ამ წერილს ვწერ იმის შემდეგ, რაც პირველ აგვისტოს მომივიდა წერილი აღსრულების ბიუროდან, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დამიკავდება პენსიის 50 პროცენტი ბანკთან დავალიანების გამო. აქვე მინიშნებული იყო საქართველოს ბანკისთვის გადასახდელი თანხა _ 15 700 ლარი. ხალხი იტყვის, თუ გამოიტანე ბანკიდან თანხა უნდა გადაგეხადადაო.
დიახ, გამოვიტანე საქართველოს ბანკიდან 15 000 ლარი და ვიხდიდი როგორც წესი იყო. გადავიხადე 12 ათას ლარამდე. შემდეგ მოვიდა კორონა, რის გამოც დაიკეტა ყველაფერი და მივმართე ბანკს, რომ გადაევადებინათ და გადავიხდიდი 250 ლარს ყოველთვიურად პენსიიდან, რის გამოც მივიღე უარი. რამდენიმე ხნის მერე მოვიდნენ და მითხრეს, რომ თანახმა იყვნენ, მაგრამ ჯარიმა დამიმატეს 4000 ლარამდე. ჩემი თხოვნა იყო ჯარიმა მოეხსნათ და დანარჩენ თანხას გადავიხდიდი. ამაზე არ დამთანხმდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ მირეკავენ, როდის დაიწყებ გადახდასო. ჩემი პასუხი იყო, მიჩივლეთ და რასაც მომისჯის სასამართლო, გადავიხდი-მეთქი. ხშირად მირეკავდნენ. პასუხი იგივე იყო. რამდენიმე წლის მერე მირეკავენ აღსრულების ბიუროდან, როდის დაიწყებ გადახდასო. მე ვუპასუხე, ვერ ვიხდი, მიჩივლეთ სასამართლოში და რასაც მომისჯის, გადავიხდი-მეთქი. მიპასუხეს სასამართლო ჩატარდა და მოგესაჯა გადახდა. ყადაღა დადებულია სახლზე და დანარჩენ ყველაფერზეო.
მაშინ ჩამთვალეს არაადამიანად, როცა უჩემოდ ჩატარდა სასამართლო. მეორედ, როდესაც პენსია გამინახევრეს წამლის ფულის გარეშე დამტოვეს. ვარ გულზე ნაოპერაციები. მაქვს თვალზე გლაუკომა, მხედველობა დაქვეითებული მაქვს. დაავადებული ვარ დიაბეტით. მართალია სახელმწიფო მეხმარება წამლებით, მაგრამ არ არის საკმარისი. მომწერეს, რომ მე შემიძლია გავასაჩივრო მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ამის საშუალება არა მაქვს, რადგან ამასაც ხომ ფული სჭირდება, ამიტომ გადავწყვიტე გამოვაცხადო შიმშილობა, უარი ვთქვა წამლების მიღებაზეც და ვაგრძნობინო მათ, რომ მეც ადამიანი ვარ. არ მინდა რომ ჩემი თავი შემძულდეს. ეს რომ არ ვქნა, არ შემიძლია. ჩემი ოჯახისთვის მათი საქციელი დაყაჩაღების ტოლფასია. გაფიცვას ვიწყებ 24 აგვისტოს, 12 საათზე საქართველოს ბანკთან. ვახტანგი მეფარიშვილი
ნიგოითი
მეც მინდა მთვლიდნენ ადამიანად
განყოფილება: სამართალი
გადასვლები: 111



