ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სახელმწიფოს ხელში თავმოყრილი ქონება შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების წყაროა

სახელმწიფოს ხელში თავმოყრილი ქონება შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების წყაროა
18-02-2022, 11:15

უკვე დიდი ხანია კამათი მიდის, მეტიც დაპირისპირებაა მოსახლეობის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის ,,დაცული ტერიტორიების" თაობაზე. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ბუნების დაცვის საბურველში გახვეულ ძალადობას თა­ვი­სუფალ მეწარმეობაზე აპროტესტებენ და სამართლიანადაც აპროტესტებენ, სამწუხაროდ აცდენილნი არიან პრობლემის გააზრების ნამდვილ მიზეზებს და ამიტომაც ვერ აღწევენ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტას. წინააღმდეგობის ფესვი და სათავე საკუთრების ფორმაა. ვინაიდან მიწების 70%, ტყეების, მდინარეების, ტბების 100% სახელმწიფო საკუთრებაა სწორედ ის, სახელმწიფო ბიუროკრატია წყვეტს მსგავს საკითხებს. რამდენმა იცის, რომ მაგალითად გერმანიაში დაცული ტერიტორიები მილიონ ჰექტრამდეა, ანუ ქვეყნის მთელი ტერიტორიის 2,6 %, ხოლო საქართველოში ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 490,04 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8.62 %-ია. განსხვავება თვალსაჩინოა. მიზეზი კი ისაა, რომ გერმანიაში ძირითადად მიწა კერძო საკუთრებაა, კონკრეტული პატრონი ჰყავს, ხელაღებით ვერავის წაართმევ, უკეთეს შემთხვევაში მესაკუთრისგან უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ სამართლიან საბაზრო ფასად, ეს კი ძალიან ძვირი დაჯდება! ჩვენთან კი, როგორც ზევით ვთქვი, მთავარი მესაკუთრე სახელმწიფოა და ამიტომაც გასცა ,,გულუხვად." ღარიბაშვილმა მეუღლეს ნახევარი ჰექტარი ტყე აჩუქაო, გახსოვთ ალბათ, რა ამბავიც იყო ატეხილი, მაგრამ არც ერთი სიტყვა ამ თვითნებობის ნამდვილ მიზეზებზე არ თქმულა. პირიქით, დაუბრუნდება თუ არა ტყეები ხალხსო [ანუ სახელმწიფოს) დასვა კითხვა ,,მთავარის" ეთერში გულდათუთქულის ხმით ტელეწამყვანმა. როდის უნდა მივხვდეთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ის, რაც სახელმწიფოსია ხალხს არ ეკუთვნის, არჩეული თუ აურჩეველი მთავრობისაა და უამრავი ფარული საშუალება აქვს ამ ქონების მიტაცებისთვის. რაც მთავარია, სახელმწიფოს ხელში თავმოყრილი ქონება შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების წყაროა, ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებაა! ტყე, მიწა, წიაღისეული და ა.შ. კერძო საკუთრებაში უნდა იყოს. კერძო საკუთრება და ეკონომიკის კანონები იცავს რეალურად ფლორას და ფაუნას, ზოგადად ეროვნულ სიმდიდრეს და არა სახელმწიფო და მისი ბიუროკრატია თავისი დაცული ტერიტორიებით. ტყეები და სხვა სახელმწიფო ქონება უნდა გადაეცეს საქართველოს მოქალაქეებს კერძო მფლობელობაში უფასოდ, ანუ სპეციალური საპრივატიზაციო "ფულით", რომელიც თანაბრად დაურიგდება ყველა მოქალაქეს! მერე თანამდებობის პირები ვერც ცოლს აჩუქბენ ტყეს და ვერც შვილს, ვერც ბუნების დაცვის საბაბით ჩაიღობავენ თვითნებურად ტერიტორიებს, მოუწევთ კონკრეტული მესაკუთრისგან ყიდვა. ასე რომ, ბატონებო! სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ კერძო საკუთრება წარმატებული და სამართლიანი საზოგადოების ფუნდამენტია, მანამ დავრჩებით ამ საბჭოთა ჭაობში!

                     ვახტანგ ზენაიშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 667
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა