ლანჩხუთელების იდეები ლანჩხუთის განვითარებისთვის
USAID-ის მხარდაჭერით, 3 აგვისტოდან ლანჩხუთში ახალი პროექტი „ქალაქ ლანჩხუთის მერიის მხარდაჭერა 2021 ფინანსური წლისთვის მონაწილეობითი ბიუჯეტის შემოღებაში, ინსტიტუციონალიზაციასა და წარმართვაში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით“ დაიწყო. პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა მოსახლეობამ მიიღოს და რეგიონი სწორედ ლანჩხუთელების იდეების შესაბამისად განვითარდეს. ადგილობრივებთან შეხვედრები უკვე ჩატარდა. ახლა კი პროექტის სარგებელსა და მოსალოდნელ შედეგებზე ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი გვესაუბრება.
ბატონო ალექსანდრე, მოუყევით ჩვენი გაზეთის მკითხველებს ახალი პროექტის შესახებ, რას გულისხმობს იგი და როგორ უნდა განხორციელდეს?
ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით დაიწყო და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის, თავად მოიფიქრონ ის მნიშვნელოვანი და საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტში სურთ, შემდეგ კი ისინი რეალობად აქციონ. ამისთვის საჭიროა, ადგილობრივებმა საკუთარი იდეების მოკლე აღწერილობა და ხარჯთაღრიცხვა მერიაში წარმოადგინონ. შემდეგ ეს იდეები ინტერნეტში, წწწ.იდეალანცჰკჰუტი.გე-ზე განთავსდება, სასურველ ინიციატივას ხმას ასევე მოქალაქეები მისცემენ და გამარჯვებულ პროექტებსაც თავად გამოავლენენ, რომლებიც მომავალ წელს განხორციელდება. ლანჩხუთის განვითარებისთვის ჩვენ სწორედ ლანჩხუთელების იდეები გვჭირდება.
რა არის ის მოსალოდნელი შედეგები, რომლებსაც პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსა და მის მოსახლეობას მოუტანს?
უპირველესად უნდა აღინიშნოს ის გავლენა, რასაც პროექტის ფორმატი აქტიურ მოქალაქეობაზე, ადგილობრივების ჩართულობაზე ახდენს. ასეთი ინიციატივები ეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ საკუთარი უფლებები და ვალდებულებები, ისწავლონ მოლაპარაკებები, პრიორიტეტული საკითხების შერჩევა და შეთანხმება, შეზღუდული ფინანსური რესურსების სწორად და ეფექტიანად გადანაწილება. ამავდროულად, მოქალაქეების აქტიურობის ფონზე, ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად ანგარიშვალდებული ხდება, პასუხისმგებლობას აცნობიერებს და უკეთ ხედავს ხალხის საჭიროებებს. იზრდება გამჭვირვალობა გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც.
2021 წლისთვის ლანჩხუთის მერიამ პროექტის პრიორიტეტად განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობადაასახელა. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს საკითხები?
თემატიკაზე ბევრი ვიმსჯელეთ. მოსახლეობას სხვადასხვა საჭიროება აქვს და, ბუნებრივია, შერჩევის პროცესში თითოეულ მათგანს განვიხილავდით. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ოპტიმალური ასეთი მიდგომა იქნებოდა: რადგანაც წელს პროექტის სტარტია და ადგილობრივების ჩართულობაზე უფრო მეტი ძალისხმევის გაწევაა საჭირო, უმჯობესია, აქცენტი მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილზე - ახალგაზრდებზე გავაკეთოთ. ის თემატიკები ავიღოთ, რომლებიც მათ ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება და მოსახლეობის ამ ნაწილის მეტი ჩართულობა მოჰყვება. თუმცა, ეს პრიორიტებები ცვალებადია და მომავალ წელს მათ სხვები ჩაანაცვლებს. საბოლოოდ კი, პროექტი ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს. შესაბამისად, ყველა ლანჩხუთელს მოვუწოდებ, იაქტიურონ და 21 აგვისტომდე საკუთარი იდეები წარმოადგინონ მერიის კანცელარიაში, ან გამოგვიგზავნონ მისამართზეიდეა@იდეალანცჰკჰუტი.გე, შემდეგ ასევე აქტიურად ჩაერთონ კენჭისყრის პროცესში, რათა მომავალ წელს სწორედ მათ მიერ მოფიქრებული იდეები განხორციელდეს.
ღ
ლანჩხუთელების იდეები ლანჩხუთის განვითარებისთვის
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 888