პროფესიით იურისტის სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია: 2007 წლიდან 2013 წლამდე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იყო. 2006-2007 წლებში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის" შექმნაში. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 2001-2003 წლებში შპს "ახალი სადაზღვევო კომპანიის" იურიდიული განყოფილების უფროსი იყო. 1998-2005 წლებში მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ,"მომავლის სახლი", სოციოლოგი გახლდათ. 2013 წელს მიენიჭა ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე – სოფიო ბუტიკაშვილი, ფსიქოლოგი; სამი შვილი: 13 წლის გიორგი, 11 წლის ანასტასია და 4 წლის თეკლა. გურამ ჩალაგაშვილს გურულები კარგად იცნობენ, რადგან, მის მიერ უანგაროდ გაკეთებულ საქმეებზე, წლებია ხმამაღლა საუბრობენ. თავად ამ თემაზე საუბარს გაურბის და მიიჩნევს, რომ საქმე უხმაუროდ უნდა აკეთო და როცა გააკეთებ, ამის აფიშირება არ უნდა მოახდინო. _ დავიბადე და გავიზარდე ჩოხატაურში, სოფელ იანეულში. დედა, იზოლდა ოსეფაიშვილი, დაბადებული და გაზრდილია სოფელ დაბლაციხეში (საყვავისტყეში). ბებია - ვერა თოდრია, წვენების ქარხანაში მუშაობდა ბუღალტრად და ბავშვობაში ამ ქარხნის ეზოშიც ვატარებდი საკმაოდ დიდ დროს. ბავშვობიდან მოყოლებული, დღემდე ვარ აქ და როგორც შემიძლია, ისე ვეფერები აქაურებს და აქაურობას. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება. ბევრ კოლორიტ ადამიანთან მქონია ურთიერთობა და ეს ძალიან მეამაყება. გურია ის ადგილია, რომელიც ძალიან მიყვარს და მეამაყება აქ გატარებული თითეული დღე, _ ამბობს კანდიდატი. _ ბატონო გურამ, ჩოხატაურისთვის ბევრი კარგი რამ გაგიკეთებიათ _ ეხმარებოდით თანასოფლელებს, ეკლესია-მონასტრებს. სოფელი თქვენს სახელს უკავშირებს ახალი ეკლესიის მშენებლობას, გაზიფიცირებას, 24-საათიან ელექტრომომარაგებას, გამრიცხველიანებას... _ ამაზე ჩემგან საუბარი, ვფიქრობ, უხერხულია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რაღაც გააკეთოს. ვფიქრობ, მეც ასეთი ადამიანების კატეგორიას განვეკუთვნები. რაც შეეხება ტაძარს, ეს სურვილი და იდეა ექვსი წლის წინ გაგვიჩნდა მე და ჩემს მეგობრებს იანეულიდან. უფლის წყალობით და მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით, მოხდა საძირკვლის კურთხევა და დაიწყო მშენებლობა. ვინმეს ღმერთი არ გაუწყრეს და არ თქვას, რომ მან ტაძარი ააგო _ ეს უფლის სახლია და მას თავად უფალი აგებს. _ ლანჩხუთელებთან რა კავშირი გაქვთ? _ ლანჩხუთში მყავს უამრავი მეგობარი და ზოგადად, რაიონების მიხედვით არ ვყოფ გურიას. გურია არის ერთი მთლიანი ნაწილი ჩემი ცხოვრებისა, ჩოხატაურით, ლანჩხუთით და ოზურგეთით დამთავრებული. ეს არის ადგილი, სადაც მე და ჩემს გუნდს გვსურს, რომ ბევრი პროექტი განვახორციელოთ და შევქმნათ ახალი საქართველო. პირველი და უმთავრესი, რაც არის, რომ გურია დავაბრუნოთ რეალურად საქართველოს რუკაზე, ვინაიდან ის უკვე წლებია, არც ერთ ხელისუფალს აღარ ახსოვს. გაჩერებული ეკონომიკა ყველა ფეხის ნაბიჯზე თვალში მოგხვდებათ _ ძალიან რომ არ დავკონკრეტდეთ და მოკლედ ვთქვათ, ლანჩხუთში, თითქმის, ყველა სოფელშია დანგრეული და მიწასთან გასწორებული ქარხნები, რომლის აგუგუნებასაც 4 წლის წინ გვპირდებოდა "ქართული ოცნება", მაგრამ ვერ მოვესწარით ამ ქარხნებიდან ამოსული კვამლით "დამხვრჩვალიყავით". ისევე როგორც ვერ მოვესწარით ჩოხატაურში 6 წლის წინ დაწყებული სოციალური სააგენტოს მშენებლობის დასრულებას, რომელიც ნაგვის და ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული. ვერც გაზიფიცირებულ ყველა სოფელს მოვესწარით, თუ არ ჩავთვლით არაერთი აქციის შედეგად მიღწეულ შედეგს, ჩოხატაურში ერთ და ლანჩხუთში გაზიფიცირებულ მხოლოდ ორ სოფელს. დიახ, სწორედ ამდენი სოფლის გაზიფიცირება მოახერხა ჩვენმა ხელისუფლებამ ოთხი წლის განმავლობაში. 21-ე საუკუნეში სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ გურიის სოფლების 80%-ს არ მიეწოდება სასმელი წყალი. ეს არის პირველი და უმთავრესი გამოწვევა, რომელსაც 9 ოქტომბრიდან, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გავუმკლავდებით და ძალიან მალე ყველა ოჯახს ექნება ეს სამარცხვინო პრობლემა მოხსნილი. ასევე, დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება გაზიფიცირება, გამრიცხველიანება, სოფლის გზების მოწესრიგება, გაბიონების მოწყობა, რომლის არარსებობა ყოველ გაწვიმებაზე სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. დღეს, წესით, ყველა დაპირების გათვალისწინებით, უკვე აღარ უნდა გვიწევდეს ამ აუცილებელ საყოფაცხოვრებო, ცხოვრებისთვის აუცილებელ პრობლემებზე საუბარი, თუმცა, ეს ის რეალობაა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა. არ შეიძლება, ადამიანებს არ ჰქონდეთ გაზი და ამავე დროს ხელისუფლება არ აძლევდეს შეშის მოჭრის საშუალებას. კილომეტრებზე, გაუვალ ტყეებში უწევს ხალხს შეშის მოჭრა და ამ ყველაფრის უფლებას აძლევენ შემოდგომაზე, როდესაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია ტყეში შესვლა. არ მგონია ბილეთის გამოწერა ზაფხულში დიდ პრობლემას წარმოადგენდეს. ამას ემატება ისიც, რომ მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, დამადლებულად მიცემული რამდენიმე კუბური მეტრი მასალა საჭიროებისამებრ გამოიყენოს. მე, როგორც ხელისუფლებამ თუ მივეცი, მაშინ თავად უნდა გააკეთონ არჩევანი შეშად გამოიყენებს, იატაკს დააგებს თუ სახლს გადახურავს. ამას ემატება ის, რომ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი აირი, არ აძლევენ შეშის ბილეთს. ის, რომ ექვსი თვე პრაქტიკულად ზამთარია და გლეხს ყოველთვიურად არ შეუძლია 150–200 ლარის გადახდა გაზით გათბობაში, ეს ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს. ესაა ის რეალობა, რომელიც დღეს დგას გურიაში და ესაა ის პრობლემები, რომელთა შექმნა ჩვენი მავნებელი ხელისუფლების დამსახურებაა, _ აღნიშნავს გურამ ჩალაგაშვილი. დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ჰპირდება, რომ მისი და მისი გუნდის არჩევის შემთხვევაში, მსგავსი პრობლემები აღარ იარსებებს: _ ხელისუფლება იქნება ანგარიშვალდებული ხალხთან და არა საკუთარ ნათესავებთან. ჩვენი გუნდი იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე, ბიუჯეტში თქვენ მიერ გადახდილი გადასახადები მოგხმარდებათ თქვენ და არა ჩინოვნიკთა პრემია-დანამატებს. ჩვენ ვიქნებით ის ხელისუფლება, რომელიც 24 საათი იქნება ხალხის სამსახურში . ეს იქნება სახელმწიფო ხალხისთვის და არა პირიქით, _ ამბობს გურამ ჩალაგაშვილი, რომლის განმარტებით, ეს მცირე ნაწილია იმ პროგრამისა, რომელიც _ ბლოკს "პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის" საარჩევნო პროგრამაში გაწერილი აქვს და რომლის შესახებაც მომდევნო ნომრებშიც ვისაუბრებთ. R
გურამ ჩალაგაშვილი: "ჩვენ ვიქნებით ხელისუფლება, რომელიც იქნება ხალხისთვის და არა პირიქით"
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0



