ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ადგილობრივ და საქართველოს ყველა საკრებულოს ვთხოვ, ფუფუნების დრო არა არის, ხალხს ემსახურონ!

ადგილობრივ და საქართველოს ყველა საკრებულოს ვთხოვ, ფუფუნების დრო არა არის, ხალხს ემსახურონ!
21-02-2022, 12:04

თბილისის საკრებულოს წევრმა, პოლიტიკური პარტია გირჩიდან, ცოტნე კობერიძემ, რამოდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება:  „საკრებულოში დამენიშნა მანქანა, ყოველთვიურად სამასი ლიტრა ბენზინით. ეს მანქანაც და ბენზინიც ხალხის ფულითაა შეძენილი, ამიტომ ვაპირებ ვიტაქსაო და უფასოდ გადავიყვანო ადამიანები. ამ ფორმით კი დავაბრუნო მათი ფული.“
თქვენ როგორ მოიქცეოდით? რას ურჩევდით ამ განცხადების ფონზე ადგილობრივ საკრებულოს წევრებს?
მიმოზა ქურიძე: უიიი, რა კარგი კითხვაა, ნინია!  მიბაძონ, აიტაცონ ცოტნე კობერიძის ინიციატივა. რამდენიც ნამდვილად ეკუთვნით, ის დაიტოვონ და დანარჩენი ქველმოქმედების სახით დაუბრუნონ ხალხს. განსაკუთრებით კი ავადმყოფებს დაეხმარონ, ვისაც სჭირდება დახმარება.
თამარ ორმოცაძე: ჩემი აზრით, ჩვენს საკრებულოში ისეთი ადამიანები სხედან, რომელთაც მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ტკივილი გულთან მიაქვთ და ცდილობენ დახმარებას. თბილისის საკრებულოს წევრის მსგავს აქტივობას ვერ შევკადრებ.
მარგარიტა გულიამკადიროვა:  თუ ეს სიმართლეა, კარგია... თუ კი მივიდენ იმ შეგნებამდე, რომ ჩვენი ხალხის ხარჯზე ბევრ რამეს აკეთებენ თავის საკეთილდღეოდ... ეგ იმასთან არაფერია, რასაც გვაგლიჯავენ და საკრებულოს ვურჩევდი, რომ ნაკლები ხარჯონ. ხალხის ფული გაჭირვებულ ხალხს მოახმარონ ჯობია. ზოგს საჭმლის ფული არა აქვს და ესენი ჯიპებით გრიალებენ
თეონა მეფარიშვილი: მომეწონა ცოტნეს ეგ განცხადება, მივესალმები! ყველა ასე თუ იფიქრებს და მოიქცევა, მადლია და გაჭირვებულ ადამიანებსაც შეუმსუბუქდება ყოველდღიურობა, თუნდაც იყოს ეს ტაქსით მომსახურება, ან მსგავსად სხვა რამე.
ანა ურუშაძე: ძალიან კარგი იდეაა და ეს ადამიანიც ალბათ კეთილსინდი­სიერია, რადგან ეს მოიფიქრა. თუ ნამდვილად ასრულებს მისასალმებელია. ძალიან კრიზისულ დროში გვიწევს ცხოვრება და თუკი ვინმეს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას, რატომაც არა... ზოგს საერთოდ არა აქვს გზის ფულიც კი. თუკი ჩვენთანაც ასე მოხდება, ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს შეუმსუბუქდება ყოფა.
ლიკა გიგინეიშვილი: თუ სამუშაო საათების ხარჯზე არ იქნება ტაქსით უფასოდ მომსახურება, მისაღებია, რა თქმა უნდა. ადგილობრივ და საქართველოს ყველა საკრებულოს ვთხოვ, ფუფუნების დრო არა არის, ხალხს ემსახურონ! უამრავი შეჭირვებული ოჯახია, განსაკუთრებით ხანდაზმულებს უჭირთ. დაეხმარეთ იმათ. სამსახურში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შეგიძლიათ მიხვიდეთ!             

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 871
FACEBOOK კომენტარები