,,2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერებსა და საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ ავირჩევთ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ეს არჩევნები რიგით მერვეა.
1991 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალნენ ხელისუფლებები, იცვლებოდა ხელისუფლების დანაწილების მოდელები, თვითმმართველობის სისტემები და მათი არჩევის წესი, მაგრამ თავად გამართული ადგილობრივი თვითმმართველობა, პირველი არჩევნებიდან 30 წლის შემდეგაც კი, სამწუხაროდ, ჯერაც ვერ მივიღეთ.”
,,ჰო და არას” დღევანდელი ნომრის მე-2 გვერდზე გამოქვეყნებული ანალიზი ნათლად ასახავს, თუ როგორ კნინდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობა ძალაუფლების დეცენტრალიზაციაზე უარის თქმისა და ცენტრალიზებული მმართველობის გაძლიერების კვალდაკვალ. გირჩევთ, გულდასმით წაიკითხოთ. ალბათ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.
რა იქნება ხვალ, რა შედეგს მივიღებთ ახალი არჩევნებით, იქნება თუ არა ეს არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?!
ამ შეკითხვებს პასუხი რამდენიმე დღეში გაეცემა. ჩვენ მანამდე გვმართებს დაფიქრება, რათა სწორად მოვიქცეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.
თითქოს ყველაფერი გაუბრალოვდა, თითქოს მთელმა რიგმა ღირებულებებმა აზრი და ფასი დაკარგა... მაგრამ მაინც _ ჩვენ ყველამ ერთად, უნდა ძალა მოვიკრიბოთ, გონიერება გამოვიჩინოთ; ჩვენი შვილების მომავლისთვის ვიზრუნოთ, ხელი არ ჩავიქნიოთ.
თქვენი იმედი მაქვს! სიყვარულს გიგზავნით ყველას!
ღმერთამა გაგაძლიეროთ!
ნონა გიგინეიშვილი
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, რიგით მერვე არჩევნები
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 816