პირველ რიგში უნდა გავერკვეთ რა სტრუქტურა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას (მუნიციპალიტეტს), იგი შედგება კოლეგიალური ორგანოსგან, საკრებულოსგან და აღმასრულებელი ორგანოსგან, მერისგან და მერიისგან (სულ ცოტა ხნის წინ გამგებელი და გამგეობა ერქვა). ეს სტრუქტურა მუშაობს არჩევნებიდან არჩევნებამდე ოთხი წლის მანძილზე, ამიტომ თუ ჩვენ შეცდომას დავუშვებთ და არასწორად მივცემთ ხმას ეს მთელი ოთხი წელი სანანებლად გაგვიხდება. არჩევნებზე მისვლისას სამი ბიულეტენი დაგვხდება. ერთი იქნება მერობის კანდიდატების ბიულეტენი, სადაც კონკრეტული პიროვნებების სახელები და გვარები წერია. აქ უნდა შემოვხაზოთ სასურველი კანდიდატი. მეორე ბიულეტენში, რომელიც ჩვენი დასახლების მაჟორიტარ საკრებულოს წევრს ეხება, ასევე პიროვნებების სახელები და გვარებია, აქაც სასურველი კანდიდატი უნდა შემოვხაზოთ. მესამე ბიულეტენი პარტიული სიაა. აქაც სასურველ პარტიას ვხაზავთ.
პოლიტიკური ორგანიზაციის, მაჟორიტარისა და მერის კანდიდატურების შემოხაზვის წინ კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ ვინ არის კომპეტენტური ანუ საქმის მცოდნე და გამოცდილი მენეჯერი, მომავლის ჩამოყალიბებული ხედვის მქონე გუნდი, ლანჩხუთელებისა და ჩვენი დასახლების ერთგული პიროვნებები და უზადო, სუფთა წარსულის ადამიანები. გავმეორდები და ისევ აღვნიშნავ, რომ ჩვენი შეცდომა ჩვენი მომავლისთვის შეიძლება ძვირი დაჯდეს. რას ვგულისხმობ?! პირველ რიგში, შეცდომას მერის კანდიდატთან დაკავშირებით. მერი მუნიციპალიტეტის პირველი პირია და განსაზღვრავს მის ზოგად პოლიტიკას, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს მენეჯერული უნარები, პროგრამებისა და ორგანიზაციული მართვის დიდი გამოცდილება, არის გახსნილი და ღია საზოგადოებისთვის, ლანჩხუთელია და კარგად იცის მოსახლეობის გაჭირვება, შეუძლია გულთან ახლოს მიიტანოს თითოეული ოჯახის პრობლემა, აქვს ჩამოყალიბებული კონტაქტები, რითაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა ე.ი. სამუშაო ადგილების შექმნა. ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ასეთი დიმიტრი გელოვანი იყოო, თუმცა დასახელებულ კანდიდატებში უნდა ვეძებოთ ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მქონე ადამიანი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი დასახლების მაჟორიტარი საკრებულოს წევრი და ცხადია, მერიც არ იყოს დამოკიდებული წარმდგენი პარტიის დირექტივებზე, კონკრეტული კლანის სურვილებზე და მხოლოდ ხელის ამწევად არ მოგვევლინოს საკრებულოში, როგორც მისი წევრი და კორუფციასა და ნეპოტიზმში არ იყოს ჩართული კლანური ვალდებულებების გამო, როგორც მერი. საარჩევნო კაბინაში ჩვენ მარტო ვრჩებით. ეს ის დროა როცა პირველ რიგში ჩვენ თავთან უნდა ვიყოთ მართლი.
ამირან გიგინეიშვილი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის
კანდიდატი ,,ევროპული საქართველოდან~, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში
ვის უნდა მივცეთ ხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 873