როგორ პასუხობს საზოგადოება გამოწვევებს იმ ფონზე, როცა დიდი ხანია ქვეყანა დაღმართზე მიექანება. ადგილობრივი არჩევნების დასრულებისთანავე ეს დაღმართი გაცილებით უფრო ციცაბო და საშიში ხდება. ზედაფენები იხტიბარს არ იტეხენ, ხოლო ქვედაფენებს ძველებურად ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით აღარ არსებობს ქვეყანაში საშუალო მოსახლეობა.
ეს ყველაფერი გაცილებით მძიმე დასანახია, ერთერთი ისეთი ყველაზე გაღატაკებული რაიონის გადასახედიდან, როგორიც ჩვენი ლანჩხუთია, სადაც მოსახლეობის გაჭირვების პირდაპირპროპორციულად, მმართველი გუნდი დიდ უმრავლესობას იკავებს ადგილობრივ საკრებულოში, მატულობს საკრებულოს თანამდებობის პირთა ხელფასები ორჯერ, ხოლო რაც შეეხება კითხვებს, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლებასთან გააჩნია, ახლავს ირონია, ან ეს პასუხები იმდენად ბუნდოვანია, ვერც ვიგებთ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, არსებობს უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხები გვჭირდება პირველ რიგში ხელისუფლებისაგან.
თუმცა ამჟამად ,,ჰო და არას“ კითხვების ადრესატი გახლავთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ლანჩხუთის ექსგამგებელი ბატონი გია გოგუაძე.
- ბატონო გია, რიგითი ამომრჩეველი რომ იყოთ, როგორ შეაფასებდით ქვეყნის მდგომარებას ამ პერიოდისათვის, მთელი საქართველოს და ჩვენი რაიონის მასშტაბით?
- საერთოდ რომ არ ვყოფილიყავი პოლიტიკაში და რიგითი მოქალაქე რომ ვიყო, მოტყუებულად ჩავთვლიდი ჩემს თავს, იქედან გამომდინარე, რაც ხელისუფლებამ 2012-ში დაპირდა მოსახლეობას. არავის არ მინდა შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი რიგითი ამომრჩეველი უარს ვერ ეუბნება მეგობრებს, ახლობლობლებს, მეზობელს ხმის მიცემაზე და ვეღარ ფიქრობს იმაზე, რომ მეორე დღეს სამჯერ უძვირდება ცხოვრება. ჩვენ ვართ კატასტროფულ სიტუაციაში, არასოდეს არ ყოფილა ასეთი მდგომარეობა. პატარა ასაკის არ ვარ, წინა ფორმაციის დროსაც მიმუშავია; გავიარეთ მძიმე გაჭირვების პერიოდიც, თუმცა ანალოგიურ სიტუაციაში არა მგონია ქვეყანა ოდესმე ყოფილიყო. ყოველდღიურ ტყუილში ვცხოვრობთ, ქვეყანა იცლება, ხალხი გარბის, აქ სასიკეთოს არაფერს ელის.
- თქვენი აზრით, ხალხი რატომ არის გაჩუმებული?
- სამჯერ არ მიიღო ალექსანდრე სარიშვილი სოფელმა აკეთმა ცენტრალური გზის უვარგისობის გამო. სამწუხაროდ, ამ ხალხმა 60 პროცენტიანი მხარდაჭერა გამოუცხადა მას.
- რა დგას ამის უკან?
- კიდევ ერთხელ ვამბობ - მეზობლობა, ურთიერთობა, ხვეწნა-მუდარა... არ მინდა გაზეთით ვთქვა, კიდევ უამრავი რამ... ჩვენი ამომრჩეველი, ის 4 ათასი კაცი, რომელმაც მომავლის იმედით მოგვცა ხმა ნაციონალურ მოძრაობას, გაბრაზებული იყო ჩვენზე, თქვენ არ მოდიხართ სოფელში, მოსახლეობას არ ელაპარაკებითო.
- და ეს არის თუ არა სიმართლე?!
- დიახ, არის ეს სიმართლე... არ ელაპარაკებით ამომრჩეველს, არ პირდებით არაფერსო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ყველა ოჯახმა თავისი მაცივრით იცის რა მდგომარეობაშია. ჩემი კოორდინატორი ამისთვის არ არის საჭირო, მაგრამ ეს რომ ვუთხარი, რა მითხრა თუ იცით ხალხმა? არ დავასახელებ, დღეს უმრავლესობაშია, ის მოვიდაო, დაპირდა ფული და მისცაო, ჩვენ ვუთხარით, რომ გადაადგილების საშუალებაც კი არ გვქონდა-მეთქი, დაპირდით მაინცო. მოსახლეობის მოტყუებას მირჩევნია რეალური სიმართლე ვუთხრა მას. აქედან გამომდინარე, გულით მეცოდება ,,ოცნების“ ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, იმის გულისთვის, რომ უარი ვერ უთხრა მეზობელს, ახლობელს... რას იზამს ეს ამომრჩეველი? ერთხელ მიიღებს 100 ლარიან დახმარებას, 4 წელიწადში მაქსიმუმ - 400 ლარს. მისი არჩეული, გადათვალეთ, ახალი ხელფასებით 4 წელიწადში რამდენ ფულს წაიღებს სახლში?! ბევრი ვერ საზღვრავს იმას, რომ სამჯერ მაინც გაუძვირდა ცხოვრება.
ოპოზიცია მალე დაიწყებს სხვადასხვა საკითხების შესწავლას. უკვე იცით, რომ სულ ახლახან აქციები გამართა სოციალურმა სამსახურმა. მძიმე პირობებში უწევთ ამ სამსახურის თანამშრომლებს მუშაობა. დავაკვირდებით როგორ მუშაობენ მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატები ან მერის წარმომადგენლები?!
დარწმუნებული ვარ, რომ სოფლის მოსახლეობამ არ იცის ის, რომ მას შეუძლია ზოგიერთი საჭირო მედიკამენტით სარგებლობა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში 30 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი მედიკამენტებზე სპეციალური პროგრამით და აქედან 10 მილიონი დარჩა აუთვისებელი. წარმოგიდგენიათ?! საქართველოში წამლის ფული 10 მილიონი დარჩა აუთვისებელი, არც ეს წამალი იციან დღეს სადაა და არც ის იციან, შესაბამისი თანხა სად წავიდა?!
- აბა, რას აკეთებს ხელისუფლება, რაში იღებს ამხელა ხელფასებს?!
- გეთანხმებით, დღეს საკრებულოს უმრავლესობის 20 დეპუტატიდან 16 უკვე თანამდებობის პირია, თითოეულს 1500 ლარზე მეტი აქვს ხელფასი და ვერ მეტყვის ვერავინ, რომ მივიდა მოსახლესთან და აუხსნა, რა შეღავათები აქვს ბენეფიციარს ნებისმიერ სოციალურ სფეროში, რომლითაც უნდა ისარგებლოს... ვთვლი, რომ მოსახლეობა, ურთიერთობიდან გამომდინარე, უარს ვერ ეუბნება ხმის მიცემაზე ამ ადამიანებს. არის კატეგორია ალბათ 2500-მდე ადამიანი, რომელიც უარს ვერ ეუბნება იმ 300 ლარს, რა გასამჯელოს სანაცვლოდაც არის დასაქმებული ორგანიზაციებში.
ჩვენ მოვითხოვეთ ა(ა) აიპიების სიები და საოცრება ვნახეთ მასში. 2014-15-16 წლების მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდით. მახსოვს ერთი დეპუტატის განცვიფრებული სახე, შემოვიდა და თქვა, ოცდაათ კაცს სძინავს სპორტულ ცენტრშიო, 10 დღეში ამ ოცდაათი უსაქმურის გასაღვიძებლად მოადგილე დანიშნეს. ახლა მოვიკითხე და რას ვხედავ, 80 კაცზეა ასული სპორტული ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა. 78 თანამშრომელი იყო დასუფთავების სამსახურში და მიგვაჩნდა, რომ 10 თანამშრომელი იქაც ზედმეტი იყო, 250-ია ახლა. საოცრება ისაა, რომ აქედან 50 თანამშრომელი სამსახურში არ დადის, მაგრამ სამაგიეროდ ისინი ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომელსაც ,,ოცნება“ მართავდა წინასაარჩევნოდ. ეს ხალხი სამსახურში არ დადის, მაგრამ მასის შესავსებად იყენებს ,,ქართული ოცნება.“
- ახლა ხომ იწყება რეორგანიზაციები ა(ა)იპიებში?
- ოფიციალური წერილი გააგზავნა ალექსანდრე სარიშვილმა ეს ხალხი არ გვჭირდება და 25 პროცენტი გაუშვითო.
- კარგი დავუშვათ დასაქმებულია 2500 კაცი. დანარჩენი?
- ახლა რა ხდება? ოჯახის წევრი წასულია უცხოეთში და აგზავნის იქედან ფულს, მილიარდნახევარი ხომ უცხოეთიდან შემოსული თანხაა და ამით ცოცხლობს საქართველო. სამწუხაროდ, ჰგონია ასეთი ოჯახის წევრს, მან თუ ოცნებას არ მისცა ხმა, დაკარგავს ამ ფულს. ესაა მორიგი ტყუილი და უბედურება. ის კი არ იცის, რომ თუ ოპოზიციას მისცა ხმა, სწორედ ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ მისი ოჯახის წევრი მალე დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში.
- ნებისმიერ რიგით მოქალაქეს თუ მას აღიარებს სოციალური სამსახური სოციალურად დაუცველად, აქვს საშუალოდ 50 ლარი, ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი საქსტატის დათვლით 219 ლარია და ის 300 ლარი, რომელიც არის ზოგიერთვისთვის არაოფიციალური სოციალური დახმარება ბევრ რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ბაღის თანამშრომლებმა რა ქნან, როცა ასე მცირე ხელფასები აქვთ?
-არავის შეურაცყოფას არ მივაყენებ, უბრალოდ ვიტყვი ერთ რაღაცას. გამგეობის შენობაში უბრალო სამეურნეო მუშაკს აქვს 700 ლარი ხელფასი. ამ პანდემიის პერიოდში მთავარ ეპიდემიოლოგს აქვს 750 ლარი ხელფასი. არის ა(ა)იპიები ხელმძღვანელს აქვს 1000 ლარი ხელფასი, მოადგილეს 900 ლარი. ისეთი გამოგონილი სამსახურები და თანამდებობებია ა(ა) იპიებში, გაგიჟდებით, რომ გადახედოთ. თქვენც მიხვდებოდით ალბათ არჩევნებამდე გადაყვითლდა მთელი ქალაქი, თუკი ვინმე გარეთ ვაჭრობდა, ყველას ჩააცვეს ეს ყვითელი ფორმები და ზოგი მეველედ დანიშნეს და ზოგი სად...
ამას წინათ, პატარა ხის ნაჭერით ვნახე სპორტულ ცენტრთან, ლანჩხუთლებისთვის დიდად დაფასებული ადამიანი. ვიკითხე, რაში სჭირდება ეს მეთქი. მიპასუხეს: შენობაში ვერ ეტევიან და გარეთ ბარდიურზე დებს ამ ხის ნაჭერს და ჯდებაო.
- ხალხი ეძებდა დასაყრდენ ძალას, ვის გამოც არ მისცემდა ხმას ,,ოცნებას.“ ეს ძალა არ გამოჩნდა. რა იყო ამის მიზეზი თქვენი აზრით?!
- მე უფრო მეტს ველოდი ჩვენი ოპოზიციური სპექტრისაგან. ვფიქრობდი, რამდენიმე პარტიიდან იქნებოდა წარმომადგენელი საკრებულოში. გამოდის, რომ ძალიან სუსტად იმუშავა ოპოზიციამ.
ჩვენ მუშაობის სტილი უნდა შევცვალოთ, ნიკა მელია იყო ჩამოსული და თქვა: არჩევნებიდან არჩევნებამდე თუ გაჩერდა ოფისი, სერიოზულ შედეგს ვერ მივიღებთ. არჩევნებამდე ორი თვით ადრე რომ ოფისი გაიხსნება, ის არის ორიენტირებული მარტო იმ ორ თვეზე. ახლა უკვე ოფისი გაიხსნა, რამდენიმე ადამიანი დასაქმდება. საკრებულოს წევრები მივაწვდით ყველა ინფორმაციას, მათ ექნებათ გადაადგილების საშუალება, იმისათვის, რომ მივიდნენ ყველა ოჯახში, შეხვდნენ მოსახლეობას. ასე მოსახლეობას უფრო ექნება დასაყრდენი ჩვენი მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ყველა ოჯახში უნდა შეხვიდე. თუ ეს არ გააკეთე და მიეჩვიე იმას, რომ მაინც მომცემენ ხმასო, შედეგს ვერ მივიღებთ.
- დასაწყისში ახსენეთ აკეთთან დაკავშირებით. მოვუსმინეთ წინა საკრებულოს სხდომას, სადაც თქვენ დასვით შეკითხვა სოფელ აკეთში ცენტრალური გზის მშენებლობის შესახებ, მიუხედავად ამდენი დაპირებისა, ამ ზამთარშიც იგივე მდგომარეობაა. ჩვენც ვიკითხეთ ამის შესახებ და ვერაფერი გავიგეთ.
- ვერც გაიგებთ, მე პირველ რიგში აკეთლებისგან ვერ გავიგე, ის მხარდაჭერა, რაც მიიღო მმართველმა პარტიამ, სოფლიდან სამჯერ გამოშვების შემდეგ.
ეს რა არის იცით? რაც ვნახე ღმერთმა ყველას შეარგოს. იქ რიგდებოდა ფული. ხალხმა აიღო 400 და 500 ლარი წამლის ფული. მათ მართლაც უჭირთ. ის წამლის ფული მათ შეეძლოთ მიეღოთ სახელმწიფოსაგან, მაგრამ ამის შესაძლებლობის შესახებ მათ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ, ყველამ უნდა იცოდეს, მას სახელმწიფო რას აძლევს. ასეთ შემთხვევაში ის აღარ აიღებს სამოწყალო ფულს.
რაც შეეხება გზის თემას: ჩვენ როგორც გვითხრეს (ვნახავთ, ამასაც გადავამოწმებთ), თითქოს პროექტი გაკეთებულია. შარშანწინ რაც გვქონდა ინფორმაცია, პროექტიც მზად იყო, ტენდერიც უნდა გამოცხადებულიყო და დაფინანსებაც მონახული იყო. ახლა გვეუბნებიან, რომ მარტო პროექტია გაკეთებული, დაფინანსება არ არის მონახული. გამოდის, რომ არც მუნიციპალური განვითარების ფონდი და არც ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეუწუხებია ვინმეს, რომ ეს თანხა სადმედან მოიძებნოს, ამიტომ ვერ გეტყვით აკეთთან დაკავშირებით რა იქნება.
- ჩვენ ხშირად ვწერთ, რომ ხალხი მიდის სოფლიდან და ეს მართლაც ასეა. იქნებ იკითხოს ვინმემ, ხალხი თუ არ გყავს გზა რად გინდა?!
- საბედნიეროდ, არ ვიცი პანდემიაა ამის ხელშემწყობი, თუ სხვა რამ, უფრო მეტად დედაქალაქიდან ნელ-ნელა ბრუნდებიან სოფელში, ცდილობენ საკუთარ კარ-მიდამოს მოუარონ და იქ მეურნეობა გამართონ. ადამიანები საკუთარი ძალებითაც ცდილობენ გაამაგრონ სოფელი, მაგრამ სახელმწიფოსგანაც საჭიროა ძალისხმევა, რომ არ შეჩერდეს ეს პროცესი. ინფრასტრუქტურა, გზა, წყალი და გაზი არის აუცილებელი სოფლისათვის, რომ კაცი მივიდეს იქ და საქმე გააკეთოს, იცხოვროს.
- რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, დღევანდელ პირობებში ალბათ ზღაპარია ყოველგვარი ტექნიკის გარეშე მიწის დამუშავება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვილი ორგანიზაციების არსებობა არის ალბათ აუცილებელი. არ მაქვს საუბარი კოლმეუნეობის მსგავს რამეზე, კერძო სტრუქტურაზე ვსაუბრობ, ადამიანმა ადამიანად რომ იგრძნოს თავი და რიგიანად მიხედოს თავის მიწას. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის ეს შესაძლებელი?!
- წინა ხელისუფლების დროს, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი გახლდით, მქონდა ეს პრეტენზია ჩემს ხელისუფლებასთან. თუ მთლიანი, დიდი პროგრამა არ შემუშავდა სოფელთან დაკავშირებით და სოფლის მეურნეობას თუ არ დაუბრუნდა გლეხი, ასე პატარ-პატარა პროგრამები შედეგს არ მოიტანს.
ჩვენ მაშინ უკრაინასთან დავიწყეთ თანამშრომლობა, გვინდოდა საოჯახო მინი ჩაის ფაბრიკების გაკეთება. ვფიქრობდით 600 საოჯახო მინი ფაბრიკის დამზადებას, თითოეულ მინი ფაბრიკას მიებმებოდა მინიმუმ 10 ოჯახი. ეს იყო კარგი გამოსავალი იმისათვის, რომ მიტოვებული ჩაის ფართობები გადარჩენილიყო. არანაირი ფასი არ უჯდებოდა საქართველოს ბიუჯეტს ეს საქმე, 17 ათასი დოლარი ნორვეგიამ დაგვიფინანსა და ,,კახოვკასთან“ დღესაც არის ურთიერთობა, მაგრამ ამ ურთიერთობას გამოყენება სჭირდება. უზარმაზარი სავაჭრო კვირეული ტარდება იქ, 1200 კვადრატული მეტრი ფართი დღესაც აქვს ლანჩხუთს დათმობილი და არა მგონია, წასულიყო ვინმე ბიზნესმენი და ეს გამოეყენებინა.
ლანჩხუთში 2008-ში გავაკეთეთ საყანე ფართობებში მისასვლელი გზა. 3000 ჰექტარი სახნავი აქვს მარტო ქალაქს და დღეს ის მიტოვებულია საერთოდ. იმ დღეს, საკრებულოს სხდომაზეც ვთქვი, მგელი ამოვა აგერ საშენ მასალათა კომბინატთან სადაცაა. მოსახლეობამ დატოვა საერთოდ ეს მიწები გზის უქონლობის გამო. ხოლო ვინც მაინც არ მიატოვა, ისინი ჯაპანიდან აბაშის, გულეკარის და კეთილარის გავლიათ მიდიან და პატრონობენ თავიანთ ნაკვეთებს. თუ არ დარჩა რამე ერთიანი პროგრამა, რომ მოსახლეობა ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში, არაფერი გამოვა.
გეტყვით კიდევ, ამ თემას ვამზადებთ და ახლა შეიძლება მოუმზადებელი იყოს, მაგრამ თქვენ გეტყვით: სახელმწიფომ 300 ათასი ლარი მისცა. ყველის და რძის, მიმღები საწარმო გააკეთეს ლანჩხუთში. არავინ არ აკონტეროლებს ახლა, ის ქარხანა მუშაობს თუ არ მუშაობს? მერე ცნობილმა ლანჩხუთლებმა მოკიდეს ხელი. მიატოვეს სხვა რაიონი ჩამოვიდნენ აქ, დღეს ის ხალხი წვალობს. რაიონის ერთი პირველი პირი არაა ნამყოფი საწარმოში და არ უკითხავს იქ რა ხდება და საერთოდ არ მოუკითხავს ამბავი. მე რომ ვიყო სოფლის მეურნეობის მინისტრი ლანჩხუთს ამ პროგრამაში კიდევ აღარ მივაღებინებ მონაწილეობას და მოვთხოვ იმ 300 ათასით თუ რა შედეგი მიიღო მუნიციპალიტეტმა. ასეთი თემები თუ არ იქნა წამოწეული, სოფლის მეურნეობას ძალიან გაუჭირდება.
- უამრავი რამ ჩამოთვალეთ. რა არის პრობლემა ვიცით და მოსახლეობაც ხედავს, თუმცა რა უშველის ამას მთავარი ესაა...
- რა უშველის და ხელისუფლების გამოცვლა.
- ცოტა რამ იმ მდგომარეობაზე რაც უკრაინაში ხდება?
- გამაოგნა იმ რეზოლუციამ, რაც საქართველომ უნდა მიიღოს. წარმოგიდგენიათ? საქართველოს პარლამენტი იღებს რეზოლუციას უკრაინასთან დაკავშირებით და რუსეთი საერთოდ არაა ნახსენები. საოცრება არის რა?! რეზოლუცია როცა მოიტანეს შეთანხმებულად ეწერა შიგ ,,ნატოც“ და რუსეთიც. ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეს შეიცვალა. ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მცდელობა არ დაუკლიათ, რომ რეზოლუციის ტექსტში გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა ფრაქციისა და ოპოზიციური ჯგუფის ინტერესი, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, რეზოლუციის ერთობლივი ტექსტის მიღება ვერ მოხერხდა „დეტალებისა“ და „სიტყვების“ გამო და რეზოლუციას მხარდასაჭერად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დაარეგისტრირებსო.
- პანდემიასთან დაკავშირებით გვითხარით რამდენიმე სიტყვით.
- 10 მილიარდი დოლარი აიღო ქვეყანამ ვალად, რომელიც ჩვენი შვილების გადასახდელი იქნება. ლამისაა 22 ადამიანი აზის ერთმანეთს თავზე ,,ავერსში". საავადმყოფოს ორსართულიანი შენობა გვაქვს და ნუთუ არ შეიძლებოდა იმ შენობის მოწესრიგება იმ დონეზე, რომ იქ განთავსებულიყო 50 საწოლი მაინც. ეს ფული არ მოხმარებია სავადმყოფოების მოწესრიგებას, ხმარდება მეგობრების სასტუმროებს, სადაც კოვიდინფიცირებულები არიან მოთავსებული და იქაც ხეირობენ ,,ქართული ოცნების~ შემომწირველები.
- ერთი პერიოდი თქვენ თქვით, რომ წახვედით პოლიტიკიდან და აღარ ჩანდით. რა იყო ამის მიზეზი?
- 2012 წელს წავაგე არჩევნები... ვფიქრობდი, ფულიანი კაცი მოვიდა. მის ნამოქმედარს, სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა, ყურადღებას ვაქცევდი. როცა კორპორაციაში ვმუშაობდი, საჩხერე-ჭიათურაში ხშირად მიწევდა ყოფნა. ასევე, იქ მეგობრები მყავს და საქმის კურში ვიყავი. მართლა დიდი იმედი მქონდა. ბევრ ფულიან კაცთან მქონია ურთიერთობა და ვიცი, ისინი ფულს როგორ იყენებენ, მაგრამ მაინც მქონდა იმის იმედი, რომ საქმეს გააკეთებდა, თუმცა როცა მან მოსვლისთანავე პირველი 80 მილიონი დაიბრუნა უკან, მაშინ მივხვდი, ივანიშვილი ხალხისთვის არ იყო მოსული. შედეგი? ყველა ვხედავთ, რომ დღითი დღე მატულობს ხალხის გადინება საზღვარგარეთ, ჩემი კუთხეც დაცლილია ხალხისგან, უმრავლესობა წასულია.
ამ სახეებს რომ ვუყურებ ზოგადად, ესენი თავისით გადაწყვეტილებების მიმღები არ არიან, ჩემი ხუთი წლით აქ გამგებლობის პერიოდში ერთხელ არ მახსოვს, ან მინისტრს, ან მაჟორიტარს, ან გუბერნატორს დაერეკოს ვინმეს თანამდებობაზე დანიშვნისთვის. ახლა რასაც აქ ვუყურებ, წილოსანის და ჩიგოგიძის გარეშე სარიშვილი ვერაფერს თავისით ვერ წყვეტს. მე არ მინახავს მერმა თავისით სპეციალისტი ვერ დანიშნოს, ესაა სირცხვილი!..
- თითქოს ისე აირია ყველაფერი, ვეღარ მიხვდები რითი უნდა შეშფოთდე. სამწუხაროდ, იმდენ დილემას ვაწყდებით, გაანალიზებასაც ვეღარ ვასწრებთ, თქვენ რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად მეშინია დაუსჯელობის სინდრომის. ამის ძალიან ბევრი ფაქტია. ბოლო ხანებში თუნდაც პოლიციელის მიერ ახალგაზრდა შშმ პირის ცემის ფაქტი; ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალის ცემის შემთხვევა და ასე შემდეგ...
- შეცდომები, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ დაუშვა?
- ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო უამრავი შეცდომა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდით მოგვესმინა სხვებისთვის და რეაგირება ყოფილიყო. დღეს არის ასეთი მიმართულება _ ილაპარაკე რაც გინდა, რეაგირება _ ნული.
- წარმატებებს გისურვებთ!
რატომ გეგმავდა გია გოგუაძე პოლიტიკიდან წასვლას, რაში დარწმუნდა იგი და რისი ეშინია ახლა

მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 982