ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ გაბედა ჯანი ქინქლაძემ 1986 წელს დაეტოვებინა პარტიის მანდატი, რატომ წავიდა ეროვნულ მოძრაობაში და რა მოხდა შემდეგ?

როგორ გაბედა ჯანი ქინქლაძემ 1986 წელს დაეტოვებინა პარტიის  მანდატი, რატომ წავიდა ეროვნულ მოძრაობაში და რა მოხდა შემდეგ?
13-03-2020, 09:31

ლანჩხუთელები კარგად იცნობენ ჯანი ქინქლაძეს, რომელიც გარდა ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულისა, პოლიტიკურ ბატალიებშიც ხშირად იყო ჩართული. მისი სახელი ბოლო პერიოდში ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება, მას ,,ქუჩის პოლიტიკოსიც“ შეიძლება ვუწოდოთ, უამრავი საპროტესტო აქციის მონაწილე, კარვებში ნაცხოვრები კაცი (იმ კარვებში სადაც თავის მეგობრებთან ერთად თვეების მანძილზე იმყოფებოდა), წლებია უმუშევარია, მისი თვითმიზანი არც არასდროს ყოფილა სამსახურისთვის ბრძოლა. როგორ ცხოვრობს, რა გზა გამოიარა დღემდე, მისი აზრით შეიცვალა თუ არა ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ ,,ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამ კითხვებზე პასუხს ინტერვიუში იხილავთ.
-ბატონო ჯანი, როდიდან იწყება თქვენი პოლიტიკური ცხოვრება?
ჯერ კიდევ 1978 წელს, როდესაც ქართულ ენას საფრთხე შეექმნა, სტუდენტების გვერდით დავდექი, მაშინ ბათუმში ვცხოვრობდი. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ მუდმივად მქონდა სისტემის წინააღმდეგ პროტესტი. რაც შეეხება უშუალო ნაბიჯებს, 1986 წელს, მაშინ როდესაც კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი და როდესაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი თუ გაიფიქრებდა, რომ ის წყობა ოდესმე ჩამოიშლებოდა, გავბედე და პარტიის მანდატი ჩავაბარე აჭარის საოლქო კომიტეტში. მაშინ განყოფილების გამგე იყო თემურ ფირცხალაიშვილი, წარმოშობით ნიგოითელი კაცი, რომელმაც მითხრა, რომ მაძლევდა ორკვირიან პერიოდს, რათა დავფიქრებულიყავი რას ვაკეთებდი. მე მას ვუთხარი: ,,უკვე ოთხი თვეა ვფიქრობ ამ საკითხზე და კიდევ ორი კვირა ფიქრს არ ვაპირებ“. მან კვლავ გამიმეორა, რომ ორ კვირას დამელოდებოდა. როგორც თქვენ არ მისულხართ ორი კვირის შემდეგ, ისე _ მეც. ამ პერიოდში, სამწუხაროდ გარდამეცვალა მეუღლე და გადავედი თბილისში საცხოვრებლად, სადაც გავიცანი ერთი ქალბატონი, რომელიც უკვე იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში და გარკვეული ხნის შემდეგ მოხდა ჩვენი შეუღლება.
_ ანუ, მაგ პერიოდიდან უკვე თქვენც ჩაერთეთ ეროვნულ მოძრაობაში?
_დიახ, სხვათა შორის საკმაოდ ახლო ნაცნობობა მაკავშირებდა ბატონ მერაბ კოსტავასთან, მის ოჯახშიც ხშირად ვარ ნამყოფი. ჩემი შეხედულებით მერაბ კოსტავა თავისი ბუნებით, სისპეტაკით, უბრალოებით პატარა ბავშვივით იყო და ამავდროულად ბუმბერაზი კაცი იყო. როდესაც მე შევუერთდი ამ საზოგადოებას, ეს ის პერიოდია, როდესაც იატაკქვეშეთიდან ახალი გამოსულები იყვნენ, ხოლო 1988 წლის ოქტომბრიდან წავიდა სერიოზული მოძრაობა, გვემატებოდა ხალხი. მუდამ თავშეყრის, მანიფესტაციების ეპიცენტრში გახლდით მეც. რაც შეეხება 1989 წლის 9 აპრილს, ეს იყო უდიდესი ტრაგედია, მაგრამ ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საწყისი უზარმაზარი საბჭოთა კავშირის დაშლისა, ასე რომ, უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. კონკრეტულად ჩემს თანამონაწილეობას რაც შეეხება, 9 აპრილთან დაკავშირებით, როდესაც ეპიცენტრში მივედი, ძირითადი მოვლენები უკვე განვითარებული და დამთავრებული იყო. ჩემი დაბადების დღე არის 7 აპრილს, სტუმრები ჩამომივიდა როგორც აჭარიდან, გურიიდან, ასევე სხვა რეგიონებიდან, მიუხედავად იმისა, რომ არავის ექეიფებოდა, ყურადღება ხომ უნდა მიმექცია ამ ხალხისთვის. 9 აპრილს ზოგს ვაცილებდი, სხვადასხვა საკითხებითაც ვიყავი დაკავებული დ ისე მოხდა, რომ როდიონოვის სისხლიანი ანგარიშსწორების დროს მთავარ გამზირზე არ ვიმყოფებოდი, ასე მოხდა, უფალმა ასე ინება. გია ფირცხალაიშვილი ტანკს დაუწვა, ახალგაზრდები შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას და მაინცდამაინც იმ რამდენიმე საათს არ ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად, სამწუხაროდ.
_ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები თქვენს ცხოვრებაში?
_ მოგეხსენებათ, 1992 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, სამწუხაროდ ქართველი კაცის ხასიათში არის როგორც დიდი მამულიშვილური ბუნება, ასევე მოღალატეობრივიც. გარკვეული პერიოდის შემდეგ დავიწყე მუშაობა და ვიყავი კოოპერატივის თავმჯდომარე, დირექტორის მოადგილე, ხოლო 2003 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ვმუშობდი ფირმა ,,განთიადში“, რომელმაც შემდეგ სახელწოდება შეიცვალა და ,,ბეკო“ გახდა. 2009 წელს ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად, 104 დღე გავატარე კარავში. იქ იყო გია ფირცხალაიშვილი, დავით ჩხაიძე, ჩემი დისშვილი და სხვები. სხვათა შორის, ამ 104 დღის მანძილზე პოლიციელი იქ არ მინახავს, გადაცმულები ალბათ კი იყვნენ, არ ვიცი. ამავე წლის 13 აგვისტოს აგვყარეს რუსთაველის პროსპექტიდან, როგორც ჩანს ძალიან შევაწუხეთ. დავიშალეთ, მე გავაგრძელე მუშაობა ფირმაში. 2011 წელს, გია ფირცხალაიშვილი მირეკავს და მეუბნება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით განცხადება და მივდივართ ლანჩხუთში, ქვეყნის საქმე ასე მოითხოვსო. ერთი წუთიც არ მიფიქრია, ეს ხდება 2011 წლის ოქტომბერში, დავწერე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, რომელიც დააკმაყოფილეს მხოლოდ ორი თვის შემდეგ, ვინაიდან შესისისხლხორცებული ვიყავი იმ სამსახურს, ეგრევე ვერ გამიშვეს. იმავე წლის 20 დეკემბერს უკვე ჩამოვედით ლანჩხუთში და მას შემდეგ აქეთ ვარ.
_ როგორც ვიცი, ,,ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, უკვე ლანჩხუთშიც დადგით მერიის შენობის წინ კარვები, რა მოთხოვნები გქონდათ?
_ დიახ, სწორედ ასე იყო. ჩვენი მოთხოვნა იყო, გადამდაგრიყო პრეზიდენტი სააკაშვილი და ასევე ვითხოვდით, ლანჩხუთის ადგილობრივ ხელისუფლებას დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ,,კარვების პროტესტი“ გაგრძელდა ზუსტად 158 დღე, როგორი დღეები იყო, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. აქაც მთავარი ინიციატორები სხვებთან ერთად გახლდათ გია ფირცხალაიშვილი, დავით ჩხაიძე და თქვენი მონა მორჩილი. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოთხოვნა _ გადამდგარიყო პრეზიდენტი სააკაშვილი, არ იყო შესრულებული, 3 მაისს შევწყვიტეთ პროტესტი, ვინაიდან 5 მაისს ლელოზე ჩამოდიოდა ბიძინა ივანიშვილი და არ გვინდოდა რაიმე დაძაბულობას ჰქონოდა ადგილი.
-ბატონო ჯანი, როგორ ფიქრობთ ამდენი ბრძოლა დაგიფასდათ? გაამართლა ,,ქართულმა ოცნებამ“?
_ ვფიქრობ, ის უნდა მომხდარიყო მაშინ, რაც მოხდა. მაგრამ, დღევანდელ სიტუაციას რაც შეეხება, ვფიქრობ ვერ გაამართლა, ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ე.წ კოჰაბიტაცია, დასავლეთის მუდმივი ჩარევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში და არის კვალიფიციური კადრების პრობლემაც. აი, გეკითხებით, მე რა უნდა ვთქვა, ოჯახის ათი წევრიდან, მხოლოდ მე ვარ საქართველოში. როგორი კაცი ვიქნები ამის შემდეგ, ვთქვა რომ გაამართლა. წავიდნენ იმიტომ, რომ ლუკმაპური იშოვონ სხვა ქვეყანაში. ზოგადად, როცა ხელისუფლება იცვლება, მოყავს თავისი ხალხი და ცვლის სისტემას, აქ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რატომ არ დამასაქმეს და ა.შ. ამისთვის დიდად არც მომიკლავს თავი. ელემენტარულ ყურადღებაზეა საუბარი, დაფასებაზე, პატივისცემაზე, ძალიან ნაწყენი ვარ ამ კუთხით, ამას არც ვმალავ. თუ ნება არის, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ასე აწყობდათ. ყველა ვიცი, რა სულით ცხოვრობდა, რას აკეთებდა ადრე, მაგრამ რას იზამ.
_ვიცი, რომ ფეხბურთის ძალიან დიდი გულშემატკივარი ბრძანდებით, განსაკუთრებით ,,გურიას“. თქვენი აზრით ,,გურიას“ დღევანდელი მდგომარეობიდან გამოსვლა შეუძლია და კვლავ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა?
_ გულშემატკივრობას რაც შეეხებ, უკვე 67-ე სეზონია სტადიონზე დავდივარ. გლობალური პრობლემა არის ტოტალიზატორი, რაც ალბათ ჩვენს შემთხვევაშიც იჩენს თავს. მაინც, მთავარ პრობლემად მიმაჩნია ფეხბურთში იმ ადამიანების ჩართულობა, რომლებმაც ისე იციან ეს სფერო, როგორც მე ჩინური. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ უნდა გაიგოს ყველამ, რომ ფეხბურთი არის სპეციფიკური სფერო, რომლის ცოდნაც აუცილებელია, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ბოლო წლების განმავლობაში ,,გურიაში“ შეიცვალა 24 მწვრთნელი, მგონი ეს ყველაფერზე მეტყველებს. ფინანსებიც აუცილებელია, ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება, მაგრამ არა ისე, თითქოს მოდის ინვესტორი, მერე რაღაც აბრკოლებს, ვერც ის გადაწყვიტა, ვერც ეს. მოკლედ დიდი აბრაკადაბრაა ამ წუთას ,,გურიას“ ირგვლივ, იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 050
FACEBOOK კომენტარები