მაინც არსებობს და ამიტომაცაა ჯერ კიდევ რომ არ განადგურებულა რუსული არმია.
დღეს მსოფლიოში ბევრი ქვეყანა არის ბირთვული იარაღის მფლობელი, ასე რომ, თავად რუსეთი უნდა იყოს ფრთხილად და თვითგანადგურების რეჟიმზე არ გადავიდეს. სხვა დროს თუ გექნებათ სურვილი, მთლიანად გავშალოთ ეს თემა სამხედრო თვალსაწიერიდან.
_ რას იტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიზე? როგორ ფიქრობთ, ის გმირია თუ ,,კლოუნი“, როგორც მას საქართველოს ხელისუფლება ეძახის?
_ ეს ხალხი ვის რას ეძახის მეათასე ხარისხოვანია. ვოლოდიმირ ზელენსკი, რა თქმა უნდა, უკრაინის ეროვნული გმირია, ღირსეული მთავარსარდალი და ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება უკრაინის დღევანდელობაში. მაგრამ, როდესაც ამ ომს მოიგებს უკრაინა და ვიმედოვნებ ეს მალე მოხდება, ზელენსკი ვეღარ იქნება ქვეყნის პირველი პირი. ის არის ომის გმირი და ფიზიკურად ვერ გადაერთვება დიპლომატიურ, არქიტექტორულ პოლიტიკაზე. მის სულზე და გონებაზე ამ ომმა უდიდესი გავლენა მოახდინა, იგი უბრალოდ დაისვენებს პოლიტიკისგან, როგორც ეს ჩერჩილის შემთხვევაში მოხდა თავის დროზე.
_ რას იტყვით ე.წ. შეთქმულების თეორიაზე ,,მსოფლიოს მასონები მართავენ, მათ შორის საქართველოს და ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება“?
_ ეს ნიჰილიზმი ხელოვნურად არის ხალხში ჩანერგილი. ნახეთ, ხელისუფლების კრიტიკას როგორც კი დაიწყებ ნაცად გრიცხავენ, ,,ნაციონალებს“ გააკრიტიკებ და ქოცი ხარ. ორივე ერთად კი მტრად გრიცხავს. როგორ გგონიათ ასეთ დაწვრილმანებულ ქმედებებს და პროპაგანდას მასონები ეწევიან? არა, თავად საზოგადოებაშია პრობლემა, რომელიც იტანს და უძლებს ამ სისტემებს ამდენი წელიწადია. როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი გაყინულია ქვეყანაში, მოსახლეობის მესამედი ემიგრაციაში წავიდა, არის კორუფცია, უსამართლობა, ეკონომიკური კოლაფსი და ამ ყველაფერზე საუბრის ეშინია ხალხს. პრინციპში რა გასაკვირია, პოლიტიკოსები ისე დაწვრილმანდნენ და დაჩიავდნენ, ისეთი რეალობა შექმნეს, რომ რთულია მოიფიქრო ადამიანმა, რა გააკეთო. მთავარი მაინც არის ხალხი და მისი ძალა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. გადავხედოთ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობებს და ყოველდღიურობას, რაიმე ქმედებას კი არა, ერთ პატარა განცხადებასაც ასჯერ ამოწმებენ სანამ იტყვიან, იმიტომ რომ პატივს სცემენ ხალხს და ეშინიათ. არსად ასე არ ხდება, ქვეყანა თავზე გენგრეოდეს და პასუხისმგებლობას არავინ იღებდეს, პირიქით _ დაგცინოდეს.
_ თქვენი ცოდნა-განათლებით ერთ-ერთი გამორჩეული ხართ მუნიციპალიტეტში, თუმცა უმუშევარი ბრძანდებით...
_ არანაირი სურვილი არ მაქვს ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, არც ცენტრალურ, არც ადგილობრივ დონეზე. აქვე დავძენ, რომ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა და მაქვს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართაც, მაგრამ ამათმა უსირცხვილობის და უმეცრების ახალი სტანდარტები შემოიტანეს, ყველა მოლოდინს გადააჭარბეს.
თამაზ იმნაიშვილი: არსად ასე არ ხდება, ქვეყანა თავზე გენგრეოდეს და პასუხისმგებლობას არავინ იღებდეს, პირიქით _ დაგცინოდეს...
თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 577