ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როდის დაიწყო იერიში ხალხის პენსიების ხელში ჩასაგდებად, ამართლებს თუ არა ,,ლიბერთი ბანკი~“ სახელს,და რატომ არის იგი მონოპოლისტი საბანკო ბაზარზე

26-08-2020, 11:37



მინდა რაიონის პენსიონერებს შევახსენო თავი. მე ის ქალი ვარ წყალწმინდის ფოსტის უფროსად როცა ვმუშაობდი, სასტიკი წინააღმდეგობა რომ გავუწიე ფოსტების საყოველთაო გაუქმებას. მთელი იერიში იყო ხალხის პენსიების ხელში ჩასაგდებად და ჯიბეების გასასქელებლად. ვინ დაეძებდა პენსიონერი რა გზით მიიღებდა თავის მიზერულ თანხას. მაშინაც ,,ჰო და არაში“ გამოვაქვეყნე წერილი, რადგან ვიცოდი რა გაუგებრობაც იქნებოდა უმწეო პენსიონერების გარშემო. პენსიის გაცემა გადააბარეს ,,ლიბერთი ბანკს“. ამ დროს ჯანდაცვის მინისტრად ჩვენი რაიონის მკვიდრი, ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე მუშაობდა. პირადად მას გადავეცი წერილი, რომლითაც ვუხსნიდი რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა სხვისთვის პენსიების გადაცემას. 
,,ლიბერთი“ ქართულად სახალხოს ნიშნავს. რამდენად ამართლებს სახელს ეს ბანკი, ჩვენმა ძვირფასმა მკითხველმა განსაჯოს. 
ჩემი სოფელი, წყალწმინდა ერთ-ერთი შორი სოფელია რაიონული ცენტრიდან, თავისი ადგილმდებარეობით კი ცენტრალურია. ჩვენი ფოსტა ემსახურებოდა გრიგოლეთსაც, სადაც დღეს ავტობანი შენდება. სოფელში 400 მოქმედი ოჯახი იყო. ამას ემატებოდა გრიგოლეთის 60 რუსულენოვანი ოჯახი. რაიონის ფოსტების თითქმის მენახევრე ვიყავით. ყოველ ოჯახში მიგვქონდა პენსია და ხელწერით ვაბარებდით. 30 წელი ვიმუშავე და არ მქონია შემთხვევა გვყოლოდა უკმაყოფილო პენსიონერი. ხალხს ჩემს დანახვას სოფელში არაფერი ერჩია. ხუმრობით ზოგჯერ მამა-მარჩენალს მეძახდნენ. ერთ დღეს თათბირი ჩაგვიტარდა და მოგვცეს დავალება პენსიონერებს დაეწერათ განცხადება, რომ კუთვნილი პენსია მაინცდამაინც ,,ლიბერთი ბანკში“ მიეღოთ. ჩვენი გადასვლა ბანკში კიდევ სხვა პრობლემა იყო, ვინაიდან ბანკს თავისი მოლარეები ჰყავდა, ჩვენ ვის რაში ვუნდოდით.  მე დიდი წვალებით, ვინაიდან უმუშევარი ვერ დავრჩებიდი, გადავყევი ჩემს პენსიონერებს ბანკში ,,გამსვლელი მოლარის“ სტატუსით. ვმუშაობდი მიზერულლ ხელფასზე, თითქმის ენთუზიაზმით. შემდეგ საკრებულოში გააუქმეს 2 ფოსტა, დატოვეს ერთი მოლარე. მე პირველი მოვხვდი სიაში, რადგან პენსიონერი ვიყავი. ხალხისთვის ეს მოულოდნელი დარჩა. ვერ ვაჯერებდი რა მოხდა და რატომ არ მამუშავებდნენ. კარგი, ეგ არაფერია, მთავარია სახალხო საქმე ჩვეულებრივად კეთდებოდა. პენსიები დროულად რიგდებოდა. შემოიღეს ახალი წესი: ბანკის მანქანა სოფელში ჩამოიტანდა პენსიას დანიშნულ საათზე. პენსიონერი ხან ასწრებდა პენსიის აღებას, ხან _  ვერა. ხან აპარატი ვერ იჭერსო, ხან რა მიზეზი, ხან _ რა. ვინ გიხდის ბოდიშს... გახსნილია ბანკომატები, ნებადართულია საქართველოს ფარგლებში სადაც გინდა იქ აიღებ პენსიას და ვის რაში ადარდებს შეგიძლია კი შენ ეს მოძრაობა და მცირე პენსიისთვის ამდენი წვალება?!
ამას წინათ ,,კვირის პალიტრაში“ წერილი გამოაქვეყნა პენსიონერმა პედაგოგმა. იგი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვდა დახმარებას. 3 თვის აუღებელი პენსია არ მისცეს, რატომ დროზე არ აიღეო.
ძვირფასო პენსიონერებო, მოგმართავთ ყველას, პირველ რიში ისევ ჩვენ ავიმაღლოთ ხმა უსამართლობის, განუკითხაობის წინააღმდეგ. მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მოქმედ პარლამენტს _ მოგვეცით საშუალება დროულად ავიღოთ ჩვენი საარსებო თანხა. ნუ გვარბენინებთ მათხოვრებივით სოფლის ხან ერთ, ხან მეორე კუთხეში. 
არ არის აუცილებელი  ,,ლიბერთი ბანკი“ იყოს მონოპოლისტი, საქართველოში ბანკების მეტი რა რის! ჩვენც გავერთიანდეთ ჩვენი პენსიების დროულად მისაღებად ისე, რომ დამცირებულად არ ვიგრძნოთ თავი! დავწეროთ განაცხადი მთავრობის, პარლამენტის სახელზე! იმედი მაქვს პრემიერმინისტრი, გახარია, ის კაცია, რომელიც ჭეშმარიტად არის მონდომებული ხალხის კეთილდღეობისთვის და ჩვენს ასეთ უთავბოლო წვალებას ბოლოს მოუღებს, ოღონდაც ერთად მივაწვდინოთ ხმა, ვუთხრათ როგორ გასაჭირში ვართ. ვებრძოლოთ უსამართლობას! უკვე დროა ჩვენც მოვითხოვოთ კატეგორიულად ბინაზე მოგვიტანონ ჩვენი კუთვნილი თანხა. 
                                შუშანა ვადაჭკორია
                წყალწმინდის ფოსტის ყოფილი უფროსი

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 088
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა