მიჯრით ჩატარებული სესიებისას გამოიკვეთა, რომ საკრებულოს უმრავლესობაში დიდი `გადაადგილებები იგეგმება~. სანამ ამ სკანდალური ცვლილებების შესახებ მოგითხრობთ, მანამდე ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო სხდომის იმ ნაწილზე მოგითხრობთ, რის გაშუქებაც წინა ნომერში ვერ მოხერხდა `გურიის~ თემის აქტუალურობის გამო. მოკლედ, წინა დღეს ჩაშლილი სხდომის მეორე დღეს გამართულ ასევე რიგგარეშე სხდომაზე `გურიამდე~ ის ერთადერთი საკითხი განიხილეს, რომლის გამოც საკრებულოს დეპუტატებმა დემარში მოაწყვეს და სხდომა ჩაშალეს. ამ საკითხში ერთ-ერთი ძირითადი ის ცვლილება გახლდათ, რომლის მიხედვითაც ჯიხეთის მონასტრისთვის 55 ათასი ლარის `ჩამორთმევა~ იგეგმებოდა. საკრებულოს უმრავლესობა პოზიციისადმი ურყევი დარჩა და ოფიციოზი იძულებული გახდა, მის ნებას დაჰყოლოდა _ ჯიხეთის მონასტერს ზემონახსენები თანხა შეუნარჩუნდა. სხვა დეტალებიც საკრებულოს `აბუნტებულ~ წევრთა სურვილით გადაწყდა და ბიუჯეტში ცვლილება, ფაქტობრივად, ერთხმად მიიღეს. თუმცა საკითხის განხილვას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია _ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ფრაქცია `მაჟორიტარების~ თავმჯდომარე ჯუმბერ ბლაგიძესა და ფრაქცია `ქართული ოცნების~ თავმჯდომარე კახა ურუშაძეს შორის. კონფლიქტი გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა. `გამოდი, ბიჭო, გარეთ~ _ ისმოდა დაპირისპირებული მხარეებიდან და ორივე ერთურთს დარბაზს მიღმა `ეპატიჟებოდა~. საბოლოოდ, კოლეგებმა მათი დაშოშმინება მოახერხეს. ეს არ ყოფილა ამ სხდომის ერთადერთი სკანდალი _ ელისო ჭიჭინაძის განცხადებამ, `გურიას~ საკითხზე სოციალური კომისიაც უფრო მეტად უნდა დაინტერესებულიყოო, ამ უკანასკნელის თავმჯდომარე ია ჩხაიძის აღშფოთება გამოიწვია. კონფლიქტი საკმაოდ მწვავე ფორმებში სხდომის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა და დერეფანსა თუ კაბინეტებშიც გადაინაცვლა. გასაგები მიზეზების გამო დეტალებს არ ჩავუღრმავდებით. აქვე გვინდა წინა სხდომიდან ერთი დეტალის დაზუსტება. `ჰო და არამ~ `გურიას~ თემის გაშუქებისას, მასალის სიდიდის გამო, დეპუტატების ზოგიერთი მოსაზრება საკუთარი სიტყვებით შემცირებული ფორმით გადმოსცა. ასე მოხდა დარეჯან ბურჭულაძის შემთხვევაშიც _ საკრებულოს წევრმა გვთხოვა, სრული სახით დაგვებეჭდა მისი მოსაზრება, რათა არ მომხდარიყო მისი პოზიციის ინტერპრეტირების საშუალება, რასაც, რა თქმა უნდა, ვასრულებთ: `არ ვაპირებდი სიტყვით გამოსვლას, მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ მქონდა სათქმელი. თქვენ ამბობთ, რომ გუნდს წარმატებისთვის ჭირდებოდა ფული, გეთანხმებით, მით უმეტეს, ფეხბურთს, ძვირადღირებულს, ჭირდება ფული. ამ დარბაზში მსხდომთ არაერთხელ მოგვისმენია მირზაშვილების ოჯახის პრობლემის შესახებ, მაგრამ რატომღაც გავატარეთ. როცა 2013 წელს მაშინდელი დირექტორატი მივიდა კლუბში, ოფიციალური მონაცემი მაქვს, ოთარ ჩხაიძის ხელმოწერით: 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 31 დეკემბერამდე კლუბ „გურიას“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის რაოდენობა შეადგენს 232 482 ლარს. ეს იყო ექვსი თვის განმავლობაში. ახლა ძაან ბევრი მოვისმინე, კლუბს უმაღლეს ლიგაში ამდენი ჭირდებაო, მაშინ ამ მიზერული თანხით კლუბმა მეასმე ადგილით დაამთავრა პირველი წრე. კლუბი პრეზიდენტმა რომ ჩაიბარა (ლაპარაკია ზაზა ურუშაძეზე), მაშინ მეექვსე ადგილზე იყო. მადლობა ქალბატონ მარინა თოთლაძეს, იმ პერიოდისთვს, მადლობა მირზაშვილების ოჯახს, ცოტაოდენი წვლილი მეც მიმიძღვის. მაშინ არავინ კითხულობდა საიდან მოდიოდა ფული. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც “გურია“ უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და ლანჩხუთელებს ოცნება აუხდინა, მადლობა იმათ, ვინც გუნდი უმაღლეს ლიგაში წარმატებით შეინარჩუნა, მადლობას ვერ გადავუხდი იმ ადამიანებს, ვინც აქამდე მიიყვანა „გურია“. საკრებულომ მაქსიმალური მივეცით გუნდს ჩვენი მწირი ბიუჯეტიდან (მე ამაში მონაწილეობა არ მიმიღია 2016 წელს, ბიუჯეტისთვის ხმა არ მიმიცია), მაგრამ არაფერში არ წაადგა გუნდს. ბატონო ზაზა, გისვამთ კითხვას რატომ დატოვეთ კლუბის პრეზიდენტობა მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირდა „გურიას“?~ _ განაცხადა დარეჯან ბურჭულაძემ. მას ლანჩხუთის გამგებელმა უპასუხა, რომ კლუბის პრეზიდენტი 6 თვის მანძილზე იყო მხოლოდ, ხოლო თუ ვინმემ რაიმე თანხა დახარჯა, სრულად გასტუმრებულიაო. რაც შეეხება `გადაადგილებებს~, გუშინ 9 დეპუტატი საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიკრიბა და ახალი უმრავლესობის შექმნა ამცნო დამსწრე საზოგადოებას. ეს შეხვედრა წინა დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ როგორც `ჰო და არას~ ექსკლუზიურად აცნობეს, დაგეგმილი ფრაქციათა კოალიციის შექმნა ორშაბათს იმიტომ არ მოხდა, რომ მასში გაწევრიანება `ქართული ოცნების~ წევრებსაც შესთავაზეს. მათ ნაწილი წინადადების განხილვას დათანხმდა და დრო ითხოვა. როგორც ახალი უმრავლესობის წევრები ამბობენ, დღეს 12 ადამიანი ვართ ოფიციალურად, მაგრამ გაცილებით მეტნი ვართ და ამას მალე ნახავთო. `ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელის მომწერები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების: `მაჟორიტარების~, `დამოუკიდებლების~, `ქართული ოცნება–კონსერვატორების~, `ქართული ოცნება-მრეწველების~ თავმჯდომარეები ვადასტურებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შევქმენით საკრებულოს ფრაქციათა კოალიცია~ _ განაცხადა ფრაქცია `ქართული ოცნება - კონსერვატორების~ თავმჯდომარე ალეკო მახათაძემ. ახალშექმნილი ფრაქციათა კოალიციამ მოუწოდა საკრებულოს ფრაქციათა გარეთ მყოფ წევრებს: გიორგი ჩახვაძეს, ომარ გოგიჩაიშვილს და რომან ბიწაძეს _ მათთან გაერთიანებისკენ _ `არსებული რეალობიდან გამომდინარე შევქმნათ ახალი უმრავლესობა და გამოვიყვანოთ საკრებულო გამგებლისადმი ვასალური დამოკიდებულებიდან~. `ფრაქციათა კოალიციას შეიძლება ჰქონდეს საკორდინაციო ორგანო შესაბამისი უფლებამოსილებით და სტრუქტურით, რისგანაც თავს ვიკავებთ, რადგან არ გვინდა გაიზარდოს დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა და რომელსაც სათავე დაუდეს ფრაქცია `ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს~ თავმჯდომარე კახა ურუშაძემ და ფრაქციის ზოგიერთმა წევრმა. ვიტოვებთ იმედს, რომ ამ ფრაქციის წევრების უმრავლესობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და აირჩევს ფრაქციის თავმდჯომარედ პიროვნებას, რომელიც უფრო თავისუფალი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას და ხელს შეუწყობს საკრებულოში კონსტრუქციული, საქმიანი გარემოს აღდგენისა პროცესს.~ _ განაცხადა მახათაძემ. როგორც მან აღნიშნა, ახალ უმრავლესობას საკრებულოს შემდეგი წევრები უერთდებიან: ჯუმბერ ბლაგიძე, ემზარ თედორაძე, აკაკი იმნაიშვილი, ამირან ქანთარია, გიორგი ჩახვაძე, რომან ბიწაძე, გოგი მორჩილაძე, ევიკო ჩიჩუა, იოსებ სარჯველაძე, ადამ ხუხუნაიშვილი, გელა კილაძე და ალეკო მახათაძე. როგორც ირკვევა, ახალი უმრავლესობის წევრები ღიად უპირისპირდებიან მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძესა და მის ძმას, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს კახა ურუშაძეს. კოალიციაში გაერთიანებულთა თქმით, დღის წესრიგში არ დგას გამგებლისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება. სამაგიეროდ, განცხადებაში „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებს მოუწოდებენ, რომ კეთილგონივრულობა გამოიჩინონ და თავმჯდომარედ აირჩიონ პიროვნება, რომელიც საკრებულოში კონსტრუქციული გარემოს აღდგენას შეუწყობს ხელს. საქმე კახა ურუშაძესა და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 15 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ურუშაძემ დეპუტატები, რომლებმაც ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს, საბოტაჟში დაადანაშაულა. მის ამ გამონათქვამს სხდომაზე დეპუტატთა დემარში მოყვა. ინცინდენტს გაგრძელება მომდევნო დღესაც მოჰყვა, სუფსის მაჟორიტარ ჯუმბერ ბლაგიძესა და კახა ურუშაძეს შორის საკმაოდ ხმაურიანი დაპირისპირება მოხდა. მართალია კახა ურუშაძის ნაცვლად „საბოტაჟნიკობის“ გამო ბოდიშის მოხდა საკრებულოს თავმჯდომარეს, გოგი ხელაძეს მოუწია, თუმცა, საქმეს ეს ვერ წაადგა. ახალი უმრავლესობის წევრების თქმით, ფრაქციათა კოალიცია სრულად იზიარებს იმ კურს, რომელსაც ქვეყანაში მმართველი გუნდი ატარებს, თუმცა, ემიჯნებიან ადგილობრივი მმართველი გუნდის მიდგომებს. „სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს! დავდგებით საკუთარ სიმაღლეზე და გავაკეთებს საქმეს ისე, როგორც ესაჭიროება წინსვლას. სწორედ ამის იმედი მაქვს მე და ამისთვის გადავწყვიტე ამ კოალიციაში გაერთიანება“,_ ასე ახსნა კოალიციაში გაწევრიანება შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა. ამირან ქანთარიას თქმით, _ საკეთებელი ბევრია და ამისთვის დეპუტატებმა დარჩენილი ვადა აქტიურად უნდა გამოიყენონ. რომან ბიწაძემ და გიორგი ჩახვაძემ დაადასტურეს, რომ ისინი ფრაქციათა კოალიციას უერთდებიან. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ფრაქცია `მეტი ქალი პოლიტიკაში~ წარმომადგნელები, მაგრამ ჯერ არაა გარკვეული, ახალ გაერთიანებაში შევლენ თუ არა, ასევე უცნობია ფრაქცია `ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის~ პოზიციაც. `მე, როგორც სუფსის მაჟორიტარი, ყოველთვის ვცდილობ ის საკითხები დავაყენო, რომელიც ჩემს თემს აწუხებს. ჩემთვის უფრო კარგია ვიყო ხელისუფლებასთან ახლოს, რათა ჩემს თემში მეტი საქმის გაკეთება მოვახერხო. მე არასდროს მითქვამს, რომ `ქართული ოცნების~ კურსს მხარს არ ვუჭერდი. დღესაც ასეა, მაგრამ გაჩნდა ადგილზე ბევრი კითხვა, რომელიც საჭიროებს პასუხებს. მე მუნიციპალიტეტის ბიუეჯტს გასულ წელსაც მივეცი ხმა, იმიტომ რომ სუფსაში მეტი რამ გაკეთებულიყო, ასე მოვიქეცი წინა წლებშიც. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ხელი არ შემიშლია და არ მივეცი ვინმეს სათქმელი, აი სუფსის დეპუტატი ამის წინააღმდეგი გახლდათო~ _ განაცხადა ჯუმბერ ბლაგიძემ. ფრაქცია `დამოუკიდებლების~ ხელმძღვანელის, ემზარ თედორაძის თქმით, კოალიცია იმიტომ შეიქმნა, რომ ლანჩხუთში არის ერთპიროვნული მმართველობა. `ერთპიროვნულად ხდება ბიუჯეტის მიღება, ერთპიროვნულად ხდება სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტა. ეს უნდა დასრულდეს. შეგვხვდება წინააღმდეგობა, მაგრამ უმრავლესობა ამას დავძლევთ. დღეს ჩვენს შეხვედრას ქალბატონები ესწრებიან, რომლებსაც თავიანთი ფრაქცია აქვთ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთად ვითანამშრომლოთ. ხვალ და ზეგ ჩვენ შეიძლება ვიყოთ 20-იც და 21-იც. ფრაქცია `ქართული ოცნებიდან~ არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე დეპუტატი შემოგვიერთდეს. ჩვენ დღეს შევქმენით ალტერნატიული უმრავლესობა, რომლის მუშაობასაც საზოგადოება მალე იგრძნობს. ჩვენ _ ჟურნალისტებთან, ხალხთან ერთად განვიხილავთ იმ ბიუჯეტს, რომელსაც დღეს ერთპიროვნულად იღებენ და რაც იქნება სწორი და მართებული, ისე იქნება მიღებული~, _ აცხადებს ემზარ თედორაძე. დეპუტატები გასულ წლებში მიღებულ ბიუჯეტებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ. შეხვედრაზე დეპუტატებმა ისიც აღნიშნეს, რომ ახალი უმრავლესობის შექმნა არ ნიშნავს იმას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, გოგი ხელაძის გადადგომას მოითხოვენ. თუმცა იმას არ გამორიცხავენ, რომ იმპიჩმენტი სხვებს შეეხოთ. `ჰო და არას~ ექსკლუზიური ინფორმაციით, ეს შესაძლოა ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეს შეეხოს. ჯერ ახალი უმრავლესობის სახელზეც არ შეთანხმებულან, თუმც რამდენიმე ვარიანტი აქვთ. ერთ-ერთად განიხილება: `ლანჩხუთის უკეთესი მომავლისათვის~.
ლანჩხუთის საკრებულოს `ახალი უმრავლესობა~ გამგებელ ზაზა ურუშაძეს ღიად უპირისპირდება

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0