ხშირად გაგვიგონია ამა თუ იმ ცნობადი სახიდან, რომ ის პოლიტიკურ ორბიტაზე გამოჩენას არ აპირებს, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიდგება, ყველა ხმას ითხოვს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკეთეს ცხოვრებას გვთავაზობს. 2011 წელი რომ გავიხსენოთ, როცა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი პირველად გამოჩნდა, მან გვითხრა, რომ ამას არასდროს აპირებდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურ პოლიტიკაში ვიხილეთ პაატა ბურჭულაძე. მართალია, მსოფლიო ბანს ივანიშვილივით არ გაუმართლა და საჭირო ხმები ვერ მოაგროვა, მაგრამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან შორს წასვლას არ აპირებდა. ეს განცხადება რამდენიმე კვირაში შეიცვალა. ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლა ამჯობინა და დიდ სცენაზე დაბრუნება. როგორც ბოლო თვეების პრაქტიკა მოწმობდა, ბურჭულაძის გუნდის წინააღმდეგ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. ბოლოს `სახელმწიფო ხალხისთვის~ ბლოკად გადაკეთდა, თუმცა ზედ არჩევნების წინ მისი რიგები ბევრმა ცნობადმა სახემ დატოვა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ საარჩევნო სიაში პირველ ნომრად მყოფმა ძალამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და ნელ-ნელა პოლიტიკური რინგიდან გავიდა. ბურჭულაძის შემცვლელად ნიკა მაჭუტაძე მოგვევლინა. ახალგაზრდა, 24 წლის ლანჩხუთელი მაჭუტაძე გურულებისთვის კარგად ნაცნობი პერსონაა. ის სკოლის პერიოდიდან იყო ყურადღების ცენტრში თავისი განათლებით და აქტიურობით. დღეს ნიკა პოლიტიკის მეცნიერებათა მკვლევარია და ხშირად მართავს ლექციებს ამ კუთხით. ის წლებია აქტიურ პოლიტიკაშია და თავის პოზიციას, ხშირ შემთხვევაში კრიტიკულს, ღიად აფიქსირებს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე. ხშირად მოგვისმენია მისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც. `სახელმწიფო ხალხისთვის~ ახალი თავმჯდომარე პირველ ვრცელ კომენტარს `ფეისბუქის~ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც `ჰო და არა~ უცვლელად გთავაზობთ: `ძვირფასო მეგობრებო, გუშინ ამირჩიეს `მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის~ თავმჯდომარედ. პაატა ბურჭულაძემ დატოვა მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა. ვფიქრობ, ახლა არის განსაკუთრებული პოლიტიკური ვითარება, რაც უპირველესად გამოვლენილია არნახულ ნიჰილიზმში, მართვად ქაოსსა და მოჩვენებით დემოკრატიაში. დემოკრატიაში, რომელიც სიტყვას ძალას უკარგავს, სადაც თავისუფალი აზრი ნეგაციების და სავსებით ანტიპლიტიკური მინარევების გარეშე არ მუშაობს. არასდროს ქართულ კონსტიტუციას არ დამუქრებია იმ მასშტაბის საფრთხე, როგორც დღეს. კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი შეთანხმების საგანი და ღირებულებათა ჭურჭელი უნდა იყოს, იურიდიულ დოკუმენტადაც კი აღარ რჩება. ამოქმედებულია მასშტაბური ანტისახელმწიფოებრივი, პრორუსული პროპაგანდა და სამწუხაროდ, არსებულ სახელმწიფოებრივად განმსჯელ, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს არ შესწევს სათანადო უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს და შეაჩეროს პროპაგანდისტული ომი, რომელიც უპირისპირდება და თვისობრივად გამორიცხავს ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს უმაღლეს ეროვნულ ინტერესებს, სასიცოცხლო საჭიროებებს და განვითარების მაგისტრალურ, ისტორიულად აღმოცენებულ ხაზს. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უგულებელყოფილია საუკეთესო ქართული (ევროპული) პოლიტიკური და სააზროვნო ტრადიციები, რაც უპირველესად გულისხმობს შინაგანი, ინტელექტუალური და სტრატეგიული კავშირის გაწყვეტას საქართველოს დამფუძნებელი მამებისა და ისტორიული მოდუსების შინაარსებთან. თითქმის, მთელი არსებული პოლიტიკური ელიტა არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა საჭიროებებს, არ ეხმიანება ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დგას წარმოუდგენლად დაბალ ლეგიტიმაციაზე. გახშირებულია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ხელყოფის მაგალითები იმდენად, რომ გარკვეულ შემთხვევებში უკვე მიღებული აქვს კოლექტივიზირებული ისტერიის ფორმა და შინაარსი; ასევე ხელყოფილია მოქალაქის სოციალური და პოლიტიკური უფლებები. მე დავთანხმდი ჩემი მეგობრის, უკვე და კვლავ საერთაშორისო რანგის ხელოვანის, პაატა ბურჭულაძის შემოთავაზებას და დავიკავე პოლიტიკური პლატფორმის თავმჯდომარის პოსტი, რათა ყველა შესაძლო მეთოდით, არსებული პოლიტიკური, ინტელექტუალური და საჯარო რესურსით გავაგრძელო მუშაობა აღწერილი მდგომარეობის გამოსასწორებლად, მანკიერი ანტიპოლიტიკური ყოფის შესაცვლელად, ანტიკონსტიტუციურ ზრახვათა და ვნებათა შესაკავებლად, სახელმწიფოებრივი და საისტორიოდ ლეგიტიმური პოლიტიკური დისკურსის განსამტკიცებლად, ნამდვილი პოლიტიკური ელიტის ჩამოსაქნელად. ძვირფასო მეგობრებო, ერთი მხრივ, რთულია ახალგაზრდა კაცმა უარი თქვა უამრავ სიამეზე და ხელი მოჰკიდო ამგვარ საქმეს, მეორე მხრივ,არსებობს საფრთხე, დიდ და ამაღლებულ საქმეებთან შეჭიდებულს, ბოლოს ხელში შეგრჩეს საკუთარი თავი - დეინდივიდუალიზებული, უამრავი სხვა დანარჩენი ასპექტების შინაგან განვითარებას მოკლებული, მაგრამ მჯერა, რომ შემეცნება მხოლოდ გამახვილდება და გაფართოვდება. ვინაიდან, როგორც ვამბობ ზუსტად ასევე ვფიქრობ და მწამს. მწამს, რომ ქართულ საზოგადოებას და ქართველ ერს გააჩნია წარმოუდგენლად დიდი შინაგანი ენერგია - აღადგინოს სახელმწიფოებრივი სხეული, საკუთარი თავი და ნამდვილი პოლიტიკა ამ სახელმწიფოში. ვგრძნობ, შინაგან ენერგიას ჩემსა და ჩემს მეგობრებში, სუვერენული პოლიტიკური ენერგიის შესაქმნელად, მჯერა, რომ იმისათვის, რაც მწამს, შრომა და ბრძოლა შემიძლია.~
ვინ არის 24 წლის ლანჩხუთელი, რომელმაც `მსოფლიო ბანი~ ჩაანაცვლა პოლიტიკურ თანამდებობაზე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0